Get All Access for $5/mo

2 ყველაზე სახიფათო სიტყვა ანტრეპრენერებისთვის: ''ეს შეუძლებელია'' თუ ფიქრობთ, რომ რაიმე შეუძლებელია, ის ნამდვილად შეუძლებელი იქნება. დროა, სხვაგვარად იფიქროთ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

"ეს შეუძლებელია"

ბოლო ხანებში ბევრ ჩვენგანს უთქვამს ეს სიტყვები. მეც ნამდვილად მითქვამს, განსაკუთრებით იმაზე, თუ როგორ უნდა გავმკლავებოდი ჩემს შვილებსა და მათ პრობლემებს, ან როგორ უნდა მემუშავა სერიოზულად ასეთ მძიმე ვითარებაში, ან კიდევ როგორ უნდა ვყოფილიყავი მშვიდად, თუნდაც წუთით ისეთ სახლში, სადაც მუდამ ხმაურია. ეს ხუმრობა სულაც არ არის, სტატიას ვწერ ორ სახიფათო სიტყვაზე და უკვე ორჯერ შემაწყვეტინეს წერა, სამჯერ გავხდი იძულებული ადგილი შემეცვალა, და ახლა კიდევ, რაღაც გაურკვეველი ხმები ჩამესმის ყურში, რომ კონცენტრირება შევძლო. ჩანს, ნორმალურად მუშაობა... უბრალოდ შეუძლებელია.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ამბობს, ეს შეუძლებელიაო.

მაგრამ აქ შეჩერდით და რაგინდ დიდი ცდუნება გქონდეთ, ნუ გაიმეორებთ ამ სიტყვებს. იმიტომ, რომ როდესაც ვამბობთ, რომ რაღაც შეუძლებელია, სერიოზულ ზიანს ვაყენებთ საკუთარ თავს, სიტყვა "შეუძლებელია" საერთოდ უნდა ამოიღოთ თქვენი ლექსიკონიდან.

მოდით, 1800-იანი წლების დასაწყისის ცხოვრება განვიხილოთ, რათა მიხვდეთ, რას ვგულისხმობ.

მაშინ მეცნიერებს ერთი რადიკალური იდეა ჰქონდათ − ოპერაცია უმტკივნეულოდ და ამ იდეის გარშემო ატარებდნენ ექსპერიმენტებს. რა მოხდებოდა, თუ პაციენტებს როგორღაც გაუქრობდნენ ტკივილს ან დაძინებას აიძულებდნენ, რათა აგონიაში არ ჩავარდნილიყვნენ იმის გამო, რომ გამოსაჯანმრთელებლად კვეთდნენ, ოპერაციას უტარებდნენ? ეს კაცობრიობის ტრიუმფი იქნებოდა და მთელ მედიცინაში რევოლუციას მოახდენდა.

ალბათ წარმოგიდგენიათ, რამდენად ნელა მიდიოდა საქმე. უამრავი ცდა და ბევრი შეცდომა იყო, და ბევრი სკეპტიკოსი. ერთ-ერთი მათგანი ფრანგი ქირურგი, ალფრედ ველპოც გახლდათ. "ქირურგია ტკივილის გარეშე არასოდეს იარსებებს", − განაცხადა მან 1839 წელს, − "აბსურდული იდეაა დღეს რომელიღაც საშუალების ძიება. ქირურგიაში ეს ორი სიტყვა არსებობს: "დანა" და "ტკივილი", რომლებიც პაციენტის ცნობიერებაში ყოველთვის ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული".

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მან თქვა, ეს შეუძლებელიაო.

თქმა არ უნდა იმას, რომ ველპო ცდებოდა. მაგრამ ამავე დროს, ეს განცხადება საზიანოც იყო, რადგან მედიცინის ისტორიკოსების აზრით, ველპოს მსგავსი ადამიანები, პროგრესს ამუხრუჭებდნენ. "ჩვენი ვარაუდით, ანესთეზიის აღმოჩენა იმან შეაფერხა, რომ ადამიანები დარწმუნებულნი იყვნენ, იგი არც არსებობდა და არც შეიძლებოდა არსებულიყო", − წერენ საინტერესო წიგნის, "ანესთეზიის გასაოცარი ისტორია" ავტორები. ის რომ არ არსებულიყო, ძიება ხომ უნაყოფოდ დასრულდებოდა".

ამ დაკვირვებებმა ნამდვილად გამაოცა, იმიტომ, რომ მას შემაშფოთებელი ლოგიკა აქვს. ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოთ:

  1. თუ ვამბობთ, რომ რაღაც შეუძლებელია, ჩვენ უკვე აღარ ვცდილობთ მის მიგნებას.
  2. თუ არაფერს ვეძებთ, ბუნებრივია, ვერც ვერასოდეს ვიპოვით
  3. თუ რაღაცას ვერასოდეს მივაღწევთ, გამოდის, სკეპტიკოსები მართლები ყოფილან: ეს შეუძლებელი იყო.

რასაც საკუთარ თავს უსურვებთ, შესრულდება, ხოლო წინასწარმეტყველური ფრაზა, "ეს შეუძლებელია" რაღაცის მიღწევას შეუძლებელს გახდის.

მაგრამ სინამდვილეში ჩვენ გარშემო ყველაფერი შეუძლებელია? არა, ნამდვილად არა, და ამის მაგალითი ჩვენ ვართ, ანტრეპრენერები! ანტრეპრენერებს ყოველთვის ეუბნებიან, რომ ეს შეუძლებელია. ამას არავინ მოისურვებს! ეს არასოდეს გაამართლებს! ვერასოდეს მიაღწევთ წარმატებას! ასეთები მრავლად გვსმენია და მაინც, წავსულვართ და გაგვიკეთებია. დიდი ხნის წინ ვუთხარი ჩემს ძველ ბოსს, რომ ჟურნალის მთავარი რედაქტორობა მინდოდა. "ეს შეუძლებელია, სხვა მიზანი დაისახე", − მითხრა მან, − "რაიმე სხვა მოძებნე". წარმოიდგინეთ, მისთვის რომ დამეჯერებინა, მისი სიტყვები ახდებოდა.

ჩვენს სამყაროშიც ასე იყო: ყველაფერი შეუძლებლად ეჩვენებოდა ადამიანს − ვერავინ წარმოიდგენდა, ასეთი ინსტრუმენტები, ტექნოლოგიები, ცხოვრება თუ გვექნებოდა. ეს არ დაივიწყოთ, თქვენ ახლა ამ სიტყვებს ისეთ მოწყობილობაზე კითხულობთ, რომლის შექმნაც ერთ დროს საერთოდ არავის წარმოედგინა.

ახლა სრულიად განსხვავებულ დროში, პრობლემებით აღსავსე სამყაროში ვცხოვრობთ და თითქოს ბუნებრივია, რომ მეტისმეტად გადატვირთულები ვართ. ადვილი სათქმელია − "ეს შეუძლებელია", და იმის დანახვა, თუ როგორ გადაიქცევა კარი კედლად. მაგრამ, ვიცი, რომ ანტრეპრენერებს შეუძლიათ სხვაგვარად იფიქრონ. ჩვენ სკეპტიკოსებს არ უნდა ვუსმინოთ, და არც ჩვენ უნდა გავხდეთ სკეპტიკოსები.

ანტრეპრენერები პროგრესისთვის არსებობენ ამქვეყნად და ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ახლა ისეთი საჭირონი ვართ, როგორც არასდროს. უბრალოდ, გარშემო მიმოიხედეთ − ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ბევრის გაკეთება შეიძლება.

ძალიან ბევრი რამ არის შესაძლებელი და ჩვენ ეს უკვე დავამტკიცეთ.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი