Get All Access for $5/mo

ბრძოლა ბოლომდე! სპორტშიც, ბიზნესშიც, ცხოვრებაშიც

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

"მადლობა, მანუ"! – ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამონათქვამია. სულ ცოტა ხნის წინ ქართული კალათბურთისა და სპორტის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე მშრომელმა ადამიანმა, მანუჩარ მარკოიშვილმა საკალათბურთო კარიერა დაასრულა, რადგან მანუს ტრავმა სათანადო დონეზე თამაშის საშუალებას აღარ აძლევდა.

ჩვენც ვუერთდებით კამპანიას – "მადლობა, მანუ"! მადლობა მას ბრწყინვალე კარიერისთვის; მადლობა ყოველ თამაშზე ბოლომდე ბრძოლისთვის და განსაკუთრებით, 2017 წლის ევრობასკეტზე დაცვაში ნაჩვენები ჩინებული თამაშისთვის.

რასაკვირველია, მანუჩარს შესანიშნავად აქვს გათვითცნობიერებული, რომ სპორტში და ბიზნესში შრომისა და მონდომების გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია. მანუ არის ყველაზე ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი, რომელმაც ევროლიგაში იასპარეზა – 2002 წელს ის მხოლოდ 16 წლის გახლდათ.

"მამაჩემი – ნუგზარ მარკოიშვილი, კალათბურთელი იყო. ოჯახური პრობლემების გამო, კარიერის ნაადრევად დასრულება მოუწია, თუმცა მთელი ცხოვრება სპორტის ამ სახეობას ემსახურა. მწვრთნელის როლში 40 წელიწადზე მეტი აქვს ნამუშევარი. თავიდან ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩემი უფროსი ძმა – გიორგი ყოფილიყო კალათბურთელი, ხოლო მე – მოცეკვავე, რადგან დედაჩემის ძმა მაშინ სუხიშვილების ანსამბლის წევრი იყო. მისი ხათრით უნდა მეცადა. ერთხელ, ჩემმა ძმამ კალათბურთში მოიგო თასი, რომელიც მე ვიზუალით ძალიან მომწონდა. მაშინ მამაჩემს ვერ გავუბედე, ამიტომ დედაჩემს გავუმხილე კალათბურთელობის სურვილი, რაზეც თანხმობა მივიღე. ასე "მოვიწამლე" სპორტის ამ სახეობით. პირველი ნაბიჯები ზურაბ სამხარაძესთან გადავდგი – ამ ადამიანს ძალიან ბევრი პროფესიონალი ჰყავს გაზრდილი. ტრადიციას ვაგრძელებთ და ჩემი ძმისშვილიც მასთან დაგვყავს".

კერპი, მოტივატორი...

"ყოველთვის მესმოდა, თუ რამდენად დიდი იყო მიხეილ ქორქია, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონიცაა ზურაბ საკანდელიძესთან ერთად. რასაკვირველია, ოთარ ქორქიაც ლეგენდაა, მაგრამ მიხეილი მამაჩემის თაობა იყო და ამიტომაც, მამასგან მის შესახებ ბევრი მსმენია – მისი ვარჯიშებისა და ხასიათის შესახებ. მისთვის დამარცხება გამორიცხული იყო".

რა გასწავლა სპორტმა?

"უპირველესად, დისციპლინა და პასუხისმგებლობა – თან, არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ თანაგუნდელებზეც. ის, რომ მწვრთნელს უნდა მოუსმინო, დაუჯერო. გარდა ამისა, ცხოვრების ჯანსაღი წესი და მიზნისკენ სწრაფვა. სპორტსმენები ყოველთვის ასე არიან – იბრძვიან მიზნისთვის როგორც სპორტში, ასევე ცხოვრებაშიც. მე მაქსიმალისტი ვარ. თუ საქმეს ხელი მოვკიდე, იგი აუცილებლად ასი პროცენტით უნდა შევასრულო".

გუნდურობის მნიშვნელობა

"კალათბურთში გუნდურობა ყველაფრის საწყისია. თანაგუნდელი შენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ტონი კუკუჩის აქვს ბრწყინვალე გამონათქვამი – ბურთს რომ კალათში აგდებ, ერთ კაცს გიხარია, ხოლო როცა გადაცემას აკეთებ – ორ ადამიანს გიხარიათო. კალათბურთმა, გუნდურობის გარდა, ჩემს მეგობრებთან ურთიერთობა მასწავლა და დღემდე შემინარჩუნა. ყოველთვის ვცდილობ, გუნდზე მაღლა ჩემი თავი არ დავაყენო".

გულის აცრუება...

"არასდროს. უბრალოდ, ბავშვობაში არ ვიყავი განსაკუთრებით ნიჭიერი კალათბურთში და არც შესაბამისი მონაცემები მქონდა. ისე დაემთხვა, რომ გარკვეულ ჩემპიონატებში ასაკშიც ვერ ვჯდებოდი და თამაში არ მიწევდა. მთელი ბავშვობა ვოცნებობდი და გეგმა მქონდა გაწერილი, რომ 18 წლამდე ევროპაში წავსულიყავი და მეთამაშა საქართველოს ნაკრებში. გულის აცრუება არა, მაგრამ იყო გაბრაზების მომენტები ჩემს ტრავმასთან დაკავშირებით, როცა ექიმები სათანადო ყურადღებას არ უთმობდნენ ამა თუ იმ დაზიანებას და ხალხიც ამბობდა, მესამე ოპერაციას იკეთებს და რა აზრი აქვს მის პარკეტზე დაბრუნებასო?! მაგრამ ეს ყველაფერი მოტივაციას მიზრდიდა".

კალათბურთში – ნიჭი, შრომა თუ მონაცემები?

"ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა, შრომისმოყვარეობა. გარდა ამისა, მონაცემებიც ხელს უნდა გიწყობდეს, მაგრამ მონდომების ხარჯზე ყველას ერთნაირად შეუძლია კალათბურთის თამაში. ზოგი მაღალია, ზოგი სწრაფია. მაღლები შედარებით ნელა აზროვნებენ, დაბლები – გაცილებით სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებას. ზოგადად, სპორტში ნიჭის გარეშე რთულია, მაგრამ ეს ტალანტი, შრომის გამოკლებით, რასაკვირველია, გაფლანგულია. მე ასე მწამს".

ბიზნესი და შრომა...

"ბიზნესი ისეთი რამაა, რომ შეიძლება სწრაფად გაგიმართლოს, მაგრამ თუ არ გაქვს დისციპლინა, პასუხისმგებლობა, გუნდურობა და შრომისუნარიანობა, ამ გამართლებას მალევე გაფლანგავ".

შეუძლია თუ არა სპორტსმენს გახდეს წარმატებული მეწარმე?

"რასაკვირველია, და ამის ჩინებული მაგალითია კახა კალაძე – ძალიან წარმატებული სპორტსმენი იყო და ახლა წარმატებული მენეჯერია. იცით, რატომ შეუძლია სპორტსმენს გახდეს წარმატებული ბიზნესმენი? იმიტომ, რომ მას აქვს გუნდურად მოქმედების უნარი; იცის, რა მნიშვნელობა აქვს მის ირგვლივ მყოფ პიროვნებებს საკუთარი და მისი გუნდის წარმატებისთვის; აფასებს გუნდურობას, სხვის შრომას, და თუ იბრძვის წარმატებისთვის, მუდამ ცდილობს განვითარებას. შესაძლოა, დღეს რაღაც არ იცოდე, მაგრამ შენ ხარ მიზანდასახული, ვითარდები და კონკრეტული ბიზნესისთვის ხარჯავ მაქსიმალურ დროს, როგორც ამას სპორტისთვის აკეთებდი. თუ საკუთარ ენერგიას დახარჯავ და ამ საჭირო თვისებებით იმოქმედებ, დიდი შანსი გაქვს, ბიზნესშიც წარმატებას მიაღწიო".

აპირებს მანუჩარ მარკოიშვილი ბიზნესის დაწყებას?

"ირიბად გარკვეულ საკითხებში ჩართული ვარ, მაგრამ მსურს, ჩემი გამოცდილება ისევ და ისევ კალათბურთს მოვახმარო. ოქროს ფრაზა აქვს ნათქვამი წარსულში ძალიან წარმატებულ კალათბურთელს, ამჟამად კი "ნიუ ორლეანს პელიკანსის" გენერალურ მენეჯერ ტრეიჟან ლენგდონს: როდესაც კარიერა დავასრულე, რამდენიმე ბიზნესში ვცადე ბედი, მაგრამ მე რომ კარგი ბიზნესმენი გავხდე, ამისათვის საჭიროა სწავლა. დანარჩენ ბიზნესმენებთან შედარებით კი 13 წლით ვაგვიანებ, თუმცა თუ ჩვენ შევატრიალებთ ვითარებას და კალათბურთს მივყვები, მაშინ მე ამ კონკრეტულ სფეროში ვარ ბევრზე წინ, მათ შორის იმაზე, ვინც ახლა იწყებს სპორტის ამ სახეობაში საქმიანობასო. კალათბურთმა ყველაფერი მომცა, ბევრი მეგობარი შემძინა და მსურს, ეს გამოცდილება ქართულ, ბავშვთა კალათბურთს მოვახმარო".

რჩევა დამწყებ ბიზნესმენებსა და სპორტსმენებს...

"ბიზნესში ეს ძალიან რთულია, მაგრამ მე ყველას ვურჩევდი – იყავი მართალი! ეს, შესაძლოა, ბევრ რაღაცას ნიშნავდეს, მაგრამ უპირველესად, საკუთარ თავთან და გუნდთან უნდა იყო მართალი. რაც შეეხება დამწყებ სპორტსმენებს, აუცილებელია, იყო შრომისმოყვარე; შეიცნო შენი მინუსები. თუ გსურს განვითარება, უნდა იცოდე, რომელ კომპონენტში ხარ სუსტი, და აქციო იგი პლუსებად. ამავდროულად, არ უნდა დაგავიწყდეთ – ფაქტი, რომ რაღაც კარგად გამოგდით, არ ნიშნავს, რომ ამ მხრივ საუკეთესო ხართ. ამ ყველაფერს დისციპლინა და დრო სჭირდება. ამის შემდეგ იქნება შედეგი. შესაძლოა, ვერ გახდე მაიკლ ჯორდანი, მაგრამ თუ ამ საჭირო პრინციპებს მიჰყვები, შანსი გაქვს, იყო ერთ-ერთი საუკეთესო".

და კიდევ ერთხელ – ჩემი, შენი, თქვენი სახელით: მადლობა, მანუ!

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი