Get All Access for $5/mo

ანტრეპრენერი, ანუ ორიენტირი ადამიანზე ბიზნესი არ არსებობს ადამიანების გარეშე და საზოგადოებაც ვერ იარსებებს ბიზნესების გარეშე.

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ბავშვობა ვერაზე, თბილისის ძველ უბანში გავატარე. ალბათ 10 წლის ვიქნებოდი, როდესაც ბინა გავყიდეთ და მთელი ოჯახი საცხოვრებლად სხვაგან გადავედით. ყოველთვის ნოსტალგიურად მახსენდება იქაურობა. ჩემს ძველ უბანში, ალბათ ისევე, როგორც გასული საუკუნის 90-იანი წლების თბილისის სხვა უბნებში, ყველაფერს ნახავდით – კარგსაც და ცუდსაც. ყველაზე მეტად დამამახსოვრდა, რომ გაჭირვების მიუხედავად, ჩემ გარშემო ძალიან თბილი და მეგობრული იყო ადამიანური ურთიერთობები. მახსოვს, როდესაც მამასთან ერთად დავსეირნობდი, მაოცებდა ფაქტი, რომ ყველას იცნობდა, გარშემომყოფებს თბილად ესალმებოდა და კეთილად ექცეოდა.

რა თქმა უნდა, მამა მუდმივად მელაპარაკებოდა და მარიგებდა, მაგრამ დღემდე, ყველაზე მეტად, მისი ერთ-ერთი რჩევა მახსოვს და მემხმარება ცხოვრებაში – იყავი ყველასთან სამართლიანი, ნურავის შეხედავ ზევიდან და მოექეცი ნებისმიერ ადამიანს კარგად, რადგან ცხოვრება უცნაური რამ არის: შესაძლოა დღეს კარგად იყო, ხვალ – ცუდად. სწორედ ეს სამართლიანობა და ადამიანობაა ის, რაც არასოდეს დაგეკარგება.

ჩვენს, და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, სიტყვა ბიზნესს და ბიზნესმენებს უარყოფით კონტექსტში უფრო აღიქვამენ, ვიდრე დადებითში. არ ვიცი, ეს ალბათ ჩვენმა საბჭოურმა მენტალობამ განაპირობა, მაგრამ ხშირად, ბიზნესი ვიღაცების "გადაგდებასთან", ტყუილთან ან არაადამიანურ მოპყრობასთან ასოცირდება და რიგ შემთხვევებში, შესაძლოა სამართლიანადაც. ვფიქრობ, ადამიანებზე ორიენტირებულობაა ანტრეპრენერის ის თვისება, რომელიც მას სხვა, სტანდარტული ბიზნესმენებისგან გამოარჩევს.

ბიზნესი არ არსებობს ადამიანების გარეშე და საზოგადოებაც ვერ იარსებებს ბიზნესების გარეშე. ანტრეპრენერებს მუდმივად უწევთ ადამიანებთან ურთიერთობა – იქნებიან ესენი ბიზნესპარტნიორები, თანამშრომლები თუ მომხმარებლები, და ვფიქრობ, ბიზნესეთიკა, სამართლიანი დამოკიდებულება და ადამიანური ურთიერთობები ის სამი ფუნდამენტია, რაზეც შეიძლება მყარი და გრძელვადიანი ბიზნესი ააშენო.

ურთიერთობები ბიზნესპარტნიორებთან

რაც საკუთარი ბიზნესი მაქვს, მუდმივად ვცდილობ, ისეთი შეცდომა არ დავუშვა, რომ ჩემი შრომა წყალში ჩამეყაროს. სწორედ ამიტომ, ვცდილობ მოვისმინო ან წავიკითხო სხვა წარუმატებელი ბიზნესების ისტორიები. ამ ისტორიებში ყველაზე ხშირად მხვდება, რომ ბიზნესპარტნიორები გარკვეულ საკითხზე ვერ თანხმდებიან, ჩხუბობენ და ყველაფერი უკან-უკან მიდის. აზრთა სხვადასხვაობა და კამათი პარტნიორებს შორის ძალიან ბუნებრივი პროცესია, მაგრამ ხშირად, მცირე წარმატება თუ ფინანსური მოგება ადამიანებს ცვლის. იცვლება მათი დამოკიდებულება სხვების, მათ შორის – ბიზნესპარტნიორების მიმართ. არადა, პარტნიორებს შორის ჰარმონიული ურთიერთობის გარეშე, წარმატებული ბიზნესი წარმოუდგენელია. ადამიანებმა არ უნდა დაივიწყონ, რატომ ენდნენ და დაიყენეს ესა თუ ის ადამიანი გვერდით მაშინ, როდესაც საერთო საქმეს იწყებდნენ.

ურთიერთობები თანამშრომლებთან

დღეს ჩვენ გარშემო, სამწუხაროდ, ძალიან ხშირია ისტორიები, როდესაც კომპანიებში თანამშრომლებს არაადამიანურად და უსამართლოდ ექცევიან. დემოტივირებული, მხოლოდ ხელფასის ხათრით მომუშავე ადამიანებით შემდგარი სამუშაო კოლექტივი, აუცილებლად ცუდად აისახება ბიზნესის შედეგებზე. როგორც HR-ის სპეციალისტები და ფსიქოლოგები ამბობენ, ფინანსურ წახალისებაზე მეტად, თანამშრომლების მოტივაციას ადამიანური, თანასწორი და სამართლიანი მოპყრობა ამაღლებს. მე კი მჯერა, რომ მოტივირებული თანამშრომელი უფრო მეტ გულს ჩადებს საერთო საქმეში. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს მენეჯმენტის, კოორდინაციისა და სამუშაო დისციპლინის რღვევას, თუმცა რადგან ცხოვრების ამ ეტაპზე შენ ხარ დამქირავებელი, სხვა კი დაქირავებული, ეს არ გაძლევს უფლებას, ვიღაცას ზემოდან დახედო და უსამართლოდ მოექცე. პირიქით – იზრუნეთ თქვენს თანამშრომლებზე, მათ განვითარებაზე, და ეს ძალისხმევა აუცილებლად კარგად დაგიბრუნდებათ.

ურთიერთობები მომხმარებლებთან

თუ მარკეტინგული კუთხით შევხედავთ, მას მერე, რაც ინდუსტრიული რევოლუცია მოხდა, ბიზნესმენები თავიანთი სურვილისამებრ ქმნიდნენ პროდუქტს და მომხმარებლებს უყურებდნენ, როგორც მყიდველებს, რომელთა მოთხოვნებიც უნდა დაეკმაყოფილებინათ. ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, მყიდველი გაიზარდა და იქცა ჭკვიან მომხმარებლად, რომელსაც ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიმართ დამოკიდებულება გულით და გონებით აქვს. მას შემდეგ, რაც ასპარეზზე ინტერნეტი გამოჩნდა, მარკეტერებმა თუ კომუნიკაციის სპეციალისტებმა შეცვალეს თავიანთი ხედვა და მომხმარებელს უყურებენ, როგორც უნიკალურ ადამიანს, მასიდან გამოყოფილ ინდივიდს – თავისი ხასიათით, ჩაცმის სტილით, ინდივიდუალური სურვილებით და ა.შ. ამ ყველაფრის ფონზე, დღესაც ხშირად ვხვდებით, რომ ბიზნესები მარკეტინგული ხრიკებით თუ მოტყუებით ცდილობენ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას. აბრაამ ლინკოლნის გენიალურ ციტატას ხშირად პოლიტიკაში იყენებენ, მაგრამ ბიზნესშიც კარგად ჯდება – "შენ შესაძლოა გააბრიყვო ადამიანები ცოტა ხნით, ან ზოგი მათგანი მუდმივად, მაგრამ ყველას ყოველთვის ვერ გააბრიყვებ". იქნებ ცოტა ხნით დავივიწყოთ "90%-მდე ფასდაკლებები", იქნებ აღარ შევპირდეთ მომხმარებელს, რომ ჩვენი პროდუქტი ღამის ცაზე ვარსკვლავებს მოუკრეფს, იქნებ ერთ დღეს ჩვენ ვიქცეთ საკუთარი ბრენდის მომხმარებელი და გარედან შევხედოთ საკუთარ თავს?! იქნებ აჯობებს, იმაზე ფიქრს, როგორ შევუფუთოთ მომხმარებელს უვარგისი პროდუქტი, პირიქით – უკეთესი პროდუქტის შექმნაზე ვიფიქროთ? დიახ, რა თქმა უნდა, ძნელია, მაგრამ თუ ამ საქმეს მოკიდეთ ხელი, უნდა იცოდეთ – ბიზნესის კეთება არ არის ადვილი.

შესაძლოა მე დღეს ძალიან მაღალ იდეალებზე ვწერ, მაგრამ როგორც უკვე ვახსენე, ბიზნესი დგას და იდგება ადამიანზე. ყველა ანტრეპრენერის მცდელობაა, ადამიანისკენ იყოს მიმართული და არა პირიქით. დაუჯერეთ მამაჩემის რჩევას – მოექეცით ყველას ისე, როგორც თქვენ გინდათ გექცეოდნენ და იქნებ მომავალში სიტყვები: "ბიზნესი" და "ბიზნესმენი", მხოლოდ დადებითთან ასოცირდებოდეს.

რეზი ბესელაშვილი

ანტრეპრენერი, მარკეტინგის სპეციალისტი და ლექტორი, გრაფიკული დიზაინერი. კომპანია AlterSocks-ის თანადამფუძნებელი

ანტრეპრენერი, მარკეტინგის სპეციალისტი და ლექტორი, გრაფიკული დიზაინერი.

კომპანია AlterSocks-ის თანადამფუძნებელი

ინსპირაცია

როგორ ვმართოთ შიში?

სიმშვიდე აუცილებელი პირობაა, რომ ადამიანმა წონასწორობა შეინარჩუნოს.

სიახლეები

ფაგიო® სააფთიაქო ქსელებში დაბრუნდა

17,5 მილიონი ლარის 2-წლიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელების შედეგად, "ბიოქიმფარმი" გახდა ფაგების პირველი, GMP-სერტიფიცირებული ინდუსტრიული საწარმო როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში