Get All Access for $5/mo

20 წიგნი, რომლის წაკითხვასაც ბილ გეიტსი გირჩევთ მილიარდერი და ფილანტროპი შემდეგი წიგნების შეტანას გირჩევთ თქვენი წასაკითხი წიგნების სიაში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Quartz

მილიარდერი ბილ გეიტსი ამბობს, რომ კოლეჯის კურსდამთავრებულები მას ხშირად სთხოვენ რჩევებს კარიერის თაობაზე და როგორც წესი, მათ მოუწოდებს, უთანასწორობის წინააღმდეგ იბრძოლონ, პროგრესი გაავრცელონ და ისეთი ადამიანების გარემოცვაში იყვნენ, რომლებიც მათი საუკეთესო თვისებების გამოვლენას შეუწყობენ ხელს.

მსგავსი სტატია: 5 წიგნი თქვენი ფავორიტი ანტრეპრენერების საიდუმლოებებზე

ამასთან ერთად, მილიარდერი მათ ჰარვარდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორ სტივენ პინკერის წიგნის წაკითხვასაც ურჩევს - "ჩვენი ბუნების საუკეთესო ანგელოზები: რატომ იკლო ძალადობამ". გეიტსი ამბობს, რომ ეს ყველაზე შთამბეჭდავი წიგნია, რომელიც ოდესმე წაუკითხავს. ეს არც არის გასაოცარი, რადგან პინკერის წიგნი Amazon-ის ბესტსელერების სიის თავშია მოქცეული და ამიტომ, სავარაუდოდ კურსდამთავრებულთა ფავორიტიც გახდება. კიდევ ერთი ფავორიტი, დოქტორ სიუზის წიგნია - "ოო, ის ადგილები, სადაც გაემგზავრებით", – ამ სიაში მესამე ადგილზეა.

თქმა არ უნდა იმას, რომ გეიტსი უზომოდ დაკავებულია, "ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის" საქმიანობას გამუდმებით ადევნებს თვალყურს, მაგრამ ეს სულაც არ უშლის ხელს კარგი მკითხველიც იყოს. ის რეგულარულად დაფრინავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ბუნებრივია, მისთვის უბრალოდ აუცილებელია საკმაოდ ბევრი საკითხავი მასალა.

ის საკმაოდ ხშირად მიმოიხილავს და რეკომენდაციას უწევს წიგნებს სხვადასხვა სფეროდან – დიდი აკადემიური ტომები იქნება ეს საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე თუ მხიარული რომანტიკული კომედიები. ქვემოთ გაეცანით, რომელ წიგნებს უწევს იგი რეკომენდაციას, რომ თქვენც შეიტანოთ წასაკითხი წიგნების სიაში.

საკუთარ თავში უკეთ გასარკვევად

"მე უამრავი მყავს: მიკრობები ჩვენში და გაცილებით მასშტაბური შეხედულება ცხოვრებაზე"; ავტორი ედ იონგი

რატომ მოსწონს გეიტსს ეს წიგნი: "იონგმა ნამდვილად შეძლო დანაპირების შესრულება, მასშტაბურად შეგვახედა სიცოცხლეს და თანაც ეს ისე მოახერხა, რომ სრულიადაც არ შეგვაწყინა თავი, დიდი და არცთუ მარტივად გასაგები მრავლისმომცველი ახსნა-განმარტებებით. თავის წიგნში ავტორი საინტერესოდ მიმოიხილავს მთელ ჩვენს გასაოცრად არეულ-დარეულსა და უზომოდ რთულ შინაგან ეკოსისტემებს. ის სრულიად რეალისტურად ფიქრობს, რომ თუ მეტს გავიგებთ იმ მიკროორგანიზმებზე, რომლებიც ადამიანებთან თანაარსებობენ, ჩვენი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად მეტი შესაძლებლობა გვექნება".

კარგად განვლილი მოკლე ცხოვრების დასაფასებლად

"როდესაც ჩემი სუნთქვა ჰაერს ერთვის"; ავტორი პოლ კალანითი

რატომ მოსწონს გეიტსს ეს წიგნი: "არ ვიცი, კალანითიმ როგორ აღმოაჩინა საკუთარ თავში იმის ძალა, რომ ეს წიგნი დაეწერა. იმ პერიოდში სრულიად ღონეგამოცლილი იყო, თავდაპირველად ავადმყოფობის, შემდეგ კი, ძლიერი ქიმიოთერაპიის გამო. მაგრამ უზომოდ კმაყოფილი ვარ, რომ ეს გააკეთა. მთელი თავისი ხანმოკლე სიცოცხლე, ცხოვრების არსის ძიებაში გაატარა – წიგნების კითხვა იქნებოდა ეს, წერა, მედიცინა, ქირურგია თუ მეცნიერება. მადლობელი ვარ, რომ ამ წიგნის წყალობით მისი მოგზაურობის მცირე ნაწილის მონაწილე მეც გავხდი. მხოლოდ ერთს ვისურვებდი – ეს მოგზაურობა ასე ხანმოკლე არ ყოფილიყო".

სამეცნიერო ფანტასტიკის მომავლის გამოსაკვლევად

შვიდი ევა (Seven eves); ავტორი ნილ სტივენსონი

რატომ მოსწონს გეიტსს ეს წიგნი: "კიდევ ერთი, რამაც გამაოცა, ის არის, თუ როგორ გიბიძგებთ წიგნი მასშტაბურად იაზროვნოთ და შორს გაიხედოთ... რა მოხდება, თუ ყველას ეცოდინება, რომ სამყარო ორ დღეში დაასრულებს არსებობას, გლობალური პანიკა ატყდება და პლუს, საზოგადოება ცხოვრებით ტკბობას დაიწყებს უკანასკნელ დღეებში? რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ეს ყველაფერი ორ წელიწადში დასრულდება? საინტერესოა, ადამიანები ისევ ივლიან სამსახურებში? ან კიდევ, ბავშვები ისევ ივლიან სკოლებში? ამ შემთხვევაში რას ასწავლიდით მათ?"

ეკოლოგიური სამშენებლო იდეების მხარდასაჭერად

"მდგრადი მასალები გახელილი თვალებით"; ავტორი ჯულიან მ. ალვუდი და ჯონათან მ. კულენი

რატომ მოსწონს გეიტსს ეს წიგნი: "გაოცებული დავრჩი, როდესაც გავიგე, რამდენი შესაძლებლობა არსებობს მასალების გამოყენების შესამცირებლად. მაგალითად, მართალია, მასალების გადამუშავების მთავარ პრინციპებზე ნამდვილად მქონდა ინფორმაცია, თუნდაც ოფისში თუნუქის ქილების შეგროვებაზე, მაგრამ არ ვიცოდი, შესაძლებელი იყო თუ არა სამრეწველო დონეზე მათი ხელმეორედ გამოყენება. ავტორები ირწმუნებიან, რომ როდესაც რომელიღაც პროდუქტს ვაგდებთ, შენობა იქნება ეს თუ ავტომობილი, ძალიან ხშირად, მისი შემადგენელი მასალების გამოყენება ჯერ კიდევ შესაძლებელია (ხელმეორედ გამოყენება პირველად გადამუშავებაზე გაცილებით უკეთესიცაა, რადგან ნაკლებ ენერგიას მოითხოვს). თუ თქვენს ძველ მაცივარს გადააგდებთ, არ დაივიწყოთ, რომ მისი ფოლადი სავარაუდოდ ისევ კარგ მდგომარეობაში იქნება. ისევე, როგორც ფოლადის კარკასი ძველ შენობებში. გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ხანძარმა ან მიწისძვრამ არ დააზიანა ეს მასალები. სხვადასხვა ნივთის მარტივად დაშლა და მასალების ვინმესთვის ამ ფორმით გადაცემა რომ შეგეძლოთ, მათი ხელმეორედ გამოყენება გახდებოდა შესაძლებელი".

გლობალური დიპლომატიის შესახედად, ფარდის მიღმა

"ინტერვენციები: ცხოვრება ომსა და მშვიდობაში"; ავტორი კოფი ანანი

რატომ მოსწონს გეიტსს ეს წიგნი: "ჩემთვის კოფი ანანის გაეროში მუშაობის სხვა მხარეების გაგებაც იყო სასარგებლო – კერძოდ, სამშვიდობო მისიის საკითხებსა და უშიშროების საბჭოში მუშაობაში გარკვევა. ეს ძალიან რთული სამუშაოა. გენერალური მდივანი ერთ მშვენიერ დღეს, სრულიად მიუკერძოებელ არბიტრად უნდა იქცეს, წევრ-სახელმწიფოებს შორის გამართული დავის დროს. შემდეგ ეტაპზე, უკვე იმ წევრ-ქვეყნებთანაც უნდა განიხილოს ეს საკითხი, რომლებიც მისი აზრით, მშვიდობისთვის არ იღწვიან მთელ მსოფლიოში. 10 წლის განმავლობაში ამ პოზიციაზე ყოფნა ანანის დიპლომატიურ უნარებზე ბევრს მეტყველებს".

იმის გასაგებად, თუ როგორ შეუძლიათ ციფრებს სიცოცხლის გადარჩენა

"ეპიკური ზომები: ერთი ექიმი. შვიდი მილიარდი პაციენტი"; ავტორი ჯერემი სმიტი

რატომ მოსწონს გეიტსს ეს წიგნი: "ეს წიგნი საკმაოდ მარტივი წასაკითხი იქნება ნებისმიერისთვის, ვისაც მეტის გაგება სურს კრისის (მურეი) სამუშაოზე და იმაზეც, თუ რატომ აქვს მას ასეთი დიდი მნიშვნელობა. როგორც სმიტმა თქვა, ეს დამოუკიდებელი ნაბიჯების უზარმაზარი ისტორიაა, წლების განმავლობაში მზადებაა, დიდი შრომაა მხოლოდ იმის გამოკვლევაზე, თუ რა ემუქრება ადამიანთა ჯანმრთელობას დედამიწაზე, და ამ ინფორმაციის ექიმებისთვის, ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებისთვის, პოლიტიკური ლიდერებისა და მთელი მსოფლიოს მოქალაქეებისთვის გაცნობაა".

იმის გამოსაკვლევად, თუ რას ნიშნავს, რომ ადამიანი ხარ

"Sapiens: კაცობრიობის მოკლე ისტორია"; ავტორი იუვალ ნოე ჰარარი

რატომ მოსწონს გეიტსს ეს წიგნი: "ჰარარი ისე მარტივად გვიამბობს ჩვენს ისტორიას, რომ ამ წიგნის გვერდით გადადება ნამდვილად გაგიჭირდებათ. მას ცოცხალი ენა აქვს, საკუთარი აზრის ილუსტრირებისთვის ფოტოებსა და დიაგრამებს იყენებს. ის საკმაოდ მოხერხებული მწერალიცაა, გასართობ ისტორიულ ამბებში გვითრევს, როგორიცაა მაგალითად, მჟავე კომბოსტოს მნიშვნელობა ზღვის შესწავლაში; და რატომ არ იწვევს აღფრთოვანებას 5000 წლის წინანდელი ყველაზე ადრეული სიტყვები".

საკვები რესურსების სფეროში არსებული მდგომარეობის გამოკვლევა

"უნდა მივირთმევდეთ თუ არა ხორცს" ; ავტორი ვაცლავ სმილი

რატომ მოსწონს გეიტსს ეს წიგნი: "არ მგონია ვაცლავ სმილიზე უკეთ ვინმე სხვა იყოს მომზადებული ამ საკითხის ასე ნათლად განსახილველად. ადრეც რამდენჯერმე გამოვთქვი ჩემი აზრი, როგორი აღფრთოვანებული ვიყავი სმილის ნამუშევრით. როდესაც ის რომელიღაც საკითხის განხილვას იწყებს, მის მხოლოდ ერთ ნაწილს კი არ უყურებს, არამედ ყოველი კუთხიდან მიმოიხილავს. მართალია, ვაცლავის ყველა დასკვნას არ ვეთანხმები, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ მისი წიგნის კითხვისას ყოველთვის ბევრს ვსწავლობ".

მეტის გასაგებად იმაზე, თუ როგორი რთულია ცხოვრება

"სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეკითხვა"; ავტორი ნიკ ნეილი

რატომ მოსწონს გეიტსს ეს წიგნი: "ნიკს წმინდა წყლის სამეცნიერო ხედვა აქვს. როდესაც მის წიგნებს ვკითხულობ და მას ვესაუბრები, არასოდეს დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ უფრო მეტზე აქვს პრეტენზია, ვიდრე უნდა ჰქონდეს ან მკითხველის გაცურებას ცდილობს. ყოველთვის სრულიად ნათლად ჩანს, როდის ციტირებს იგი სხვის ნამუშევარს და როდის მსჯელობს საკუთარ იდეებზე. და ის ყოველთვის პირველი გეტყვით, თუ მისი რომელიღაც იდეა არასწორია".

იმის გასაგებად, თუ როგორ ახდენს გავლენას მათემატიკა თქვენს ცხოვრებაზე

"როგორ არ უნდა შეცდე: მათემატიკური აზროვნების ძალა"; ავტორი ჯორდან ელენბერგი

რატომ მოსწონს გეიტსს ეს წიგნი: "ეს წიგნი გასართობია, სრულიად მშვიდი და ადვილად გასაგები. ალბათ არც არასოდეს იფიქრებდით, რომ მათემატიკაზე დაწერილი წიგნი ასეთი იქნებოდა. რაც ელენბერგმა დაწერა, სინამდვილეში მათემატიკისთვის მიწერილი სასიყვარულო წერილია. თუ მის მოთხრობილ ისტორიებს ერთ დიდ გაკვეთილად ჩამოვაყალიბებთ, გამოვა, რომ მათემატიკისთვის ხელის მოკიდება მისთვის გარკვეული ტიპის ავადმყოფობაცაა და მასთან ერთად, ამ საგანთან მთელი გონებით დაკავშირებაც; და რომ ასე თუ ისე, ჩვენ ყველანი, სხვადასხვა გზით განუწყვეტლივ ვასრულებთ მათემატიკურ მოქმედებებს".

მათთვის, ვისაც იაპონიის კულტურა და ბედი ხიბლავს

"კონკურენციის გასაწევი ძალა: ეკონომისტი და ანტრეპრენერი იაპონიის ასაღორძინებლად გლობალური ეკონომიკის პერიოდში"; ავტორი რეიჩი მიკიტანი და ჰიროში მიკიტანი

რატომ მოსწონს გეიტსს ეს წიგნი: "წიგნი 200-ზე მეტი გვერდისგან შედგება და ძალიან სწრაფად იკითხება. მართალია, ჰიროსის პროგრამაში ყველაფერს არ ვეთანხმები, მაგრამ ვფიქრობ, ბევრი კარგი იდეა აქვს. ის უფრო მეტი ქალის მიზიდვაზე ლაპარაკობს სამუშაო ადგილებში და ბევრად მეტ ადამიანს უბიძგებს, შეისწავლონ და გამოიყენონ ინგლისური ენა. ნამდვილად ვისურვებდი, იაპონური კომპანიები გაცილებით ინოვაციურები გამხდარიყვნენ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ ეს მათ გაცილებით კონკურენტუნარიანებს გახდით, არამედ იმიტომ, რომ მთელი სამყარო დარჩება მოგებული დიდი იდეებითა და ტექნოლოგიებით, ვინც უნდა გამოიგონოს ისინი".

ახალი სტრატეგიებისთვის დიდი იდეების განსახორციელებლად

"მოწყობილობა სხვადასხვა რამეების ასახსნელად: მარტივი სიტყვებით გამოცემული რთული საკითხები"; ავტორი რენდელ მონრო

რატომ მოსწონს გეიტსს ეს წიგნი: "ამ წიგნში ისტორიები მართალია არცთუ მდიდარი ლექსიკითაა მოთხრობილი, მაგრამ სასარგებლო განმარტებებითა და სურათებით ნამდვილად სავსეა. ოდესმე თუ დაფიქრებულხართ, რატომ ლღვება არათანაბრად გაყინული პროდუქტები მიკროტალღურ ღუმელში? (ან როგორც მონრო უწოდებს, "საკვების გასათბობ რადიომიმღებში"). თავის წიგნში ის შემდეგნაირად აღწერს ამ პროცესს: როდესაც გაყინულ საკვებს რადიომიმღებში დგამთ, მისი გარკვეული ნაწილები რამდენიმე ხნის შემდეგ წყლად იქცევა. მაგრამ რადგან რადიომიმღები ნამდვილად კარგად აცხელებს წყალს, ეს ნაწილები მეტისმეტად სწრაფად ცხელდება. ისინი იმდენად ცხელდებიან, რომ ორთქლდებიან იქამდე, ვიდრე მთელი ყინული გალღვება!"

მათთვის, ვისაც საკუთარი აზრის შეცვლა სურს

"აზროვნება: წარმატების ახალი ფსიქოლოგია"; ავტორი ქეროლ დვეკი

რატომ მოსწონს გეიტსს ეს წიგნი: "ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ მომწონს ეს წიგნი, ისაა, რომ მასში მთლიანად გადაწყვეტილებების მიღებაზეა გამახვილებული ყურადღება. წიგნის დასკვნით ნაწილში დვეკი სემინარს აღწერს, რომელიც მან და მისმა კოლეგებმა დაამუშავეს, რათა სტუდენტების აზროვნება გაცილებით მასშტაბური გაეხადათ. ეს სემინარები ცხადყოფს, რომ აზროვნების განვითარებაზე ორიენტირებას დიდი ცვლილებების გამოწვევა შეუძლია. კერძოდ, იმ მნიშვნელოვან საკითხში, თუ რას ფიქრობენ ადამიანები საკუთარ თავსა და ცხოვრებაზე.

წინააღმდეგობრივი ფიგურის განმეორებითი ვიზიტის შესახებ

"როდესაც ნიქსონი ხარ: ორად გაყოფილი ადამიანი"; ავტორი ევან ტომასი

რატომ მოსწონს გეიტსს ეს წიგნი: "ცოტა არ იყოს, გამაოცა იმის გაგებამ, თუ როგორი ცუდი მენეჯერი იყო ნიქსონი, თუმცა მისი ამ თვისების შედარება სხვა ნაკლოვანებებთან არც კი შეიძლება. ნიქსონის მართვის სტილი მხოლოდ იმის შეხსენებაა, თუ როგორ არ უნდა მართავდე გუნდს. ის ყველა გზით ცდილობდა კონფლიქტებისთვის თავის არიდებას. მისი თანამშრომლები კრებებიდან ხშირად ისე გამოდიოდნენ, რომ დიამეტრულად საპირისპირო შეხედულებები ჰქონდათ იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება სთხოვეს იმ წუთას. ის დარწმუნებული იყო, რომ თუ ნათლად და მკაფიოდ ჩამოაყალიბებდა, რისი გაკეთება სურდა, პერსონალი მის მოთხოვნებს უყურადღებოდ დატოვებდა. ნიქსონის გუნდმა სრულიად ბრძნულად გაუკეთა იგნორირება მის არაერთ ბრძანებას ბრუკინგსის ინსტიტუტში, ვაშინგტონის "ტვინიკოსების" ცენტრში შეჭრისა და იმ დოკუმენტის მოპარვის შესახებ, რომელსაც შესაძლოა მისთვის ზიანი მიეყენებინა".

იმაში გასარკვევად, თუ რა არის საჭირო დაავადებების დასამარცხებლად

"ძირფესვიანად აღმოფხვრა: დაავადებათა სამყაროსგან სამუდამოდ გათავისუფლება?"; ავტორი ნენსი ლეის სტეპანი

რატომ მოსწონს გეიტსს ეს წიგნი: "დაბოლოს, გაფრთხილება: ეს წიგნი მეტად აკადემიურ სტილშია დაწერილი და შესაძლოა, მოცემული ნიუანსი პრობლემად იქცეს არასპეციალისტებისთვის სტეფანის მართლაც ფასეულ არგუმენტებში ჩასაწვდომად. მაგრამ ნამდვილად ღირს თავის შეწუხება, თუნდაც იმიტომ, რომ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ გაცილებით ნათელი შეგრძნება გიჩნდებათ იმისა, რომ კაცობრიობამ უკვე ყველაფერი გაიგო დაავადებების აღმოფხვრის შესაძლებლობის შესახებ. ჩვენ კი, მისი გამოყენება და მეტი ძალისხმევის გამოჩენა შეგვიძლია, მეტი ადამიანის გადასარჩენად".

ვისაც მომაჯადოებელი და უჩვეულო სასიყვარულო ისტორიები მოსწონს

"პროექტი - როზი"; ავტორი გრიმ სიმსიონი

რატომ მოსწონს გეიტსს ეს წიგნი: "ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გარკვეულ შემთხვევებში მეტისმეტად ლოგიკურად აზროვნებს, საკუთარ თავს ამოიცნობს წიგნის გმირში – გენეტიკოს პროფესორში, რომელსაც ასპერგერის სინდრომი აქვს და საკუთარ ცოლს ეძებს (ჩემმა მეუღლემ, მელინდამ იფიქრა, რომ მე მომეწონებოდა წიგნის ის ეპიზოდები, სადაც აღწერილია, როგორ გულმოდგინედ ცდილობს იგი თავისი სამუშაო გრაფიკის მოწესრიგებას; და ის ნამდვილად მართალი იყო). ეს უჩვეულოდ ჭკვიანი, თავშესაქცევი და გულში ჩამწვდომი წიგნია იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა იყოთ კმაყოფილი საკუთარი თავით, სწორედ ისეთით, როგორიც სინამდვილეში ხართ და საკუთარ თავში მოგწონდეთ ის, რაც კარგი გაქვთ. ამ წიგნის ასლებს რამდენიმე მეგობარს ვუგზავნი და იმედი მაქვს, რომ წლის ბოლომდე კიდევ ერთხელ გადავიკითხავ მას. ეს ერთ-ერთი ყველაზე ღრმა რომანია, რომლის მსგავსი დიდი ხანია არაფერი წამიკითხავს".

მსგავსი სტატია: თუ სერიოზულად ფიქრობთ წარმატებაზე, ეს 6 წიგნი წაიკითხეთ

სასაცილო და გულწრფელი შეხედულება შფოთვასა და დეპრესიასთან ბრძოლაზე

"ჰიპერბოლანახევარი: სავალალო სიტუაციები, დეფექტური ასლგადამღები მანქანები, ქაოსი და სხვა მოვლენები, რომლებიც ზოგჯერ ხდება"; ავტორი ელლი ბროში

რატომ მოსწონს გეიტსს ეს წიგნი: "ამ წიგნის ავტორი საკუთარ თავს როგორც სიტყვებით, ისე ხელოვნების მეშვეობით, სრულიად უცნაურ აუტსაიდერად ასახავს. ამ დროს კი, შესაძლოა ეს ყველაფერი ჩვენ მის ბრძოლად მივიჩნიოთ. იმის ნაცვლად, რომ დავცინოთ, მასთან ერთად ვიცინით. არ იქნება გაზვიადება იმის თქმა, რომ მისი მიდგომა მომწონს – დაკვირვება, მოსმენა და აღწერა ნამდვილი მეცნიერის ოსტატობით, მხატვრის შემოქმედებითი აზროვნებითა და კომიკოსის მახვილგონიერებით".

იმ მასალების გაცილებით დიდი ყურადღებით შესასწავლად, რომლებიც სინამდვილეში მეტნი არიან, ვიდრე ჩანან

"რა რას შეიცავს"; ავტორი მარკ მოდოვნიკი

რატომ მოსწონს გეიტსს ეს წიგნი: "როგორც მარკ მოდოვნიკი თავის წიგნში აღწერს, ის როგორც პიროვნულად, ისე პროფესიულად იმ ძირითადი მასალებითაა გატაცებული, რომლებიც ჩვენთვის უკვე იმდენად ჩვეულებრივია, რომ ვეღარც კი ვამჩნევთ. ასეთია ქაღალდი, მინა, ბეტონი და ფოლადი. ამასთან ერთად, ახალი ზემასალებიც, რომლებიც ჩვენს სამყაროს უახლოეს ათწლეულებში მთლიანად შეცვლიან. სიამოვნებით მინდა შეგატყობინოთ, რომ ის მახვილგონიერი და ჭკვიანი მწერალია, რომელსაც დიდი ნიჭი აქვს და საუკეთესოდ გამოხატავს თავის სიყვარულს ამ თემის მიმართ. შედეგად, მივიღეთ წიგნი, რომელიც ადვილად გასაგებია და სასიამოვნოდ იკითხება".

მათთვის, ვისაც სურს გაიგოს, რა უბიძგებს ლიდერებს, დიდი ცვლილებები განახორციელონ

"მქადაგებლის კათედრა"; დორის კერნს გუდვინი

რატომ მოსწონს გეიტსს ეს წიგნი: "განსაკუთრებით მაინტერესებს ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც დორის კერნს გუდვინი "მქადაგებლის კათედრაში" ამახვილებს ყურადღებას – როგორ ხდება სოციალური ცვლილებები? მას ერთი შთამაგონებელი ლიდერი იწვევს თუ უპირველესად, სხვა ფაქტორებმა უნდა ჩაუყარონ საფუძველი? ზოგჯერ ისე ხდება, რომ ერთ ლიდერს აქვს დიდი მნიშვნელობა და ასეთი ჯიმ გრანტი იყო. გლობალური ჯანდაცვის სფეროში მან თითქმის მარტოდმარტომ შექმნა გლობალური ჯგუფი ბავშვებისთვის და ამით მთელ მოძრაობას დაუდო სათავე, ვაქცინაციის მაჩვენებლების გასაორმაგებლად და მილიონობით სიცოცხლის გადასარჩენად. მაგრამ რუზველტის შემთხვევაში, სხვაგვარად იყო. მართალია, კარიერის დასაწყისში ის მთელი რიგი პოლიტიკური რეფორმების ჩატარებას ცდილობდა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია, ვიდრე McClure-სა და სხვა გამომცემლობების ჟურნალისტებმა საზოგადოებრივ აზრზე გავლენა არ მოახდინეს, რომ ამ ცვლილებებისთვის დაეჭირათ მხარი".

მათთვის, ვისაც უორენ ბაფეტის საყვარელი წიგნის წაკითხვა სურს ბიზნესზე

"ბიზნეს თავგადასავლები"; ავტორი ჯონ ბრუკსი

რატომ მოსწონს გეიტსს ეს წიგნი: "ბრუკსის ნამუშევარი შესანიშნავი საშუალებაა იმის შესახსენებლად, რომ ძლიერი კომპანიის მართვისა და ფასეულობათა შექმნის წესები ჯერ კიდევ არ შეცვლილა. უპირველესად, ის უნდა ითქვას, რომ ადამიანური ფაქტორი ყოველ ბიზნესზე ახდენს არსებით გავლენას. არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, გაქვთ თუ არა იდეალური პროდუქტი, საწარმოო გეგმა და მარკეტიგული პრეზენტაცია; თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ შესაბამისი ადამიანები, რომლებიც თქვენი გეგმების განხორციელებას უნდა ჩაუდგნენ სათავეში".

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

გირჩევთ წაიკითხოთ: რა იქნა ჩემი ყველი?

ეს არის მარტივი იგავი ღრმა ჭეშმარიტების შესახებ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია