7 სტრატეგია, რომელიც დაგეხმარებათ გასაუბრებაზე მშვიდად და თავდაჯერებულად იგრძნოთ თავი ნამდვილად გაართმევთ თავს
By ნინა ზიპკინი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სამსახურში მისაღებ ინტერვიუზე დიდ სტრესს, ალბათ ცოტა რამ თუ იწვევს ამქვეყნად. თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ამ სამუშაოს შესრულება შეგიძლიათ. უბრალოდ, კარგი შთაბეჭდილება უნდა დატოვოთ და მენეჯერსა და იმ ადამიანებს დაუმტკიცოთ, რომლებიც მაგიდის მეორე მხარეს სხედან, რომ ყველაფერი გაქვთ, რაც საჭიროა და მართლაც შესანიშნავი გუნდური მოთამაშე გახდებით.
რა უნდა გააკეთოთ, რომ დამშვიდდეთ, და თან დარწმუნდეთ, რომ ნერვები არ გიმტყუნებთ და ხელს არ შეგიშლით პოტენციური შესაძლებლობის გამოყენებაში?
1. შეისწავლეთ ყველა ინფორმაცია
არ აქვს მნიშვნელობა, სატელეფონო ინტერვიუსთვის ემზადებით, არცთუ მნიშვნელოვანი საინფორმაციო სესიისთვის, თუ ნამდვილი მარათონი გაქვთ და პირადად უნდა შეხვდეთ კომპანიის წარმომადგენლებს. ნებისმიერ შემთხვევაში, სათანადოდ უნდა მოემზადოთ და ყველა ინფორმაცია შეისწავლოთ. თუ კარგად ხართ მომზადებული და საჭირო ინფორმაციასაც ფლობთ, გაცილებით თავისუფლად იგრძნობთ თავს.
მსგავსი სტატია: დამშვიდების 6 გზა დიდი პრეზენტაციის ან გამოსვლის წინ
"კომპანიის შესახებაც უნდა გქონდეთ სრული ინფორმაცია, თვით სამუშაოშიც უნდა ერკვეოდეთ და მისი აღწერილობაც იცოდეთ. თქვენ სულ 5 წუთი გაქვთ, საკუთარი თავის სათანადოდ წარსადგენად, როდესაც ისინი გეტყვიან: ორიოდე სიტყვით თქვენ შესახებ გვიამბეთ", − ამბობს ეილინ შარაგა, ინსტრუქტორი და მრჩეველი კარიერის საკითხებში, − "მხოლოდ იმ შემთხვევაში იღელვებთ ნაკლებად, თუ მომზადებული იქნებით და ისიც ნამდვილად გეცოდინებათ, გინდათ თუ არა ეს სამუშაო. გაქვთ თუ არა სათანადო კვალიფიკაცია ამ სამუშაოს შესასრულებლად? ეს პოზიცია ნამდვილად თქვენი შესაძლებლობების შესაფერისია?"
ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა დაგეხმარებათ წინასწარ განსაზღვროთ, თუ რას გკითხავენ ინტერვიუზე.
2. პრაქტიკა, პრაქტიკა, პრაქტიკა
არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის იმ წუთას თქვენ გვერდით − მეგობარი, ოჯახის წევრი, მენტორი, ინსტრუქტორი თუ თუნდაც, თქვენი შინაური ცხოველი. ინტერვიუზე წასვლის წინ, მათთან ერთად უნდა მოემზადოთ. ფიქტიური ინტერვიუების მთელი სერიები უნდა ჩაატაროთ, რომ თქვენთვის არცერთი შეკითხვა არ იყოს მოულოდნელი.
"ჩვენ ვიცით, რომ პრაქტიკა ჩვენს ტვინში ნეირონული კავშირების შენარჩუნებას უწყობს ხელს, რომლებიც მოცემულ ქცევასთან ასოცირებს, და დროთა განმავლობაში, თქვენი რეაქციები უკვე გარკვეული ტიპის ჩვევად იქცევა", − აცხადებს დოქტორი სესილ ჰორშემ-ბრაითუეტი, ინსტრუქტორი და კონსულტანტი კარიერის საკითხებში, − "სტრესულ ვითარებაში, ანუ ინტერვიუზე ყოფნისას, გაცილებით მარტივად შეძლებთ რეაგირებას და ყოველ შეკითხვაზე პასუხის გაცემას, რადგან ნეირონული კავშირები უკვე გაძლიერებული გაქვთ და ეს ქცევა უკვე მყარად გაქვთ ჩამოყალიბებული".
3. ცოტა ხნით შეჩერდით
შარაგა ამბობს, რომ ეს სამუშაო ძალიანაც რომ გინდოდეთ, სასოწარკვეთილების გრძნობას არ უნდა მისცეთ იმის უფლება, რომ თქვენს ურთიერთობებზე გავლენა მოახდინოს. იგი თქვენს შესაფერისადაც რომ მიგაჩნდეთ, ამ შესაძლებლობას მაინც დიდი სიფრთხილით მოეკიდეთ. ხომ არ გინდათ, რომ ნახევარი წლის შემდეგ თავიდან დაიწყოთ სამუშაოს ძებნა იმის გამო, რომ თქვენს ინტუიციას არ მიენდეთ.
"კონსულტანტივით იმოქმედეთ. მათაც ისე ჩაუტარეთ ინტერვიუ, როგორც ისინი გიტარებენ", − ამბობს შარაგა, − "თქვენც უნდა დარწმუნდეთ, რომ ეს სამსახური შეგეფერებათ და იქ სათანადო გარემოა".
4. საკუთარი თავის რწმენა ყველაფერია
ფსიქოლოგიაში თვითეფექტურობა თავისი არსით ადამიანის რწმენას ნიშნავს. იმას, რომ მას უნარები აქვს და დასახული მიზნის შესრულება შეუძლია. ჰორშემ-ბრაითუეტი ამბობს, რომ ეს შინაგანი მამოძრავებელი ძალა შესაძლოა სამსახურის ძიებაში ზოგჯერ დაკარგოთ კიდეც, მაგრამ მისი შენარჩუნება უზომოდ მნიშვნელოვანია.
"სრულიად ნათლად უნდა წარმოაჩინოთ თქვენი უნარ-ჩვევები. განსაკუთრებით, თუ გასაუბრება გაქვთ პოზიციაზე, რომელიც ცოტა არ იყოს, განსხვავდება იმისგან, რასაც ადრე აკეთებდით. აუცილებლად უნდა განმარტოთ, რა სახის უნარების გამოყენებას შეძლებთ ახალ პოზიციაზე, − ამბობს ჰორშემ-ბრაითუეტი, − საკუთარი თავის ღრმა რწმენა ეხმარება ადამიანებს, ინტერვიუზე სრულიად თავდაჯერებულად განაცხადონ, რომ ეს მათი შესაფერისი პოზიცია და მათთვის ცნობილი გარემოა".
5. გულწრფელი იყავით
თუ ყველაფერი კარგად წავიდა, სრულიად ადვილი შესაძლებელია, კომპანიაში სამსახურის დაწყებამდე კიდევ მრავალ ადამიანთან მოგიწიოთ ინტერვიუზე გამოცხადება სამი ან ოთხი სესიის განმავლობაში, მაგრამ თუ გრძნობთ, რომ ეს თქვენთვის მეტისმეტად რთულია და მოთმინება აღარ გყოფნით, ენთუზიაზმის შენარჩუნება გიჭირთ, საკუთარ თავს მიუგდეთ ყური და შეეცადეთ დაადგინოთ, რა არის ამის მიზეზი.
"ზოგჯერ ადამიანები რეზიუმეში აბსოლუტურად ყველაფერს წერენ, რომ მათი კანდიდატურა ნებისმიერ პოზიციაზე ყველასთვის იყოს მისაღები, მაგრამ ეს არ ამართლებს. ან შესაძლოა, ძალიან სჭირდებათ ეს სამუშაო და ამბობენ, რომ მზად არიან ნაკლებ ხელფასზე ან ნაკლებ სამუშაოზეც კი დათანხმდნენ", − ამბობს შარაგა, − "ნებისმიერ შემთხვევაში, გულწრფელი უნდა იყოთ, მათ თავს ვერ მოაჩვენებთ".
6. შეაფასეთ ისინი
თქვენ ერთ დიდ შოუზე მოხვდით: ოფისში, ინტერვიუზე, მნიშვნელოვან პიროვნებებს უნდა შეხვდეთ, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ. შესაძლოა, აღფრთოვანებული ხართ კომპანიაში მუშაობის დაწყების პერსპექტივით, მაგრამ ეს გრძელი და დამღლელი პროცესი იქნება. თუ რამდენიმე მარტივ საშუალებას გამოიყენებთ, მოთმინების შენარჩუნება აღარ გაგიჭირდებათ.
"ლოდინის პერიოდი თქვენს სასარგებლოდ უნდა გამოიყენოთ. თუნდაც, ის დრო, როდესაც ერთი სეანსიდან მეორეზე მიდიხართ. ასეთ დროს გიჩნდებათ სურვილი, ცოტაოდენი ამოისუნთქოთ ისე, რომ ამის შესახებ ვერავინ გაიგოს, რომ დამშვიდდეთ და კონცენტრირება შეძლოთ", − ამბობს ჰორშემ-ბრაითუეტი, − "გახსოვდეთ, რომ ინტერვიუ ორმხრივი კომუნიკაციის პროცესია და მხოლოდ ისინი კი არ გაფასებენ, თქვენც აფასებთ მათ. უნდა დაადგინოთ, ამ ადამიანების გვერდით, ენერგიის მოზღვავებას გრძნობთ და ფიქრობთ, რომ ყველაფრის გაკეთებას შეძლებთ? თუ მათთან არც ისე კომფორტულად გრძნობთ თავს და ფაქტობრივად, ისინი არაქათს გაცლიან?"
7. ყოველი შესაძლებლობა სერიოზულად განიხილეთ
საინფორმაციო ინტერვიუ შესაძლოა მხოლოდ ნახევარი ან მაქსიმუმ, ერთი საათი გაგრძელდეს, მაგრამ რეალური სამუშაო მხოლოდ სამი კვირის ან სამი თვის შემდეგ გამოჩნდეს. ჰორშემ-ბრაითუეტი გირჩევთ, ნებისმიერ ეტაპს ისევე სერიოზულად შეხედოთ, როგორც ბოლო რაუნდის ინტერვიუს. "არ დაივიწყოთ, რომ ნებისმიერი დონის ინტერვიუ პიროვნული ურთიერთობებისა და ახალი კავშირების დამყარების შესაძლებლობას იძლევა", − გაფრთხილებთ ის