Get All Access for $5/mo

46 წესი უკეთესი ცხოვრებისთვის არ იწუწუნო, საქმეს მიხედე!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ამდენი მოლოცვისა და კეთილი სურვილებისთვის მხოლოდ მადლობის თქმა საკმარისი არ არის. ამიტომაც, შარშანდელ 45 წესს ერთიც დავამატე და ახლა უკვე 46 მიგნებასა და აღმოჩენას გიბრუნებთ ნიშნად მადლიერებისა, როგორც ყველაზე ღირებულ აქტივს, რაც 46 წელმა გზადაგზა დამაგროვებინა და რაც იმედია, თქვენც გამოგადგებათ.

მაშ ასე, ესეც ჩემი 46 წესი უკეთესი ცხოვრებისთვის:

1. შეიყვარე ადამიანი და მიიღე ის ისეთად, როგორიც არის. მთავარი ღირებულება ადამიანია, რომლის ჯანმრთელობისა და ბედნიერების გარეშე, აზრს კარგავს ყოველივე მატერიალური. ადამიანებო, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!

2. რასაც აკეთებ, სულით და გულით აკეთე!

3. სწრაფად და მარტივად არაფერი ხდება. იყავი მზად, რომ ბევრად მეტი შრომა და ბევრად მეტის თმენა მოგიწევს, ვიდრე წარმოგედგინა...

4. რა მიღწევებიც უნდა გქონდეს წარსულში, გახსოვდეს, მთავარია, რა შეგიძლია დღეს და რას შეძლებ ხვალ!

5. დაიჯერე საკუთარი შესაძლებლობების! ნუ იფიქრებ, რომ არ შეგიძლია! იმუშავე საკუთარ თავზე, რომ დასახულ მიზანს მიაღწიო! ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა, მთავარია როგორ გამოვიყენებთ მათ. თითოეულ ჩვენგანში არსებობს უნიკალური შინაგანი ძალა, ფარული შესაძლებლობები, რომლებიც უნდა აღმოვაჩინოთ და საუკეთესო მიზნებისკენ მივმართოთ.

6. ბოლომდე დაიხარჯე...

7. ცხოვრება ბუმერანგივითაა. ყველა სიკეთე უკან დაგიბრუნდება, გინდა ეს შენ თუ არა...

8. იყავი მადლიერი ყველაფრისთვის, რაც გაქვს და რაც შენს გარშემო ხდება.

9. გახსოვდეს, სადაც არ არის წინააღმდეგობა და დაბრკოლება, იქ არ არის განვითარება. შენ განვითარება აირჩიე.

10. ისწავლე მადლობის გადახდა და ბოდიშის მოხდა.

11. გადაწყვეტილებას ცხელ გულზე ნუ მიიღებ! ემოციურ ნიადაგზე მიღებული გადაწყვეტილება, უმრავლეს შემთხვევაში, სწორი არ არის. სჯობს, ნაჩქარევი გადაწყვეტილებისგან თავი შეიკავო, მით უფრო მაშინ, როცა ემოციები სჭარბობს და უსამართლობის განცდა სამაგიეროს უხეში ფორმით გადახდისკენ გიბიძგებს. დრო თავად დაგეხმარება უფრო სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. მიეცი მას საშუალება, იმუშაოს შენ სასარგებლოდ...

12. არ იწუწუნო, საქმეს მიხედე!

13. შენს ოცნებებს "პატარა" ადამიანებს ნუ გაუმხელ! გაუზიარე ისინი მხოლოდ მათ, ვინც გულწრფელად აღფრთოვანდება შენი იდეით, მხარს დაგიჭერს და გაგამხნევებს!

14. მთავარი ის კი არ არის, რა იცი, არამედ ის, რას სწავლობ!

15. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენჯერ დავმარცხდით − მთავარია, არასოდეს გავჩერდეთ მიზნისკენ მიმავალ გზაზე და განცდილმა მარცხმა დასახულ მიზანზე ხელი არ აგვაღებინოს.

16. რას იტყვის ხალხი? – ეს მძიმე კითხვა ამძიმებს ჩვენს ისედაც მძიმე ყოფას და არსებულით დაკმაყოფილებისკენ უფრო გვიბიძგებს, ვიდრე ახალი, ნოვატორული ექსპერიმენტებისკენ. არჩევანი ამ უკანასკნელზე შეაჩერე.

17. გაარღვიე საზღვრები, დაამსხვრიე სტერეოტიპული აზროვნება, გაბედე რაღაც ახლის კეთება!

18. გააკეთე მეტი, ვიდრე შენგან ელიან. ყოველთვის შემატე შენს საქმიანობას დამატებითი ღირებულება. გააკეთე ის, რაც შესაძლოა არ გევალება, მაგრამ სასიამოვნოდ გაკვირვებულს დატოვებს შენს კლიენტებსა თუ თანამშრომლებს.

19. "კი" და "არა" ყველაზე მოკლე სიტყვებია, რომლის წარმოთქმასაც ყველაზე მეტი დრო სჭირდება გასააზრებლად...

20. მეტი დრო დაუთმე საკუთარ თავს! გახსოვდეს, ახლობელ ადამიანებზე ზრუნვას უფრო კარგად და სრულფასოვნად მაშინ შევძლებთ, როცა თავად ვიქნებით ჯანმრთელი და ბედნიერი!

21. პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღე! ხელს სხვისკენ ნუ გაიშვერ, არ გეკადრება... გახსოვდეს, რომ ნებისმიერ სიტუაციაზე პასუხისმგებელი მხოლოდ თავად ხარ!

22. ნუ გაბრაზდები ადამიანებზე! მათზე, ვინც უსამართლოდ მოგექცევა, ვინც გიღალატებს, ვინც დანაპირებს არ შეგისრულებს, ვინც ცილს დაგწამებს! გახსოვდეს, რომ ისინი თავისი ქმედებით, თავისდაუნებურად, თქვენ კი არ გავნებენ, არამედ განვითარებასა და სრულყოფაში გეხმარებიან!

23. მთავარი ის კი არაა, რამდენად კარგი ხარ, არამედ ის, თუ რამდენად უკეთესი იქნები მომავალში!

24. დისციპლინის გარეშე არაფერი გამოვა! ჩადექი რეჟიმში და დრო სწორად გაანაწილე. ადრე ადექი და მეტს მოასწრებ!

25. დიდი საქმეების მოლოდინში, აქაოდა პატარა საქმეები რა ჩემი საკადრისიაო, დროს უმოქმედოდ ნუ გაიყვან და აკეთე ის, რის კეთებაც შეგიძლია. რაზეც ხელი მიგიწვდებათ! აქ და ახლა!

26. ნუ დაელოდები იმ დროს, როდის მოიცლის შენთვის ბედი და იღბალი! ნუ დაელოდები ბედის წყალობას! იმოქმედე დასახული მიზნის მისაღწევად, იყავი შრომისმოყვარე და საკუთარი საქმის, საკუთარი პროფესიისადმი თავდადებული.

27. იფიქრე და იმოქმედე ჩემპიონივით! არ დაკმაყოფილდე მიღწეულით და მუდმივად, თუნდაც მცირედით, მაგრამ აუცილებლად გააუმჯობესე მიღწეული შედეგი. საკუთარ საქმეს შეხედე, როგორც სპორტს, მუდმივად ისწრაფე უკეთესისკენ, იმოძრავე ახალი და ახალი რეკორდებისკენ – სპორტშიც, ბიზნესშიც, ცხოვრებაშიც!

28. პრობლემებში შესაძლებლობები დაინახე! დაიჯერე, რომ პრობლემების გადაჭრის გასაღები შენსავე ხელშია. არ დაელოდო სხვას, გამოიჩინე ინიციატივა, იყავი მეტად შემოქმედებითი და მოტივირებული.

29. შეუძლებელი არაფერია! იფიქრე იმაზე, რაც აქამდე შეუძლებლად მიგაჩნდა და შეუძლებელი შესაძლებლად აქციე!

30. რაც არ დაგიწყია, ვერც დაამთავრებ!

31. ნამდვილ ლიდერს სამართლიანობის განცდა, პასუხისმგებლობა და ადამიანების მიმართ გამოჩენილი მზრუნველობა აყალიბებს ლიდერად და არა თანამდებობა ან ოფიციალური წოდება.

32. ადვილია, შეიყვარო წარმატება და დაკმაყოფილდე მიღწეულით. კმაყოფილება კი სტაგნაციას იწვევს. უარი თქვი თვითკმაყოფილებაზე, არ დაკარგო ახალი მწვერვალების დაპყრობის მწველი სურვილი, დაისახე ახალი მიზნები და დაუღალავად იმუშავე მათ მისაღწევად!

33. გაიმარჯვე საკუთარ თავთან ბრძოლაში და ყველა სხვა ბრძოლიდან გამარჯვებული გამოხვალ!

34. ნუ ვიქნებით საშუალო. ნურც კარგი. ნურც ძალიან კარგი, არამედ – საუკეთესო!

35. მიზანი გაქვს? − დაწერე! გეგმა გაქვს? − დაწერე! იდეა გაქვს? − დაწერე! კალმისტრისა და ფურცლის ენერგეტიკას ვერაფერი შეცვლის. დაწერე ყველაფერი, რასაც გეგმავ და ისიამოვნე შესრულებული პუნქტების გადახაზვით. ვისაც ეს სიამოვნება არ განგიცდიათ, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გაქვთ...

36. სხვას ნუ ელოდები. თავად შეცვალე. თავად შექმენი! დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა მეტი ფიქრი, მეტი მოძრაობა, გონების მეტი ვარჯიში, რათა უმოქმედოდ კი არ ველოდოთ იმ დროს, როდის გავხდებით შეცვლილი რეალობის პასიური მოწმენი, არამედ პროაქტიურად ვიმოქმედოთ და თავად გავხდეთ ახლისა და ინოვაციურის შემოქმედი, თავად ავიღოთ ხელში ინიციატივა და თავად შევცვალოთ!

37. არასოდეს დანებდე!

38. შეიყვარე შენი შეცდომები და ისწავლე მათგან! ჩვენ ყოველთვის ვუშვებდით, დღესაც ვუშვებთ და მომავალშიც დავუშვებთ შეცდომებს! თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ თუ აქამდე ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომები ჩვენი ყველაზე დიდი პასივი გვეგონა, სინამდვილეში, ჩვენი ყველაზე დიდი აქტივი ყოფილა! რადგან არაფერი ისე არ გვაძლიერებს, როგორც ჩვენი შეცდომები. შეიყვარე ისინი. ისწავლე მათგან.

39. გამოსავალი ყოველთვის არსებობს! არ არსებობს წინააღმდეგობა, რომლის გადალახვასაც ადამიანი ვერ შეძლებს, თუ სათანადო თავდაჯერებულობა, საკუთარი თავის რწმენა, სიტუაციიდან გამოსვლისა და ცვლილების მკაფიო გეგმა და მიზანი ექნება, რომლის მისაღწევადაც დაუღალავად იშრომებს და არასოდეს დანებდება.

40. საკუთარი საქმე ხელოვნებად აქციე! საკუთარი თავი – ხელოვანად! საკუთარი თავი არტისტად, შენი ბიზნესი, შენი საქმე კი ხელოვნების ნიმუშად წარმოიდგინე, რომლის სანახავად ათასობით ადამიანი მოდის და აღფრთოვანებას ვერ მალავს. შენი ხელოვნების დამფასებელი მაყურებელი შენ მიერ წარმოებული პროდუქტისა თუ მომსახურების მომხმარებლად წარმოსახე და ყველაფერი გააკეთე იმისათვის, რომ მათი აპლოდისმენტები დაიმსახურო. წარმოსახვით დაიწყე და მალე რეალობადაც აქციე!

41. გახდი ნამდვილი ლიდერი! ნამდვილი ლიდერები ყველაფერს, რასაც ხელს მოჰკიდებენ, კარგად და ხარისხიანად აკეთებენ! ასე მოიქეცი შენც და მალე აღმოაჩენ, რომ ორგანიზაციული იერარქიის რომელ საფეხურზეც უნდა იყო, ლიდერად ქცევას ზემდგომ თანამდებობაზე დაწინაურების ლოდინი არ სჭირდება. პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღე! გაიზარდე თავად და გაზარდე სხვაც!

42. იყავი ნამდვილი. მართლა ნამდვილი... არაფერია ნამდვილ ადამიანებთან ურთიერთობაზე სასიამოვნო. თუმცა, ამ სიამოვნებას, სამწუხაროდ, მოკლებულნი ვართ. იგივე ეხება ბიზნესსაც და საქმიან ურთიერთობებსაც. ჩვენ მიერ განსახიერებულ როლში ვერასოდეს ვიქნებით უფრო უკეთესი, უფრო საინტერესო და მომხიბლავი, ვიდრე სინამდვილეში ვართ. აღარ გვინდა თამაში. დავრჩეთ ნამდვილებად.

43. პატარა ცვლილებებით დიდ შედეგებს მიაღწევ. იყავი თანმიმდევრული... პატარა, მაგრამ თანმიმდევრულ ცვლილებებს, საოცრების მოხდენა შეუძლია. ყველაზე ცუდ ჩვევებთან გამომშვიდობება და ყველაზე რთულ გამოწვევებთან გამკლავება შესაძლებელია მუდმივი, თანმიმდევრული გაუმჯობესების შედეგად. გახდი უკეთესი, მცირედით, ყოველდღიურად!

44. რთულსა და მარტივს შორის რთული აირჩიე. სწორედ რთულთან შეჭიდება გვაძლიერებს, უფრო უნარიანს, გამბედავს, მამაცსა და მეტის შემძლეს გვხდის. მარტივი ამოცანები, თავის შესაფერისი პატარ-პატარა ჯილდოებით წარსულს დაუტოვე, მომავალში კი – გაირთულე საქმე!

45. იმოქმედე პრინციპით მოგება-მოგება! ადამიანებთან ურთიერთსასარგებლო ინტერესებზე, ორმხრივ სარგებელზე აგებული ურთიერთობა აირჩიე! ურთიერთობა, როცა წაგებული მხარე არ არსებობს! როცა ყველა მოგებულია! ნუ დაინახავ ადამიანებში მტერს, მოწინააღმდეგეს, და ნუ დაისახავ მიზნად მათ დამარცხებას. გახსოვდეს: ერთადერთი, ვინც დასამარცხებელი გყავს, საკუთარი თავია!

46. წაიქეცი? გააგრძელე სვლა! წარმატება ველოსიპედის მართვის სწავლას ჰგავს, თუ არ დაეცი და ფეხი არ იტკინე, მართვას ისე ვერ ისწავლი! ასეთია წარმატებისკენ მიმავალი გზაც, რომლის გასავლელად დაცემა და ტკივილი ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ არაჩვეულებრივად კარგი შედეგები მოაქვს მათთვის, ვინც პირველსავე წაქცევის შემდეგ არ ჩერდება, ტკივილს უძლებს, მომდევნო წაქცევის შიშით არ ნებდება და სვლას აგრძელებს!

გიორგი შარაშიძე
14.07.2022

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge
ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".