Get All Access for $5/mo

სტარტაპ დაფინანსების მოდელები სილიკონ ველიზე და მაინც, რატომ აფინანსებენ "ანგელოზი ინვესტორი" და "მაღალრისკიანი კაპიტალის ინვესტორი" სტარტაპს?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ამერიკის შეერთებულ შტატებში სტარტაპების ეპიცენტრი ე.წ. სილიკონ ველია, თუმცა ის არა მხოლოდ აშშ-ის, არამედ გლობალური ინოვაციების მამოძრავებელი ძალაა. მისი საშუალებით, ჩვენ ვიღებთ პროდუქტებს და სერვისებს, რომლებიც ამაღლებენ ჩვენი ცხოვრების სტანდარტს, გვიქმნიან თანამედროვე ცხოვრებისთვის აუცილებელ კომფორტს. ამ ადგილის განვითარება საუკუნის წინ დაიწყო და დღეს ის წამყვანი კომპანიების სამუშაო ადგილი, ძლიერი ინოვაციური და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მქონე, ტოპტალანტების ყველაზე დიდი მიზიდულობის წერტილია.

აღსანიშნავია, რომ მის განვითარებაში მცირე წვლილი მიუძღვის სახელმწიფოს. მისი მამოძრავებელი ძალა ძლიერი მეწარმეობრივი სულისკვეთების სტარტაპერები არიან. ცხადია, სტარტაპებს საწყის ეტაპზე ესაჭიროებათ მხარდაჭერა – როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური და კავშირის თვალსაზრისით. ამ მხრივ, სილიკონ ველის მხარდამჭერ ძალას წარმოადგენს მსხვილი კორპორაციები, რომლებმაც უკვე წარმატებით გაიარა სამეწარმეო გზა. დღეს ისინი გვევლინებიან ე.წ. "ანგელოზ ინვესტორებად" და "მაღალრისკიანი კაპიტალის" (Venture Capital) ინვესტორებად. მსგავსი ინვესტიცია მაღალ რისკთან, თუმცა დიდ პოტენციურ მოგებასთანაც არის დაკავშირებული. ამიტომ, ასეთ საქმიანობას მხოლოდ სტარტაპსფეროს მიმართ ლოიალობის მქონე ინვესტორები მიმართავენ.

თუმცა, ვინაიდან ეს კერძო ინვესტიციაა, მისი მოპოვება არცთუ ადვილია. ფაქტია, რომ მაღალი დონის აქსელერატორში მოსახვედრად, საიდანაც მსხვილ დაფინანსებასთან წვდომა იხსნება, სტარტაპს განვითარების მაღალ საფეხურზე ყოფნას ავალდებულებს. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ მოითხოვს წინასწარ დახარჯულ ფინანსებს, სპეციალისტებთან ძვირადღირებულ კონსულტაციებს, პროტოტიპის ან მინიმალურად მუშა პროდუქტის (MVP) შექმნას, ბაზარზე ტესტირებას, და ასე შემდეგ. მოკლედ, დიდ ძალისხმევას. შედეგად, აშშ-ში დიდ კაპიტალზე წვდომის პრეტენზია მხოლოდ იდეით შეპყრობილ ან "ნახევარი ძალით" მომუშავე სტარტაპებს ვერ ექნებათ. საწყისი კაპიტალის (Seed money) უზრუნველსაყოფად სტარტაპები ხარჯავენ საკუთარ ფულს, იყენებენ ოჯახისა და მეგობრების დახმარებას, გადიან სტარტაპდაფინანსების სხვადასხვა რაუნდს, და ასე შემდეგ.

და მაინც, რატომ აფინანსებს "ანგელოზი ინვესტორი" და "მაღალრისკიანი კაპიტალის ინვესტორი" სტარტაპს? მიზეზი შეგვიძლია სტარტაპის ბიზნესმოდელებში ვეძიოთ, რომელიც ნათლად აჩვენებს ახალი პროდუქტის არსს და მისი ბაზარზე წარმატების პოტენციალს. განვიხილოთ სხვადასხვა მოდელი:

  1. სტარტაპი ქმნის ეფექტურ გადაწყვეტილებას, რომელიც კორპორაციისთვის რეალურ პრობლემას აგვარებს. მაგალითისათვის, სტარტაპი ქმნის ალგორითმს, რომელიც ახდენს წარმოების, მარკეტინგის, რესურსების მართვის, მომხმარებლის მოზიდვის, გაყიდვების ან სხვა მიმართულების ავტომატიზაციას. ამ შემთხვევაში, კორპორაციას უღირს ჩაერთოს ექსპერიმენტში და დააბანდოს ინვესტიცია. ის ხომ კვლევასა და განვითარებაში ისედაც უამრავ თანხას ხარჯავს კორპორაციულ დონეზე. ხშირად, ასეთი ტიპის სტარტაპის საბოლოო მიზანია, მიჰყიდოს იდეა შესაბამის ინდუსტრიაში მოქმედ მსხვილ კორპორაციას. თუმცა, ასევე იქმნება ახალი კომპანია (Spin-off), რომელიც მის ახალ გადაწყვეტილებას პროდუქტად ყიდის სხვადასხვა კომპანიაზე (SaaS, DaaS მოდელი).
  2. სტარტაპი ქმნის დამანგრეველ ინოვაციას, რომლის გლობალიზების პოტენციალი მაღალია. კორპორაციას უღირს გასწიოს სარისკო ინვესტიცია, რომელიც მას მომავალში დიდ მოგებას მოუტანს. ამის გამოცდილება დაგროვდა – როდესაც დიდ კომპანიას ხელიდან გაუშვია შესაძლებლობა, დაებანდებინა კაპიტალი სტარტაპში, რომელიც დღეს უკვე უმსხვილესი კომპანიაა (მაგ: Apple-ის ინვესტორობის შესაძლებლობა გაუშვა HP-მ, ტელეფონის – ტელეგრამმა და ასე შემდეგ). სწორედ ამიტომ, დღესდღეობით კორპორაციები სერიოზულად ეკიდებიან რევოლუციური იდეების (ე.წ. დამანგრეველი ინოვაციების) დაფინანსების საქმეს. აღარავის ეღიმება, რაც უნდა ფუტურისტულად ან აბსურდულად ჟღერდეს იდეა.
  3. სტარტაპი ქმნის სამომხმარებლო პროდუქტს, არსებულის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულს ან სპეციალიზებულ ვერსიას. თუმცა ამ შემთხვევაში მათ ნაკლებად აქვთ ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობა. მსგავს შემთხვევაში, მეწარმე მიმართავს სახალხო დაფინანსების გზას (crowdfunding), რომლის საშუალებით სტარტაპი ახორციელებს იდეას მომხმარებლის მიერ პროდუქციის წინასწარი შესყიდვის გზით. მსგავსი პლატფორმები (Kickstarter, Indiegogo) დღესდღეობით დიდი პოპულარობით სარგებლობენ.

ბრწყინვალე იდეების კვალდაკვალ, სტარტაპინვესტიციების მოცულობა წლიდან წლამდე იზრდება "ანგელოზი" და "მაღალრისკიანი კაპიტალის ინვესტორების" მიერ. და როგორც New York Time-ის 2018 წლის სტატია ამბობს, ერთ დროს 100 მლნ აშშ დოლარი სილიკონ ველის ერთი სტარტაპისთვის დიდ ინვესტიციად მიიჩნეოდა, ახლა კი ჩვეულებრივი ამბავი გახდა.

სილიკონ ველი შორეული და მიუწვდომელი გვეჩვენება საქართველოში. თუმცა, წარმატების პრეცედენტები ევროპაშიც მრავლად გვაქვს, როდესაც პატარა ქვეყანამ მოახერხა გლობალური ინოვაციების რუკაზე საკუთარი, ღირსეული ადგილის დაკავება. მაგალითად, დღეს ესტონეთი Skype-ის, ბელორუსი Viber-ის და ჰოლანდია Booking.com-ის სამშობლოა. მათი წარმატება აღნიშნული ქვეყნების და სტარტაპების სწორმა განვითარების ხედვამ და გონებრივმა მოწყობამ განაპირობა.

დღესდღეობით, საქართველოში ინოვაციების ეკოსისტემის მამოძრავებელი ძალა სახელმწიფო სექტორია. პროცესი ნელა ვითარდება, ვინაიდან დღემდე ვერ ხერხდება კერძო სექტორის ჩართვა სტარტაპების დაფინანსებაში. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ინვესტიცია გამართლებულია მხოლოდ როგორც დროებითი მექანიზმი, სანამ სფერო მომხიბვლელი გახდება კერძო სექტორისთვის. სწორედ ამიტომ, მისასალმებელი იყო 2019 წლის ცვლილება სახელმწიფო დაფინანსების პროგრამაში სტარტაპებისთვის, რომელმაც თანადაფინანსების ფორმა შეიძინა. ეს გულისხმობს 50/50-ზე (Dollar to Dollar) დაფინანსებას სახელმწიფოს მიერ, თუ კერძო დაფინანსება ექნება სტარტაპს. მოცემული ინიციატივა შეამცირებს კერძო სექტორის შესაძლო დანაკარგის რისკს, და შესაბამისად გაზრდის სტარტაპში ფულის ჩადების მოტივაციას. საბოლოო ჯამში კი, თუ აქამდე სახელმწიფო ბიუჯეტი იხარჯებოდა სტარტაპების კრახში, რომ შეცდომებზე ესწავლათ საქმის კეთება, თანადაფინანსების მექანიზმი ხელს შეუწყობს რეალურად კონკურენტუნარიანი და გლობალიზებადი ბიზნესმოდელების მქონე სტარტაპების მხარდაჭერას.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს ბანკის პარტნიორობით მსოფლიოში წამყვანი ბიზნეს აქსელერატორი, 500 Startups საქართველოში შემოვიდა. პროგრამაში გამარჯვებული 3 სტარტაპი (Payze, Cardeal, Cargon) "სილიკონ ველის" ესტუმრება.

Entrepreneur გააგრძელებს საინფორმაციო მასალებს "სილიკონ ველის" შესახებ და ასევე მოგითხრობთ ქართული სტარტაპების გამოცდილების შესახებ ამერიკიდან.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ლიდერობა

რა მოვალეობები აქვს გენერალურ დირექტორს?

თითოეულ კომპანიას ერთი გენერალური ჰყავს, მაგრამ მათი როლები შესაძლოა სრულიად განსხვავებული იყოს. რას უნდა აკეთებდეთ, თუ გენერალური დირექტორი ხართ?