გირჩევთ წაიკითხოთ: უოლტერ აიზეკსონის ბიოგრაფიული წიგნი ილონ მასკის შესახებ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

უოლტერ აიზეკსონი ცნობილი თანამედროვე ისტორიკოსი, ჟურნალისტი და მსოფლიო ბესთსელერი ბიოგრაფიული ნაწარმოებების ავტორია. წიგნი ილონ მასკის შესახებ, 2023 წელს გამოიცა, რომელზეც აიზეკსონი 2 წლის განმავლობაში მუშაობდა.

ის მასკს ხშირად ახლდა თან – ოფისებში, ქარხნებში, შეხვედრებზე და პირად, ოჯახურ სივრცეშიც. მან ახლოს გაიცნო მასკის კონტრასტული პიროვნება, გამოკითხა მეგობრები, პარტნიორები, ოჯახის წევრები და ოპონენტებიც კი.

წიგნი იწყება მასკის საკმაოდ მძიმე ბავშვობით, რომელიც მან სამხრეთ აფრიკაში გაატარა. მამის სასტიკი აღზრდის მეთოდები და ბულინგი სკოლაში, ილონს მძიმე ფსიქოლოგიურ ფონს უქმნიდა. თუმცა, როგორც ჩანს, ტრავმებმა ხელი შეუწყო მასკის უკომპრომისო ხასიათისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის ჩამოყალიბებას.

ცეცხლის მუზა - ანუ მასკის ფსიქოპორტრეტი

"Starship-ის აფეთქება სიმბოლურია. ის მასკის მეტაფორაა - იგი დიად მიზნებს ისახავს, იმპულსურად მოქმედებს, წარმოუდგენელ რისკზე მიდის და საოცარ შედეგებს აღწევს - მაგრამ გზად რაღაცებს აფუჭებს, აფეთქებს, გაჭვარტლულ ნამსხვრევებს აქეთ-იქით ფანტავს და მანიაკივით ხითხითებს"

აიზეკსონი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მასკის კომპლექსურ ფსიქოლოგიურ პორტრეტს, რომელიც საფუძვლად უდევს მის ინოვაციურ აზროვნებას, ბიზნეს გადაწყვეტილებებსა და პირად ურთიერთობებს.
წიგნში დიდი სიფრთხილითაა წარმოდგენილი მასკის პიროვნების მრავალწახნაგოვანი ბუნება, რომელიც ხშირად წინააღმდეგობრივი და რთულად გასაგებია.

როგორც ცნობილია, ილონ მასკს ასპერგერის სინდრომის ნიშნები აქვს, რაც გავლენას ახდენს მის სოციალურ ინტერაქციებზე, ემოციურ ინტელექტზე და ინფორმაციის დამუშავების სტილზე.

ავტორი დეტალურად აღწერს, თუ როგორ აღიქვამს მასკი სამყაროს "ფიზიკის კანონების" პრიზმაში. აიზეკსონის მიხედვით, მასკის გონება ფუნქციონირებს როგორც კომპიუტერული მოდელი, სადაც ყველაფერი პირველად პრინციპებზეა დაყვანილი (first principles thinking). ეს აზროვნების მეთოდი მას საშუალებას აძლევს დაინახოს შესაძლებლობები იქ, სადაც სხვები მხოლოდ დაბრკოლებებს ხედავენ.

წიგნში სხვადასხვა წყაროს მიერ არის აღწერილი, თუ როგორ შეუძლია მასკს საათობით "გამორთოს" გარე სამყარო და უწყვეტად კონცენტრირდეს, რასაც თანამშრომლები "დემონურ რეჟიმს" უწოდებენ.

"მასკს ბავშვობიდან დემონები და საგმირო საქმეების კეთების სურვილი მართავს."

ილონ მასკი, როგორც ბიზნესმენი

უოლტერ აიზეკსონის მიხედვით, ელონ მასკი გამოირჩევა გრანდიოზული ხედვით, ულმობელი სამუშაო ეთიკით და რისკებისადმი უშიშარი დამოკიდებულებით.
იგი უპირატესობას ანიჭებს ვერტიკალურ ინტეგრაციას, პირადად ერთვება ინჟინრულ პროცესებში და ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს.

ავტორი დეტალურად მიმოიხილავს მასკის ნაბიჯებს ბიზნესში. მოგვითხრობს მასკის პირველი კომპანიის - Zip2-ის დაფუძნების ამბავს, შემდგომ, X.com-ის, ანუ PayPal-ის ჩამოყალიბებას და პარტნიორულ უთანხმოებებს, შემდეგ კი, მასკის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტის, SpaceX-ის დაფუძნების ისტორიას.

წიგნში დრამატულად არის აღწერილი SpaceX-ის წარუმატებელი გაშვებები და ფინანსური კრიზისი. განსაკუთრებით საინტერესოა, თუ როგორ მიაღწია კომპანიამ წარმატებას მეოთხე მცდელობაზე და როგორ იქცა მასკის ამბიცია რეალობად.

ამას მოჰყვება Tesla - მისი კონცეფციის, იდეისა და თითოეული მოდელის შექმნის ისტორია. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა 2018-2019 წლების "წარმოების ჯოჯოხეთს", როდესაც Tesla Model 3-ის მასობრივი წარმოება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და მასკს პირადად ეძინა ქარხნის იატაკზე, რათა პროცესები დაეჩქარებინა.

აიზეკსონი მას ახასიათებს როგორც წინააღმდეგობრივ ლიდერს, რომელიც შეიძლება შთამაგონებელიცაა და უკომპრომისოდ მკაცრიც, მისი მიზნები კი ყოველთვის სცდება მხოლოდ ფინანსურ მოგებას და კაცობრიობის მომავალზეა ორიენტირებული.

აღსანიშნავია, რომ თავად მასკიც აქტიურად იყო ჩართული წიგნის შექმნაში, კერძოდ, განმარტავდა საკუთარ ქცევებს, გადაწყვეტილებებს, მიდგომებს და ხშირად, არ ერიდებოდა ამ ყოველივეს გადაფასებასა და დამოკიდებულების შეცვლას.

შეგახსენებთ, რომ წიგნი 2023 წელს გამოიცა და არ მოიცავს მასკის პოლიტიკურ ინიციატივებსა და შეხედულებებს, რაც ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. კრიტიკოსების შეფასებით, მასკის ჩართვა პოლიტიკაში ერთდროულად აღმაფრთოვანებელი და საფრთხისშემცველია, რადგან არავინ იცის, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამდენად ექსცენტრიული და რისკიანი გონების ადამიანისთვის, დამატებითი გავლენებისა და ძალაუფლების გადაცემას განსაკუთრებით ისეთ სფეროში, როგორიც პოლიტიკაა და ისეთ დროს, რომელშიც ვცხოვრობთ.


წიგნის შეძენას შეძლებთ ონლაინ, Entrepreneur Shop-ზე და Palitral.ge-ზე.
ასევე, წიგნების მაღაზიათა ქსელებში.
ინდუსტრიული ტრენდები

NEXT - ბრენდი დეველოპმენტში

NEXT-ის ზრდის საფუძველია მისი უნარი, შექმნას არა მხოლოდ უძრავი ქონება, არამედ - მომგებიანი ინვესტიციები