Get All Access for $5/mo

6 საინტერესო ფაქტი Oracle-ის თანადამფუძნებელ ლარი ელისონზე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალბათ ხშირად გსმენიათ ილონ მასკის, ბილ გეიტსისა და სხვა ცნობილი მილიარდერების წარმატების ისტორიები, თუმცა არცთუ ბევრი ვიცით ლარი ელისონზე, რომელიც ამერიკელი ბიზნესმაგნატი და ინვესტორია. Forbes-ის მილიარდერთა სიაში კი ამჟამად მეოთხე ადგილს იკავებს.

ელისონი მსოფლიოში სიდიდით მეორე პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Oracle-ის თანადამფუძნებელია, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით დიდი ინფორმაციის დასამუშავებლად იყენებენ. სწორედ Oracle უზრუნველყოფს კომპანიების ინფორმაციის შენახვას, დამუშავებასა და დაცვას. ელისონმა 2014 წელს 37-წლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ Oracle-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა. ამჟამად იგი კომპანიის CTO-ა, თითქმის 35%-იანი წილით. საინტერესოა ისიც, რომ 2018-2022 წლებში ელისონი Tesla-ს საბჭოში გახლდათ და დღემდე ფლობს დაახლოებით 15 მილიონ აქციას.

სხვა ბიზნესმაგნატების მსგავსად, არც ლარი ელისონს დაუმთავრებია სწავლა და წარმატებამდე საკმაოდ საინტერესო გზა განვლო. Entrepreneur დაინტერესდა მისი გამოცდილებით და გვსურს 6 საინტერესო ფაქტი შემოგთავაზოთ ლარი ელისონზე.

1. ლარი ელისონი ნათესავებმა იშვილეს

ლოურენს ჯოზეფ ელისონი 1944 წელს აშშ-ში, ნიუ იორკში დაიბადა. მისი დედა ებრაელი გახლდათ, მამა კი იტალიელი. ელისონის ბიოლოგიური მშობლები დაქორწინებულები არ ყოფილან. ლარი ცხრა თვის იყო, როდესაც მწვავე პნევმონიით გახდა ავად. მარტოხელა დედას შვილის აღზრდა გაუჭირდა, ამიტომ ჩიკაგოში დეიდას − ლილიან ელისონს და მის მეუღლეს − ლუის ელისონს მიაშვილა. ამის შესახებ ლარი ელისონმა 12 წლის ასაკში შეიტყო. მას თითქმის 48 წელი არ ჰყავდა ნანახი ბიოლოგიური დედა, მამას კი საერთოდ არ შეხვედრია. ერთადერთი ინფორმაცია ელისონის ბიოლოგიურ მამაზე ისაა, რომ იგი აშშ-ის არმიაში პილოტად მსახურობდა.

2. ლარი ელისონს სწავლა არ დაუსრულებია

1962 წლიდან ილინოისის უნივერსიტეტში, ურბანა-შამპეინში სწავლობდა, მაგრამ 1964 წელს აღმზრდელი დედის გარდაცვალებიდან მალევე სწავლა მიატოვა. მანამდე კი უნივერსიტეტში წლის მეცნიერების სტუდენტად დასახელდა. მას ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა დედასთან, თუმცა არა მამასთან, რომელიც ხშირად ეუბნებოდა, რომ ვერაფერს მიაღწევდა. მოგვიანებით, 1966 წელს ელისონი მცირე ხნით ჩიკაგოს უნივერსიტეტში სწავლობდა, თუმცა ისიც მალე მიატოვა.

ბილ გეიტსისგან განსხვავებით, ლარის კომპიუტერთან შეხება ბავშვობიდანვე არ ჰქონია − კომპიუტერულ დიზაინს პირველად, უნივერსიტეტში სწავლის მეორე მცდელობისას გაეცნო.

იგი რამდენიმე წელი სხვადასხვა კომპანიის პროგრამისტად მუშაობდა. 1973 წელს Ampex-ში დასაქმდა, სადაც Oracle-ის მომავალი თანადამფუძნებლები − ედ ოუტსი და ბობ მაინერი გაიცნო. 1977 წელს მათ ერთად Software Development Laboratories (SDL) ჩამოაყალიბეს და უფრო დიდი მიზნები დაისახეს. იმ დროისთვის, ლარი ელისონის ინვესტიცია $1 200 იყო. Oracle-ის დამფუძნებლები შთაგონებულნი იყვნენ ბრიტანელი წარმოშობის კომპიუტერული მეცნიერის, ედგარ ფ. კოდის კვლევითი ნაშრომით, რომელიც მონაცემთა ბაზებს შეეხებოდა. ელისონმა და მისმა კოლეგებმა დაინახეს კომერციული პოტენციალი მის მიდგომაში, რომელიც ორგანიზებას უწევდა მონაცემთა დიდ რაოდენობას ისე, რომ შესაძლებელი იყო მათი ეფექტიანი შენახვა და სწრაფი მოძიება. მან და მისმა პარტნიორებმა ორწლიანი კონტრაქტი მოიგეს CIA-სთვის მონაცემთა ბაზის შესაქმნელად, 1979 წელს კი Oracle გამოუშვეს, რომელიც მალევე პოპულარული გახდა. მას შემდეგ კომპანიამ სახელი არაერთხელ შეიცვალა და საბოლოოდ Oracle Corporation ეწოდა. 1990-იანი წლების დასაწყისში ელისონმა თითქმის ყველაფერი დაკარგა, როდესაც Oracle გაკოტრების პირას იყო, თუმცა მენეჯმენტის ცვლილებით მოახერხა, რომ 1992 წლის ბოლოს კომპანიას ფინანსური მდგრადობა მოეპოვებინა.

მას შემდეგ Oracle-მა არაერთი პროდუქტი შეიმუშავა, რომლებიც მსოფლიო ქსელების ტექნოლოგიებთან იყო თავსებადი, ეს კი კომპანიას განვითარებაში დაეხმარა. 2000-იანი წლების დასაწყისში ელისონმა აგრესიული სტრატეგია დაიწყო და კონკურენტი პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიები შეიძინა.

ლარო ელისონი სილიკონ ველის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო ფიგურა გახლდათ. ერთდროულად აღფრთოვანებულები იყვნენ მისი დიდი წარმატებებით და ამასთან, აკრიტიკებდნენ ზოგიერთ დაუნდობელ ბიზნესმეთოდს, რომელსაც ის იყენებდა.

3. პირველი მილიონი 42 წლისამ გამოიმუშავა

სხვა ბიზნესმაგნატებისგან განსხვავებით, რომლებიც მილიონერები ახალგაზრდა ასაკში გახდნენ, ლარი ელისონმა პირველი მილიონი 1986 წელს − 42 წლისამ გამოიმუშავა. პირველი მილიარდი კი Oracle-ის ზრდის დამსახურებით 7 წლის შემდეგ, 49 წლის ასაკში.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ 1990 წელს ელისონი ჰარვარდის ბიზნესსკოლამ წლის მეწარმედ დაასახელა.

4. ფულს საქველმოქმედო ღონისძიებებში ხარჯავს

წლების განმავლობაში ელისონის ფონდმა არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება განახორციელა. იგი მხარს უჭერს ორგანიზაციებსა და ბიზნესებს, რომლებიც მიზნად ისახავენ ცვლილებების შეტანას მსოფლიოში.

"ჩვენ გვინდა გავლენა მოვახდინოთ მსოფლიოში კვების გამოწვევებზე, ჯანმრთელობაზე, ჩვენი შვილების განათლებასა და პლანეტის სიმდიდრის დაცვაზე. ჩვენ ვეძებთ ლიდერებს, რომლებიც იყენებენ ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს პრობლემების გადასაჭრელად", − ვკითხულობთ ელისონის ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე.

როგორც ცნობილია, 1997 წელს ლარი ელისონმა "ელისონის სამედიცინო ფონდი" დააარსა − არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს ბიოსამედიცინო კვლევებს ასაკთან დაკავშირებული დაავადებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ.

2016 წელს 200 მილიონი აშშ დოლარი შესწირა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტს კიბოს კვლევისა და მკურნალობის ცენტრის − "USC-ის ლოურენს ჯ. ელისონის ტრანსფორმაციული მედიცინის ინსტიტუტის" დასაარსებლად.

გარდა ამისა, ელისონი The Giving Pledge მოძრაობს შეუერთდა, რომელსაც უორენ ბაფეტი და ბილ და მელინდა გეიტსები ხელმძღვანელობენ. მილიარდერები ამ მოძრაობაში გაერთიანებით პირობას დებენ, რომ სიცოცხლის განმავლობაში საკუთარი ქონების დიდ ნაწილს ქველმოქმედებისთვის გაიღებენ.

5. აშშ-ში სიდიდით 43-ე კუნძულს ფლობს

2012 წელს ჰავაის გუბერნატორის განცხადებით, ელისონმა ჰავაის კუნძულ ლანაის 98% იყიდა. კუნძული 364 კვადრატული კილომეტრი ფართობისაა, სადაც დაახლოებით 3 100-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. როგორც ცნობილია, ამ კუნძულის შესაძენად ლარი ელისონმა 300 მილიონი დოლარი გადაიხადა.

ელისონის სურვილია, რომ ლანაიში "პირველი ეკონომიკურად მომგებიანი, 100%-ით მწვანე საზოგადოება" შექმნას, რისთვისაც არაერთი ღონისძიება განახორციელა და რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი დახარჯა.

2018 წელს ბიზნესმაგნატმა დევიდ აგუსთან ერთად კეთილდღეობის კომპანია Sensei დააფუძნა, რომელიც ჯანდაცვის საკითხებში მონაცემებზე დაფუძნებულ ცოდნასა და ტექნოლოგიებს იყენებს ჰავაის კუნძულსა და კალიფორნიაში საუკეთესო გამაჯანსაღებელი ადგილების შესაქმნელად.

6. ელისონი ექსტრემალური აქტივობების მოყვარულია

თავგადასავლებისა და ადრენალინის მოყვარულ ლარი ელისონს არაერთი დაზიანება მიუღია სპორტის სხვადასხვა ექსტრემალურ სახეობაში მონაწილეობის შედეგად.

ელისონმა მილიონები დახარჯა იახტებით რბოლაში და საკუთარი სარბოლო ლიგაც კი დააარსა. იგი ახალგაზრდობიდანვე გატაცებული იყო ნაოსნობით, თუმცა 1990-იან წლებამდე ამ სპორტს სერიოზულად არ ეკიდებოდა. თავდაპირველად ელისონმა 78-ფუტიანი სარბოლო ნავი იყიდა, რომელსაც Sayonara უწოდა. მონაწილეობდა რბოლებში და არაერთი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ერთხელ კი ქარიშხალმა კინაღამ იმსხვერპლა.

მოგვიანებით ამერიკის თასზეც დაიწყო ასპარეზობა. მისმა ამერიკული იახტების სარბოლო სინდიკატმა Oracle Team USA 2010 და 2013 წლებში ორჯერ მოიგო ამერიკის თასი.

ელისონი 2010 წლამდე პლანეტაზე ერთ-ერთ უდიდეს იახტას Rising Sun ფლობდა, რომელიც მოგვიანებით დევიდ გეფენს მიჰყიდა. როგორც ცნობილია, იახტის 82 ოთახს შორისაა სპორტული დარბაზი, კალათბურთის მოედანი, ღვინის მარანი და კინოთეატრი.

გარდა ამისა, ელისონი ლიცენზირებული პილოტია და ორ სამხედრო თვითმფრინავსაც ფლობს.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".