Get All Access for $5/mo

გამარჯვებულის მენტალიტეტი "უცნაურია ჩემი ხალხი, წაგებულით მოგებულია." - ბესიკ ხარანაული

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ბრწყინვალე დებიუტით განცდილი ემოციები და მუხტი ჯერ კიდევ არ ჩამცხრალა და კიდევ დიდხანს გაგვყვება. ახლა მთავარია, მომავალი გამარჯვებებისთვის მოვემზადოთ და გვახსოვდეს, რომ ამ ცხოვრებაში, დღეს იქნება თუ ხვალ, ყველას ჩვენ-ჩვენი პენალტის დარტყმა მოგვიწევს, რომლისთვისაც, გამბედაობასა და სიმამაცესთან ერთად, დიდი შრომა და მომზადება დაგვჭირდება.

გამარჯვებისთვის თავდაუზოგავი ბრძოლის საუკეთესო მაგალითი ჩვენმა ბიჭებმა უკვე გვაჩვენეს და არც ჩვენ გვაქვს უფლება, მათ იმედი გავუცრუოთ.

მოედანზე ნაჩვენები მაღალი კლასის სპორტული შესრულების გარდა, ბიჭებმა არაერთი მნიშვნელოვანი გამონათქვამით დაგვამახსოვრეს თავი, რაც არა მხოლოდ სპორტში, არამედ ცხოვრებაში, ბიზნესსა თუ პროფესიულ საქმიანობაში, ყველას გამოგვადგება.

და მაინც, რა გვასწავლეს ბიჭებმა?

თურქეთთან გამართული სადებიუტო მატჩის შემდგომ გიორგი ქოჩორაშვილის კომენტარს განსაკუთრებით გამოვყოფდი – "კაცი რომ მოვატყუე, შეიძლება ცოტა დავახანე, უფრო ადრე უნდა დამერტყა, მაგრამ ეს ის მომენტებია, საიდანაც სწავლობ. ვეცდები ყველაფერი გავაანალიზო და მომავალში აუცილებლად გავიტანო!"

ყველა რომ ასე ფიქრობდეს და აზროვნებდეს, წარმატებასთან ბევრად ახლოს ვიქნებოდით.

დასანანი მარცხის შემდეგ, როცა ბოლო წუთებზე თურქეთის კარი აშკარა გოლს გადაურჩა, მარცხს ყველანი უიღბლობას ვაბრალებდით.

"რა იქნებოდა, გაგვმართლებოდა", – ვფიქრობდით და იმედებს მომავალ გამართლებებზე ვამყარებდით.

ერთადერთი კაცი, ვინც მატჩის შემდეგ გამოვიდა და თქვა, წამის მეასედით რომ დავაგვიანე, ესეც ჩემი ბრალი იყო, უფრო ადრე უნდა დამერტყაო, ისევ თავად ქოჩორა იყო. თან დაამატა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მომავალში ეს წამის მეასედის დაგვიანებაც აღარ მქონდესო!

ეს არის ნამდვილი ჩემპიონის აზროვნება და ვისაც ჩვენ-ჩვენს საქმეებში ჩემპიონობა გვინდა, ვისწავლოთ ქოჩორასგან, ვისწავლოთ ჩვენი ღირსეული ბიჭებისგან და გვახსოვდეს, რომ მარცხი საუკეთესო მასწავლებელია და ის წამის მეასედიც ჩვენი და მხოლოდ ჩვენი გამოსასწორებელია, რისთვისაც ბევრი შრომა და თავდადება მოგვიწევს და აქ იღბალი არაფერ შუაშია.

წამის მეასედზეც რომ ვიმუშავებთ, მაშინ გაგვიმართლებს და გაგვიღიმებს იღბალიც.

ასეა ეს! მხოლოდ გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე ადამიანმა შეიძლება საკუთარი წარმატება ან წარუმატებლობა მხოლოდ საკუთარ თავს დაუკავშიროს და არა ბედსა თუ იღბალს.

"ბედს თვითონ კაცი ქმნის და არა ბედი კაცსა" – ილიას ეს სიტყვები სახელმძღვანელოა ყველასთვის, ვინც ჯერ კიდევ ელოდება, როდის გაუღიმებს ბედი, თავად კი არაფერს აკეთებს, არ ირჯება, არ ცდილობს, არ იხარჯება!

დამარცხებულის მენტალიტეტის მქონე ადამიანი იტყოდა – არ გაგვიმართლა! დღეს ფორტუნა ჩვენ მხარეს არ იყო! მსაჯმა წაგვაგებინა!

გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე ადამიანი კი, უპირველესად, საკუთარ თავს დაუსვამდა კითხვას – რა ვერ გავაკეთე სწორად? რა შემიძლია შევცვალო მომავალში?

დიახ! ჩემი შედეგები მხოლოდ და მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული და აქ გამართლება არაფერ შუაშია!

მთავარია აზროვნება, მთავარია ჩვენი მენტალური განწყობა და ფსიქოლოგია, რომ გამარჯვება ჩვენშია, რომ ჩვენ ვართ გამარჯვება, რასაც მხოლოდ ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ჩვენი ქმედებები განაპირობებს.

შესაძლოა, გარე ფაქტორებმა და სხვა ადამიანების ქცევამ ჩვენს შედეგებზე გავლენა იქონიოს, მაგრამ თუ დავიჯერებთ, რომ გამარჯვება ჩვენშია, გამარჯვებაც არ დააყოვნებს. თუ დავიჯერებთ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ, შეუძლებელიც არაფერი იქნება!

გამარჯვება ბედ-იღბლის საქმე არაა. გამარჯვება არჩევანია. გამარჯვება განწყობაა. აზროვნების ტიპია. უწყვეტი განვითარებაა. თავდაჯერებაა. რწმენაა. საქმის სიყვარულია. თავდადებაა. თავდაუზოგაობაა. შეუპოვრობაა. დისციპლინაა. დაბრკოლებების გადალახვაა.

და როცა ამ თვისებების მატარებელი ხარ, გამარჯვება ფორმალური გამარჯვებით ან მარცხით არ იზომება. გამარჯვება პროცესია, რომელიც არ მთავრდება. გამარჯვება გრძელდება...

და ისევ ქოჩორას მოვუსმინოთ:

"მსოფლიოში შეუძლებელი არაფერია. უბრალოდ, უნდა დაიჯერო, იშრომო და არ დანებდე. ჩვენ საკუთარი თავის რწმენა გვაქვს. იქ შედეგზე ფიქრით არ გავალთ. წუთიდან წუთამდე, წამიდან წამამდე, დუელიდან დუელამდე ვიფიქრებთ და თუ ყველაფერს კარგად შევასრულებთ, მჯერა, რომ კარგ შედეგს მივაღწევთ".

გვახსოვდეს, გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე ადამიანები მიღწეული წარმატებით არასოდეს კმაყოფილდებიან, არ ჩერდებიან, განვითარებას აგრძელებენ, მუდმივად შედეგის გაუმჯობესებაზე ფიქრობენ და ახალი მწვერვალების დასაპყრობად ემზადებიან – "ჩვენ წინსვლა და გაძლიერება უნდა გავაგრძელოთ. სხვა არაფერი გვაქვს დარჩენილი, რადგან ჩვენი მომავალი თაობა გვიყურებს. შემდეგ შეკრებას ძალიან დიდი მოლოდინით ველოდებით, რათა უფრო გაძლიერებული დავბრუნდეთ, როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად, რომ უფრო მეტი წარმატება მოვუტანოთ საქართველოს".

მადლობა ქოჩორას!

მადლობა ბიჭებს!

მე ვარ გამარჯვება!

მე ვარ საქართველო!

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

editor@entrepreneur.ge

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge
ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

K2 Invest - როცა ხარისხი პრიორიტეტია

"გვსურს, რომ ჩვენ მიერ აშენებულმა სახლებმა ქუთაისის უბნებში ახალი საზოგადოებრივი ჰაბები გააჩინოს"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

UpGaming სრულად ვაქცინირებულ თანამშრომლებს შორის ავტომობილს გაათამაშებს

ყველა თანამშრომელი, ვინც 30 სექტემბრამდე ორჯერადად იქნება აცრილი, ავტომატურად ხდება გათამაშების მონაწილე