Get All Access for $5/mo

ანტრეპრენერობა - აზროვნების ტიპია "რაღაც უნდა ისწავლოთ და ამავე დროს, რაღაც უნდა დაივიწყოთ"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

მე LinkedIn-ის თანადამფუძნებელი ვარ, ინვესტირებას Greylock Partners-თან ერთად ვახორციელებ და Masters of Scalepodcast-ის წამყვანი გახლავართ. დამიჯერეთ, თუ წარმატების მიღწევა გსურთ ანტრეპრენერობაში, თქვენი აზროვნებით უნდა დაიწყოთ.

რიდ ჰოფმანი

ანტრეპრენერები სამყაროს სხვაგვარად უყურებენ. როგორც წესი, ოპტიმისტები არიან და გამოწვევების საპასუხოდ, მოქმედებაზე გადადიან. ისინი სიცოცხლისუნარიანები არიან და მათი გონება შექმნაზეა ორიენტირებული. ეს ყველაფერი ხშირად სრულიად საპირისპიროა იმისა, რასაც სკოლაში გვასწავლიან.

მე ხშირად ვამბობ, რომ კომპანიის დაფუძნება კლდიდან გადახტომას და გზად თვითმფრინავის შენებას ჰგავს. ეს სრულიად ნათელი მეტაფორაა, რომელშიც დიდი ჭეშმარიტება იმალება. თქვენ, უპირველესად, გამბედაობა და ოპტიმიზმი გჭირდებათ. უნდა გჯეროდეთ, რომ ყველაფრის გაკეთებას შეძლებთ. შემდეგ, გამჭრიახობა მოდის − ისიც აუცილებლად დაგჭირდებათ. თვითმფრინავის აწყობა თუნდაც მშვიდ ვითარებაში ნიჭსა და უნარებს მოითხოვს. ჩაყვინთვა უზომოდ სახიფათოა და ამიტომ სიმკვირცხლე და სწრაფი რეაგირება აუცილებელია. სიმშვიდე ზემოქმედების ქვეშაც უნდა შეინარჩუნოთ.

თანაც, თქვენთვის ეს ჩაყვინთვა აღმაფრთოვანებელი მოგზაურობა უნდა იყოს.

და გარდა ამისა, ფსონებიც უნდა დადოთ. თუ თვითმფრინავს დროულად არ ააწყობთ, ჩამოვარდებით. რეალურ ცხოვრებაში კი, ფული გამოგელევათ. ამიტომ აქვს სიჩქარეს გადამწყვეტი მნიშვნელობა, როდესაც კლდიდან ხტებით და მიწაზე ძალიან სწრაფად ეშვებით. ამიტომ არის თითქმის ნებისმიერ შემთხვევაში განწირული სტარტაპი, რომელიც ნელი ტემპით ვითარდება. ეს მხოლოდ ნაწილია იმისა, თუ რატომ არის ანტრეპრენერობა ასეთი დამქანცველი. იმიტომ, რომ, თუ თვითმფრინავს ვერ ააწყობთ, სიკვდილი გარდაუვალი იქნება. არა მხოლოდ თქვენი, არამედ ნებისმიერისაც, ვინც დაარწმუნეთ, თქვენთან ერთად გადმომხტარიყო. ასე რომ, რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად ამ ანტრეპრენერულ წამოწყებებში, რომლებიც რწმენაზეა დამყარებული? პასუხი, ერთსა და იმავე დროს, მარტივიცაა და უზომოდ რთულიც: ამისთვის ანტრეპრენერული აზროვნებაა აუცილებელი.

დიახ, ამგვარი აზროვნების გამომუშავება შესაძლებელია. ეს არის უნივერსალური რამ, რაც ვისწავლე, როგორც LinkedIn-ის თანადამფუძნებელმა, PayPal-ის ერთ-ერთმა პირველმა თანამშრომელმა, ინვესტორმა. და ასევე, ოთხი წლის განმავლობაში პოდკასტისთვის Masters of Scale ჩატარებული ინტერვიუების დროს. მთელი ამ წლების განმავლობაში მიღებულმა გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ ორი ერთნაირი დამფუძნებელი არ არსებობს.

არ არსებობს ფაბრიკა Silicon Valley-იზე, სადაც ანტრეპრენერებს ჰუდებს ურიგებენ და Monster Energy-ის ქილებს გადასცემენ, არც ბაკალავრის ხარისხს ანიჭებენ კომპიუტერულ მეცნიერებებში სტენფორდის უნივერსიტეტში და არც მოუწოდებენ: "ეძიებდეთ და პოვებდეთ". არც ყველა დამფუძნებელია ახალგაზრდა, და არც ყველა დამფუძნებელი მოდის ტექნოლოგიების სფეროდან; არც ყველა დამფუძნებელი ამთავრებს ყველაზე ცნობილ უნივერსიტეტებს (ზოგიერთები კი, როგორიც სერ რიჩარდ ბრენსონი და ბილ გეიტსი არიან, საერთოდ არაფერს ამთავრებენ). გარდა ამისა, არც ყველა დამფუძნებელს აქვს ერთი და იგივე უნარები, გამოცდილება ან ნიჭი.

აზროვნებაზე რას იტყვით? ეს კი ნამდვილად აერთიანებს მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ ანტრეპრენერებს. ანტრეპრენერები სამყაროს სხვაგვარად უყურებენ, როგორც წესი, ოპტიმისტები არიან და გამოწვევების საპასუხოდ, მოქმედებაზე გადადიან. ისინი სიცოცხლისუნარიანები არიან და მათი გონება შექმნაზეა ორიენტირებული. ეს ყველაფერი ხშირად სრულიად საპირისპიროა იმისა, რასაც სკოლაში გვასწავლიან.

სინამდვილეში, ანტრეპრენერული აზროვნება მთელი პაკეტს მოიცავს: მოქმედებაზე გადასვლის მიდრეკილება, ქაოსშიც კი კომფორტის მოძებნა, გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი, მტკიცე ხასიათი, ოპტიმიზმი, სათადარიგო გეგმების მთელი სერია და ა.შ. თქვენც ასეთი უნდა იყოთ და ამ ყველაფერს უნდა დაეუფლოთ? არა, ეს შეუძლებელია. ანტრეპრენერების აზროვნებაში სხვადასხვა კომბინაციითა და პროპორციით არის შეხამებული ეს სხვადასხვა თვისება. და თან, მათ ზოგიერთი რამ სრულიად ძალდაუტანებლად გამოსდით.

სხვა თვისებების გამომუშავება კი შესაძლებელია. მთავარი იმის ამოცნობაა, რა არის თქვენი ძლიერი თვისება, რა უნდა ისწავლოთ ან რას უნდა მოერგოთ. მაგალითად, შესაძლოა, თქვენ დაბადებიდანვე ოპტიმისტი ხართ და კომფორტულად გრძნობთ თავს ქაოსში, მაგრამ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება გიჭირთ, ნაკლებად ხართ დარწმუნებული საკუთარ თავში.

შესაძლოა, დროის შერჩევა შესანიშნავად გამოგდით და მოქმედებაზე გადასვლის დაუოკებელი სურვილიც გაქვთ, მაგრამ სხვა ადამიანების ძლიერი თვისებების გამოცნობა არ შეგიძლიათ. შესაძლოა, ბუნებრივი ინსტინქტი გაქვთ, როგორ უნდა აარიდოთ თავი კონკურენციას, მაგრამ წიგნებით და კურსებით ცოტა თუ გისწავლიათ სხვა დამფუძნებლებთან ან კოლეგებთან ურთიერთობაზე. ტექნოლოგია აქაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყოველდღიური ჩვევების ჩამოყალიბებაში და საბოლოოდ, ანტრეპრენერული აზროვნების განვითარებაში გვეხმარება (გულწრფელად გეტყვით, რომ მე ახლა საკუთარ თავსაც ვთავაზობ ამ სერვისს). ახლახან Masters of Scale-ის გუნდთან ერთად გავუშვი აპლიკაცია. ეს ყოველდღიური 10-წუთიანი პრაქტიკაა, რომელიც ანტრეპრენერული აზროვნების განვითარებაში დაგეხმარებათ.

მას სამაგისტრო კურსებს უწოდებენ და ბუნებრივია, მინდა თქვენც გამოცადოთ, რამდენად ეფექტურია იგი. ჩემი გამოცდილების მიხედვით, ანტრეპრენერებს აუცილებლად უნდა შეახსენოთ, რომ დრო უნდა გამოყონ იმ ყველაფრისათვის, რაც ერთი შეხედვით საკუთარ თავზე კონცენტრირებას ჰგავს. თქვენ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხართ და მთელ ენერგიას საკუთარ თავს კი არა, სხვა პრობლემებს უთმობთ: თქვენს პროდუქტს, თქვენს ბაზარს, თქვენს გუნდსა და ფინანსებს. მაგრამ ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ამდენივე დრო გაქვთ გამოყოფილი საკუთარი აზროვნების გასავითარებლად. ამ დროს, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომლის გამოყენებაც თქვენი ბიზნესის შესაქმნელად და გასავითარებლად შეგიძლიათ.

ყველა არ იბადება სერ რიჩარდ ბრენსონის უნარებით, მოქმედებაზე გადასვლის დაუოკებელი სურვილით, ან სტივ ჯობსივით სხვების დარწმუნების უნარით, ან კიდევ, სარა ბლეკლის გასაოცარი შეუპოვრობით. მაგრამ ყველა ანტრეპრენერს აქვს გონება, რომლის შესაძლებლობებიც მართლაც განუსაზღვრელია. მათ შეუძლიათ ისე გაწაფონ თავიანთი აზროვნება, რომ წარმატების მიღწევაც შეძლონ და შემდეგ მის დახვეწაზეც ისე განუწყვეტლივ იზრუნონ, როგორც თავიანთი ბიზნესის დახვეწაზე შრომობენ.

ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინვესტიციად მიიჩნიეთ, რადგან მთლიანად თქვენს აზროვნებაზეა დამოკიდებული, გზად წარმატებას მიაღწევთ თუ ხელი მოგეცარებათ. კერძოდ, როგორ უნდა განვითარდეს გამარჯვებული კომპანია. ეს ყველაფერი კარგი დასაწყისია, მაგრამ ამაზე არ გაჩერდეთ! მხოლოდ ყოველდღიური მიზანმიმართული ვარჯიშით შეძლებთ აზროვნების საჭირო კუთხით განვითარებას.

ეს დოქტორ კაროლ დვეკის ფუნდამენტურმა კვლევებმაც დაადასტურა ზრდა-განვითარებაზე ორიენტირებული აზროვნების შესახებ. იგი სტენფორდის უნივერსიტეტში ასწავლის ფსიქოლოგიას და მისმა კვლევებმა პედაგოგთა მთელი თაობების ყურადღება მიიპყრო ამერიკაში. დვეკის მთავარი დასკვნა ასეთია: თუ ზრდაზე ხართ კონცენტრირებული, ეს საშუალებას მოგცემთ ყოველი მარცხი სწავლისა და ასევე, ზრდის შესაძლებლობად მიიჩნიოთ. სირთულეები ისე უნდა განიხილოთ, როგორც გამოწვევა, და ამ შემთხვევაში, საწყისი ეტაპის წარუმატებლობები თქვენთვის დროებითი მოვლენა გახდება.

ახლა აზროვნებაზე ზემოქმედების საკითხებს აშშ-ის ყველა შტატის დაწყებით სკოლებში ასწავლიან და ამის გამო იღებენ ბავშვები უფრო მაღალ ქულებს ტესტებში. მაგრამ აზროვნების განვითარებაზე მუშაობა მხოლოდ ბავშვებისთვის არ არის მნიშვნელოვანი. საინტერესოა, თქვენ თვითონ როგორ ზრუნავთ თქვენი ანტრეპრენერული აზროვნების განვითარებაზე? ამ შემთხვევაში, აი, რა არის მნიშვნელოვანი:

1. რაღაც უნდა ისწავლოთ და ამავე დროს, რაღაც უნდა დაივიწყოთ

ანტრეპრენერული ტიპის აზროვნება − მაგალითად, გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება ან ხანძრისთვის საშუალების მიცემა, რომ ყველაფერი გაანადგუროს, ხშირად სრულიად საპირისპიროა იმისა, რასაც სკოლაში გვასწავლიან.

2. მხოლოდ თეორიით კი არა, ნამდვილი ისტორიებით ისწავლეთ

ადამიანთა უმრავლესობისთვის საუკეთესო გაკვეთილი ანტრეპრენერების ცხოვრებაა. ასე რომ, ეს არის შემთხვევა, როდესაც თეორიას ყველაზე უკეთ ისტორიები განამტკიცებს.

3. ყოველდღიურად იზრუნეთ ჩვევის განმტკიცებაზე

ყველაზე მნიშვნელოვანი ახლებურად აზროვნებაა. ამისთვის კი, სხვებსაც უნდა უსმინოთ, იკითხოთ და წეროთ კიდეც. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. რომ ახლებური აზროვნებით გააგრძელოთ ცხოვრება − იმის მიხედვით უნდა იმოქმედოთ, რაც გაიგეთ. ანტრეპრენერული აზროვნების გასავითარებლად კი მართლაც მრავალი გზა არსებობს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ქალი ანტრეპრენერი

ელენე კერძაია - La Clinique

"მთავარი მოტივაცია არის ის, რომ ვხედავ ჩვენი სერვისის მაღალ შედეგიანობას"