და მოგზაურობა იწყება აქ - რუსა მჭედლიშვილის ისტორია
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მუშაობა 17 წლის ასაკში დავიწყე. ჩემი მიზანი საკუთარი თავის აღმოჩენა და ისეთი პროფესიის პოვნა იყო, სადაც ჩემი შესაძლებლობების მაქსიმალურ რეალიზაციას და განვითარებას შევძლებდი. ძალიან მოკლე დროში რამდენიმე სამსახური შევიცვალე, ვცდილობდი შესაძლებლობები სხვადასხვა ინდუსტრიაში გამომეცადა, თუმცა მალევე მივხვდი, რომ მომავალი საქმიანობა ციფრული სამყაროსთვის უნდა დამეკავშირებინა. მიუხედავად იმისა, რომ დღესაც სწავლას თბილისის კონსერვატორიაში განვაგრძობ სოლო აკადემიური სიმღერის კუთხით, ეს ხელს არ მიშლის, ციფრულ ტრენდებსა და დატვირთულ გრაფიკს ფეხი ავუწყო.
საკუთარი თავის ძიების პროცესი ახალი დაწყებული მქონდა, როდესაც ჩემი მოგზაურობა სწორედ ამ სფეროს დაუკავშირდა. 19 წლის ვიყავი, ტრადიციული მარკეტინგის მიმართულებით რომ დავიწყე ჩემი შესაძლებლობების რეალიზაცია. თუმცა მალევე მივხვდი, რომ მომავალი ტექნოლოგიებსა და ციფრულ ტრენდებს ეკუთვნოდა. შესაბამისად, ტრადიციულიდან მალევე დიჯითალ მარკეტინგმა მიიპყრო ჩემი ყურადღება. ამ პერიოდში არ მქონდა სოციალური მედიის მართვის არანაირი ცოდნა და არც გამოცდილება. ორი წლის განმავლობაში თვალს ვადევნებდი მსოფლიო ტრენდებს ციფრული მარკეტინგის მიმართულებით და ამ კუთხით ვცდილობდი განვითარებას.
მალევე დაიწყო პანდემია. საჭირო უნარების შეძენა და ახალი სირთულეების აღმოჩენა ახლა უკვე არა სამსახურზე, არამედ ჩემს პირად ძალისხმევაზე იყო დამოკიდებული. გადავწყვიტე, ციფრულ სფეროში ცოდნა გამეღრმავებინა. იზოლაციის პროდუქტიულად გასატარებლად არაერთ ონლაინ პლატფორმაზე დავრეგისტრირდი და სხვადასხვა კურსი გავიარე. საწყის ეტაპზე Digital და Content Marketing ის საფუძვლებს გავეცანი, შემდეგ უნივერსიტეტშიც შევეცადე მსგავსი საგნები შემერჩია. საბოლოო ჯამში კი Data Driven Marketing-ის მიმართულება აღმოვაჩინე, რომელიც ქართული ბაზრისთვის უცხო, თუმცა ამავდროულად, დიდი პოტენციალის მატარებელი იყო. შესაბამისად, სურვილი მქონდა ძალები ამ სფეროში მომესინჯა.
სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ჩემი მოგზაურობა Noxtton-ში. აქ მოსვლის პირველ დღეებში თავში სულ ეჭვი მიტრიალებდა და ჩემს შესაძლებლობებს კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებდი. თუმცა გუნდმა და სამუშაო კულტურამ, რომელიც კომპანიაში დამხვდა, შიშები სრულიად მომიხსნა.
საკუთარ შესაძლებლობებში დაეჭვებას რთულ დავალებებთან მარტო გამკლავების შიში იწვევს, მაგრამ Noxtton-ში მარტო არასდროს ხარ. აქ ყველა პრობლემის გადაჭრა გუნდურად ხდება, ერთმანეთს ვუზიარებთ საჭირო ინფორმაციასა და გამოცდილებას. შესაბამისად, სულ რაღაც რვა თვეში ძალიან დიდი ცოდნა შევიძინე და უნარებიც განვავითარე.
Noxtton-ში მქონდა შესაძლებლობა, Data Driven Marketing-ის მიმართულებით მემუშავა. ეს არის კომპანია, სადაც მსხვილი და საშუალო ბიზნესების გაციფრულების, მონაცემთა ანალიზის საფუძველზე სწორი აუდიტორიის განსაზღვრისა და ედვერთაიზინგის პარალელურად ბევრი სხვადასხვა დამხმარე ხელსაწყოს შექმნაზეც ვმუშაობთ. სწორედ ამ პროექტებზე მუშაობისას აღმოვაჩინე, რომ ციფრული სფერო ამოუწურავია, აქ შეუძლებელია მიაღწიო შენს მაქსიმუმს, თუმცა, გაქვს განვითარების უსაზღვრო პოტენციალი. ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ დიჯითალი ყველა სფეროს, ყველა პროფესიას შეგიძლია მოარგო. აქ არ არსებობს დადგენილი საზღვრები, პროექტებზე მუშაობით შეგიძლია დააგროვო პრაქტიკული ცოდნა სხვადასხვა ინდუსტრიაში, გაეცნო განსხვავებული კომპანიების ორგანიზაციულ კულტურას და ამასთანავე, შეიმუშავო დროის მენეჯმენტის განსაკუთრებული უნარები - ციფრულ სამყაროში ყოველი წამი ხომ გაწერილია.
ამიტომ დიჯითალში წარმატების მისაღწევად, საჭიროა ფეხი აუწყო მიმდინარე მოვლენებს, აღმოაჩინო ახალი ხელსაწყოები, შეცვალო და გააუმჯობესო შენი სამოქმედო გეგმა, მუდმივად განვითარებაზე იყო ორიენტირებული. სწორედ ამ მახასიათებლების ერთიანობა და შენ მიერ მათი საქმეში დანერგვა არის ის, რაც შენი სერვისისა და პროდუქტის წარმატებას განსაზღვრავს.
მუშაობდე დიჯითალში ნიშნავს მუშაობდე მომავლის პროფესიით. ეს არის სფერო, რომელიც არღვევს საზღვრებს და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა, უბრალოდ საჭიროა, არასოდეს შევწყვიტოთ საკუთარ თავზე მუშაობა, სიახლეების ძიება, და რაც მთავარია, განვითარება.