Get All Access for $5/mo

და შენ რას ელოდები? დაიწყე იმით, რაც გაქვს!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

"გადადებული საქმე ეშმაკისაა", – ეს გამოთქმა ყველას გაგვიგია, მაგრამ მაინც არ გველევა მიზეზი, გადავდოთ ის, რაც დღესვე შეგვიძლია გავაკეთოთ.

მიზეზებს რა დალევს? საქმის დაწყებაა რთული, თორემ გადადების მიზეზი იცოცხლე, რამდენიც გინდა.

უქმად მყოფი ადამიანებისგან მათივე უქმად ყოფნის გამამართლებელ რა მიზეზს აღარ გაიგონებ, მაგრამ ჩემი ფავორიტი მაინც ეს ფრაზაა: "რაღაცას ველოდები..."

"რაღაცას ელოდება" ადამიანი და რას ერჩი? ეს ადამიანი შეგხვდება რამდენიმე თვეში და ისევ გეტყვით: "რაღაცას ველოდები..." შეიძლება გავიდეს კიდევ რამდენიმე თვე და კვლავაც თავდაჯერებულად მოგიგოთ: "რაღაცას ველოდები..."

არადა, ამ "რაღაცის მოლოდინში" გადის დღეები, თვეები, წლები და მთელი ცხოვრება. ადამიანები კი მაინც ელიან. ელიან რაღაც დიდს და გრანდიოზულს, პატარა საქმის კეთება კი ეთაკილებათ.

ადამიანები მუდამ "რაღაცას ელიან..."

საბედნიეროდ, ყველა ასეთი არაა. ასეთი არაა ლია დეიდა – ზესტაფონის რაიონის სოფელ არგვეთაში მცხოვრები მხიარული და ენერგიული დიასახლისი, რომელიც არაფერსაც არ დაელოდა და დაიწყო...

დაიწყო იმით, რაც ჰქონდა... ოჯახში შემონახულ ძველ ნაჭერს კიდევ უფრო ძველი ნაჭერი შეუფერა და ლამაზი ფარდა შეკერა. საღებავის ცარიელ ქილას ორიგინალური ჭაღის სახე შესძინა. ძველ ნივთებს ახალი სიცოცხლე შთაბერა – ქუდი, გიტარა, საათი და ძველი კალენდრიდან ამოხეული ფურცლებიც კი გაულესავი კედლების ორიგინალურ დეკორად აქცია.

ლია დეიდა სულ რამდენიმე თვეა, რაც თბილისიდან დასავლეთ საქართველოში მიმავალ და უკან დაბრუნებულ მგზავრებს (თუმცა არც ზესტაფონიდან, ქუთაისიდან და ახლომახლო ქალაქებიდან სახელდახელოდ ჩამოსული სტუმრების ნაკლებობას უჩივის) უგემრიელესი იმერული სამზარეულოთი უმასპინძლდება – საოცრად თბილ გარემოში, სადაც თავი ყველას ახლო ნათესავთან სტუმრად ჰგონია.

ლია დეიდას სახლი და სამზარეულო უკვე მოექცა ყურადღების ქვეშ. ბევრი წერს მის მიერ მომზადებულ გემრიელ კერძებზე, ბევრი აღფრთოვანებას ვერ მალავს მისი ხელით შექმნილი დეკორაციებისა და გაცოცხლებული ნივთების გამო, ბევრი აღნიშნავს დახვეწილ მომსახურებას და როგორც უკვე მოგახსენეთ, ოჯახურ გარემოს, რაც თქვენს მოკლე შესვენებას დღესასწაულად აქცევს და დადებითი ენერგიით დამუხტულებს, დანაყრებულებსა და დასვენებულებს, დანიშნულების ადგილამდე თქვენს მშვიდობიან მგზავრობას უზრუნველყოფს.

თუმცა, ჩემთვის სხვა რამეა მთავარი. სულ სხვა...

ლია დეიდას შემოქმედებით უნარებსა და გამორჩეულ დიასახლისობაზე ამდენი იმიტომ გესაუბრეთ, რომ სულაც არ მინდა მისი ეს თვისებები უკანა პლანზე გადავიდეს იმის გამო, რომ ჩემთვის სხვა რამეა მთავარი... მაგრამ მაინც, რა არის ეს სხვა?

რამდენი დიასახლისი იცით საქართველოში, რომელიც არც ლია დეიდაზე ნაკლებად გემრიელ კერძებს ამზადებს და არც სახლის მორთვა და გალამაზება ეხერხება მასზე ნაკლებად.

დამეთანხმებით, ასეთი ძალიან ბევრია. მეტიც − შესაძლოა ბევრი მასზე უფრო გემრიელადაც ამზადებს და ინტერიერის დიზაინერის ნიჭით მასზე მეტადაა დაჯილდოებული.

მაშინ რატომ ხდება, რომ მხოლოდ ერთეულები ბედავენ იმას, რაც უმრავლესობისთვის არათუ რთულად შესასრულებელი, არამედ წარმოუდგენელიც კია.

უმრავლესობა ხომ მუდამ "რაღაცას ელოდება..." ლია დეიდამ კი დაიწყო იმით, რაც ჰქონდა. გაბედა ის, რასაც ბევრი ვერ გაბედავდა.

წარმოგიდგენიათ, იმერეთში რამდენ ადამიანს, რამდენ ოჯახს სურს ჰქონდეს საკუთარი რესტორანი, კვების ობიექტი აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე, რომელიც კლიენტთა გარანტირებულ ნაკადს უზრუნველყოფს? თუმცა მათი უმრავლესობა ხომ ელის იმ დროს, როდის დაითანხმებს მდიდარ ნათესავს ზესტაფონში ძვირადღირებული კომერციული ფართის შესაძენად, ან როდის გაუღიმებს ბედი და სახელმწიფო ან რომელიღაც საერთაშორისო დონორი გამოუყოფს გრანტს, ან როდის შეძლებს ბანკის უპროცენტო სესხის აღებას?

ლია დეიდამ კი დაიწყო იმით, რაც ჰქონდა... დაიწყო იქ, სადაც, უმრავლესობის ლოგიკით, არავინ მივიდოდა. ლია დეიდას სახლი ხომ ცენტრალური მაგისტრალიდან ოდნავ მოშორებით მდებარეობს. უმრავლესობის აზრები კი ავტობანზე გვერდიგვერდ ჩამწკრივებულ, ერთმანეთისგან არაფრით გამორჩეულ სწრაფი კვების ობიექტებს დასტრიალებს. მათი აზრები ვერ სწვდება ოდნავ მოშორებითაც კი, სადაც გაცილებით ნაკლები ინვესტიციით, შეგიძლია შექმნა იმდენად უნიკალური გარემო, რომ მგზავრთა უმრავლესობამ სულაც არ მიაქციოს ყურადღება საოჯახო რესტორნის ოდნავ უხერხულ მდებარეობას და მაინც განსხვავებული, უკეთესი, გამორჩეული და ორიგინალური აირჩიოს.

ლია დეიდამ დაიწყო იმით, რაც ჰქონდა. არ დაელოდა არავის და არაფერს, უბრალოდ, ადგა და დაიწყო!

ლია დეიდამ დაამტკიცა, რომ უმრავლესობა ხშირად ცდება!

ლია დეიდამ იცის, რომ რაც არ დაგიწყია, ვერც დაამთავრებ!

მადლობა, ლია დეიდა!

P.S.: და შენ რას ელოდები?..

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

editor@entrepreneur.ge

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge
ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".

მენეჯმენტი

5 ნაბიჯი გუნდთან ისეთი ურთიერთობის დასამყარებლად, როგორიც ხელმძღვანელს შეჰფერის

ქვემოთ ხუთი რჩევაა, რომელთა გამოყენება შეუძლიათ ლიდერებს კომუნიკაციის უნარების გასაუმჯობესებლად