Get All Access for $5/mo

4 გაკვეთილი სტივ ჯობსისგან, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგაც აქტუალურია ჯობსის ქმედებები და სიტყვები უწინდებურად უწყობს ხელს თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკისა და ფილოსოფიის ჩამოყალიბებას

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ჯობსის ქმედებები და სიტყვები უწინდებურად უწყობს ხელს თანამედროვე ბიზნესპრაქტიკისა და ფილოსოფიის ჩამოყალიბებას. ქვემოთ რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილია მისი ცხოვრებიდან, რომლის სწავლა ახლაც კი შეგიძლიათ.

სტივ ჯობსმა 2011 წლის 5 ოქტომბერს დაასრულა თავისი სიცოცხლე. შესაძლოა, ის ბიზნესსამყაროს საკმაოდ საკამათო ფიგურა იყო, მაგრამ მის მიღწევებზე დავა ნამდვილად არ შეიძლება. მისი მოსაზრებები შემოქმედებაზე, მუშაობაზე, ხელმძღვანელობასა და ცხოვრებაზე ამაღელვებელია, სრულიად ნათელი და მარტივი, და ამავე დროს, საკმაოდ ღრმა.

მისი მემკვიდრეობაში უამრავი გაკვეთილია, რომელთა მაგალითზეც ჩვენ ყველას შეგვიძლია ვისწავლოთ. ქვემოთ მხოლოდ რამდენიმე გაცილებით მნიშვნელოვანს გაეცნობით, რომლებიც საკუთარ აქტუალობას დღესაც კი ინარჩუნებს.

1. წარუმატებლობა თავისთავად შესაძლებლობას ნიშნავს

უკვე დიდი ხანია არსებობს იდეა იმის შესახებ, რომ წარუმატებლობა თავისთავად შესაძლებლობას ნიშნავს. თუმცა, ანტრეპრენერების უმრავლესობას ასწავლიან, რომ წარუმატებლობა ნებისმიერ ფასად უნდა აიცილონ თავიდან. კიდევ უფრო უარესია, რომ მათ ასევე ასწავლიან, თითქოს სერიოზული წარუმატებლობები საგულდაგულოდ უნდა დამალონ.

ჯობსი კი სხვა იდეას უწევდა პროპაგანდას − რომ წარუმატებლობა შესაძლოა კარგიც კი იყოს. თუ მზად ხართ საკუთარი წარუმატებლობა აღიაროთ და შეეგუოთ კიდევაც მას, შესაძლოა ის თქვენი წარმატების ინსტრუმენტიც კი გახდეს.

ამის შესანიშნავი მაგალითია ჯობსის წარუმატებლობა უნივერსიტეტში − მან 1973 წელს მიატოვა სწავლა რიდის კოლეჯში, შემდეგ კი მხოლოდ იმ მეცადინეობებს ესწრებოდა, რომლებიც მოსწონდა. ერთ-ერთი ასეთი კალიგრაფიის გაკვეთილები იყო. მას უყვარდა ეს გაკვეთილები და როგორც ამბობენ, ყოველივე ამან მოახდინა დიდი გავლენა Macintosh-ის სისტემის კომპიუტერების დიზაინზე.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა, რომელსაც ხშირად სათანადო ყურადღებას არ აქცევენ, ისაა, რომ წარუმატებლობა დამარცხება სულაც არ არის. მხოლოდ წარუმატებლობა გასწავლით, თუ რომელი გზები არ ამართლებს ბიზნესში. დამარცხება სინამდვილეში არჩევანია, რომელსაც თქვენი წარუმატებლობის საპასუხოდ აკეთებთ და იგი დანებების ტოლფასია. მთლიანად თქვენი გადასაწყვეტია, მიიღებთ თუ არა წარუმატებლობის გაკვეთილებს და შექმნით თუ არა წარმატების ისტორიას.

2. შეინარჩუნეთ რწმენა განსაცდელთა ჟამს

ჯანმრთელობის კრიზისი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და ის ყველამ იწვნია საკუთარ თავზე. პანდემია სავარაუდოდ ყველაზე სერიოზული მაგალითია იმისა, თუ როგორი განსაცდელის წინაშე დგება ადამიანთა უმრავლესობა ცხოვრებაში. უამრავი ფაქტორის გათვალისწინება გახდა აუცილებელი ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღებისას, რომლებიც ადრე განსაკუთრებულ ძალისხმევას არ მოითხოვდა − უსაფრთხოების პროტოკოლები იქნებოდა ეს, დაკარგული შემოსავლები, დარღვევები მიწოდების ჯაჭვებში თუ მრავალი სხვა. ასეთ პირობებში კი უკიდურესად რთულია ადამიანი სასოწარკვეთილებამ არ შეიპყროს.

რწმენა ტექნოლოგიაზე მაღლა უნდა დააყენოთ

ეს ჯობსის ციტატას გვახსენებს: "ხანდახან ცხოვრება აგურივით გვეცემა თავზე და ასეთ დროს რწმენა არ უნდა დაკარგოთ".

სიტყვა რწმენას ხშირად ვერ გაიგებთ, როდესაც საქმე ბიზნესს ეხება. სიმართლე კი ისაა, რომ როდესაც მძიმე დრო დგება, გადასარჩენად რწმენაა გადამწყვეტი. შესაძლოა, მომავალი სწორედ მან განსაზღვროს − გადარჩენა იქნება ეს თუ განადგურება.

ჯობსის ეს ციტატა კიდევ ერთს უკავშირდება, რომელიც სირთულეების გადასალახადაა მნიშვნელოვანი: "ტექნოლოგია არაფერია. ყველაზე მთავარია, ადამიანების გჯეროდეთ. გჯეროდეთ, რომ ისინი ზოგადად კარგები და ჭკვიანები არიან, და თუ მათ იარაღს მისცემთ ხელში, მათი დახმარებით შესანიშნავ საქმეებს გააკეთებენ".

ადამიანებზე გაამახვილეთ აქცენტი

მთავარია აქცენტის გამახვილება ადამიანებზე და როდესაც თქვენს გუნდზე მიდგება საქმე, კარგი ადამიანები უნდა დაიყენოთ გვერდით, უნდა შთააგონოთ ისინი, პატივი უნდა სცეთ მათ და დიდი ამბები მოხდება. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ჯობსს არასოდეს დავიწყებია ვისთვის მუშაობდა თვითონ − ადამიანებისთვის. ის არც ფოკუს-ჯგუფებისთვის ქმნიდა, არც ალგორითმებისთვის და არც გამოკითხვებისთვის − ის ადამიანებისთვის ქმნიდა.

ამის მაგალითად ეს ციტატაც გამოდგება: "ფოკუს-ჯგუფების დახმარებით პროდუქტის შექმნა მართლაც რთულია. ხშირად ადამიანებმა არც კი იციან რა სურთ, სანამ მათ პროდუქტს არ აჩვენებთ".

ეს გაკვეთილი იმაზეა გათვლილი, რომ ადამიანები, რომლებსაც თქვენ ემსახურებით არ უნდა დაივიწყოთ. გაარკვიეთ, რა სურთ და სასურველი პროდუქტი მიეცით მათ. დღეს ეს პროდუქტი უსაფრთხოც უნდა იყოს და კონფიდენციალურიც, გარდა იმისა, რომ მისი გამოყენება მარტივი უნდა იყოს, უშუალოდ პროდუქტი კი − მიმზიდველი.

3. რას ნიშნავს წარმატებული ცხოვრება

რას ნიშნავს წარმატებული ცხოვრება? რას ნიშნავს, როდესაც ნამდვილად ბედნიერი ხარ? ეს რომ სტივ ჯობსისთვის გეკითხათ, ნამდვილად გიპასუხებდათ.

"თქვენი დრო შეზღუდულია, ასე რომ, ტყუილად ნუ გაფლანგავთ მას, სხვისი ცხოვრებით ნუ იცხოვრებთ. ხაფანგში არ მოგიქციოთ დოგმამ, რაც სხვა ადამიანების აზროვნების შედეგებით ცხოვრებას ნიშნავს. არ მისცეთ უფლება სხვების მოსაზრებებით ატეხილ ხმაურს, თქვენი შინაგანი ხმა ჩაახშოს. და რაც მთავარია − გამბედაობა უნდა გეყოთ, რომ თქვენს გულსა და ინტუიციას მიჰყვეთ".

ჯობსის განმარტებით, დოგმა სხვა ადამიანების აზროვნების შედეგია, და ეს თავისუფალი აზროვნების მხარდასაჭერი მყარი არგუმენტია. დამოუკიდებელი აზროვნებაა მთავარი იმაში, რომ ის იყო, ვინც უნდა იყო, და ეს არის მისი მემკვიდრეობის ერთ-ერთი მარადიული გაკვეთილი. ჯობსი თავის ციტატას მოწოდებით ასრულებს, რომ გაბედული უნდა იყო. ამასაც უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, რომ წარმატებული ცხოვრება გქონდეთ. მის გარეშე როგორ გაუმკლავდებოდით იმ გამოწვევებს, რომლებსაც ცხოვრება ყოველდღე გთავაზობთ?

4. დარჩი სულელი

დაბოლოს, სტივ ჯობსთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ციტატა: "დარჩი მშიერი, დარჩი სულელი".

ეს სიტყვები პირველად გარკვეული ტიპის გამოსამშვიდობებელი სურვილის სახით გამოჩნდა 1970-იანი წლების გავლენიან ჟურნალ Whole Earth Catalog-ის ბოლო ნომერში. ბატონი ჯობსი ამ ციტატას იმის მაგალითად მიიჩნევს, თუ როგორ უნდა გაუკეთო ორგანიზება საკუთარ ცხოვრებას.

საკმაოდ ადვილია პირველი ნაწილის − "დარჩი მშიერი", განმარტება: ინოვაციები, აღმოჩენები და პროგრესი არ გექნება, თუ მიღწეულით დაკმაყოფილდები.

თუმცა, მეორე ნაწილის განმარტება: "დარჩი სულელი", ცოტა არ იყოს რთულია. ბუნებრივია, სინამდვილეში არავის სურს სულელი იყოს. ყოველ შემთხვევაში, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით. მაგრამ, თუ სისულელეს განვიხილავთ, როგორც მზადყოფნას გასარისკად, მაშინაც კი, როდესაც სხვები გვეუბნებიან, რომ ეს არ უნდა გავაკეთოთ, მაშინ ეს სულელურად აღარ მოგვეჩვენება. ამას შესაძლოა შორსმჭვრეტელობაც კი დავარქვათ.

ფაქტი, რომ ეს ციტატა დღესაც გამოიყენება, მის სიძლიერესა და აქტუალობაზე მეტყველებს. მოდით, ყველამ ვიქონიოთ იმედი, რომ ამგვარი აზროვნება, თუნდაც მისი ჩანასახები, მომავალში კვლავ იპოვის თავის გზას ყველა ანტრეპრენერის გულსა და ქმედებებში.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ანტრეპრენერობა - აზროვნების ტიპია

"რაღაც უნდა ისწავლოთ და ამავე დროს, რაღაც უნდა დაივიწყოთ"