Get All Access for $5/mo

აქ დაიბადა მომავალი მსოფლიო ჩემპიონი გიგა ჭიკაძე გიგა კიკბოქსინგში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია; ევროპის ჩემპიონი გახდა მუაი ტაიში (ტაილანდური კრივი); ასევე მსოფლიოსა და ევროპის ორგზის გამარჯვებულია კარატეში.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

მოდი, MMA-ით დავიწყოთ: იშიფრება, როგორც Mixed Martial Arts, ანუ შერეული საბრძოლო ხელოვნება. ჩვენს რეალობაში, განსაკუთრებით ამ საუკუნის დასაწყისიდან შემოიჭრა, როგორც "ბრძოლა წესების გარეშე" (ე.წ. "ბოი ბეზ პრავილ"). გადავიდეთ UFC-ზე: Ultimate Fighting Championship − აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი. ეს არის ამერიკული ორგანიზაცია, რომელიც დღეს MMA-ში ყველაზე წარმატებულია. უფრო მარტივად და გასაგებად რომ ვეცადოთ ახსნას, ეს გახლავთ საბრძოლო ჩემპიონთა ლიგა.

სპორტის ეს მრავალფეროვანი სახეობა ჩვენთან კიდევ უფრო პოპულარული ხდება, რადგან ამ ძალზე წარმატებულ ორგანიზაციაში მშვენივრად ასპარეზობენ ქართველი სპორტსმენები. ერთ-ერთი მათგანი კი − გიგა ჭიკაძე, ჩვენი სტუმარია.

საინტერესოა, რომ გიგა შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში კიკბოქსინგიდან აღმოჩნდა, რაც დგომში ჩხუბისთვის საკმაოდ კარგი ბაზაა. უბრალოდ, MMA ჭიდაობის დახვეწასაც დიდი დოზით მოითხოვს. რასაკვირველია, ქართველ სპორტსმენს ძალიან კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რომ ისედაც ურთულეს სახეობაში, შრომის, წვალების, ოფლისღვრის, ყოველ ვარჯიშზე ბოლომდე დახარჯვის და ახალი ტექნიკის მიღების გარეშე, არაფერი გამოვა.

გიგა კიკბოქსინგში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია; ევროპის ჩემპიონი გახდა მუაი ტაიში (ტაილანდური კრივი); ასევე მსოფლიოსა და ევროპის ორგზის გამარჯვებულია კარატეში.

რაც შეეხება UFC-ის, ამ ორგანიზაციაში ქართველს 5-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს.

გიგა ჭიკაძე და საბრძოლო ხელოვნება...

"თავიდან სულაც არ იყო ეს ჩემი არჩევანი. მამაჩემი − ზაზა ჭიკაძე საბჭოთა კავშირის პერიოდში საკმაოდ წარმატებული ძიუდოისტი იყო, თუმცა ტრავმის გამო, კარიერის სათანადოდ გაგრძელება ვეღარ მოახერხა. დაბადებისთანავე, იგი აქტიურად არის ჩართული ჩემს სპორტულ ამბებში. ვიდეოც არის, სადაც ამბობს: "აქ დაიბადა მომავალი მსოფლიო ჩემპიონი − გიგა ჭიკაძე!" 4 წლიდან კარატეთი დავკავდი, 9 წლისამ კი უკვე ვნახე ჩემი სენსეი − პაატა ჭელიძე, რომელთანაც დიდი, საფუძვლიანი, ნაყოფიერი პერიოდი გავატარე. სწორედ მასთან ჩამომიყალიბდა ის სანახაობრივი სტილი, რომელიც ასეთ დონეზე ასპარეზობის საშუალებას მაძლევს".

ჟინი

"ბავშვობიდან მოყოლებული, როცა სპორტი რეალურად ვიგრძენი, მუდამ პირველობის სურვილი მქონდა. სხვადასხვა სახეობაში არსებული ჩემპიონების შემხედვარე, მოტივაცია ათმაგად მეზრდებოდა".

მთავარი მოტივატორი

"კარიერის დასაწყისიდანვე, მამაჩემი სერიოზული მოტივატორია. იგი თითოეულ ვარჯიშს ესწრებოდა. აქტიურად იყო ჩართული ჩემს განვითარებაში როგორც ფინანსურად, ასევე მენტალურად, ფსიქოლოგიურად".

მისაბაძი მაგალითი მსოფლიო სპორტში

"საბრძოლო სახეობებიდან მუჰამედ ალი; როგორც თავისი სპორტის მეფე − მაიკლ ჯორდანი".

კიკბოქსინგში მაღალ დონეზე ასპარეზობა

"საბედნიეროდ, ჰოლანდიაში თავიდანვე წარმატებულ კლუბებში მოვხვდი და ვვარჯიშობდი მაღალი დონის მებრძოლებთან ერთად. მეც ვგრძნობდი, რომ ყოველ ვარჯიშზე რაღაც ახალს ვსწავლობდი. თან, მახარებდა ის ფაქტი, რომ საქართველოდან ასეთ დონეზე მოასპარეზე ერთ-ერთი პირველი სპორტსმენი ვიყავი".

UFC...

"აშშ-ში საცხოვრებლად 2014 წელს გადავედი. თავიდანვე ისეთ სპორტსმენებთან მოვხვდი, როგორებიც რაფაელ დოს ანიოსი, ფაბრისიო ვერდუმი (ბრაზილიელთან განსაკუთრებით მეგობრობს − ავტ.), კელვინ გასტელუმი არიან. ასევე არაერთხელ მიმუშავია კამარუ უსმანთან ერთად. მათთან თანაბარ სპარინგს რომ თავი დავანებოთ, ეს სპორტსმენები არაერთხელ მყავს გათიშული ვარჯიშზე, რაც დამატებით მოტივაციას მაძლევს.

2019 წლის სექტემბერში, როცა კონტრაქტს ხელი მოვაწერე, უპირველეს ყოვლისა, ის ვიგრძენი, რომ ორგანიზაციაში ძალიან სწორ დროს მოვხვდი. 2017 და 2018 წლებში მქონდა მცდელობები, მაგრამ პირველ ჯერზე კიკბოქსინგის ორგანიზაცია Glory-ისთან მქონდა კონტრაქტი, მეორე შემთხვევაში კი შესარჩევ ბრძოლაში ბოლო წუთზე მტკივნეულით დავმარცხდი, რამაც ძალზე დიდი იმედგაცრუება და გარკვეული პერიოდის განმავლობაში დეპრესიაც გამოიწვია.

ეს სპორტის ის სახეობაა, რომელსაც ყოველთვის ახლავს წარმატებაც და დაცემაც, მაგრამ როცა შენ დიდ შრომას სწევ, რის ხარჯზეც თვითდაჯერება გემატება, ამას უკვე ვეღარავინ წაგართმევს. რასაკვირველია, ჭკვიანური მიდგომაცაა საჭირო. შესაძლოა, ფიქრობდე, რომ დიდი მონდომება გაქვს და ყველაფერს სწორად აკეთებ, მაგრამ რეალურად იმის მეათედიც არ იყოს, რაც საჭიროა".

სპორტის სირთულე...

"დავიწყოთ იქიდან, რომ როდესაც ქართველი ხარ და სრულიად უცხო ქვეყანაში მარტო მიდიხარ, არავინ გიცნობს. ბევრისთვის წასვლაც ოცნებაა, რადგან დიდ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ხოლო თუ წახვალ, შენი გუნდის წაყვანის შესაძლებლობა არ გეძლევა. იქ შევქმენი ჩემი პატარა საქართველო და ქართული გუნდი − ამას გარკვეული დრო სჭირდება. როცა აანალიზებ, თუ რამხელა გზა გაიარე, რამდენი იშრომე და რამდენი იწვალე თუნდაც რომელიღაც ამერიკელ სპორტსმენთან შედარებით, შემდეგ უკვე გიადვილდება ოქტაგონზე (MMA-ის რვაკუთხედი) შესვლა. შენთვის იქ გატარებული ყოველი წამი დღესასწაულია".

ნიჭი და შრომა...

"ძალიან ბევრი ნიჭიერი სპორტსმენი მინახავს, რომელთაც წარმატებას ვერ მიაღწიეს და ასევე ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც ნიჭით ოდნავ ჩამორჩებოდა სხვებს, მაგრამ სწორედ შრომისა და მონდომების ხარჯზე მწვერვალს მიაღწია".

სპორტსმენის თვისებები ბიზნესში...

"ჩემი აზრით, დამწყებ ბიზნესმენს სპორტული თვისებები აუცილებლად დაეხმარება, რადგან სპორტი არის ცხოვრების გზის შემოკლებული ნაწილი, რომელიც იწყება იქიდან, რომ თავიდან არაფერს წარმოადგენ. თუ თვითრწმენა არ გაქვს და ძალიან არ გინდა წარმატების მიღწევა, ის თავისით არ მოვა. სპორტი იქნება ეს, ბიზნესი თუ ხელოვნება, აუცილებელია თვითდაჯერება და წარმატებისკენ დაუღალავი სწრაფვა".

რჩევა დამწყებ სპორტსმენებს...

"გქონდეთ საკუთარი თავის იმედი, ოღონდ − საფუძვლიანად. უნდა გააანალიზოთ, რა უნდა გააკეთოთ, როგორ და ა.შ. გაიღეთ მაქსიმუმი, თუნდაც დიდი დაბრკოლებების ფასად".

Business News

საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივი განცხადება

"მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე"