გირჩევთ წაიკითხოთ: რეი დალიოს "პრინციპები"
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
რეი დალიო არის ამერიკელი ინვესტორი, ჰეჯ-ფონდ Bridgewater Associates-ის დამფუძნებელი და ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა ფინანსურ სამყაროში.
დალიო ცნობილია თავისი ფილოსოფიური ხედვებით, რომლებიც ეხება არა მხოლოდ ინვესტირებას, არამედ ცხოვრებისეული და სამუშაო პრინციპების შექმნასა და მათ მართვას.
წიგნი "პრინციპები" მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული ნამუშევარია, რომელიც აქტიურად გამოიყენება როგორც ბიზნესით, ასევე პიროვნული განვითარებით დაინტერესებული ადამიანების მიერ, როგორც გზამკვლევი სახელმძღვანელო.
როგორ ჩამოაყალიბა რეი დალიომ ცხოვრებისეული პრინციპები და რა გადაწყვეტილებები მიიღო ამის პრინციპებზე დაყრდნობით - წიგნში სწორედ ამაზე მოგითხრობთ.
წიგნის შინაარსი ორ ძირითად ნაწილადაა გაყოფილი:
- ცხოვრებისეული პრინციპები – ავტორი გვიზიარებს საკუთარ შეხედულებებს ცხოვრებაზე, როგორ მივიღოთ სწორად გადაწყვეტილებები, როგორ დავნერგოთ ღიაობა და გამჭვირვალობა ყოველდღიურ ცხოვრებაში და როგორ ვისწავლოთ შეცდომებზე.
- საქმიანი პრინციპები – აქ დალიო განიხილავს, როგორ შევქმნათ ძლიერი ორგანიზაციული კულტურა, როგორ მივიღოთ ობიექტური გადაწყვეტილებები და როგორ გამოვიყენოთ ალგორითმული მიდგომები ბიზნესში.
რეი დალიოს აზრით, თქვენი ცხოვრების ხარისხი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გადაწყვეტილებებს იღებთ.
თუმცა, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებამდე მისასვლელი გზა უამრავი წინაღობითა და გამოწვევითაა სავსე. მათ, ვინც წარმატებას აღწევენ და მუდამ ვითარდებიან, კარგად ესმით ის მიზეზშედეგობრივი კავშირი, რომელიც რეალობას განაგებს.
მარტივი ფორმულა: ოცნებებს + რეალობა + მიზანდასახულობა = წარმატებულ ცხოვრებას.
კიდევ ერთი ფუნდამენტური პრინციპი, რომელსაც ავტორი გვიზიარებს, არის : ტკივილი + ფიქრი = პროგრესს.
გამოდის, რომ ტკივილი ბუნებრივი მოვლენაა მაშინ, როცა გარკვეული მიზნები და ამბიციები გვამოძრავებს. სირთულეების გადალახვა და მათთან შეჭიდება, მარცხი და ფეხზე წამოდგომა, დამარცხების ტკივილი და გააზრება, ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რა თქმა უნდა, მაშინ, თუ წინსვლა და განვითარება გვსურს.
წიგნი "პრინციპები" აუცილებლად დაგეხმარებათ ცხოვრებისეული და კარიერული პრინციპების შემუშავებაში და დიდი ალბათობით, თქვენი სამაგიდო წიგნი გახდება.
წიგნის შეძენას შეძლებთ ონლაინ Entrepreneur Shop-ზე და Palitral.ge-ზე. ასევე, წიგნების მაღაზიათა ქსელებში.