Get All Access for $5/mo

გაასწორე საწოლი! ასე იწყება დიდი საქმეები – საკუთარი თავისა და სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის გზაზე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ირაკლი დოლიძე

დიდი ხანია, მინდოდა დამეწერა პატარა ნაბიჯების მნიშვნელობაზე.

მინდოდა, მაგრამ ვერ ვბედავდი. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ კარგა ხანია, დამარწმუნა პატარა საქმეების დიდი გულით კეთების ფენომენში.

ვერ ვბედავდი ამ თემაზე ხმამაღლა საუბარს იმ ქვეყანაში, იმ ხალხთან, ვისაც დიმიტრი უზნაძის დასკვნით, არ აქვს თვისება "პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთების, როგორც დიდი საქმეებისა".

ხოდა, რა გასაკვირია, რომ ვერ ვბედავდი. არ მასვენებდა კომპლექსი, სახელად "სხვა". და რას იტყოდა ის "სხვა"? ვაიდა, თვალში ვეპატარაო "სხვას" – თავად დიდსა და გრანდიოზულს, რომლის გულს პატარა საქმეები არ ანთებენ?

თუმცა, სხვას რას ვერჩი, თავად მეპატარავება საკუთარი თავი საკუთარ თვალში. ამიტომაც, როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, ვერ გავბედე გამეჟღერებინა იდეა, რომლის ჭეშმარიტებაშიც ეჭვი არ მეპარებოდა, მაგრამ მხოლოდ საკუთარ თავზე, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით საუბარი არასაკმარისად დამაჯერებლად მიმაჩნდა და ჩემზე გაცილებით დიდი ავტორიტეტის მოშველიება მჭირდებოდა...

ოღონდ ეს ავტორიტეტი ცოცხალი, ჩვენი თანამედროვე უნდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვლილ გენიოსთა შორისაც მეგულებოდნენ მხარდამჭერები...

ნებისმიერი საქმის პატარა ნაბიჯებით დაწყების მნიშვნელობაზე ხმამაღლა საუბარი ვერ გამაბედინა თვით პლატონმა, რომელსაც უთქვამს თავის დროზე, რომ ყველა საქმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი საქმის დაწყებაა...

ვერ გამაბედინა ვერც ჩინურმა სიბრძნემ, რომ ყველაზე ხანგრძლივი მოგზაურობაც პირველი ნაბიჯით იწყება...

ვერ გამაბედინა ვერც ანტუან დე სენტ-ეგზიუპერმა, ვინც უფალს თავის ლოცვაში არა სასწაულებსა და მირაჟებს, არამედ სწორედ პატარა ნაბიჯების ხელოვნების სწავლებას სთხოვდა.

რამდენიმე წლის წინ კი გადავაწყდი ვიდეოს, რომელშიც არც მეტი, არც ნაკლები – ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური სარდლობის მეთაური, საზღვაო ძალების ადმირალი უილიამ მაკრავენი ტეხასის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართავს და თავად მსოფლიო დონის ფიგურა, მრავლისმნახველი და მრავლისმცოდნე სარდალი ახალგაზრდებს – ამერიკისა და მსოფლიოს მომავალ ლიდერებს ურჩევს, რომ თუ მათ სურთ, შეცვალონ საკუთარი ცხოვრება და შეცვალონ მსოფლიო, უპირველესად, დღე საკუთარი საწოლის გასწორებით უნდა დაიწყონ.

მადლობა, ადმირალო, რომ გამაბედინეთ და დღეს თქვენი ავტორიტეტით ზურგგამაგრებული, მეც თამამად ვსაუბრობ პატარა საქმეების, პატარა ნაბიჯების მნიშვნელობაზე.

კიდევ უფრო გამახარა იმის გააზრებამ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ძალებში არათუ თქვენსავით მთელი ცხოვრება, არამედ ერთი დღეც არ მიმსახურია, მეც თქვენსავით, ყოველ დილით ვასწორებ საწოლს. ვასწორებ უზადოდ. ვასწორებ უნაკლოდ, რადგან ღრმად მწამს, რომ ყველაფერს, რასაც უნდა აკეთებდე, დიდსა თუ პატარა საქმეს, გულით კეთება უნდა და მხოლოდ მაშინ შეძლებ დიდი საქმეების ხარისხიანად კეთებას, როცა პატარა საქმეებსაც ხარისხიანად აკეთებ.

ისევ ადმირალს მოვუსმინოთ: "თუ ყოველ დილით შენს საწოლს გაასწორებ, დღის პირველი საქმე შესრულებული გექნება. ეს მოგანიჭებს სიამაყის განცდას და გიბიძგებს შემდეგი საქმის შესრულებისკენ, შემდეგი სხვა საქმის და ასე შემდეგ. დღის ბოლოს კი აღმოაჩენ, რომ საქმე, რომელიც დილით კარგად შეასრულე, სხვა, წარმატებით შესრულებული საქმეებით გაგრძელდა... და მაშინაც კი, თუ რომელიღაც დღე ცუდად ჩაივლის, შენ დაბრუნდები შინ, სადაც დაგხვდება საწოლი, რომელიც დილით გაასწორე. სწორედ შენ მიერ ასე კარგად გასწორებული საწოლი კი აგავსებს იმედით, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება".

ასე რომ, ვინც ჯერ კიდევ "რაღაცას ელოდებით", რაღაც დიდს და გრანდიოზულს, რადგან პატარა საქმეების კეთება გეთაკილებათ, სანამ მთელი ცხოვრება ამ ამბიციურ უმოქმედობაში გასულა, დაიწყეთ პატარა, მარტივი საქმით – გაასწორეთ საწოლი!

ასე იწყება დიდი საქმეები – საკუთარი თავისა და სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის გზაზე!

მადლობა, ადმირალო!

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

editor@entrepreneur.ge

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge
Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"