"3 ბიზნეს გაკვეთილი, რომელიც გინდ დამიჯერეთ, გინდ არა, დოკუმენტური ფილმით მივიღე"
By ჯესი ჯონსონი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ხუთშაბათი ღამეა, რაღაცას უნდა ვუყურო, დამღლელი დღის შემდეგ გული გადავაყოლო, ინსტრუქტორი ვარ, საკუთარი ბიზნესის აღმასრულებელი დირექტორიც და დამფუძნებელიც. ეს საქმიანობა ჩემგან ბევრს მოითხოვს, განსაკუთრებით კი გულისხმიერებას.
ერთი შეხედვით, თითქოს არაფერია იმაში უცნაური, რომ დაძაბული შრომისგან განტვირთვა და გონების დასვენება უზომოდ მომწონს.
ამიტომ ვეძებ და ვეძებ რაღაცას და წავაწყდი კიდეც, სამი ყმაწვილის მშვენიერ ფოტოსურათს: The Jonas Brothers. საერთოდ არ ვიცი ვინ არიან, მაგრამ ვიცი, რომ მსახიობი, რომელიც სანსა სტარკის როლს ასრულებს, არ ვიცი რა ჰქვია, ერთ-ერთ მათგანზეა დაქორწინებული. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ეს ფილმი შემერჩია. "რაიმე მძაფრსიუჟეტიანი რომანტიკული დრამის ყურებას ვაპირებდი და ეს დოკუმენტური შემრჩა, ორი საათი აბსოლუტურად მონუსხული ვიჯექი; ეს ბენდი შემიყვარდა; ვტიროდი, პირდაღებული შევცქეროდი და ჩემს მუსიკოს მეუღლესაც კი მოვთხოვე ჩემთან ერთად ეყურებინა.
ჩანს, მასაც მოეწონა, რადგან Amazon-ის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი "ბედნიერების ძიებაში", რომელიც ამ ბენდს ეძღვნება, უზომოდ სასიამოვნო საყურებელია.
რატომ? იმიტომ, რომ მათი წარმატების ისტორია ნამდვილად გულწრფელია. შთაგონებას იძლევა. გვახსენებს, აქ, პლანეტა დედამიწაზე სინამდვილეში რის გაკეთება შეგვიძლია. რაც ჯონასებმა გააკეთეს, მართლაც მასშტაბურია, არ აქვს მნიშვნელობა, მუსიკის რომელი ჟანრი მოგწონთ. მათი ისტორია სიცხადეს სძენს როგორც ჩემს, ისე ჩემი კლიენტების ბიზნესებს.
დოკუმენტური ფილმი იმაზეა თუ როგორ გაიზარდა ეს სამი მუსიკოსი ძმა, როგორ გახდნენ ცნობილები, როგორ დაიშალა ბენდი და რამდენი იშრომეს, როგორი მნიშვნელოვანი და უსიამოვნო რამეების გაკეთება მოუხდათ ბენდის თავიდან შესაკრებად. ამ ბენდმა ადრეულ ეტაპზე მოიპოვა გასაოცარი წარმატება, ფაქტობრივად ერთ ღამეში გახდნენ ცნობილები, დრო გავიდა და კიდევ ერთხელ შეძლეს მწვერვალზე ასვლა.
ამ დოკუმენტურ ფილს ვუყურებდი და მინდოდა გამეგო, რა მოხდა სინამდვილეში. დარწმუნებული ვარ, ასეთი წარმატების კიდევ ერთხელ მიღწევა, ასეთი პოპულარობა ჯადოსნობა ნამდვილად არ არის, ამის უკან რაღაც დგას. იქნებ ერთი შეხედვით მართლაც ჯადოსნობას ან გამართლებას გავდეს, მაგრამ ასეთ შემთხვევები ყოველთვის რაღაც მნიშვნელოვან ისტორიასთანაა დაკავშირებული.
ჩემი ისტორიაც ასეთია, ნიუ იორკში მათემატიკის ჩვეულებრივი მასწავლებელი ვიყავი და ინსტრუქტორი გავხდი, რომლის ანაზღაურებაც შვიდნულიანი ციფრებით გამოიხატებოდა. ხშირად მიფიქრია, რომ შესაძლოა ჩემი წარმატება სხვების თვალში რაღაც ჯადოსნობად ჩანდა. სიმართლე კი ისაა, რომ ჩემი ბიზნესის შექმნაც უკიდურესად რთული იყო, წლების განმავლობაში ჩემგან დიდ ყურადღებას მოითხოვდა. ახლაც ასეა და ამიტომ ბუნებრივია ჩემთვის ეს ყველაფერი არასოდეს გავდა ჯადოქრობას.
ასე რომ, სინამდვილეში ჩემთვის გასაკვირი არც არის, რომ ძმებთანაც ასეთივე ისტორიაა დაკავშირებული. ანტრეპრენერებმა თავიანთ საქმეში ნამდვილ წარმატებას რომ მიაღწიონ, ამ ისტორიიდან სამი დასკვნა უნდა გააკეთონ.
გულწრფელობა თქვენი წარმატების საწინდარია
ამ დოკუმენტურ ფილმში ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ მისი მთავარი თემა გულწრფელობაა. ეს ბენდი კარიერის დასაწყისშიც გულწრფელი იყო და დღემდეც ასეა. მათ დიდებული მუსიკა შექმნეს, უთვალავი თაყვანისმცემელი ჰყავთ და სერიოზული ბიზნესი აქვთ. დასაწყისშივე მოსწონდათ მუსიკის შექმნა და ამას ერთად აკეთებდნენ. საუკეთესო მეგობრები და ძმები იყვნენ. მათი შესრულება ძალადაუტანებელი და მარტივი იყო, იმიტომ, რომ კი არ თამაშობდნენ, საკუთარ თავს წარმოადგენდნენ, ნამდვილად ასეთები იყვნენ.
ხალისიანებიც იყვნენ და ამიტომ მათი აყოლაც უზომოდ სახალისო იყო.
ბევრი ბიზნესმენი ყველანაირად ცდილობს საკუთარ თავს მისცეს უფლება, რომ ბიზნესში გულწრფელი იყოს. ხშირად ისინი იმას აკეთებენ, რაც მათი აზრით, მიმდევრებს გაუზრდით; ან მიიმალებიან, რომ ვინმემ უარი არ უთხრათ. სიმართლე ის არის, რომ ადამიანებს ჩვენსკენ ჩვენი არეული ცხოვრება, ჩვენი ისტორიები და ჩვენი კაცთმოყვარეობა იზიდავს. ნამდვილი ბრენდის შექმნაში არანაირი იდუმალება არ არის, თუ Jonas Brothers-მა შეძლო ამის მოხერხება, თქვენც შეძლებთ.
ფაქტობრივად მათი შეცდომები მაშინ დაიწყო, როდესაც სხვების გულის მოსაგებად დაიწყეს არჩევანის გაკეთება. კომპრომისებზე წავიდნენ, იზრდებოდნენ და მაინც ახალგაზრდებად უნდოდათ დარჩენილიყვნენ, დისნეის არხების აუდიტორია გაერთოთ. საკუთარ თავი შესწირეს იმას, რომ ისეთები დარჩენილიყვნენ, როგორებიც ადრე იყვნენ - და ეს დასასრულის დასაწყისი იყო.
The Jonas Bros.-მა საკუთარი სახე დაიბრუნეს, დოკუმენტური ფილმი გადაიღეს და ალბომი გამოსცეს, მასში ისეთები ჩანან, როგორებიც სინამდვილეში არიან.
ეს სულაც არ არის რაღაც უნიკალური: ყველაზე პოპულარული და წარმატებული ბრენდები (თუნდაც, ოპრა უინფრი) გაგრძნობინებენ, რომ თქვენი საუკეთესო მეგობრები არიან და შემდეგში ეს განწყობა რეკლამის დოლარებად, ჟურნალების ხელმოწერებად და კიდევ ათას სხვა რამედ გარდაიქმნება. სწორედ ასე უორბი პარკერმაც წარმატებას იმით მიაღწია, რომ ბრენდის წარმოშობის ისტორია შექმნა - მეგობრებისა, რომლებმაც ეს მთვლემარე ინდუსტრია ააფორიაქეს, ეს გახდა მთავარი. Warby Parker მომხმარებელს უძღვნის თავის პროდუქტებს, თითეული ორიგინალი და აქტუალური. სწორედ ეს ფაქტი ახდენს გავლენას და ამართლებს კიდევაც.
ნებისმიერი დიდი მიზნის მისაღწევად ერთგულებაა აუცილებელი
ჯონასები ნამდვილად ნიჭიერი მუსიკოსები არიან და დიდი ხნის წინ ბევრიც იშრომეს, რომ ახალგაზრდობაშივე გამხდარიყვნენ ვირტუოზები. ბენდის შექმნამდე ინსტრუმენტებზე დაკვრა ისწავლეს, ბროდვეიზეც გამოდიოდნენ, სარეკლამო რგოლებსაც იღებდნენ და სიმღერებს წერდნენ. როგორც კი ბენდი შექმნეს, მთელი ძალა და ენერგია შეალიეს იმას, რომ მაქსიმალურად გამოეყენებინათ ყველა შესაძლებლობა, ალბომები იქნებოდა ეს თუ ფილმები.
ისინი საკუთარ თავს კი არა, ბენდს უთმობდნენ დიდ ყურადღებას. თუ სადმე მხოლოდ ერთი იყო მიწვეული, თავიდან იწყებდნენ მოლაპარაკებებს, როგორც ალბომების ჩაწერისას, ისე ფილმების გადაღებაზე; მოითხოვდნენ ნებისმიერ პროექტში სამივე ერთად ყოფილიყვნენ. მათი ოჯახიც ყველაფერს აკეთებდა, რომ ბიჭებს წარმატებისთვის მიეღწიათ. პასტორი მამა ჰყავდათ და შვილების გამო საპასტორე და საკუთარ სახლზეც უარი თქვა; ოჯახის წევრებმა ეკლესიის საზოგადოებაზე თქვეს უარი და ყოველგვარი ფინანსური მხარდაჭერის გარეშე დარჩნენ. ყოველი ცენტი ძმების საქმეში ჩადეს, ოჯახმა თავი მთლიანად ღმერთს მიანდო.
დიდი სირთულეების გადალახვა მოუხდათ, რადგან Jonas Brothers-სს წარმატება ერთ ღამეში არ მოსვლია. ადრეულ ასაკში ბევრს და თავაუღებლად შრომობდნენ წარმატების მოსაპოვებლად. როგორც მათი სიმღერის "Rollercoaster"-ის ტექსტშია ნათქვამი, ეს ყოველთვის არ იყო ოცნებები სიმდიდრესა და სიმშვიდეზე.
"იმ დღეებში, როდესაც კალიფორნიაში დიდ გაჭირვებაში ვიყავით/ბევრი ვიშრომეთ და ძლივს შევძელით თავის დაღწევა/მაგრამ უკან დავბრუნდებოდი და იმ ატრაქციონებზე თავიდან გავისეირნებდი"
ამას წარმატება მოჰყვა, მაგრამ როდესაც the Jonas Bros.-ისთვის ეს საქმიანობა მეორეხარისხოვანი გახდა, ყველაფერი უკუღმა დატრიალდა. ბენდი დაიშალა, ათი წელი დასჭირდათ ფეხზე დასადგომად. კევინს სიყვარული და ოჯახი უფანტავდა გონებას, ნიკმა ჯგუფის მთავარი პრინციპი დაარღვია: ყველაფრის ერთად კეთება. მას საკუთარი საქმის კეთება სურდა და გუნდი ამან დაშალა.
როდესაც რაიმეს მიღწევა გსურთ, უნდა იშრომოთ, საკუთარ თავზე უსიტყვოდ აიღოთ პასუხისმგებლობა. გამოცდა აუცილებლად გექნებათ ჩასაბარებელი და თუ ვერ ჩააბარებთ, ეს ყველაფერი დასრულდება, ბიზნესში ხელი მოგეცარებათ.
Chobani-ს დამფუძნებელი ჰამდი ულუკავა თავიდან ბოლომდე საქმეში იყო ჩაფლული, ხუთი წელი ქარხანაში "ცხოვრობდა". როდესაც Dannon-მა წინადადებით მიმართა, გადაწყვიტა ქარხანა არ გაეყიდა, ისევ გენერალური დირექტორი ყოფილიყო. Chobani-ის გაზრდასა და სრულყოფას ცდილობდა და მართლაც, ერთ-ერთი სწრაფად მზარდი და წარმატებული სტრატაპი შექმნა.
სიმდიდრე და დიდება გულწრფელ ურთიერთობებს მოითხოვს
დოკუმენტურ ფილმში ყველაზე მეტად ერთი სცენა მომეწონა, უკვე მოზრდილი სამი ძმა რაღაცას თამაშობს, სერიოზულ შეკითხვებს უსვამენ ერთმანეთს ჯგუფის დაშლაზე და სრულიად გულწრფელად პასუხობენ. ისინი დაფარულის გამომზეურებასაც არ ერიდებიან, ერთმანეთს განიკითხავენ კიდეც. ჯგუფი კევინმა დაასუსტა. ნიკი და ჯო შოუში კევინის გარეშე გამოვიდნენ და ამ ყველაფრის შემდეგ პირობა დადეს, რომ Jonas Brothers ყოველთვის მხოლოდ სამი შემსრულებლით გამოვიდოდა.
ეს მხიარული, ხალისიანი მუსიკოსები, რომლებიც დიდი ხნის წინ საკუთარ ფანებს ყველაფერს უზიარებდნენ, აღარაფერს ამბობდნენ კამერების წინ, როდესაც ჯგუფი იშლებოდა. ჩანს, ერთმანეთთან მძიმე საუბარს თავს არიდებდნენ, აუდიტორიასთან ურთიერთობაზე კი საერთოდ უარი განაცხადეს და რა თქმა უნდა, რომ ყველაფერი დაიშალა.
ცვლილებებში გასარკვევად გულწრფელი და გულღია საუბრები აუცილებელია. The Jonases კი ერთმანეთს ემალებოდნენ, არ შეეძლოთ გამხელა რა იცვლებოდა და ამიტომ ვერ შეძლეს ერთად დარჩენა. მათ ფანებისგანაც მოუხდათ დამალვა და ეს უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა.
ცხადია, რომ ახალი Jonas Brothers ერთმანეთს ყველაფერს უზიარებენ. სწორედ ეს გულწრფელობა გამოსჭვივის დოკუმენტურ ფილმში, თოქ შოუში და მუსიკალურ კლიპებში; და მათი ცოლების ეპიზოდებშიც.
ეს გამონაკლისი არ არის, სხვა კომპანიებიც გულწრფელად გამოხატავენ თავიანთ აზრს: თუნდაც, Nike-ის გაბედული ნაბიჯი გავიხსენოთ, როდესაც მან 2018 წელს სარეკლამო კამპანიის დროს კოლინ კაპერნიკის იდეას გაუსვა ხაზი. ამ კამპანიას ფანებისგან აგრესიული კრიტიკა მოჰყვა, ისინი Nike-ის ფეხსაცმელებსაც კი წვავდნენ, მაგრამ კომპანიას უკან არ დაუხევია, უარი არ უთქვამს მძიმე საკითხების განხილვაზე; თავისი პოზიცია შეინარჩუნა და შედეგებიც ცნობილია.
სამი რამ, რითიც Jonas Brothers-ის მოგზაურობა თქვენთანაა დაკავშირებული
- როდესაც რაღაცას იწყებთ და არჩევანს აკეთებთ, რომელიც თქვენთვის უცხოა, უკვე აღარ ხართ გულწრფელი და იმ გზას ადგახართ, რომელიც ემოციურ გადაღლასთან ან წარუმატებლობასთან მიგიყვანთ;
- როდესაც რაღაც გიფანტავთ ყურადღებას და თქვენი ბიზნესი უმთავრესი აღარ არის თქვენთვის, უკვე აღარ ხართ საქმის ერთგული, საკუთარ თავსაც ვერ ჩააბარეთ გამოცდა. ნამდვილი თავდადების გარეშე კი თქვენი ბიზნესი წარმატებული ვერ გახდება;
- როდესაც რაღაც იცვლება, ეს საკითხი აუცილებლად უნდა განიხილოთ. ბუნებრივია, არც ისე მარტივია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ გუნდს, პარტნიორებს, თქვენს საზოგადოებას და ბუნებრივია, თქვენს აუდიტორიასაც უნდა დაელაპარაკოთ. თუ გულწრფელად არ განიხილავთ ამ ცვლილებებს და ადამიანებს დაემალებით, რომლებთანაც ყველაზე ახლოს ხართ, წარუმატებლობა გარდაუვალი იქნება.
The Jonas Brothers-ის დაბრუნება მართლაც გასაოცარი რამ იყო, მათ ისეთი რამ გააკეთეს, რამაც გაამართლა. ისევ დაიწყეს აუდიტორიასთან ურთიერთობა, მას ყველაფერი გაანდეს. ისევ დაიწყეს ხალისიანი და გულწრფელი თანამშრომლობა და ყველაფერი თავიდან დაიწყო, თავადაც დარწმუნდებით როგორი თავდადებულები არიან ისინი მუსიკასა და კინოში.
მათთვის წარმატების თავიდან მიღწევის გასაღები როგორც ადრე, ისე ახლა, სურვილებისა და ფასეულობების შესაბამისი ცხოვრება გახდა. ეს სულაც არ არის ჯადოქრობა, მაგრამ ნამდვილად ამართლებს; ეს გაკვეთილია, რომლის გათვალისწინებითაც დასკვნა უნდა გააკეთოთ.