არ დაკარგო დრო! უსმინე პოდქასთებს!
By ანა ტიკარაძე
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
უსმენთ პოდქასთებს? თუ კი, დამეთანხმებით, რომ ეს არის არაჩვეულებრივი საშუალება საინტერესოდ გაატაროთ დრო საცობებში, სეირნობისას, ვარჯიშისას, სახლის დალაგებისას, სადილის მომზადებისას, მგზავრობისასა თუ გარუჯვისას.
პოდქასთი ეს არის აუდიო ჩანაწერები სხვადასხვა თემაზე, რომელიც ხელმისაწვდომია ინტერნეტ-სივრცეში უფასოდ. ტერმინი "პოდქასთი' ჯერ კიდევ 2004 წელს ბენ ჰამერსლიმ (Ben Hammersley) შემოგვთავაზა ipod-ის და broadcast-ის შერწყმის შედეგად. ბოლო წლებში კი განსაკუთრებით გაიზარდა მისი პოპულარულობა და ბევრისთვის უკვე მედიის ახალი არხი გახდა.
პოდქასთის მოსმენა ნებისმიერი ტიპის აპარატზეა (apple, android) შესაძლებელი. შეგიძლიათ გადმოტვირთოთ აპლიკაცია და ყველა პოდქასთი ერთ სივრცეში მოაქციოთ ან თითოეულს მოუსმინოთ მათთვის განკუთვნილ ვებ-გვერდზე. ეპიზოდების გადმოწერა შეგიძლიათ wifi-ის სივრცეში და შემდეგ ინტერნეტის გარეშეც მოუსმენთ მათ.
არის შემთხვევები, როდესაც წიგნის კითხვა შეუძლებელია, მაგალითად საჭესთან, სირბილისას, ან უბრალოდ გადაღლილობისას. ამ დროს პოდქასთი საუკეთესო არჩევანია. პოდქასთი იძლევა პიროვნული განვითარების და სხვადასხვა დარგში ექსპერტებისგან ინფორმაციის მიღების საშუალებას. ის შეიძლება იყოს გასართობი, ინფორმაციული და მოტივაციის მომცემი.
პოდქასტი ბიზნესისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია - ხდება სამიზნე ჯგუფთან დაახლოება. მიუხედავად იმისა, რომ საინტერესო ინფორმაციის მიწოდება მომხმარებელზე უანგაროდ ხდება, მაინც დადებითად აისახება მოგებაზე. მაგალითად, მე "ნამუ"-ს ბრენდის სახელით ვსაუბრობ მცენარეული საკვების სარგებელზე, ზოგადად ჯანმრთელობასა და კარგად ყოფნაზე. ადამიანი, რომელიც დაინტერესდება ამ ყოველივეთი, მეტი ალბათობით ჩემი მომხმარებელიც გახდება.
მთავარია მოძებნოთ თქვენთვის საინტერესო და სასარგებლო პოდქასთი. რამდენიმე დღის წინ ვახშამზე ვიყავი. ჩემი მეგობარი, რომელიც 40 წელს გადაშორებულია პირველ შვილს ელოდება და საოცარ ეიფორიაშია. ვსაუბრობდით ბავშვის განვითარების საფეხურებზე, რა უნდა ქნას, როგორც მამამ, რომ მოიპოვოს ბავშვის სიყვარული. ამ დროს ვახსენე, რომ ერთ-ერთ პოდქასთში მოვისმინე, რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვილისთვის მშობლებთან სიახოვეს და მის ტირილზე სწრაფ რეაგირებას. უცებ ჩემ მეგობარს თვალები გაუნათდა და "პოდქასთი!" წამოიძახა. იმ საღამოსვე მის უძრავი ქონების მართვის შესახებ მრავალფეროვან პოდქასთების სიას, ახალი თემატიკა შეემატა.
აქვე გაგიზიარებთ ჩემ რჩეულ პოდქასთს - ეს არის ჯეი შეთის (Jay Shetty) ყოველკვირეული აუდიო ჩანაწერების სერია. ის სამი წელი იყო ბერი და დაუბრუნდა საერო ცხოვრებას, საუბრობს საკუთარ გამოცდილებაზე, ურთიერთობებზე, საზრისზე, წარმატებაზე და ა.შ. თითოეული მისი პოდქასთი რაღაც ახლის მომცემია, რაც თვითგანვითარებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანია.
სასიამონვოდ და ნაყოფიერად გაატარეთ თითოეული წუთი. არ დაკარგოთ დრო. უსმინეთ პოდქასთებს.