ეზოპე, ბუჩქები და დაჭერილი ჩიტების თეორიები
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
არასოდეს მაინტერესებდა ბუღალტერია. ეს გაუთავებელი შემოსავალ- გასავლის ორდერები, დადასტურებები, ატვირთვები, გამოთვლები, მიმატებები და გამოკლებები − არასოდეს მიზიდავდა. მეტიც − ჩვეულებრივ, ლამაზ სამიანებს მიწერდნენ მათემატიკაში სკოლაში, ისიც იმის ხარჯზე, რომ ლიტერატურაზე მაბოდებდა და სამტრედიის სკოლის კედლებზე, ჩემი ლამაზი "პოჩერკით" იყო მოხატულ- დაწერილი ქართველი ბუმბერაზების ლექსები თუ პოემები.
ჰოდა, კიდევ ერთი და იგივე საკონტროლო წერის თემას რამდენიმენაირად ვწერდი − ერთი ჩემთვის და მეორე ჩემი შეყვარებულისთვის, რომელიც თავის მხრივ გაგიჟებული იყო მათემატიკაზე და საკონტროლოებს მაწერინებდა.
ასე ვცვლიდით ცოდნის სფეროებს და ორივე მომგებიან პოზიციაში ვიყავით.
მერე გავიზარდე. ძალიან გავიზარდე და ამ ზრდის პროცესში, როცა მარკეტინგში ამოვყავი თავი, ბევრჯერ ვინანე, რომ მათემატიკას არ "ვაწვებოდი".
განსაკუთრებით დამჭირდა ეს ფინანსური აღრიცხვები მაშინ, როცა "კატიანი და მეგობრები" დავაარსე, პატარა გადარიცხვა-გადმორიცხვებშიც მივიღე გამოცდილება და სულ შიშში ვუტყაპუნებ თითებს მაგიდაზე ლამის უკუღმა დადებულ კალკულატორს.
ფესვების გამოყვანა მძაგდა განსაკუთრებით, სკოლაში. ნუ ფესვების გამოყვანა დიდად საჭირო არ არის ახლა, მაგრამ ფესვებზე გამახსენდა ეზოპეს თეორიები.
ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, პერიოდულობით აქციების საჭიროება იკვეთება. ჰოდა, ამ აქციების მოფიქრებისას, ფინანსურ სარგებელზეც უნდა იფიქრო ადამიანმა, თორემ აბა ისე სიდაური მარკეტერი გამოდიხარ?! საქმე ისაა, რომ ამ ფინანსური სარგებლის მიღებისთვის შეძენილი ნებისმიერი აქტივის შეფასება, უფრო სწორად, შეფასების ფორმულა, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე, დაახლოებით 600 წელს ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა მოიფიქრა და ეს ადამიანი იყო ეზოპე.
მან თქვა: "დაჭერილი ერთი ჩიტი, ბუჩქებში დამალული ორის ტოლია". რამდენიმე დღის წინ წავიკითხე ეს ფრაზა, "თხა და გიგოსავით" დავიდე წინ ისევ კალკულატორი და დავიწყე დათვლა...
რას ვითვლიდი? რას და ეზოპეს ეს თეორია კარგად რომ გავითავისოთ, უორენ ბაფეტი გვთავაზობს სამ შეკითხვას:
- რამდენად ხართ დარწმუნებული, რომ ბუჩქებში მართლა ჩიტები იმალებიან?
- როდის და რამდენი გამოჩნდება გასროლის შემდეგ?
- რამდენია რისკისგან თავისუფალი საპროცენტო განაკვეთი?
მესამე კითხვა ძალიან მაბნევს, რადგან ისევ ამ გამოთვლებთან მივდივართ. დანარჩენ ორს კი მარტივად შეგიძლია პასუხი მოუფიქრო და მეტსაც გეტყვით − პირველი ორი კითხვისთვის, რამდენიმე სწორი პასუხიც კი არსებობს.
მოდი, ახლა ეს ამბავი ცოტა უფრო გასაგები რომ იყოს, გადმოვიტანოთ რეალურ დროსა და სივრცეში.
მაგალითად, გამოაცხადეთ რაიმე აქცია, რომელიც კონკრეტულ სეგმენტზეა გათვლილი. კიდევ უფრო გასაგები რომ იყოს: გამოაცხადეთ აქცია, რომელიც ეხება მშობლებს, რომლებიც ბუჩქს უკან არიან და საერთოდ არ ფლობენ ინფორმაციას ამა თუ იმ პროდუქტის შესახებ. შენი აქციების მიხედვით, შესაძლებელია დაიჭირო არა ის მშობელი, რომელიც შენს პროდუქტს ეძებს, არამედ უკვე ზრდასრული შვილების მშობელი, რომელსაც შენს მომსახურებას ვერ სთავაზობ, მაგრამ დაჭერილ მშობელს შესაძლოა ჰყავდეს და ან ძმა, რომელსაც ზუსტად იმ ასაკის პატარა ჰყავს, რომელიც პირდაპირ შენი "დასაჭერი ჩიტია". უბრალოდ, ის ბუჩქს მიღმა დარჩა.
ვინაიდან უკვე დაჭერილი "ჩიტი" ირიბად შენი მომსახურების ინფორმაციის გამავრცელებელია, ამიტომ ძალისხმევა არ უნდა დაიშურო მისი გულის მოსაგებად.
დაჭერილი ჩიტი, თუკი ის მოიხიბლება შენი მომსახურებებით, რომელიც თუნდაც მისთვის არ არის განკუთვნილი, მაგრამ მოიხიბლება ვიზუალური ეფექტებით, ფერებით, ღიმილიანი კონსულტანტებით, შეთავაზებული ყავით/ ჩაით/სხვა სასმელებით, შეთავაზებული აქციებით, აუცილებლად დაგეხმარება ბუჩქებში დამალული სხვა ჩიტების მოზიდვაში.
მაგრამ დავუბრუნდეთ შეკითხვას: რამდენად ვართ დარწმუნებული, რომ ბუჩქებში ჩიტები არიან? იქნებ ბუჩქებში ძაღლია? ანუ პირობითად ის ადამიანი, რომელიც საერთოდ შორს დგას შენი მომსახურებების საჭიროებებიდან? აი, მაშინ ხარ მაგარი, როცა ამ ძაღლისთვის დასაღეჭი ბურთი აღმოგაჩნდება, ან თუ არ აღმოგაჩნდება, უნდა მოიპოვო, გადაუგდო და მოატანინო.
არ გამორიცხოთ, რომ აღნიშნული ძაღლი, შესაძლოა ძალიან ახლო მეგობარი იყოს იმ ჩიტებისა, რომლებიც თქვენ გჭირდებათ.
შეჯამება: ნებისმიერი აქცია, რომელსაც კონკრეტული სეგმენტისთვის დაგეგმავთ, ირიბად, გათვალისწინებული უნდა იყოს ყველასთვის.
გადავიდეთ მეორე შეკითხვაზე − როდის და რამდენი ჩიტი გამოჩნდება გასროლის შემდეგ?
შესაძლოა, როცა პირობითად თოფს/ აქციას პირველად გაისვრით, საერთოდ არავინ გამოგეხმაუროთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეორედ აღარ გაისროლოთ და ხელცარიელი წახვიდეთ შინ, სადაც ცოლი და შვილები გელოდებათ და ელოდება თქვენს "ნანადირევსაც".
პირველი გასროლის შემდეგ უბრალოდ უნდა დააკვირდეთ და განსაზღვროთ, რა ხარვეზები დაუშვით და შემდეგი უკეთესად დაგეგმოთ. ნებისმიერი სწორად დაგეგმილი აქცია, აუცილებლად გამოიღებს შედეგს, თუმცა შესაძლოა მყისიერი არ იყოს ეს შედეგი, მაგრამ გრძელ ვადაში პერსპექტიული აღმოჩნდეს.
არასოდეს არის ეფექტური კომუნიკაცია, როცა ის ერთჯერადია. ჩვენ, ადამიანებს, მუდმივი სიახლეები გვიზიდავს, ამიტომ დღეს დაგეგმილმა კომუნიკაციამ შესაძლოა დღესვე მოიყვანოს 10 მომხმარებელი, ან ხვალ მოიყვანოს ოცი.
მოკლედ, ყველაფერი ერთმანეთის პირდაპირპროპორციულია და ხარჯებისა და ამონაგების დათვლის დროს, მთავარია კომპანიებმა არ დაივიწყონ მთავარი − ღირებულებების შექმნა, რადგან ორგანიზაციებისთვის შექმნილი ღირებულებები, აქტივია, რომელმაც კიდევ უფრო მეტი მოგება შეიძლება მოიტანოს გრძელვადიან პერიოდში.
ასე რომ, ისწავლეთ ბუღალტერია, რადგან ის მხოლოდ ფინანსების დათვლაში კი არა, თქვენი ღირებულებების ციფრებში გადატანაში დაგეხმარებათ და რამდენია რისკისგან თავისუფალი საპროცენტო განაკვეთი, ამასაც მარტივად განსაზღვრავთ.