Get All Access for $5/mo

4 გაკვეთილი UFC-ის ჩემპიონ - ისრაელ ადესანიასგან წარმატების შესახებ! UFC-ს დაუმარცხებელი მებრძოლი ჩემპიონობისთვის ბრძოლის ფსიქოლოგიურ მხარეზე საუბრობს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

როდესაც ისრაელ ადესანია ჩვენი ვირტუალური შეხვედრების ოთახში Versace-ს ხალათით გამოჩნდა, ვიცოდი, რომ დიდი დისკუსია მელოდა. UFC-ის დაუმარცხებელი ჩემპიონი საშუალო წონით კატეგორიაში, თავისი 14- დღიანი კარანტინის მერვე დღეს თავისი სახლიდან, ახალი ზელანდიიდან მელაპარაკა. სულ რაღაც რვა დღით ადრე მან კუნძულზე იასზე, აბუ დაბიში მეოთხედ დაიცვა თავისი ტიტული, მისი მეტოქე იმ დროს დაუმარცხებლად ცნობილი პაულო კოსტა იყო.

10 წლის განმავლობაში უამრავ ადამიანთან მქონია ინტერვიუ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, და ადესანიას მსგავსი ადამიანი არასდროს შემხვედრია. ეს რაღაც განსაკუთრებული შემთხვევა იყო.

შეიძლება ასეთი შთაბეჭდილება იმიტომ დამრჩა, რომ ის მართლაც განსაკუთრებულია.

ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მებრძოლადაა აღიარებული, მან 100-ზე მეტ ბრძოლაში მიაღწია გამარჯვებას და რეკორდი დაამყარა 20-0 შერეულ ორთაბრძოლებში, კარიერულ კიბეზე სხვადასხვა რეკლამებითა და აქციებით წაიწია წინ. ახლა კი, უფრო მეტად UFC- ს საშუალო წონის დივიზიონით. დღეს მსოფლიოში საუკეთესო მოკრივეთა შორის მესამე ადგილი უკავია, წონის კატეგორიისგან დამოუკიდებლად.

მაგრამ ყველა დანარჩენისგან მას განსაკუთრებული აზროვნება გამოარჩევს.

შეიძლება არასოდეს გიოცნებიათ ისეთივე ჩემპიონი გამხდარიყავით, როგორიც ადესანიაა, მაგრამ ჩვენ, ანტრეპრენერებსა და ადამიანებს, ყოველდღიურად გვიხდება ბრძოლების გადატანა. მათგან ზოგი დიდია და ზოგი პატარა და მათ გადასატანად კი უამრავი ფსიქოლოგიური ინსტრუმენტია საჭირო. ქვემოთ ჩვენი საუბრის მხოლოდ ოთხ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს გაეცნობით.

ადესანიას პასუხები შეკვეცილია და რედაქტირებული, რომ მათი წაკითხვა უფრო ადვილი იყოს.

1. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ემოციებს ნუ აყვებით

" ზოგჯერ ადამიანები მეტისმეტად აღფრთოვანებულები არიან და არ იციან, ეს ენერგია როგორ გამოიყენონ", – ამბობს ადესანია. "ზოგჯერ მოწყენილები არიან და არ იციან როგორ აკონტროლონ ეს ემოცია. ამის გამო, ზოგჯერ შენობებიდანაც კი ხტებიან. მრისხანების შემთხვევაშიც ასეა. ადამიანები განრისხებულები იღებენ გადაწყვეტილებებს და შემდეგ ნანობენ, იმიტომ, რომ არ იციან როგორ უნდა გაუმკლავდნენ ამ გრძნობებს.

როდესაც ადესანია მაშინ დაუმარცხებელ პაულო კოსტასთან ორთაბრძოლაში ტიტულს იცავდა, ყველაფერი პიროვნულ ურთიერთობამდე დავიდა. UFC- ის ისტორიაში ეს იყო მეორე შემთხვევა, როდესაც ტიტულის მოსაპოვებლად ორი დაუმარცხებული მებრძოლი ხვდებოდა ერთმანეთს (ბოლოს ეს 10 წელიწადზე მეტი ხნის წინ მოხდა). ამ ორთაბრძოლის მიმართ ისეთი დიდი ინტერესი იყო, რომ წყაროების მიხედვით, 700,000-ზე მეტი ფასიანი ნახვა დაფიქსირდა, რამაც UFC წლის სიდიდით მესამე ბრძოლად აქცია. ძალიან მაღალი ფსონები იყო დადებული და ბრძოლა კი ისეთი დაუნდობელი, ემოციების აყოლა ადვილი იქნებოდა. ამის ნაცვლად, ადესანიამ სიმშვიდე შეინარჩუნა.

"როდესაც რაიმეს ჩემზე, ჩემს ქვეყანაზე, ჩემს ხალხზე ამბობთ, ეს ნამდვილად პირადულია, მე მეხება", – ამბობს იგი. "მაგრამ ჩემთვის ასე არ არის. ეს არის განსხვავება, რომელიც თერაპიამ მასწავლა. გულთან ახლოს არ უნდა მიიტანოთ. ნამდვილად პირადულია, მაგრამ უბრალოდ ვამბობდი: –კი, ბატონო. ეს ვარჯიში იყო მოთმინების გამოჩენაში".

რა გაკვეთილის სწავლა შეიძლება აქედან? ნუ იჩქარებთ, თავი ხელში აიყვანეთ, მოთმინება გამოიჩინეთ, ყურადღება მოიკრიბეთ და საკუთარი თავი აკონტროლეთ, - და შემდეგ დაიწყეთ ვარჯიში. თქვენ ხომ არ გსურთ ძალიან სწრაფად ამოგეწუროთ რესურსები, თავს სუსტად, დაუცველად გრძნობდეთ, საბრძოლო განწყობა არ გქონდეთ და თქვენმა მოწინააღმდეგემ გაგანადგუროთ.

2. ისეთი ადამიანები შემოიკრიბეთ გარშემო, ვისაც ენდობით

დიდებას და სიმდიდრეს უკან ადამიანები მოჰყვებიან, რომლებსაც ყველაფრის წართმევა სურთ, რაც კი შეიძლება, თქვენი "წრის" შიგნიდანაც და გარედანაც, უნდა ითქვას, რომ პირველი ყველაზე საშიშია. "არ არსებობს წიგნი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გახდეთ მდიდარი და ცნობილი", – ამბობს ადესანია.

ყველაზე მნიშვნელოვანია მათ ენდობოდეთ, ვინც გარს გახვევიათ. ეს თქვენი სპონსორი იქნება, მწვრთნელები, რომლებთანაც ვარჯიშობთ (ისრაელი City Kickboxing-ის საწვრთნელ დარბაზში ვარჯიშობს) თუ ბუღალტერი, რომელიც თქვენს ფინანსურ დოკუმენტაციას აკონტროლებს ან ნებისმიერი სხვა, ვისთანაც გაქვთ შეხება.

"როდესაც ბოლო 100 დოლარი დამრჩა, ჩემმა სპონსორმა მითხრა, რომ ჩემი ანგარიში შემემოწმებინა. მათ იმდენი თანხა გადმომიგზავნეს, რომ ხუთი თვე სრულიად საკმარისი იყო ჩემთვის", – ამბობს ადესანია. "მამაჩემი ბუღალტერია, ის ჭკვიანი კაცია. შემეძლო სხვისთვის გადამეხადა იმ საქმეში, რასაც ის აკეთებს, მაგრამ ის ამას უფასოდ, სიყვარულის გამო აკეთებს და იმის გამოც, რომ სურს, წარმატებული ვიყო. ამ ქვეყნად არავინ დამიცავს ისე, როგორც მამაჩემი",– განაგრძობს ის.

" ის [მამაჩემი]დღემდე ქორია, ძლიერი არწივია, რომელიც თავზე დამტრიალებს და მშვიდად ადევნებს თვალყურს ყველაფერს, ხედავს, სად არიან ჩასაფრებული სვავები. სვავებს კი ჰგონიათ, რომ ისინი ჩემ გარშემო ტრიალებენ, მაგრამ არ იციან, რომ მათ თავზე არწივი დასტრიალებთ. მე მისი მჯერა და გუნდისაც, რომელიც გვერდით მიდგას".

წარმატება იმ ადამიანებით იწყება, რომლებიც გარს გახვევიათ. თანამშრომლობაა ჩვენი, როგორც სახეობის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. ჩვენ დიდი ხნის წინ გადავშენდებოდით, ერთმანეთის ნდობა და ერთმანეთზე დაყრდნობა რომ არ გვესწავლა. ამიტომ, სადაც არ უნდა იყოთ თქვენს გზაზე, უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენს გვერდით მყოფი ნებისმიერი ადამიანი გულწრფელად ზრუნავს თქვენი ინტერესების დაცვაზე და თქვენს მხარდასაჭერად მზად არის - არ აქვს მნიშვნელობა რა უჯდება ეს.

3. შედეგებზე ნუ იფიქრებთ

"მე სულ მავიწყდება, რომ ჩემპიონი ვარ", – ამბობს ადესანია. "ქამარიც კი არ დამაქვს თან. ჩემი ქამარი სადღაც სავარჯიშო დარბაზშია ან ჩემი მწვრთნელის სახლში. ამაზე არასოდეს გამიმახვილებია ყურადღება ... ეს ნამდვილად სასიამოვნოა, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ბევრი ქამარი მაქვს მოპოვებული".

ადამიანები მეტისმეტად დიდ ყურადღებას ამახვილებენ შედეგებზე და არა იმ სამუშაოზე, რომელსაც ისინი ამ შედეგებამდე მიჰყავს. ისინი მთელი დღის განმავლობაში თავიანთი მომავალი შრომის ნაყოფზე ოცნებობენ, ხოლო იმ ბაღს არ აქცევენ ყურადღებას, რომელშიც არიან. ამიტომ, ვარჯიშზე გაამახვილეთ ყურადღება, გამარჯვებაზე თქვენს მომავალ ორთაბრძოლაში და არა ქამარზე, რომელიც გინდათ, რომ ბრძოლის შემდეგ დაგრჩეთ.

4. როდესაც გჭირდებათ, გაბედეთ და დახმარება ითხოვეთ

აქამდე არასდროს არავისთვის მითქვამს, მაგრამ სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ ცხოვრებაში ყველაზე დიდი დეპრესია დამეწყო", – ამბობს ადესანია. "არაფერი გამომდიოდა. ჩემი სამუშაო მომაბეზრებელი იყო, ის მძულდა. მე და ჩემი ძაღლიც აღარ ვიყავით ახლოს, ისიც კი ხედავდა, რომ სტაბილური აღარ ვიყავი. ჩემი გოგონა ჩემს მიტოვებას აპირებდა, მე ვიცნობდი ამ ადამიანს, ვიცოდი, რომ ჩემი ერთგული იყო. მახსოვს, მას ვთხოვე ვინმეს ტელეფონის ნომერი მოეცა, ვინც დამეხმარებოდა, რადგან საკუთარი თავის გაკონტროლება აღარ შემეძლო. მინდოდა ვინმე სხვას აეღო ყველაფერი თავის თავზე, ყველაფერი გაეკონტროლებინა და მე კი საავადმყოფოში დავეწვინე. მან მომცა იმ ადამიანების ტელეფონები, ვისთანაც დარეკვა შემეძლებოდა, მაგრამ, მახსოვს, რომ ვთქვი "არა". ამის გაკეთება უბრალოდ არ შემეძლო, ეს არ იყო ის, რაც მჭირდებოდა. მე მხოლოდ თავი უნდა დამეხსნა".

"მაგრამ ვიცოდი, რომ დახმარება აუცილებლად უნდა მეთხოვა. ჩემს მშობლებს ვესაუბრე, ჩემს მეგობრებს და შემდეგ სხვებთან დავიწყე შეხვედრები", – განაგრძობს იგი. "პირველი ნაბიჯი იმის მიღებაა, რომ სრულყოფილი არ ხარ, უნდა აღიარო, რომ ეს ჩვეულებრვი ამბავია. თქვენ უბრალოდ გულწრფელი უნდა იყოთ საკუთარ თავთან".

"მთელი ეს თერაპია ტაბუდადებული თემაა. მე ვიცნობ ჭკვიან ადამიანებს, გენიოსებსაც კი, რომლებიც თერაპიაზე არ მიდიან. ისინი თავიანთ ფსიქიკაზე არ ზრუნავენ, მაგრამ როდესაც ავად არიან, ექიმთან მიდიან. ამიტომ ვამბობ მათ გასაგონად, რომ ყველა არ არის ფსიქიკურად დაავადებული, ისევე როგორც ყველა არ არის ფიზიკურად დაავადებული, მაგრამ თუ თქვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე არ იზრუნებთ, ავად გახდებით. იგივე ხდება ფსიქიკური ჯანმრთელობის შემთხვევაში, თუ მასზე არ იზრუნებთ, ავად გახდებით".

სრულყოფილი არავინაა, ყველას აქვს ნაკლი. პოპულარობამ, სიმდიდრემ და სახელმა შეიძლება ისე დაგვაბრმავოს, რომ რეალობა ვეღარ დავინახოთ. მაგრამ ეს ფაქტია, ასეთია ცხოვრება. ამის აღიარებას ყველაფრის ღრმად გააზრება და თავმდაბლობა სჭირდება. ამასთან ერთად, თავდაჯერება და გამბედაობაც, რომ ყურადღება არ მიაქციო საზოგადოებრივ აზრს და ის გააკეთო, რაც საჭიროა. ისეთი ჩემპიონებისთვის, როგორიცა ადესანიაა ან ნებისმიერი სფეროს მომავალი ჩემპიონებისთვის - ფსიქიკური ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია, ამაზე სხვა აზრი არ არსებობს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც დიდი ფსონებია დადებული. სხვა შემთხვევაში თვითგანადგურების რისკი გარდაუვალია ან კიდევ ყვითელი პრესის აქტიური განხილვის მორიგი საგანი გახდებით.

ჩემპიონივით აზროვნება დიდი ხნით ადრე უნდა ისწავლოთ, ვიდრე გამარჯვების ნიშნად თქვენს ხელს მაღლა აღმართავენ და წელზე ქამარს შემოგარტყამენ. ეს ვარჯიშით, დისციპლინით და ემოციების გაკონტროლებით იწყება. ეს ყველაფერი თქვენი გუნდიდან იწყება, ადამიანებით, რომლებიც გარს გახვევიათ და იმ ნდობით, რაც ერთმანეთის მიმართ გაქვთ. ეს თავდაჯერებით იწყება, რომ ყველაფერს გააკეთებთ. და ამავე დროს, თავმდაბლობითა და თვითშეგნებითაც იწყება, რომ როდესაც რაღაც სწორი არ არის, უკან დაიხევთ და აღიარებთ. ბოლოს და ბოლოს, ჩემპიონობისთვის ბრძოლა სადღაც შიგნიდან იწყება.

ჩემპიონობისთვის ბრძოლა თქვენით იწყება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ფრანჩაიზი

3 მიზეზი, თუ რატომ სჯობს საკუთარი ბიზნესის დაწყებას ფრანჩაიზი

თუ ფრანშიზაზე ფიქრობთ, მის შეძენასთან დაკავშირებული სამი საკვანძო უპირატესობაც უნდა გაითვალისწინოთ

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ფრანჩაიზი

როგორ გახდნენ ეს ფრანჩაიზები ფრანჩაიზერები

ოთხივე ანტრეპრენერმა გარისკა, ზოგიერთმა ახალი ბრენდი შექმნა, ზოგმა - სათავო კომპანია იყიდა და საბოლოოდ ყველა დიდი ბოსი გახდა