Get All Access for $5/mo

"ბაბალე"- ქართული ხელოვნების ნიმუშების მოტივებზე შექმნილი წინდების ისტორია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

წინდები სოციალურ საწარმო "ბაბალეს" ერთ-ერთი მიმართულებაა. ისინი მსოფლიოში დაუნის სინდრომის სიმბოლოდ არის აღიარებული. საწარმოში გადაწყვიტეს, რომ წინდები კიდევ მეტი ღირებულებით დაეტვირთათ. ამისათვის კი მათი დიზაინი ქართველი მხატვრების ნახატების, ეროვნული მემკვიდრეობისა და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ნახატების ინსპირაციით შექმნეს.

"ბაბალეს წინდას სულ 12 დიზაინი აქვს. იმისათვის, რომ წინდებზე გამოსახული ნამუშევრების ავტორები უფრო ახლოს მიგვეტანა მომხმარებლებთან, გადავწყვიტეთ მათ შესახებ მეტი ინფორმაცია მოგვეპოვებინა კომპეტენტური პირებისგან ან მათი პირადი დამოკიდებულებები მოგვესმინა და გაგვეზიარებინა. გვინდოდა, რომ მთელი გულით ნაფიქრი და შექმნილი სხვადასხვა დიზაინის ამბავი ზუსტად ისე მიგვეწოდებინა სხვებისთვის, როგორც ჩვენს წარმოსახვაში იყო. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ კომუნიკაციის ერთ-ერთი მიმართულება შემეცნებითი ხასიათის ყოფილიყო და ჩვენი ემოციების გადმოტანა ავტორებთან დაკავშირებით იმ არაჩვეულებრივ ადამიანებს ვთხოვეთ, რომლებიც სრულიად უანგაროდ დაგვეხმარნენ ამ საქმეში"- გვიყვება ანი ჩაჩუა, "ბაბალეს" პიარისა და მარკეტინგის მენეჯერი.

Entrepreneur კი წარმოგიდგენთ ბაბალეს ახალი წამოწყების მხარდამჭერი ადამიანების მოსაზრებებს სწორედ იმ ხელოვანებზე, რომელთა ნამუშევრებიც უკვე წინდებზეა ასახული.

ალექსანდრე ლორთქიფანიძე პეტრე ოცხელის შესახებ:

"ბავშვობაში ვფიქრობდი ხოლმე, ყველაფერი წინ მაქვს, ჯერ პატარა ვარ და დიდი დრო მაქვს, რომ ჩემი ოცნებები ავისრულო-მეთქი. ახალგაზრდობისას ვფიქრობდი ხოლმე, ახლა დროა, ყველაფერი ახლა უნდა გავაკეთო , მერე დაგვიანდება-მეთქი. ახლა კი, როცა უკვე 31 წლის ვარ, ხან ვფიქრობ ხოლმე, რომ არა უშავს, ყველაფერი წინ მაქვს, აგერ, იმ მწერალმა 40 წლის ასაკში დაწერა პირველი კარგი რომანი, აგერ, ამ მსახიობმა 35 წლისამ ითამაშა პირველად დიდი როლი და ა.შ. ხან ვფიქრობ, ახლა, სწორედ ახლა უნდა გავაკეთო მაქსიმუმი, ახლა ვარ შემოქმედებითი ასაკის ზენიტში. ხან კი, ვკითხულობ პეტრე ოცხელს და ვფიქრობ, დაგვიანდა, ალექსანდრე, 23 წლის ოცხელმა კოტე მარჯანიშვილთან 3 სპექტაკლი გააფორმა ერთი წლის განმავლობაში, თან ისეთი სპექტაკლები, დღემდე რომ საკულტოა მათი მხატვრობა. "ურიელ აკოსტა" გააფორმა, წარმოგიდგენია? სცენაზე სამყაროს სიდიდის მონუმენტები აღმართა, კონსტრუქტივიზმის ფანჯარა გაჭრა, მსახიობები თან ტიტანებად წარმოაჩინა და თან ჭიანჭველებად და ეს ყველაფერი 23 წლისამ, ანუ როცა შენზე 8 წლით უმცროსი იყო, 31 წლისთვის კი ოცხელს სულაც არ მიუღწევია, 30 წლის ასაკში, ზუსტად იმ წელს, როცა კონსტანტინ სტანისლავსკის ორგანიზებულ კონკურსში პირველი პრემია დაიმსახურა ჯუზეპე ვერდის რიგოლეტოს ესკიზებისთვის, 30 წლის ასაკში, 2 წლით ადრე, ვიდრე ლონდონში, თეატრის მხატვართა კონკურსზე, მისი ესკიზები ოქროს მედლით დაჯილდოვდებოდა, 30 წლის ასაკში, ზუსტად იმ წელს, როცა მოსკოვის მცირე თეატრში ორი სპექტაკლი გააფორმა, მათ შორის ფრიდრიხ შილერის "ვერაგობა და სიყვარულიც" კი, პეტრე ოცხელი შეიპყრეს, კონტრრევოლუციურ, ნაციონალისტურ საქმიანობაში დაადანაშაულეს და დახვრიტეს.
ვფიქრობ ასე და ვხვდები, რომ თანამედროვე საქართველოში რეინკარნირებულ სახებად ქცეული "მფრინავი მღებავი", რომელიც ხან სუპერგმირს გვაგონებს, ხან უცხოპლანეტელს და ხან კი რომელიმე მომავლის ფილმიდან გადმოსულ პერსონაჟს, თავად იყო პეტრე ოცხელი. ის იყო მხატვარი, რომელიც საოცარი ფერებით ღებავდა სცენის სივრცეს და ის იყო მფრინავი, რომელიც იმავე სივრცეს, რაოდენ პატარაც არ უნდა ყოფილიყო ის, ისე წარმოაჩენდა, თითქოს უკიდეგანო ჰორიზონტს და თვალუწვდენელ კოსმიურ სიმაღლეებს უყურებდი, რომელშიც მთელი სპექტაკლის განმავლობაში უნდა გეფრინა და გეფრინა. იმიტომაც, როცა საქართველომ პეტრე ოცხელი მასობრივად გაიხსენა, მფრინავი მღებავი შევიყვარეთ, რადგან მისი ნიღბის უკან თავად პეტრე ოცხელი იმალება"

გიორგი კეკელიძე ელენე ახვლედიანის შესახებ:

"ელენე ახვლედიანის ნახატები მთავარ მოგონებებს გვნანან - მათსავით ოდნავ გადღაბნილები და წარუშლებები არიან. მათსავით ზამთარი და შემოდგომა ჭარბობს - წაქცეული წვიმა და თოვლზე აწებებული სახლები (არა პირიქით) და სხვა სახლები ფოთლებივით შეწითლებული, თითქოს ქარში მოსაწყვეტად გამზადებული. ადამიანები კი მოგონენები ვართ, სხვა არაფერი. აწმყო წამისუსწრაფესად წარსულში მისამართდება და იმხელა ხსოვნის ოკეანიდან გამორჩეული ტალღებია-მეთქი ელენეს ნახატები - ამას ვამბობ.
კიდევ ის არის, რომ ახვლედიანის ადამიანები და გარემო, ხან ისე ერთიანია, რომ შეგიძლია, არც გაარჩიო - ,,ბათუმი, ჩაიხანა'' ,,ფარდაგები''. ,,წვიმაში'' ქალის კაბის კოპლები სახლების ფანჯრებს ისე უერთდება, საზღვარს ძნელად პოულობ - ელენეს ნახატები ეს მთლიანობაცაა.
ჰოდა, არის კიდევ, როცა რეალურ სურათებს ნახატები უსწრებენ და ის ნახატები რჩებიან ხოლმე შენს ფიქრში იმ სახელის ხსენებისას - ასეთია ,,ანანური'' და თელავის სერია. საერთოდ, ეს საოცარი ქალაქი და ელენე ახვლედიანი ერთია.
და კიდევ გამოტოვების ხელოვნება. დიდი და ურთულესი. აი, იმ გუნდასავით, ,,ზამთარი თელავში'' რომ არ ჩანს და მაინც ყველაზე მეტად გამახსოვრდება".

პაატა შამუგია გალაკტიონის შესახებ:

"2016 წელს "ლიტერატურის მუზეუმმა" გამოსცა "გალაკტიონის ასი ლექსი კოლაუ ნადირაძის კომენტარებით". ლიტერატურათმცოდნეობის მხრივ, უნიკალური გამოცემაა. ეს არის კოლაუ ნადირაძის კომენტარები, რომელიც გალაკტიონის კრებულზეა დართული, ზოგან გადაჩხაპნილია და აწერია: "უნიჭობაა!" "რა არის ეს? ნუთუ ეს არის პოეზია?!" - აღშფოთებულია კოლაუ. ზოგან, საერთოდაც, პლაგიატობაში სდებს ბრალს. რასაკვირველია, გალაკტიონის მოყვარულები აღშფოთდებიან, მაგრამ აღსაშფოთებელი არც არაფერია - ბევრ დიდ მწერალს არ მოსწონდა სხვა დიდი მწერალი და ბევრ არც ისე დიდ მწერალსაც მისდიოდა გული მასზე დიდებზე, რაა დასამალი. არც ისაა ვინმესთვის მოულოდნელი, რომ ნებისმიერი მასშტაბით და საზომით კოლაუ გალაკტიონი ვერასოდეს იქნებოდა, გალაკტიონი კი რამდენიმე კოლაუს დაიტევდა და ერთი-ორი პროლეტმწერლის ადგილიც ნაშთად დარჩებოდა. მაგრამ ლიტერატურა სპორტი არაა, ამიტომ ასეთი შედარებები, საბოლოოდ, არც არაფერს იძლევა, თან მეც სულ სხვა რამის დაწერა მინდოდა და როგორც ხდება ხოლმე, სულ სხვაგან წამიღო.
არ მეგულება ისეთი ქართველი პოეტი, რომელსაც შემოქმედების საწყის ეტაპზე გალაკტიონის გავლენა არ ჰქონია. მეტიც, ზოგი ცხოვრების ბოლომდე ასე დარჩა და ეს ერთმნიშვნელოვნად ცუდია, მაგრამ დიდი მწერლების როლი ასეთია - გამანადგურებელი და დამაჰიპნოზებელი. რუსთველიც სწორედ ასე იყო - ხომ ვიცით, რომ რუსთველის მერე მის პლაგიატობას ვერ გასცდა ქართული პოეზია, სანამ გურამიშვილი არ მოვიდა და არ შეცვალა სალექსო რიტმიკა, წყობა და საზომები.
მთელი ერთი საუკუნის წინ გამოიცა "არტისტული ყვავილები", რომლითაც ქართულ პოეზიაში ახალი გზა მოინიშნა და მის მერე ამ გზაზე იმდენმა გაიარა, ნაფეხურების გარჩევა ძნელი იქნება. მეც ვიყავი მათ შორის, ვისაც ეს ჰიპნოზი დაემართა - სტუდენტობის მეორე კურსიდან ნელ-ნელა გადავუხვიე ამ გზიდან, მაგრამ, ცხადია, გალაკტიონის როლი ამით სულაც არ შემცირებულა ჩემთვის, იქნებ პირიქითაც - ასე დისტანცირებულად უკეთ შევძელი აღმექვა მისი ემოციური და ინტელექტუალური მასშტაბი. ხშირად მიფიქრია, რომელია ჩვენი დროის "არტისტული ყვავილები?" პასუხი გამოჩნდება, როცა დრო გაივლის, ბურუსი დაიწმინდება და კონკრეტული კონტურები გამოჩნდება. იქნებ უკვე დაწერილიც არის, ან იქნებ არც.
კაცმა რომ თქვას, ამ მცირე ბლოგში არაფერი კონკრეტულის თქმა არ მინდოდა გალაკტიონის შესახებ, მასზე იმდენი დაწერილა, რა უნდა დაამატო. უბრალოდ, როდესაც კონკრეტული მწერლისადმი ნოსტალგია მომაწვება, ავდგები ხოლმე და მასზე ვწერ. ახლაც ასე გამოვიდა.
ამ მინიბლოგს კი ჩემი სტუდენტობის დროინდელი ლექსით დავასრულებ, რომელიც უფრო კოლაჟია, რაკი თავიდან ბოლომდე "აწყობილია" გალაკტიონის ფრაზებით:

საკუთარ თავში
წაიქცა ბავშვი
ცრემლების ტბა ვშვი

მოფრინდნენ ლურჯი ანგელოზები
და მოაფინეს ჰანგი ლოცვებად
სადღაც შორს მუსიკა ქარივით კითხულობდა:
რომელია საათია? რომელი საათია?

ჰო, თვითონ ამ ბლოგის სათაურიც გალაკტიონიდანაა: "რუსთაველი მახსოვს ბავშვი".

კიდევ სხვა თანამედროვე მოსაზრებებს ქართველი ხელოვანების შესახებ კი შეგიძლიათ მითითებულ ბმულებზე გაეცნოთ:

გოგი გვახარია დავით კაკაბაძის შესახებ

მიხეილ ციხელაშვილი - შალვა ქიქოძე

გიორგი ლიპარიშვილი - თეო (დაუნის სინდრომის მქონე გოგონა)

ივა ფეზუაშვილი - ანა (დაუნის სინდრომის მქონე გოგონა)

შეგახსენებთ, ბაბალეს წინდების შეძენა შეგიძლიათ Entrepreneur Shop-ზე.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

Business News

Qwerty, როგორც წარმატებული CSR კამპანიის მაგალითი

QWERTY დაახლოებით ოთხი წლის წინ დაარსდა საქართველოში, კომპანიის საწყისი კაპიტალი კი 105 ლარი იყო - შპს-ს რეგისტრაციისთვის საჭირო თანხა. დღეს კომპანია 4 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ