Get All Access for $5/mo

არ იცით, ცხოვრებაში რა აკეთოთ? გარი ვაინერჩუკი და სხვები გაგიზიარებენ, როგორ უნდა მოძებნოთ საინტერესო სამუშაო

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Curtismchale.ca

როდესაც კარიერის არჩევაზე მიდგება საქმე, უმრავლესობამ თავიდან არც კი ვიცით, რა გვინდა ცხოვრებაში. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ადამიანთა ნახევარზე მეტს თავიანთი სამუშაო არ აკმაყოფილებს. The Oracles-ის მრჩეველებმა წარმატების მწვერვალებსაც მიაღწიეს, თავიანთი სამუშაოთიც სრულიად კმაყოფილები არიან და ცხოვრებითაც. ამიტომ ვთხოვეთ, გაეზიარებინათ როგორ მიაღწიეს ამ ყველაფერს.

1. რამდენიმე განსხვავებულ საქმეს მოჰკიდეთ ხელი

გარი ვაინერჩუკი

უპირველესად, ის უნდა გაიხსენოთ, რისი კეთებაც მოგწონთ, როდესაც არ მუშაობთ და სამსახურიც ამის მიხედვით უნდა მოძებნოთ, ბიზნესიც ამის გათვალისწინებით უნდა დაიწყოთ. თუ ზუსტად არ იცით, რა მოგწონთ, რამდენიმე განსხვავებულ საქმეს მოჰკიდეთ ხელი. ყველაფერი სცადეთ − ოპერაციებით დაწყებული და გაყიდვებით დამთავრებული. იმოგზაურეთ, ცეკვა ან პიცის გამოცხობა ისწავლეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ რვასაათიანი სამუშაო დღის შემდეგ მოგიწევთ ამ ყველაფრის მოსწრება. წერილები გააგზავნეთ, დაადგინეთ, ვინმეს ხომ არ აქვს ერთთვიანი სტაჟირების პროგრამა, რომ რაიმე უფასოდ შეისწავლოთ. რაც შეიძლება ბევრი რამ სცადეთ. სხვაგვარად ვერ გამოიცნობთ, რას გააკეთებდით სიამოვნებით, − გარი ვაინერჩუკი, VaynerX-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. მისი წიგნი, "როგორ შექმნეს დიდმა ანტრეპრენერებმა თავიანთი ბიზნესები და როგორ შეძლებთ თქვენ", ხუთჯერ მოხვდა New York Times-ის ბესტსელერთა სიაში.

2. გახდით იმ საქმის ექსპერტი, რისი კეთებაც მოგწონთ

მარლა ბეკი

დაფიქრდით, რას მიუძღვნიდით მთელ თქვენს დროს და რისი კეთება არ მოგბეზრდებოდათ დიდი ხნის განმავლობაში. ინტერნეტით გაიარეთ კურსები, რომ იმ საქმის ექსპერტი გახდეთ, რომლის კეთებაც მოგწონთ. როდესაც თქვენს სფეროში ყველაზე გათვითცნობიერებული პიროვნება გახდებით, თქვენთვის ყველა კარი ფართოდ გაიღება. იფიქრეთ, რა არის თქვენთვის საინტერესო და რა მოგწონთ თქვენს სამუშაოში. შესაძლოა, ეს კომპიუტერთან მუშაობა იყოს ან კოლეგებთან ურთიერთობა? მწერალი ჯიმ კოლინზი იმის მოძიებას გირჩევთ, რაც ერთსა და იმავე დროს კარგადაც გამოგდით და მოგწონთ კიდეც, თან ფულსაც გადაგიხდიან. სხვა ადამიანების ცხოვრებაზე წაიკითხეთ და დაფიქრდით, როგორი უნდა იყოს თქვენი გზა. თუ გაიფიქრებთ − "ამას სიამოვნებით გავაკეთებდი", − ეს უკვე აშკარა მინიშნებაა. სკოლის დასრულების შემდეგ იდეალური სამუშაო მქონდა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ნულიდან დამეწყო კომპანიის შენება. გახსოვდეთ, რომ მარადიული ამქვეყნად არაფერია. თქვენი ყველა გადაწყვეტილება იდეალური ვერ იქნება, მაგრამ ყოველთვის შეგიძლიათ რაღაცის შეცვლა და გზად სწავლა! − მარლა ბეკი, Bluemercury-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი (რომელიც Macy's-მა $210 მილიონად იყიდა), კანის მოვლის ბრენდების M-61 Skincare და Lune+Aster შემქმნელი.

3. გამოდით თქვენი კომფორტის ზონიდან

დოტი ჰერმანი

კარგად გამოიკვლიეთ, რა მოგწონთ და რა შეგეფერებათ, და რა შეიცვლება დროთა განმავლობაში. ცხოვრება მოგზაურობაა და ამიტომ ნებისმიერ სამუშაოს ისე შეხედეთ, როგორც თქვენი მიზნისკენ მიმავალ ტრამპლინს. რა გამოგდით ყველაზე კარგად? რისი კეთებისას გრძნობთ თავს ბედნიერად? ჩამოწერეთ თქვენი პასუხები და ნახეთ, რა მიმართულებით წაგიყვანენ. კომპანიებს გადახედეთ, რომლებშიც რაღაცის სწავლის შესაძლებლობებია და ბოსებს, რომლებსაც ეთაყვანებით. საქმე ისაა, რომ თქვენი სამუშაო გარემო მთლიანად განსაზღვრავს, რამდენად კმაყოფილი იქნებით თქვენი სამუშაოთი.

თუ არ გაინტერესებთ, რასაც აკეთებთ, სავარაუდოდ, თქვენს შესაძლებლობებს ბოლომდე ვერ გამოიყენებთ. ამიტომ, პერიოდულად შეამოწმეთ საკუთარი თავი, და თქვენი კომფორტის ზონიდან გამოსასვლელად მზად იყავით. თუ იგივე სამუშაოს შეასრულებთ, ზუსტად იმავე შედეგებს მიიღებთ. ურთიერთობები დაამყარეთ, გაარკვიეთ, რა სახის შესაძლებლობებია თქვენს კომპანიაში; იმ ორგანიზაციების ღონისძიებებშიც მიიღეთ მონაწილეობა, რომლებიც მოგწონთ. ახალი ურთიერთობები ახალ გზაზე დაგაყენებთ. დოტი ჰერმანი, Douglas Elliman-ის აღმასრულებელი დირექტორი (უძრავი ქონების საბროკერო კომპანია, რომლის წლიური გაყიდვის მაჩვენებლები $27 მილიარდს აღემატება. დაუკავშირდით დოტის Facebook-ზე, Instagram-ზე და Twitter-ზე.

4. თქვენს წარსულს გადახედეთ

ჯონათან რუჯერო

ბევრ ახალბედა ანტრეპრენერს პერიოდულად უჩნდება დაუკმაყოფილებლობის გრძნობა. მთავარია, რა მიმართულებას მისცემთ ამ გრძნობას − საბოლოოდ თქვენს ხასიათს სწორედ ეს ჩამოაყალიბებს და სწორ მიმართულებაზეც მიგითითებთ. რას გირჩევთ? თქვენს წარსულს გადახედეთ. თქვენი ცხოვრების ის მომენტები გაიხსენეთ, რომლებიც ყველაზე დიდ ბედნიერებას განიჭებდათ. შესაძლოა, ეს სკოლის დროს უცხოეთში მოგზაურობა იყო, ან სასკოლო პროექტი, რომელზეც მუშაობა მოგწონდათ, ან კიდევ, უბრალოდ ჰობი, რომლისთვისაც დრო უბრალოდ აღარ გაქვთ. შეეცადეთ გაიხსენოთ, როდის იყავით აღფრთოვანებული და როდის − ენთუზიაზმით აღსავსე. შემდეგ იმაზე დაფიქრდით, როგორ უნდა გაგიჩნდეთ თავიდან ასეთივე გრძნობები დღევანდელ კარიერაში. გაოცდებით, რამდენად მცირე რამ დაგჭირდებათ იმისათვის, რომ სწორ გზას დაუბრუნდეთ და ის აკეთოთ, რაც მოგწონთ. ცხოვრება საკმაოდ ხანმოკლეა იმისათვის, რომ ეს არ გააკეთოთ. ჯონათან რუჯერო, საქორწინო ბეჭდების კომპანია Manly Bands-ის თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი. წაიკითხეთ, როგორ წამოვიდა ჯონათანი სამსახურიდან, ქვეყნის მეორე მხარეს დასახლდა, დაქორწინდა და ერთ თვეში დაიწყო ბიზნესი. დაუკავშირდით ჯონათანს LinkedIn-ზე.

5. ისწავლეთ წარუმატებლობებთან შეგუება

მიშელ ლუჩეზე

მამაჩემმა (რომელიც ასევე ანტრეპრენერი იყო) მომცა იმის უფლება, სპორტის სხვადასხვა სახეობაში მომესინჯა ძალები, თუნდაც ყველა მათგანში ხელი მომცარვოდა. და ასეც მოვიქეცი! მან მასწავლა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, მთელი სულით და გულით სცადო რაღაცის გაკეთება, რადგან წინასწარ ვერასოდეს გაიგებ, რა გამოგივა კარგად. რაც მეტ საქმეში მოგეცარებათ ხელი, მით კომფორტულად იგრძნობთ თავს და უკეთ მიხვდებით, რა მოგწონთ და რა − არა, და რაში გაქვთ ნიჭი.

ამიტომ მთელი ძალით ჩაებით თქვენს სამუშაოში და დაადგინეთ, რა განიჭებთ ყველაზე დიდ სიამოვნებას. ამ შემთხვევაში გარკვეულ მიმართულებას მოძებნით და გეცოდინებათ, საით გააგრძელოთ გზა. თუ კლიენტების მომსახურების განყოფილებაში მუშაობთ, მაგრამ უფრო მეტად მოდების სამყარო მოგწონთ, შეგიძლიათ მოხალისე გახდეთ და პროდუქტის დიზაინერს შემდეგი სეზონის კოლექციის შექმნაში დაეხმაროთ. თუ თქვენი ახალი როლი მოგეწონათ, ბოსს დაელაპარაკეთ, ნახეთ, რას გეტყვით, შეძლებს თუ არა ახალ პოზიციაზე თქვენს გადაყვანას. მიშელ ლუჩეზე, საქორწინო ბეჭდების კომპანია Manly Bands-ის თანადამფუძნებელი და პროდუქციის მიმართულების დირექტორი. წაიკითხეთ, როგორ წამოვიდა მიშელი სამსახურიდან, ქვეყნის მეორე მხარეს დასახლდა, დაქორწინდა და ერთ თვეში დაიწყო ბიზნესი; დაუკავშირდით მიშელს LinkedIn-ზე.

6. სამეული მოძებნეთ

კრეიგ ჰენდლი

საინტერესო ცხოვრება მაშინ იწყება, როდესაც რაღაცას მთელი გატაცებით აკეთებთ. ნუ ელოდებით, რომ ეს თქვენი გატაცება პირველი დღიდანვე თქვენი შემოსავლის ძირითად წყაროდ იქცევა (ასე ნამდვილად არ იქნება), მაგრამ მასზე უარი არ უნდა თქვათ. მოძებნეთ, რაც კარგად გამოგდით და ის აკეთეთ. ადამიანების ქცევაზე ბევრი კვლევა მაქვს ჩატარებული, თითქმის 20 წელია მუსიკასაც ვწერ, და გაყიდვებისა და მარკეტინგის სფეროშიც ვმუშაობ. ბოლოს და ბოლოს, უკვე ვიწყებ ჩემი საყვარელი საქმიანობით შემოსავლის მიღებას, ჩემი მარკეტინგული უნარები და მუსიკალური ნიჭი ისეთი მუსიკის დასაწერად გავაერთიანე, რომელიც "იყიდება" და ანტრეპრენერებისგან ინტერვიუს ვიღებ ისეთი პლატფორმისთვის, როგორიცაა, Executive Raps. საკუთარი უნარები და საყვარელი საქმიანობა იმას შეუთავსეთ, რაც ფულს მოგიტანთ. როგორც კი ამ სამეულს იპოვით, ეს საქმე განავითარეთ, ვიდრე სამსახურის დატოვებას მოახერხებთ და ამ სასიამოვნო საქმიანობას ყოველდღიურად არ მიუძღვნით საკუთარ თავს. კრეიგ ჰენდლი, ListenTrust-ის თანადამფუძნებელი და ავტორი წიგნისა, Hired to Quit, Inspired to Stay; წაიკითხეთ, რატომ ასწავლის კრეიგი საკუთარ თანამშრომლებს, როგორ უნდა წავიდნენ სამსახურიდან.

7. თქვენი მეგობრის ან თქვენი ოჯახის კი არა, საკუთარი გზა მოძებნეთ

ტორბენ პლატცერი

ადამიანების უმრავლესობა სრულიად შემთხვევით ირჩევს კარიერას, და თან, მხოლოდ იმიტომ, რომ მეგობარმა გააცნო ვინმე ან სულაც მშობლები იცნობდნენ ვიღაცას. განათლების სისტემა ყველა შესაძლებლობის გამოვლენაში ვერ დაგეხმარებათ, ეს მხოლოდ ინტერნეტს შეუძლია და ამიტომ საკუთარი თავის განათლებაზე თავად უნდა ვიზრუნოთ.

არსებული ბიზნესები გამოიკვლიეთ და დაადგინეთ, რა ტენდენციებია ამ ეტაპზე აქტუალური. ის სამუშაოც დაადგინეთ, რომელიც თქვენი აზრით, მოგეწონებოდათ. რამდენიმე თვის განმავლობაში ამ საქმეს მოჰკიდეთ ხელი და მოგვიანებით გააკეთეთ დასკვნა, შეესაბამება თუ არა თქვენი ცხოვრების სტილს და შეძლებდით თუ არა ამ სამუშაოს შესრულებას წლების განმავლობაში. შედეგებს ყურადღება არ მიაქციოთ, რადგან დიდი შედეგები ნამდვილად არ გექნებათ. არ დაივიწყოთ, რომ მოკლე ხანში ფულის გამომუშავებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი − შორეული პერსპექტივაა. როგორც გარი ვაინერჩუკი ამბობს: "ვიდრე 29 წლის არ გახდები, თვალები დახუჭე". მოსაფიქრებლად დრო ნამდვილად გაქვთ. როდესაც თქვენი ინტერესი გარკვეული საქმიანობის მიმართ მწველ სურვილად იქცევა, და თან თქვენს ნიჭსაც შეესაბამება, მაშინ გიჩნდებათ დიდი შანსი, სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვროთ, რადგან ყოველდღიურად იმას გააკეთებთ, რაც მუშაობას საერთოდ არ ჰგავს. ტორბან პლატცერი, პერსონალური ბრენდინგის სააგენტო TPA Media Group-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ბიზნესსაგანმანათლებლო პროგრამა SELFMADE-ის დამფუძნებელი. გერმანულ პოდკასტ SELFMADE-ის წამყვანი; დაუკავშირდით ტორბანს Facebook-ზე, Instagram-სა და YouTube-ზე.

8. ბედნიერება ეძებეთ

ჯენ გოტლიბი

ახალგაზრდობაში ხშირად სხვების აზრების გათვალისწინებით ვირჩევთ კარიერას. ჩვენი ოჯახის წევრები, მასწავლებლები და თანატოლები გვიბიძგებენ იმაზე ვიფიქროთ, რაც მათი აზრით, უკეთესი იქნებოდა ჩვენთვის. ჩვენ ჯერ კიდევ კარგად არ ვიცნობთ საკუთარ თავს, ამიტომ, საკუთარი კი არა, სხვების ოცნებების შესასრულებლად ვიწყებთ მოგზაურობას. არასწორ გზაზე სიარულში ყველაზე კარგი ის არის, რომ გვიჩვენებს, რა არ გვინდა და იმის აღმოჩენაში გვეხმარება, რა გვაგრძნობინებს ბედნიერად თავს.

მთავარია, გამბედაობა გეყოთ და იმ გზაზე მოახერხოთ დადგომა, რომელიც მოგწონთ და ბედნიერად გაგრძნობინებთ თავს − იმ შემთხვევაშიც კი, რომ თუნდაც ამან დიდი ცვლილებები გამოიწვიოს და სხვები გაანაწყენოს. ის აკეთეთ, რაც მოგწონთ, და ბოლოს და ბოლოს, სასურველ ადგილს მიაგნებთ. საკუთარი თავი და ჩემი კარიერა იმდენჯერ აღმოვაჩინე, რომ დათვლა მიჭირს. ბოლოს და ბოლოს, ისეთ ადგილას აღმოვჩნდი, რომელიც სრულიად მაკმაყოფილებს. და სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმესაც ვცდი, რადგან ზრდა-განვითარებას ვაგრძელებ. ჯენ გოტლიბი, Super Connector Media-ს თანადამფუძნებელი და Unfair Advantage-ის წამყვანი − მთავარი სარეკლამო ღონისძიებისა, რომელიც ანტრეპრენერებს მედიასთან აკავშირებს. დაუკავშირდით ჯენს Facebook-ზე, Twitter-სა, და Instagram-ზე.

9. ნუ დანებდებით

მეტ კლარკი

ადამიანების უმრავლესობა საყვარელ საქმეს იმის გამო ვერ პოულობს, რომ მეტისმეტად ადრე ყრის ფარ-ხმალს. ორი წლის განმავლობაში დაუღალავად ვშრომობდი ჩემი ონლაინბიზნესის შექმნაზე და გავიჭედე. ერთი პირობა კი ვიფიქრე, ამ საქმისთვის თავი დამენებებინა, მაგრამ ვიცოდი, ასე თუ მოვიქცეოდი, ვეღარაფერს გავაკეთებდი, წარმატებას ვეღარასოდეს მივაღწევდი. ბოლოსდაბოლოს ვისწავლე იმის სიყვარული, რასაც ვაკეთებდი და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც წარმატებას მივაღწიე. კმაყოფილების გრძნობა წარმატებას მოაქვს და არა პირიქით. რაიმე ისეთი შეარჩიეთ, რაც თქვენს ფასეულობებს შეესაბამება და ვიდრე წარმატებას არ მიაღწევთ, თავი არ დაანებოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაყოფს ვერ მოიწევთ: თავდაჯერებული და საკუთარი საქმის დიდოსტატი ვერ გახდებით.

დეტალურად გააანალიზეთ, როგორ სამსახურს ეძებთ. არც ის დაივიწყოთ, რა რაოდენობის თანხა გსურთ და რაში დახარჯავთ თქვენს დროს. რამდენიმე ვარიანტი ჩამოწერეთ, მათგან ერთი აირჩიეთ და საქმეს შეუდექით. ამ საქმის დაწყების საუკეთესო დრო გუშინ იყო, დღესაც კარგი დროა. მეთ კლარკი, Amazing.com-ის თანადამფუძნებელი და საბჭოს თავმჯდომარე, ასევე Amazing Selling Machine-ის შემქმნელი; დაუკავშირდით მეთს Instagram-ზე.

10. სამეტაპიანი პროცესი გამოიყენეთ

ნატალი უორკმანი

დღეს იმდენად დიდი არჩევანია კარიერის დასაწყებად, რომ ნამდვილად ჭირს ორიენტირება. თუმცა, სამეტაპიანი პროცესი არსებობს იმ სამუშაოს დასადგენად, რომელიც გეყვარებათ კიდეც და სადაც წარმატებასაც მიაღწევთ. უპირველესად, ის ადამიანი გაიხსენეთ, რომლის კარიერაც მოგწონთ და რომელსაც გსურთ მიბაძოთ. შესაძლოა იცნობდეთ კიდეც, ან − არა. როგორც კი ვინმეს შეარჩევთ, ფურცელზე სამი სვეტი დახაზეთ: პირველში მათი უნარები ჩამოწერეთ, მეორეში − თქვენი, ხოლო მესამეში ის უნარები, რომლებიც უნდა შეიძინოთ, რათა მათ ნაბიჯებს მიჰყვეთ. ბოლოს, ის დაწერეთ, რაც მათ გააკეთეს წარმატების მისაღწევად. ველოსიპედის გამოგონებას ნუ შეეცდებით. მათი დაწერილი თითოეული წიგნი წაიკითხეთ, ყოველ ინტერვიუს მოუსმინეთ. რაიმე საშუალება გამონახეთ მათ გასაცნობად, მათი მოსწავლე გახდით იმ პრინციპების დასაუფლებლად, რომლებიც წარმატების მისაღწევად აუცილებელია. ნატალი უორკმანი, Cardone Ventures for Women-ის თანადამფუძნებელი; დაუკავშირდით ნატალის LinkedIn-ზე, Facebook-სა და YouTube-ზე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ