Get All Access for $5/mo

ანტრეპრენერული დიეტა ბიზნესში წარმატების მისაღწევად არ აქვს მნიშვნელობა, რომელ დიეტას აირჩევთ, მთავარია, რჩევები გაითვალისწინოთ. ამით განწყობაც გაგიუმჯობესდებათ, მეხსიერებაც და გაცილებით აქტიურიც გახდებით

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

stokpic, pixabay

კვების საკითხებზე სამედიცინო ჟურნალებში ყოველწლიურად 100 000 სტატია მაინც ქვეყნდება და მათთვის თვალის მიდევნებაც კი ძნელია. მონაცემები იმდენად წინააღმდეგობრივია, რომ გაოცდებით. ვეღარ გაიგებთ, ვის დაუჯეროთ და ვის - არა. თუნდაც ნებისმიერი დიეტის საკითხი განვიხილოთ - ერთ დადებით შეფასებას სამი უარყოფითი მოსდევს. მეცნიერები ერთ წუთს აცხადებენ, რომ ნახშირწყლები ცუდია, მეორე წუთს ირწმუნებიან, კარგიაო.

მთავარი მაინც ის არის, რომ კვების ნებისმიერი სისტემა საკუთარ თავს მოარგოთ. უნდა გქონდეთ ენერგიულობის განცდა და, უბრალოდ კარგად კი არა, საუკეთესოდ გრძნობდეთ თავს. ეს გჭირდებათ არა მხოლოდ კარგი განწყობისთვის, არამედ გზის გასაკვალადაც ისეთ დანაღმულ ველზე, რომელსაც ცხოვრება ჰქვია. დიეტის საკუთარ თავზე მორგება ნიშნავს, რომ გეგმას მიჰყვებით და ისე იკვებებით, როგორც თქვენთვის სასარგებლოა.

არ აქვს მნიშვნელობა, რომელ დიეტას აირჩევთ განწყობისა თუ მეხსიერების გასაუმჯობესებლად და სტიმულისათვის. მთავარია, რჩევები აუცილებლად გაითვალისწინოთ და მრავალთაგან ის საკვები შეარჩიოთ, რომელიც მოგწონთ.

რაციონიდან გამორიცხეთ შაქარი და დამუშავებული საკვები

მას ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაც შეუძლია და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაც აქვს.

მიირთვით პროდუქტები, რომლებიც თქვენს სხეულს მიკროორგანიზმებით გაამდიდრებს

ფერმენტირებული საკვები საჭმლის მომნელებელ სისტემას ჯანსაღ ბაქტერიებს აწვდის (მაგ.: მჟავე კიტრი და კომბოსტო, იოგურტი, მაწონი და ა.შ. ) და მდიდარია პრებიოტიკებით, რომლებიც პრობიოტიკებს კვებავენ და ჯანსაღი ბაქტერიების გამრავლებას უწყობენ ხელს. პრებიოტიკური უჯრედისი მიეკუთვნება იმ ტიპის ნახშირწყლებს, რომლებსაც ადამიანის ორგანიზმი ვერ ინელებს, მაგრამ ჩვენი ნაწლავის ბაქტერიებისთვის ნამდვილი მისწრებაა. სწორედ ამიტომ უნდა შეიტანოთ ის თქვენს დიეტაში, თანაც მადის დაქვეითებასაც უწყობს ხელს.

გამორიცხეთ საკვები, რომელიც დისკომფორტს იწვევს

რაციონიდან ამოიღეთ ნებისმიერი პროდუქტი, რომლის მიმართაც მგრძნობიარე ხართ, რადგან ეს იწვევს დიარეას, ყაბზობას, მოდუნებას, გონების დაბინდვას, თავის ტკივილს, დაღლილობის შეგრძნებას ან განწყობის შეცვლას. ამ საკითხის უკეთ გასარკვევად, შეგიძლიათ საკვების მიმართ მგრძნობელობის ტესტის ჩატარებაც.

საჭმლის მომნელებელ სისტემაში ჯანსაღი ბაქტერიები შეასახლეთ

ამას შესაბამისი ტიპის პრობიოტიკების დახმარებით შეძლებთ.

ცხიმიანი საკვებიც მიირთვით

ეს მადას დაგიქვეითებთ, შიმშილის გრძნობას გაგიქრობთ და, თუ გამოფიტული ხართ, ენერგიით აგავსებთ.

მიიღეთ ანთების საწინააღმდეგო საკვები

ამ ტიპის საკვებში შედის: მწვანე ფოთლები, ბოსტნეული, ჭარხალი, მოცვი, მწვანე კომბოსტო, ბროკოლი, ნიახური, კოჭა, ანანასი, ორაგული, კურკუმა, ნიგოზი, ასევე, ჩიას, ქოქოსისა და სელის ზეთი. ამ სიიდან ის პროდუქტები ამოიღეთ, რომლის მიმართაც მგრძნობიარე ხართ.

მიირთვით ნატურალური ხილი და ბოსტნეული

ეს თქვენს ორგანიზმში ბაქტერიულ ფლორას გაამდიდრებს და ხელს შეუწყობს სისტემის გაჯანსაღებას.

გაფილტრული წყალი დალიეთ

რა გავლენას ახდენს ნაწლავის მგრძნობიარე ფლორაზე ისეთი ქიმიური ნივთიერებები, როგორიც ქლორია, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. წყლის გაფილტვრა აუცილებელია, არ აქვს მნიშვნელობა, სად ცხოვრობთ. თუ ჟანგიანი მილებიდან ან საეჭვო წყალმომარაგების სისტემიდან წყალს არ დალევთ, არც ტოქსიკურ ნივთიერებებს მიიღებთ.

გამოიყენეთ ზეითუნის, ავოკადოს ან ყურძნის წიპწის ზეთი, ტრანსცხიმებისა და სხვა მცენარეული ზეთების ნაცვლად

ერთ-ერთი გამოკვლევის მიხედვით, იმ ადამიანებს, რომლებიც უმეტესად ტრანსცხიმებს იღებდნენ, დეპრესიის განვითარების რისკი 48%-ით ეზრდებოდათ. ამ ტიპის ცხიმებს შეიცავს ის გადამუშავებული საკვები, რომელიც სუპერმარკეტებში იყიდება. მას სწრაფი კვების ობიექტებშიც იყენებენ პროდუქტების შესაწვავად.

მეტი ომეგა 3 და ნაკლები ომეგა 6

ორივე შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავაა და მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ სჯობს, რაოდენობა სწორად განსაზღვროთ, რომ სახსრები, პანკრეასი, გული და კანი დაიცვათ.

ომეგა 6-ის შემცველი საკვების, განსაკუთრებით, სიმინდისა და სხვა მცენარეული ზეთების მეტისმეტი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა ორგანიზმში სითხის შეკავება და არტერიული წნევის მომატება გამოიწვიოს. ეს უკანასკნელი თრომბის წარმოქმნას უწყობს ხელს და, შესაბამისად, ზრდის გულის შეტევისა და ინსულტის რისკს.

მიირთვით საკვები, რომელსაც სოკოს საწინააღმდეგო (ფუნგიციდური) მოქმედება ახასიათებს

ქოქოსის ზეთი, ნიორი, კოჭა, ლიმონი, ლაიმი, ზეითუნის ზეთი, ხახვი, გოგრის თესლი და თალგამი სწორედ ამ ტიპის პროდუქტებია. ისინი საჭმლის მომნელებელ სისტემას აჯანსაღებს და ნაწლავურ ფლორას ბაქტერიებით ამდიდრებს. არასოდეს მიიღოთ საკვები, რომლის მიმართაც მგრძნობიარე ან ალერგიული ხართ. შეცვალეთ იმით, რაც თქვენთვის სასარგებლოა.

გააქტიურებული ნახშირი სულ თან იქონიეთ

ეს საშუალება იერთებს ტოქსინებს და ორგანიზმიდან გამოჰყავს. გააქტიურებული ნახშირი წლების განმავლობაში გადაუდებელი დახმარების პუნქტებშიც გამოიყენებოდა ინტოქსიკაციების (მათ შორის, ალკოჰოლურისაც) დროს. იგი ორგანიზმს ეხმარება გაზების დაგროვებისა თუ მუცლის შებერვისას; ასევე, ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის დაქვეითებას.

სცადეთ ალტერნატიული განტვირთვის დღეები

განტვირთვის დღეების ეფექტიანობა წონის დაკლების მხრივ კარგად არის ცნობილი. ამასთან, მას ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაც აქვს და ტვინსაც ააქტიურებს. ეს დიეტა კი არა, კვების ტიპია. თქვენ ცვლით არა მენიუს, არამედ კვების რეჟიმს - საკვებს დადგენილ დროს იღებთ და არა მთელი დღის განმავლობაში. ყველაზე პოპულარულია 8-საათიანი კვება და 16-საათიანი შიმშილი. არსებობს მოსაზრება, რომ შიმშილი ტვინში აჩქარებს ნეიროგენეზის (ტვინისა და ნერვული ქსოვილების უჯრედების ზრდა-განვითარება) ტემპს. ეს კი გავლენას ახდენს აზროვნებისა და მეხსიერების გაუმჯობესებასა თუ ყურადღების გამახვილებაზე; ამასთან, კვლევების მიხედვით, ტვინის ნეიროტროფიული ფაქტორის წარმოქმნასაც უწყობს ხელს. ეს ნივთიერება ტვინის ძლიერი მკვებავია და ნეიროპლასტიურობაშიც ასრულებს როლს, რაც აუმჯობესებს თქვენი ტვინის სტრესისადმი მდგრადობასა და ცვლილებებთან ადაპტირების უნარს.

ამ სრულიად მარტივი რეკომენდაციების გათვალისწინებით, გაცილებით ენერგიული იქნებით და იმასაც იგრძნობთ, როგორი სხარტი და მოქნილი გახდა თქვენი გონება.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი