გირჩევთ წაიკითხოთ: მორგან ჰაუზელის "ფულის ფსიქოლოგია"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფული არის ყველგან, გავლენა აქვს ყველაზე და თავგზას უბნევს უმრავლესობას

გიფიქრიათ, რომ ფინანსური წარმატება არა რთული მათემატიკური ფორმულების ცოდნა, არამედ საკუთარი ხასიათის მართვაა?
სწორედ ამ იდეას განავრცობს მორგან ჰაუზელი წიგნში "ფულის ფსიქოლოგია". ჰაუზელის აზრით, სამყაროში, სადაც ყველა ცდილობს ფორექსის გრაფიკები ან აქციების ბაზარი გაშიფროს, გამარჯვებული ისაა, ვინც საკუთარ ემოციებსა და ეგოს სწორად მართავს.

ავტორი, მორგან ჰაუზელი, წლების განმავლობაში წამყვან ფინანსურ გამოცემებში მუშაობდა. შესაბამისად, ფინანსურ და ეკონომიკურ თემებს იმდენად კარგად იცნობს, რომ შეძლო, ისინი არა მშრალი, პროფესიული გაგებით, არამედ ადამიანური ისტორიებით აღეწერა.
ის განიხილავს ორ რადიკალურად განსხვავებულ პერსონაჟს - მაღალკვალიფიციურ ტექნოლოგიურ მაგნატს, რომელმაც ყველაფერი დაკარგა ზედმეტი თავდაჯერებულობის გამო, და მოკრძალებულ დამლაგებელს, რომელმაც სიკვდილის შემდეგ მილიონობით დოლარის ქონება დატოვა მხოლოდ იმიტომ, რომ ათწლეულების განმავლობაში ცოტ-ცოტას ზოგავდა.

წიგნის ნარატივი რამდენიმე ფუნდამენტურ ჭეშმარიტებაზე მიგვანიშნებს. პირველი ისაა, რომ "გიჟი არავინაა". ჩვენი დამოკიდებულება ფულის მიმართ იმ გარემოზეა დამოკიდებული, რომელშიც გავიზარდეთ. თუ თქვენი მშობლები ეკონომიკური კრიზისის დროს შიმშილობდნენ, თქვენი დამოკიდებულება რისკის მიმართ სულ სხვა იქნება, ვიდრე იმ ადამიანისა, ვინც სტაბილურობაში გაიზარდა. ეს გვეხმარება გავიგოთ, რატომ იღებენ ადამიანები ხშირად ირაციონალურ ფინანსურ გადაწყვეტილებებს - ისინი უბრალოდ საკუთარი გამოცდილების ტყვეები არიან.

შემდეგ, ავტორი გვიყვება იღბალისა და რისკის როლის შესახებ. ის გვახსენებს, რომ წარმატება ყოველთვის არ არის მხოლოდ ნიჭის შედეგი და მარცხი ყოველთვის არ ნიშნავს უვიცობას. სამყარო ზედმეტად კომპლექსურია იმისთვის, რომ თქვენი შედეგები 100%-ით მხოლოდ თქვენს ქმედებებზე იყოს დამოკიდებული. ეს გაკვეთილი გვასწავლის წარმატების მიღწევისას თავმდაბლობის შენარჩუნების შესახებ და მარცხის დროს თანაგრძნობის გამოჩენას - საკუთარი თავის მიმართ

წიგნის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი "უხილავ სიმდიდრეს" ეხება. ჰაუზელი ამტკიცებს, რომ სიმდიდრე არის ის, რასაც თვალით ვერ ვხედავთ. ნამდვილი სიმდიდრე არის აქტივები, რომლებიც გაძლევთ თავისუფლებას, გაიღვიძოთ დილით და თქვათ - "დღეს შემიძლია ვაკეთო ის, რასაც თავად ვისურვებ".

და ბოლოს, ავტორი გვაჩვენებს რთული პროცენტის (Compounding) მაგიას. ის გვიხსნის, რომ უორენ ბაფეტის მთავარი იარაღი არა მხოლოდ გენიალური ინტელექტი, არამედ მოთმინება გახლდათ. ფინანსებში ყველაზე ძლიერი ძალა - დროა. თუ თქვენ შეძლებთ, იყოთ ფინანსურად "გამძლე" და არ დაუშვათ მძიმე შეცდომები, დრო თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს.

"ფულის ფსიქოლოგია" არ არის წიგნი იმაზე, თუ როგორ გავხდეთ მილიონერები ერთ ღამეში. ეს არის გზამკვლევი, თუ როგორ ვიყოთ უფრო მშვიდები, როგორ დავზოგოთ ზედმეტი მიზეზის გარეშე და როგორ გამოვიყენოთ ფული ყველაზე ძვირფასი რამის - დროის მოსაპოვებლად.

მორგან ჰაუზელის წიგნის "ფულის ფსიქოლოგიის" შეძენას შეძლებთ ონლაინ, Entrepreneur Shop-ზე ან Palitral.ge-ზე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი