Get All Access for $5/mo

გია გვენეტაძის გამარჯვებულის მენტალიტეტი "დაუღალავი შრომა შედეგს აუცილებლად გამოიღებს"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

ჩვენი სპორტული რუბრიკის მორიგი სტუმარი კარატისტი გია გვენეტაძეა. იგი თავის სფეროში ძალზე წარმატებულია, რაც, რასაკვირველია, ბევრი მუშაობისა და უდიდესი მონდომების დამსახურებაა.

31 წლის სპორტსმენი (ასევე მწვრთნელი) საქართველოს 15-გზის ჩემპიონია. გარდა ამისა, საერთაშორისო ტურნირის მრავალგზის გამარჯვებული, ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის პირველადგილოსანი და კიოკუშინ კაი კარატეს მეოთხე დანის მფლობელი.

ზოგადად, სპორტს და ბიზნესს ბევრი საერთო თვისება აქვთ, რაზეც ჩემს რესპონდენტებთან არაერთხელ მისაუბრია. გამონაკლისი არც გია გამოდგა – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე სასაუბროდ მის დარბაზს ვეწვიეთ.

კარატე საწყისი ნაბიჯები...

"ვარჯიში ჩოხატაურის რაიონში, 1996 წელს დავიწყე. ჩემი პირველი მწვრთნელი გელა ჩანტლაძე გახლდათ. 2-3 წლის განმავლობაში მასთან ვემზადებოდი. მაშინ არ იყო დიდი არჩევანი და ამიტომაც, მშობლებმა გადაწყვიტეს, კარატეზე ვეტარებინე".

მოტივატორი

"თავიდან მამაჩემი იყო, შემდეგ კი მეც იმდენად შემითრია ამ ყველაფერმა, რომ ჩემივე თავის მოტივატორი გავხდი. ასევე, ძალიან დიდი როლი ითამაშა ლეგენდარულ ბრიუს ლის ფილმებმა".

პირველი შეჯიბრის ემოციები

"ეს იყო 1998 წლის საქართველოს ჩემპიონატი, რომელიც ჩემი გამარჯვებით დასრულდა, ამან კი ძალიან დიდი ძალა მომცა".

შრომის მნიშვნელობა

"როგორც კარატეში, ასევე სპორტის ნებისმიერ სახეობაში საჭიროა უდიდესი შრომა, ფსიქოლოგია და რაც მთავარია, გამარჯვებულის მენტალიტეტი. თუ წამით მაინც გაიფიქრებ, რომ ამა თუ იმ სპორტსმენის ბარიერს ვერ დასძლევ, ეს ასეც იქნება. აუცილებელია საკუთარი თავის გჯეროდეს, რაოდენ რთული მოწინააღმდეგეც უნდა იყოს".

გუნდურობა კარატეში

"ინდივიდუალური სახეობაა, თუმცა გუნდურობა აქაც ძალიან საჭიროა. გჭირდება როგორც მწვრთნელები, ასევე თანაგუნდელები, მეგობრები, რათა გაგამხნეონ, მოტივაცია აგიმაღლონ. თუ გუნდი ერთ მუშტად შეკრული ვერ იქნება, სპორტსმენი წარმატებას ვერ მიაღწევს".

მწვრთნელის როლი

"ეს ძალიან რთული პროფესიაა. მწვრთნელი უნდა იყოს როგორც მისაბაძი, ისე მამაც, მეგობარიც და ა.შ. უნდა გაიგო სპორტსმენის ფსიქოლოგია; უნდა იცოდე მისი სუსტი წერტილი და ამაზე ამუშაო. ყველა ათლეტი ერთნაირად ვერ ვარჯიშობს, თითოეულ მათგანს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. გარდა ამისა, აუცილებელია მწვრთნელს კონკრეტული სახეობა უყვარდეს და მისთვის ფული მთავარი არ უნდა იყოს".

ფსიქოლოგია

"არის კატეგორია სპორტსმენებისა, რომლებზეც ვარჯიშისას იფიქრებ, ტომრებს ჩამოწყვეტსო, მაგრამ შეჯიბრზე შესაძლებლობების 30%-საც ვერ ავლენენ. ზუსტად ეს არის ფსიქოლოგიური პრობლემა. მაგალითად, ჩვენ გვყავს სპორტსმენი ანდრეი ზინჩენკო, რომელსაც არაერთი ტიტული აქვს მოპოვებული. თვითონ 67კგ-ია და უგებს 40 კილოგრამით მძიმე ადამიანს, რომელსაც სწორედ ფსიქოლოგიური წნეხი აქვს. ჩემი მოსწავლეებიც გაფრთხილებული მყავს – თუ მე ვმსაჯობ და მინიმუმ 70%-ით მაინც არ აჯობებ მეტოქეს, მოგებას არ დავაფიქსირებ-მეთქი".

ქვების დამტვრევა

"მთავარია გჯეროდეს, რომ დაამტვრევ და არცერთი წამით არ უნდა შეგეშინდეს ტკივილის! როგორც კი ამ აზრს გაიელვებ, მაშინვე უკან გადადგამ ნაბიჯს".

სპორტსმენის თვისებები ბიზნესში...

"ბიზნესსაც თავისი აზარტი აქვს. აქაც ისევ გამარჯვებულის მენტალიტეტთან და ფსიქოლოგიურ მდგრადობასთან მივდივართ. სპორტსმენსაც სჭირდება თავისი კონკურენტის სუსტი და ძლიერი მხარეების ცოდნა და ბიზნესმენსაც. მეტსაც ვიტყვი: სპორტსმენის თვისებები არა მხოლოდ ბიზნესში, არამედ ნებისმიერ სფეროში გამოგადგებათ".

რჩევა დამწყებ სპორტსმენებს

"პირველი: არასდროს შეუშინდეთ დაღლილობას! აუცილებელია შრომა, და მოუსმინეთ მწვრთნელებს. დააფასეთ თქვენივე ნამუშევარი და ყოველთვის ეცადეთ შეცდომების გამოსწორება. ადამიანი, რომელიც არ მუშაობს საკუთარ თავზე, წარმატებას ვერ მიაღწევს. შეიძლება, კარიერის პირველი 3-5 წელი საერთოდ ვერაფერი მოიგო, მაგრამ მერე ისე გაგეხსნას, რომ მიაყოლო გამარჯვებები – ასე რომ, დაუღალავი შრომა შედეგს აუცილებლად გამოიღებს".

ინდუსტრიული ტრენდები

სტივ ჯობსის ცხოვრების 20 გადამწყვეტი მომენტი

Entrepreneur ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი ინოვატორის ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს იხსენებს

Business News

საუკეთესო წინ არის!

2024 წელს გილოცავთ ჩვენ და ჟირაფი ჟოზე