Get All Access for $5/mo

არა რუსულ კანონს! კი ევროპას! გაუმარჯოს თავისუფლებას!გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გაუმარჯოს ევროპას!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: რადიო თავისუფლება

დღეს თბილისის ქუჩებში საქართველოს ახალი ისტორია იწერება!

ახალ ისტორიას ახალი თაობა წერს, რომლისთვისაც უცხო და მიუღებელია ყველაფერი, რაც საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის და რუსულ წარსულში გვაბრუნებს.

დღეს თბილისის ქუჩებში ახალი ეროვნული მოძრაობა იბადება! ეროვნული მოძრაობა, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლის შემდეგაც საქართველოს გათავისუფლებისთვის იბრძვის – საქართველოს საბჭოური ნარჩენებისგან გათავისუფლებისა და ევროპულ ოჯახში დაბრუნებისთვის!

დღეს ერთ მხარეს გულანთებული, თავისუფალი, შრომისმოყვარე, ფერადი, ხალისიანი, მოსიყვარულე, გულწრფელი, პროგრესული და საკუთარ სამშობლოზე შეყვარებული ღირსეული ახალგაზრდობა დგას, მეორე მხარეს კი გაზულუქებული, კორუმპირებული, უფერული, პატივმოყვარე, კონფორმისტი, ბნელ წარსულში ჩარჩენილ ფარისეველთა მცირე ჯგუფი, სამშობლოს სიყვარულით ქუჩაში გამოსულ ახალგაზრდობას უსამშობლოს რომ ეძახის, თავად კი საერთოდ არ იცის, რას ნიშნავს სამშობლო, რუსულ კანონს ქართულად რომ ასაღებს, თავად კი საერთოდ არ იცის, რას ნიშნავს ქართული...

რაც უფრო უახლოვდება საქართველო ევროპას, მით უფრო აქტიურდება საქართველოს ისტორიული მტერი, რომელსაც, სამწუხაროდ, დასაყრდენი საქართველოშიც ჰყავს თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეებისა და ფილიპე მახარაძეების სახით – პროპაგანდის ძლიერი მანქანით, კორუფციით მოპოვებული დიდძალი ფულითა და შეუზღუდავი რესურსებით აღჭურვილი, აბსოლუტური ძალაუფლებით გარყვნილი თანამედროვე ორჯონიკიძეები.

"მართალია, ჩვენ იურიდიულად აღვადგინეთ საქართველოს დამოუკიდებლობა, მაგრამ საქართველოს საბოლოო განთავისუფლებამდე ჯერ შორსაა. გავხედოთ იმ მძიმე გზას, რომელიც გველოდება და მოითხოვს ჩვენგან დიდ დარაზმულობას, შრომას, ურთიერთსიყვარულს, ურთიერთგატანას ამ მძიმე გზაზე", – ეს სიტყვები საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას ეკუთვნის.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სიტყვების წარმოთქმიდან სამ ათეულ წელზე მეტი გავიდა, საქართველოს საბოლოო განთავისუფლებისთვის ჯერ კიდევ საბრძოლველია და ამ ბრძოლას ბოლომდე უკვე ახალი ეროვნული მოძრაობის ავანგარდში მყოფი ახალი თაობა მიიყვანს, როცა საქართველო ერთხელ და სამუდამოდ რუსულ გავლენას თავს დააღწევს, საბჭოურ ნარჩენებს ბოლომდე ამოძირკვავს და საქართველოს ევროპულ ოჯახში სრულფასოვან წევრად დააბრუნებს!

ოჯახში, სადაც ადამიანის უფლება, არჩევანის თავისუფლება, განსხვავებულის პატივისცემა და სამართლიანობა მთავარი ღირებულებაა, სადაც ოჯახის თითოეული წევრის თვითმყოფადობის დაცვა და შენარჩუნება ოჯახის ყველა წევრის საერთო საზრუნავია!

არის კი დღევანდელი ხელისუფლებისთვის ევროპა ჩვენი საერთო ოჯახი? და თუ არის, როგორ შეიძლება უცხო ძალად შერაცხო შენივე ოჯახის წევრი?

განა შეიძლება შენი ოჯახის წევრი უცხო იყოს?

ამიტომაც გასცდა პროტესტი მხოლოდ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ფარგლებს და საყოველთაო ეროვნულ მოძრაობაში გადაიზარდა, რადგან კითხვის ნიშნის ქვეშ ეგზისტენციალური საკითხი დადგა – ან ვბრუნდებით ჩვენს ოჯახში, სადაც ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ეროვნული იდენტობა, უსაფრთხოება და თავისუფალი ნება ყველაზე მეტად იქნება დაცული, ან ვწყვეტთ არსებობას, როგორც სახელმწიფო, და ცივილიზებული მსოფლიოსგან იზოლირებული ვბრუნდებით საბჭოურ სიბნელეში თანამედროვე ბელორუსიის შელამაზებული ფორმით?!

როგორც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების 26 მარტის ისტორიული გამარჯვების წინ მარცხის ვერსია არც კი განიხილებოდა და, მიუხედავად ურთულესი გამოწვევისა, ფეხბურთელებიც, გულშემატკივრებიც მხოლოდ გამარჯვებისთვის ვემზადებოდით და უკანდასახევი ყველა გზა საკუთარ თავში თავადვე ჩავხერგეთ, ასეა დღესაც – რუსულ და საბჭოურ წარსულთან კომპრომისი არ არსებობს! თანამედროვე ორჯონიკიძეებთან მარცხი დაუშვებელია! წინ მხოლოდ გამარჯვებაა და ამ ომს მხოლოდ ერთი გამარჯვებული ჰყავს!

"რუსეთის იმპერიას ყავლი გაუდის. ან გამარჯვება, ან სიკვდილი!" – საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ეს სიტყვები დღესაც არ კარგავს აქტუალობას! ისევე როგორც მისი გაფრთხილება – "მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება! მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც, დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც".

დღეს სწორედ თავისუფლებისთვის ბრძოლაზე გადის საქართველოს ევროპული მომავალი.

გაუმარჯოს თავისუფლებას!

გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გაუმარჯოს ევროპას!

არა რუსულ კანონს! კი ევროპას!

P.S. წითელი პარასკევი ღამდება. დიდი შაბათი თენდება. ახალგაზრდებმა მშვიდობიანი მსვლელობა ანთებული სანთლებით სამშობლოსთვის ლოცვით ქაშვეთთან დაასრულეს. მეც აქ დავასრულებ ნოდარ დუმბაძის პასუხით კითხვაზე – რა არის სამშობლო? "იქნებ ვაზია სამშობლო? აბა, დააკვირდით, თუ დაბლარია, დაჩოქილმა უნდა დაკრიფო, თუ მაღლარია – ცაში ხელაპყრობილმა. ორივე საოცრად ჰგავს ლოცვას, ლოცვა კი არაფერს ისე არ უხდება, როგორც სამშობლოს".

აღდგომის ღამეს ქაშვეთთან შევხვდებით...

გიორგი შარაშიძე
მთავარი რედაქტორი
editor@entrepreneur.ge

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge
სიახლეები

გირჩევთ წაიკითხოთ: რა იქნა ჩემი ყველი?

ეს არის მარტივი იგავი ღრმა ჭეშმარიტების შესახებ

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"