11 წიგნი ბიზნესზე, რომელიც ანტრეპრენერებმა 2021 წელს კიდევ ერთხელ უნდა წაიკითხონ კარგი წიგნი კარგ ღვინოს ჰგავს, ასაკის მატებასთან ერთად უკეთესი ხდება
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ერთხელ მწერალმა და ფილოსოფოსმა ბობ პროქტორმა ასეთი რამ თქვა: "თუ მეორედ წაიკითხავთ წიგნს, მასში ვერ დაინახავთ იმას, რაც იქამდე არ დაგინახავთ, უბრალოდ საკუთარ თავში იმას დაინახავთ, რაც ადრე არ დაგინახავთ". ცნობილმა კოპირაითერმა გარი ბენსივენგამ კი თავისი $5,000-იანი სემინარის დროს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თუ თავიდან მოუწევდა რაიმეს გაკეთება, ყოველ ახალ წიგნს კი არ წაიკითხავდა კოპირაითინგზე, უბრალოდ კიდევ ერთხელ და ერთხელ წაიკითხავდა 10 წიგნს.
10 წიგნს? მართლა? გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ აქ ჩვეულებრივ მოკვდავზე კი არა, გარი ბენსივენგაზე, ერთ - ერთ საუკეთესო კოპირაითერზე ვსაუბრობთ.
როდესაც ანტრეპრენერული გზა დავიწყე, მეგონა, წარმატების საიდუმლო მეტი ცოდნის შეძენა იყო. ტონი რობინსიც ამას აკეთებდა. ამის შესახებ წერს იგი თავის წიგნში "ფული: დაეუფლეთ თამაშს": "ახალგაზრდა კაცი ვიყავი, როდესაც გადავწყვიტე, რომ დღეში ერთი წიგნი უნდა წამეკითხა. მართალია, ამას ვერ ვახერხებდი, მაგრამ შვიდი წლის განმავლობაში 700-ზე მეტი წიგნი წავიკითხე" .
"ბოლო ათ წელიწადში 1000-ზე მეტი წიგნი წავიკითხე ბიზნესსა და პირად განვითარებაზე და შემიძლია ვთქვა, რომ ყველა წიგნი არ არის თანაბარი რანგის. გამორჩეულებიც არსებობენ, რომლებმაც დროის გამოცდასაც გაუძლეს და კარგი ღვინოსავით ასაკის მატებასთან ერთად უკეთესებიც კი გახდნენ.
ჯერ ერთი თვეც არ არის გასული, რაც 2021 წელი დაიწყო და უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ რთული წელიწადი იქნება. კომპანიები კვლავ სახლიდან მუშაობის თავსმოხვეულ მოდელზე მორგებას ცდილობენ, Covid-19-ის მუტაციების გამო მთელ მსოფლიოში ქაოსი სუფევს, ამ დროს, ამერიკას ახალი ლიდერი ჰყავს.
ასეთ მშფოთვარე დროს ახალი ბრჭყვიალა ობიექტის ძიება არ უნდა იყოს თქვენი მთავარი მიზანი, საფუძვლებს უნდა მიაქციოთ ყურადღება. ამიტომ, ბენსივენგასა და პროქტორის რჩევის გათვალისწინებით, 11 წიგნს გთავაზობთ, რომლებიც ანტრეპრენერებმა 2021 წელს კიდევ ერთხელ უნდა წაიკითხონ.
ძალიან ეფექტური ადამიანების 7 ჩვევა/სტივენ კოვი
20 წელიწადზე მეტია ეს წიგნი New York Times-ის ბესტსელერების სიაშია და ამას სერიოზული მიზეზი აქვს. ეს კლასიკაა და თან ისეთი, რომ როგორც ვიცი, ყველა წარმატებულ ადამიანს აქვს თავის ბიბლიოთეკაში. წიგნში საფუძვლიანადაა განხილული ის შვიდი ჩვევა, რომელიც ყველა ლიდერს, ანტრეპრენერს, მშობელსა და ადამიანს უნდა ჰქონდეს.
გააღვიძე გიგანტი შენში/ ტონი რობინსი
ჯიმ რონიმ, რობინსის მენტორმა წიგნი დაწერა სახელწოდებით "ცხოვრების ხუთი მთავარი თავსატეხი". იგი ხუთი ნაწილისგან შედგება და ფილოსოფიაზეა, დამოკიდებულებებზე, საქმიანობაზე, შედეგებზეც და ცხოვრების სტილზეც, იგი მის ბევრ პრეზენტაციას დაედო საფუძვლად. "გააღვიძე გიგანტი შენში" კლასიკაა პიროვნული განვითარების სფეროში და იმ ფილოსოფიაზეც მოგვითხრობს, რაც წარმატების მიღმა დგას. რობინსი არაფერს ფარავს თავის წიგნში.
როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და მოვახდინოთ გავლენა ადამიანებზე/დეილ კარნეგი
ამ წიგნმა უფრო მეტი ბიზნესი და ქორწინება გადაარჩინა, ვიდრე სავარაუდოდ ნებისმიერმა ამ სიაში. კარნეგი ოცდაათ პრინციპს გამოყოფს და თავისი მოსაზრებების დასადასტურებლად უამრავ მაგალითს გვიზიარებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ წიგნის 30 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა მთელ მსოფლიოში, ბუნებრივია მან თავისი ადგილი დაიმსახურა ამ სიაში.
მენტორთა ტომი/ტიმ ფერისი
ფერისმა შეკითხვების ჩამონათვალი გაუგზავნა სხვადასხვა სფეროს ასობით წარმატებულ ადამიანს. ყველამ არა, მაგრამ ბევრმა უპასუხა. ეს წიგნი მათზეა, ვინც ფერისის შეკითხვებს უპასუხა. ის საკვანძო ჩვევებს გამოყოფს და რჩევებს გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე გამორჩეული ადამიანებისგან, შესაძლებლობას გაძლევთ იმ ადამიანების გონებას ჩაწვდეთ, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს.
ძალაუფლების 48 კანონი/რობერტ გრინი
ძალაუფლება ყოველთვის იყო და დღემდე რჩება ჩვენი საზოგადოებისა და ცხოვრების განუყოფელ ნაწილად. ამ წიგნში გრინი 3000 წლიანი ისტორიის გადმოცემას ცდილობს 48 კანონით, რომელიც სხვებზე ძალაუფლების მოპოვებაში დაგეხმარებათ ან მათი ხელის შეშლაში, როდესაც ისინი თქვენით მანიპულირებას შეეცდებიან. მისი დახმარებით ღრმად ჩაწვდებით იმ პრობლემებს, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენს ბიზნესზე, სოციალურსა და პოლიტიკურ სფეროებზე, და უკეთ გაგარკვევთ, როგორ უნდა მოიქცეთ.
ნიჭი არასოდეს არის საკმარისი/ ჯონ მაქსველი
თანამშრომლების დაქირავება ადვილი საქმე არასოდეს ყოფილა, მაგრამ ახლა, როდესაც ჩვენი სამყარო ტრადიციულ ბიზნეს მოდელს ივიწყებს, ჰიბრიდულ სისტემაზე გადადის ან სახლიდან მუშაობის რეჟიმზე, ნიჭიერი თანამშრომლების მოძებნა კიდევ უფრო დიდი პრობლემა ხდება. თუმცა, ამ წიგნში ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვაცაა დასმული, არის თუ არა ნამდვილად ნიჭი წარმატების მიღწევის გასაღები.
ტრიგერები/ჯოზეფ შუგამენი
თუ მარკეტინგის ფსიქოლოგიაში გსურთ გარკვევა, უმრავლესობა რობერტ ჩალდინის წიგნის "გავლენის" წაკითხვას გირჩევთ. მართალია, შუგამენის "ტრიგერები" გაცილებით ნაკლებად არის ცნობილი, მაგრამ მასში მარკეტინგული სტრატეგიების უფრო ფართო სპექტრია წარმოდგენილი და უამრავი სასაცილო ისტორიაცაა, რაც მას გაცილებით სასიამოვნოსა და დასამახსოვრებელს ხდის.
სქელი სახე, შავი გული/ ჩინ-ნინგ ჩუ
ეს წიგნი სამთაგან ერთ-ერთია, რომელსაც მარკეტინგის ლეგენდა, დენ კენედი თავის სემინარებზე მუდმივად ურჩევდა მსმენელებს. წიგნში საინტერესოდ არის მიმოხილული აღმოსავლური ფილოსოფიები და მათი გავლენა ბიზნესზე. ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩინეთმა ისეთი აღმავლობა განიცადა, რომ ეს მარგალიტი უყურადღებოდ არცერთმა ანტრეპრენერმა არ უნდა დატოვოს.
სამეცნიერო რეკლამა/კლოდ ჰოპკინსი
ეს წიგნი კოპირაითიგზეა. მას სწრაფად წაიკითხავთ, მაგრამ მისი წაკითხვა კიდევ ბევრჯერ მოგიწევთ, რომ მაქსიმალური სარგებლობის მიღება შეძლოთ მისგან. ჩემმა ნაცნობმა კოპირაითერმა მითხრა, რომ მას წელიწადში ერთხელ კითხულობს. ეს ძალიან კარგია. ეს ამ სიის ყველაზე ძველი წიგნია, მაგრამ მისი გაკვეთილები დღესაც უზომოდ აქტუალურია.
სრულყოფილების ძიებაში/ თომას ჯ. პეტერსი და რობერტ ჰ. უოტერმან უმცროსი
ეს კლასიკური წიგნი იმის დადგენას გვთავაზობს, თუ რა სჭირდებათ კომპანიებს წარმატების მისაღწევად. თავდაპირველად, ეს იყო წიგნი, რომელშიც წარმატებაზე იყო საუბარი, მაგრამ დროთა განმავლობაში იგი ჭკუის სასწავლი ისტორიების კრებულად იქცა. ანტრეპრენერებმა ყველაფერი უნდა იცოდნენ თავიანთი კონკურენტების შესახებ.
ბიზნეს თავგადასავლები/ჯონ ბრუქსი
როდესაც წიგნის წაკითხვას ერთი კი არა, ორი მილიარდერი გირჩევთ, ნამდვილად უნდა დაინტერესდეთ. ბილ გეიტსმა ბრუკსის კლასიკად ქცეული წიგნი 1991 წელს უორენ ბაფეტთან შეხვედრისთანავე წაიკითხა. ბაფეტმა მას თავის ეგზემპლარიც კი გაუგზავნა. გეიტსი ამ წიგნით ისე იყო აღფრთოვანებული, რომ ჯერ კიდევ 2013 წელს თავის ბლოგზეც დაწერა კიდეც მის შესახებ. მას შემდეგ "ბიზნეს თავგადასავლების" მოპოვება საკმაოდ ძნელი საქმე გახდა.