Get All Access for $5/mo

ანტრეპრენერული რევოლუცია მოდის. მოდის. ანტრეპრენერული რევოლუცია მოდის...

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ყველას გვახსოვს გენიალური კახი კავსაძის პერსონაჟი ფილმიდან "ნატვრის ხე" და მისი აღტყინებული ფრაზა – "მოდის. მოდის. რევოლუცია მოდის..."

ამ ფრაზას ერთ სიტყვას ჩავამატებდი – მოდის. მოდის. ანტრეპრენერული რევოლუცია მოდის...

ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში არც სისხლიან და არც უსისხლო რევოლუციას, სამწუხაროდ, გრძელვადიანი განვითარება არ მოუტანია. შესაძლოა იყო პროგრესის ერთგვარი გაელვება, უკეთესის მოლოდინით გამოწვეული წუთიერი აღტაცება, მაგრამ საბოლოოდ, ხელშესახები ცვლილებების ნაცვლად, ხალხში მხოლოდ იმედგაცრუება და ნიჰილიზმი ისადგურებდა.

დღეს, საზოგადოება თანხმდება, რომ ქვეყანა კიდევ ერთ რევოლუციურ ცვლილებას ვეღარ გადაიტანს და ჯობს საკუთარი ძალები ევოლუციური განვითარებისთვის შემოვინახოთ.

თუმცა არსებობს კიდევ ერთი, განსხვავებული და ჯერ არ ნაცადი რევოლუცია, რომელიც დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება.

ეს ანტრეპრენერული რევოლუციაა! რევოლუცია, რომელიც უპირველესად ჩვენს გონებაში უნდა მოვახდინოთ.

დღეს მშვიდობიანი და ამავე დროს, მენტალური რევოლუციის დროა!

დიახ, ვისაც გადატრიალება უნდა, საკუთარი საწოლის რა მოგახსენოთ და, საკუთარ გონებაში, აზროვნების წესში გადატრიალებას ნამდვილად ვურჩევ.

დღეს, როცა წარსულს ჩაბარდა სისხლიანი და უსისხლო რევოლუციები, ვფიქრობ, არის დრო მენტალური რევოლუციისა, რაც გამოიწვევს გარღვევას ქვეყნის განვითარებაში, რადგან დადგება დრო, როცა ჩვენ წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრისა და გაჭირვებული ყოფიდან გამოსავლის საქმეში პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ის ქართველები აიღებენ, რომლებიც სხვას კი არ დაელოდებიან, არამედ საკუთარ ქვეყანას უკეთესობისკენ თავადვე შეცვლიან.

და ასეთები არა მხოლოდ ერთეულები იქნებიან...

ამ ტიპის პასუხისმგებლობიანი ბიზნესმოდელის კარგი მაგალითი Entrepreneur-ის სექტემბრის ნომრის ახალგაზრდა გმირები არიან, რომლებმაც მთავრობის მიერ დღემდე გადაუჭრელი და ათასობით სტუდენტის სამართლიანი პროტესტის გამომწვევ სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის პრობლემას საკუთარი ბიზნესინიციატივით უპასუხეს და ახალი პლატფორმა − Roommate Georgia შექმნეს. ამით კი ბინებზე გაზრდილი საფასურის პრობლემა, რომელიც განსაკუთრებით მწვავედ საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსულ სტუდენტებს აწუხებდათ, ალტერნატიული გზით გადაჭრეს და საცხოვრებლის მაძიებელი სტუდენტები ერთმანეთთან თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით დააკავშირეს.

ვფიქრობ, ეს მაგალითი სხვებისთვისაც სტიმულისმიმცემი იქნება და ბევრი მიხვდება, რომ პრობლემის გადაჭრა ხშირად ბიზნესს უკეთ შეუძლია, ვიდრე სახელმწიფოს!

რატომ მიიჩნევა ამერიკა ანტრეპრენერშიპის სამშობლოდ? იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში იბადებიან ყველაზე გაბედული ანტრეპრენერები, რომელთა შორის კიდევ უფრო გაბედულებს არა მხოლოდ საკუთარი ქალაქის, ქვეყნის, მსოფლიოს, არამედ მთელი სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა განუზრახავთ!

ამერიკელების უმრავლესობას დღეს ერთადერთი ოცნება აქვს – დაიწყონ თავიანთი ბიზნესი და ამით საკუთარი თავიც უზრუნველყონ და ამავე დროს, დამატებითი ღირებულება იმ გარემოსა და საზოგადოებისთვისაც შექმნან, რომლის ნაწილადაც თავი მიაჩნიათ.

დიახ! არსებულის უკეთესობისკენ შეცვლა, პრობლემებში შესაძლებლობების დანახვა და ამ პრობლემების საკუთარი ხელით გადაჭრაა მათი მთავარი ოცნება!

და რაზე ოცნებობს ამ დროს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი?

არსებული პრობლემების სხვისი ხელით გადაჭრაზე...

ეს არის მთავარი სხვაობა ჩვენსა და ამერიკას შორის. ყველაფერი დანარჩენი აქედან გამომდინარეობს.

სოციალური პროგრამების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, თუმცა რასაც სახელმწიფო შრომისუნარიან სოციალურად დაუცველთათვის ე.წ. დასაქმების პროგრამით აკეთებს, სხვა არაფერია, თუ არა ამ ადამიანების შეგუება იმ მცდარ რეალობასთან, რომ მათი გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობის მაქსიმუმი 300-ლარიანი ხელფასია, როცა მათ ნაწილს სათანადო გადამზადებისა და ხელშეწყობის პირობებში ბევრად მეტის მიღწევა, ბევრად მეტის შექმნა შეუძლია!

დღეს, ნაცვლად იმისა, რომ უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს შთააგონებდეს და ხელს უწყობდეს ახალი ბიზნესიდეების განსახორციელებლად, ახალისებდეს და ამხნევებდეს, სტიმულს აძლევდეს უფრო თავდაჯერებულად მოქმედებისა და გაბედული ნაბიჯების გადასადგმელად, მთავრობა გამოგონილი სამუშაო ადგილებით ცდილობს ამ ადამიანების დასაქმების ილუზია შექმნას და არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მათი შესაძლებლობები და ენერგია რაიმე ღირებულის შექმნისკენ მიმართოს.

აღარაფერს ვამბობ იმ ლეგიტიმურ შეკითხვებზე, რაც ბიუჯეტის ფულით ამომრჩევლის მოსყიდვას და ხელისუფლების მიერ ადამიანების გაჭირვების საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებას უკავშირდება, თუმცა ეს სხვა პლატფორმაზე განხილვის თემაა...

სინამდვილეში კი, როგორ შეიძლება შემცირდეს უმუშევრობა საქართველოში, გაჩნდეს ახალი სამუშაო ადგილები, უფრო სწრაფად გაიზარდოს და კონკურენტუნარიანი გახდეს საქართველოს ეკონომიკა?

გამოსავალი არა მზარეულის თანაშემწის, სასაფლაოს დამლაგებლისა თუ სკოლის დარაჯის გამოგონილ ვაკანსიებზე სოციალურად შეჭირვებული ადამიანებისთვის 300-ლარიანი ხელფასის დანიშვნაში, არამედ მათთვის სათანადო ცოდნის მიწოდებაში, ბიზნესგანათლებაში ინვესტირებასა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობაშია.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რამდენად პოზიტიური და ხელშესახები შედეგები შეიძლებოდა მოეტანა ე.წ. დასაქმების პროგრამაში დახარჯული მილიონობით ლარის ბიზნესგანათლებაში ინვესტირებას და ლოკალურ დონეზე ადამიანებისთვის საკუთარი მცირე ბიზნესის დაწყებაში დასახმარებლად?

ამ შემთხვევაში ხომ ბევრად მეტი ადამიანი ნახავდა სარგებელს და რაც მთავარია, საკუთარ ოჯახს ღირსეული შემოსავლით დიდი ხნით უზრუნველყოფდა, ნაცვლად ერთჯერადი მცირე შემოსავლისა.

სამწუხაროდ, კვლავ გვავიწყდება ძველი სიბრძნე, რომლის თანახმად, "თუ გინდა მშიერ ადამიანს დაეხმარო, თევზის მაგივრად ანკესი მიეცი და თევზაობა ასწავლე".

არადა, საქართველო ხომ მდიდარია შემოქმედებითი, ახლის შექმნაზე ორიენტირებული პროგრესული ადამიანებით, რომლებიც ნებისმიერ ასაკში მოწადინებულნი არიან, ისწავლონ და განვითარდნენ, უარი არ თქვან ახალ გამოწვევებსა და ახალ აღმოჩენებზე.

მთავარია მათი მოტივირება, ინსპირირება, დადებითი ენერგიით დამუხტვა და უბრალოდ, სხვა გზის ჩვენება, ახალი, უფრო თამამი ინიციატივების წახალისება.

ამიტომაც, საქართველომ დღის წესრიგი უნდა შეცვალოს და ანტრეპრენერული სულისკვეთების ამაღლებასთან ერთად, ადამიანები მასობრივად უნდა ჩართოს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმოების პროცესში. 300-ლარიანი ე.წ. ხელფასის ნაცვლად კი ინვესტიცია მათ პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაში დააბანდოს, რაც არა მხოლოდ ამ ადამიანებს, არამედ მათ გარშემო ათობით და ასობით ადამიანს ბევრად დიდი სიკეთით დაუბრუნდება.

ამისათვის კი საჭიროა ახალი ტიპის აზროვნება, მენტალური რევოლუცია, რომელიც დაანგრევს მოძველებულ სტერეოტიპებს და გზას ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის.

ამ მისიას საქართველოში უკვე ოთხ წელზე მეტია, ჟურნალი Entrepreneur ემსახურება!

დღეს კი დროა, ეს მისია ქვეყნის მისიად იქცეს.

ოცნების დრო აღარ არის! საკუთარი ოცნებების მიზნებად დასახვის დროა!

ახალი ქართული რევოლუციის – ანტრეპრენერული რევოლუციის დროა!

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

editor@entrepreneur.ge

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge
ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ქალი ანტრეპრენერი

ელენე კერძაია - La Clinique

"მთავარი მოტივაცია არის ის, რომ ვხედავ ჩვენი სერვისის მაღალ შედეგიანობას"