ადამიანი – ბიზნესი ამბავი ახალი თაობის სოლოპრენერებზე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ტრადიციული ანტრეპრენერისგან განსხვავებით, ვინც ინვესტიციას მოიზიდავს და ბიზნესს გუნდთან ერთად მართავს, სოლოპრენერი თავად არის ინვესტიციაც და გუნდიც.

მას შეუძლია მცირე ინვესტიციით ან სულაც ნულოვანი დაბანდებით სახლიდან გაუსვლელად დაიწყოს ბიზნესი და კლიენტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოემსახუროს.

ამისთვის კი მხოლოდ ინტერნეტთან წვდომა და ლეპტოპია საკმარისი.

თუ არ ჩავთვლით მთავარს – გადაწყვეტილებას, გახდე სოლოპრენერი, ვინც მხოლოდ საკუთარ თავზე იღებს ბიზნესპროცესების მართვას, საოპერაციო მენეჯმენტიდან დაწყებული, მარკეტინგითა და ფინანსებით დამთავრებული – არც ინვესტორი სჭირდება, არც ძვირადღირებული ოფისი და ავეჯი.

და მაინც, ვისთვის შეიძლება იყოს სოლოპრენერობა ტრადიციული სამსახურის საინტერესო და მიმზიდველი ალტერნატივა?

ილუსტრატორი, ფინტექ კონსულტანტი, ბრენდინგის სპეციალისტი, ქოუჩი, მენტორი, ვიდეოგრაფი, ვებდეველოპერი, მარკეტერი, ფოტოგრაფი, ონლაინკურსების ავტორი, ფიტნესტრენერი, პიარკონსულტანტი, ბლოგერი, ციფრული მედიის მენეჯერი...

კიდევ ბევრი მიმართულების ჩამოთვლა შეგვიძლია, რაც მხოლოდ ლეპტოპისა და ინტერნეტის ამარა შეგიძლია გლობალურ ბიზნესად აქციო, რა თქმა უნდა, სათანადო კომპეტენციის, სურვილის, თავდაჯერებულობისა და გამბედაობის შემთხვევაში.

სოლოპრენერი ის ადამიანია, რომელიც დამოუკიდებლად ქმნის ღირებულებას და ბიზნესის წესებსაც თავად აწესებს, რაც მეტ თავისუფლებას, მოქნილობას და საკუთარ ცხოვრებაზე სრულ პასუხისმგებლობას ნიშნავს.

თანამედროვე ტექნოლოგია უნიკალურ შესაძლებლობებს გვაძლევს. შესაძლებლობებს, რაც სულ რაღაც ათი ან თხუთმეტი წლის წინ მხოლოდ დიდ კომპანიებს ჰქონდათ.

დიახ, დღეს შეგიძლია ბიზნესი ერთი ლეპტოპით სახლიდან გაუსვლელად მართო.

დიახ, დღეს შეგიძლია შენი შეთავაზება მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში გაყიდო.

დიახ, დღეს შეგიძლია პარტნიორები, ფრეილანსერები და კონტრაქტორები ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად მოიძიო.

და რაც მთავარია, შეგიძლია შექმნა შენი ცხოვრების ინდივიდუალური, შენზე მორგებული უნიკალური სტილი, რომელიც არა სხვის მოთხოვნებზე, არამედ შენს წესებზე მუშაობს.

თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ სოლო ანტრეპრენერობა იზოლაციაში ყოფნას არ ნიშნავს. შეგიძლია იყო შენი გზის შემოქმედი, მაგრამ ამავე დროს დაამყარო კავშირები, გაუზიარო გამოცდილება და ითანამშრომლო სხვადასხვა პროექტზე.

რა შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯები სოლოპრენერობაში:

  1. იფიქრე, რა გამოგდის ყველაზე კარგად, რის კეთება მოგწონს და რა გახარებს ყველაზე მეტად? რა არის ის პრობლემა, რომლის გადაჭრაც შენ თავად შეგიძლია.
  2. დაიწყე პატარა ნაბიჯებით. არ გჭირდება ინვესტორი. შეგიძლია პირველივე დღეს შესთავაზო ბაზარს შენი სერვისი ან პროდუქტი – გახსნა ონლაინმაღაზია, სოციალური ქსელების დახმარებით კი შენი შეთავაზება ათასობით ადამიანს უმოკლეს დროში გააგებინო.
  3. შექმენი პირადი ბრენდი. თავად გახდი შენი ბიზნესის სახე, თავად ესაუბრე ხალხს შენი უნიკალური ხმით შენს უნიკალურ შეთავაზებაზე.
  4. იყავი მოქნილი და დაიხვეწე კეთების პროცესში. დასაწყისი იდეალური არ იქნება, მაგრამ სოლომეწარმეობის ხიბლიც ამაშია – შეცდომებს ხედავ, სწავლობ და აუმჯობესებ. არავინ გიკარნახებს გეგმას, ამიტომ სწავლა კეთების პროცესში ხდება მთავარი იარაღი.
  5. ChatGPT, Canva და სხვა ციფრული ინსტრუმენტები შეგიძლია შენი გუნდის სრულუფლებიან ნაწილად აქციო, თანაც უფასოდ.

ერთ მშვენიერ დღეს, როცა გადაწყვეტ, რომ აღარ ელოდები არავის ნებართვას და დროა, შენი საკუთარი თავის ბოსიც შენ იყო, შენი უნიკალური ბრენდის ავტორიც და საკუთარი ცხოვრების არქიტექტორიც, შეგიძლია აიხდინო დიდი ხნის ოცნება და დაიწყო საკუთარი საქმე.

სოლოპრენერობა არ არის მხოლოდ კარიერული არჩევანი, ეს ფილოსოფიაა, რომელიც თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას აერთიანებს.

სწორედ ამიტომ, ერთ ადამიანს შეუძლია ააშენოს ის, რაც ოდესღაც მხოლოდ კომპანიებს შეეძლოთ.

როცა ერთხელ იგრძნობ, რომ შენი შემოსავალი და წარმატება მთლიანად შენზეა დამოკიდებული, სხვა არაფრის კეთება აღარ მოგინდება.

სოლოპრენერობის ძირითადი საიდუმლო მარტივია: შენ ხარ მთავარი რესურსი, შენი უნარები შენი კაპიტალია, შენი ენერგია და შეუპოვრობა – შენი ყველაზე ძლიერი აქტივი. ამიტომ, პირველ რიგში, საჭიროა კონცენტრირდე საკუთარი უნარებისა და კომპეტენციების განვითარებაზე – მარკეტინგი, კომუნიკაცია, ფინანსური წიგნიერება და არამხოლოდ...

და რაც მთავარია, არ დაგავიწყდეს, რომ ტექნოლოგიები, ავტომატიზაცია და ხელოვნური ინტელექტი სოლო მეწარმეს საშუალებას აძლევს, დიდი გუნდის გარეშე აკეთოს დიდი ბიზნესი.

დაიჯერე შენი თავის და შეუდექი სოლოპრენერობის გზას. დანარჩენს გამოცდილება გასწავლის.

გიორგი შარაშიძე
მთავარი რედაქტორი
editor@entrepreneur.ge

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge