Get All Access for $5/mo

გლადველი - განუსაზღვრელი მალკოლმ გლადველი ანტრეპრენერებს გულით ურჩევს: ნუ იქნებით ერთსახოვანი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur

მწერალი და პოდკასტების ავტორი მალკოლმ გლადველი ანტრეპრენერებს გულით ურჩევს: ნუ იქნებით ერთსახოვანი.

მალკოლმ გლადველს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბრენდი აქვს მედიაში, თუმცა ამას თვითონ არასოდეს აღიარებს. "ჩემს თავს ბევრჯერ ვეწინააღმდეგები", – აცხადებს გაყიდვის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ავტორი და New Yorker-ის მწერალი, რომლის წიგნებს შორისაა The Tipping Point ("გარდამტეხი წერტილი") და Blink ("თვალის ჩაკვრა"), – "როგორ შეიძლება წარმოვადგენდე ისეთ განსაზღვრულ რამეს, როგორიც ბრენდია, როდესაც ჩემს აზრს მუდმივად ვიცვლი?" ნაცვლად ამისა, იგი პროფესიონალებს ურჩევს, რომ თავიანთ თავზე იფიქრონ, როგორც ყოველთვის ადაპტირებადზე – ანუ ყოველთვის იყვნენ ღია ახალი შესაძლებლობებისთვის, როგორც კი ისინი გამოჩნდება. ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ დაიწყო მან პოდკასტების ჩაწერა. თავიდან ეს გასართობი იყო, თუმცა სამი სეზონის შემდეგ, მისმა შოუმ Revisionist History ("რევიზიონისტის ისტორია") ჩარტების სათავეში მუდმივი ადგილი დაიკავა (თითოეული ეპიზოდი "შეუმჩნეველ და არასწორად გაგებულ" საკითხებზეა და პოდკასტი კომპანია Panoply-ის მიერაა დამზადებული). ახლა იგი პროდუქტიულობისადმი საკუთარ მიდგომაზე, თავის ევოლუციაზე და იმის შესახებ გვიყვება, თუ რატომ უნდა დააბალანსონ ანტრეპრენერებმა იდეები და მათი განხორციელება.

თქვენ აღნიშნეთ, რომ საკუთარი პოდკასტის კეთება სწორედ მაშინ დაიწყეთ, როცა ახალი წიგნის დაწერა გადადეთ. ანტრეპრენერები შესაძლოა გაოცდნენ კიდეც, რომ ისეთი პროდუქტიული ადამიანი, როგორიც თქვენ ხართ, რაღაცებს აყოვნებს.

რაც უფრო მემატება წლები, მით მეტად ვაფასებ დროს, როგორც ღირებულებას. თუ შემოქმედებით საქმიანობაში ძალით აჩქარდები, მაშინ ის საქმე მოლოდინს ვერ გაამართლებს. რაც უფრო დიდხანს შეგიძლია შექმნა სივრცე რაიმე შემოქმედებითის ასახვისთვის, მით უკეთესი ხდება შენი ცხოვრებაც და ისიც, რასაც ქმნი. ამიტომ ჩემთვის დაყოვნება ერთგვარი შანსია, რომ პროექტმა, რომელზეც ვმუშაობ, ცოტათი "ამოისუნთქოს".

ეს უცნაურია, რადგან პროდუქტიულობის ტრადიციული საიდუმლოს საპირისპიროდ ჟღერს.

გასაგებია, თუმცა მე კონკრეტული ტიპის ძალისხმევაზე ვსაუბრობ. ესაა შემოქმედებითი ძალისხმევა. რომ მესწავლა, როგორ გამემარტივებინა და განმეხორციელებინა საქმეები წარმატებით, ალბათ ახლა სხვანაირი მიდგომები მექნებოდა. ყოველთვის ვიხსენებ მამაჩემს, რომელიც მათემატიკოსი იყო. იგი ერთ-ერთ მათემატიკურ პრობლემაზე 20 წლის განმავლობაში მუშაობდა, მაგრამ ექსკლუზიურად მხოლოდ ამ საქმეს არ აკეთებდა, პირიქით − განზე გადადო და ერთ დღესაც თავში პასუხი ამოუტივტივდა. თუ ასეთ სიტუაციაში აჩქარდები, შესაძლოა საკუთარ თავს გარკვეული წინსვლისა და საინტერესო აღმოჩენის გზა გადაუკეტო.

ეს ღირებული მაგალითია, რადგან ადამიანები ხშირად შიშობენ, რომ თუ მათი საქმე მაშინვე არ გამოიღებს შედეგს, ვერც ვერასოდეს იქნება წარმატებული.

დიახ, საქმეს მოკრძალებით უნდა მიუდგე. პრობლემა თითქმის ყოველთვის შენზე დიდია, ამიტომ შეუძლებელია იგი "ერთ ნახტომში" მოაგვარო. უნდა ისწავლო იმ პრობლემების პატივისცემა, რომლებზეც მუშაობ და ამ პატივისცემის ნაწილს სწორედ იმის გააზრება შეადგენს, რომ რასაც ახლა ვაკეთებ, ექვს თვეში ვერ გაკეთდება. ამიტომ, რატომ არ უნდა მოვძებნო გზა, რომ ამ საქმეს ერთი ან ორი წელი დავუთმო.

თქვენი სტატიების დიდ ნაწილში ფოკუსს შეუმჩნეველ პრობლემებზე ამახვილებთ. მაგალითად, New Yorker-ის სტატიაში "მითი ნიჭზე", რომელიც იმის შესახებაა, თუ როგორ აყენებენ კომპანიები საკუთარ თავს ზიანს არასწორად შერჩეული კადრების დაწინაურებით. ანტრეპრენერები ყოველთვის ცდილობენ ასეთი პრობლემების გამოვლენას, თუმცა ეს ადვილი არაა. როგორ ახერხებთ თქვენ ამას?

ამაში ის მეხმარება, რომ მუდმივად აუტსაიდერი ვარ. გასაკვირი არაა, რომ ადამიანები, რომლებსაც ინოვაციური აღმოჩენები და იდეები აქვთ გარკვეულ სფეროში, ხშირად ამ სფეროს არ განეკუთვნებიან და ასე ვთქვათ, გარედან მოდიან. ასეთ დროს სრულიად ახალი ხედვა გაქვს. სხვა რამ, რაც ინოვაციისთვის მნიშვნელოვანია, ის გახლავთ, თუ რამდენადაა იდეა მორგებული თაობაზე. ძალიან ხშირად ხდება ცვლილებები, როდესაც თავდაპირველი თაობა აღარ არის ავტორიტეტის პოზიციაში, ახალი თაობა კი ახალი იდეებით მოდის. არსებობს შესანიშნავი კვლევა ტელეფონზე, რომელიც თავდაპირველად არასწორად იყო შემოთავაზებული, რადგან ადამიანები, რომლებმაც ტელეფონი გამოიგონეს, ტელეგრაფის ინდუსტრიიდან იყვნენ, მათ ესმოდათ და იცოდნენ ტექნოლოგია, მაგრამ არა მისი ადგილი საზოგადოებაში და ასე, 30 წლის განმავლობაში, ტელეფონი თითქოს უფუნქციოდ იყო − სანამ არ წავიდნენ ეს ადამიანები და მოვიდა ახალი თაობა, რომელსაც არ ახსოვს ტელეგრაფი და არაა გადატვირთული იმ პერიოდის ვარაუდებით.

ანტრეპრენერებთან საუბრისას ხშირად ვფიქრობ იმაზე, რაც "ერთდროულად აღმოჩენაში" დაწერეთ − დროთა განმავლობაში რამდენიმე, ერთთმანეთისგან სრულიად დაშორებულ, ყოველგვარი კავშირის არმქონე ადამიანებს შესაძლოა ერთნაირი ინოვაციური იდეები დაებადოთ. ამბობენ, რომ ერთსა და იმავე დროს ორმა სხვადასხვა ადამიანმა შექმნა კალკულაცია, სხვა ორმა ადამიანმა განავითარა ფერადი ფოტოგრაფია. იმის გათვალისწინებით, რომ ანტრეპრენერები საკუთარ თავს იდეების მქონე ადამიანებად მიიჩნევენ, თქვენი აზრით, როგორ უნდა მოიქცნენ ისინი ასეთ მოცემულობაში?

ასეთ დროს ორ რამეს აკეთებ. პირველი: აუცილებლად უნდა შეახსენო შენს თავს თავმდაბლობის მნიშვნელობა − რომ ერთადერთი არ ხარ მთელ სამყაროში, ვისაც ეს იდეა დაებადა. უნდა გესმოდეს, რომ იდეები შენ გარეთ, მსოფლიოდან მოდის − ისევე, როგორც ფიქრები. და მეორე: საკუთარ თავს უნდა შეახსენო საქმის განხორციელების მნიშვნელობაზეც. შესაძლოა იდეები იაფფასიანია, მაგრამ მათი კარგად განხორციელების უნარი ძალიან ძვირად ფასობს. მხოლოდ იმიტომ, რომ უამრავი ადამიანი გამუდმებით ფიქრობს ძიებაზე, არ ნიშნავს, თითქოს Google-ის თანამშრომლები გენიოსები არ არიან.

როგორც ვიცით, ისტორიაში ყველაზე დიდი გამომგონებლები საქმის კარგი აღმსრულებლებიც იყვნენ.

დიახ. როგორც მწერალი, სრულად ინფორმირებული ვარ ამ ფაქტის შესახებ. ბევრი რამ, რაზეც დამიწერია, მანამდეც ყოფილა მილიონჯერ დაწერილი, მაგრამ ღირებულება, რომელსაც ნაშრომს ვძენ, ის გახლავთ, თუ როგორ წარმოვაჩენ იდეასა და კონტექსტს. არ ვფიქრობ, რომ ეს ნაკლები წარმატებაა. მიმაჩნია, რომ ეს ნამდვილად ღირსეული და მნიშვნელოვანი რამაა.

და თქვენ იდეების წარმოჩენის ძალიან მკაფიო გზა განავითარეთ. მაინტერესებს, რამდენად შეგნებულად განავითარეთ ეს. მიიჩნევთ საკუთარ თავს, როგორც პირად ბრენდს?

ნამდვილად არა. ვფიქრობ, როდესაც ხარ ადამიანი, რომელიც რაიმე შემოქმედებითს აკეთებ და იწყებ იმის კონკრეტულად განსაზღვრას, თუ რას ქმნი, სახიფათო ხდება. იმ შემთხვევაშიც, თუ ეს განსაზღვრება სწორია, ყოველივე ერთგვარ ზღვრებს გიწესებს გონებაში, გზღუდავს, ამიტომ მე ამის წინააღმდეგი ვარ. მიყვარს წარმოვიდგინო, რომ რასაც ვაკეთებ, შესაძლოა ერთმანეთისგან განსხვავებული იყოს. დღესდღეობით აშკარაა, რომ ეს სიმართლე არაა, მაგრამ მართლაც სასარგებლოა. ყოველ შემთხვევაში, სჯობს ვიფიქრო ასე, ვიდრე თავში რაიმე კონკრეტული მქონდეს განსაზღვრული იმის შესახებ, თუ რას წარმოვადგენ.

ანუ არასოდეს გიფიქრიათ რაიმეს გაკეთებაზე და შემდეგ გითქვამთ: "ეს ის არ არის, რასაც ჩემი აუდიტორია ელის"?

არ ვფიქრობ, რომ კარგი იდეაა პირიქით − აუდიტორიიდან მუშაობა. ხალხი გისმენს იმიტომ, რომ მათ მოსწონხარ, და არა იმიტომ, რომ მათ ჰგავხარ ან უნდათ, რომ თავიანთი გემოვნება იყოს წარმოდგენილი გვერდსა თუ პოდკასტში. ისინი ცნობისმოყვარეები არიან. ეს არის ჩემი პრობლემა ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით. ადამიანები ბაზრის კვლევებში სწორად ვერ აფასებენ განსხვავებას იმაში, როდესაც გინდა ვიღაცას მისცე ზუსტად ის, რაც სურს და იმაში, როდესაც ის, რაც ადამიანს უნდა, გახლავთ რასაც ისინი ვერ აყალიბებენ, გამოთქვამენ და შენ ხარ იმ პოზიციაში, რომ ეს ყველაფერი წარმოაჩინო და დაასაჩუქრო ისინი. მე სწორედ "საჩუქრის" ბიზნესში ვარ.

მაშინ, როგორ განსაზღვრავთ? რას აკეთებთ? გაქვთ რაიმე სახის "ფილტრი", რომ შეხედოთ შესაძლებლობებს და თქვათ: "ეს სწორედ ჩემთვისაა"?

ეს სახალისოა − პოდკასტის წამოწყებამ შეცვალა ჩემი ფიქრები იმაზე, თუ რას ვაკეთებ, რადგან მე ამ ნაბიჯით წავედი იმ სამყაროში, რომელში წასვლაზეც არასოდეს მიფიქრია. ახლა ვქმნი იმას, რაც უფრო მეტად კოლაბორაციულია, ვიდრე ის, რაზეც ჩვეულებრივ ვმუშაობ ხოლმე. ამ საქმეში ჩართული არიან რედაქტორები და ხმის ინჟინრები. ხოლო საშუალება, რომლითაც ხალხამდე ვაღწევ, ძალიან განსხვავებულია − მე ვიყენებ საკუთარ ხმას და არა კალამს.

თავიდან ეს ყველაფერი იმიტომ დავიწყე, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი პოდკასტების კომპანიას მართავს. ერთხელაც, მან ხუმრობით მკითხა: "რატომ არ ცდი ამას?" და მე გავიფიქრე: "რატომაც არა?" მეგონა, ამ საქმეში მხოლოდ ერთი თვე გავჩერდებოდი და მერე აღარც მივუბრუნდებოდი. როდესაც მიხვდები, რამდენი საინტერესო მოულოდნელობაა ჩემს სფეროში, მსგავს წესებზე უარი უნდა თქვა. მე შევეცადე დამეწერა სცენარი. არ გამომივიდა, თუმცა გავერთე. არ ვნანობ ამის გაკეთებას. ჩავატარე მასტერკლასი − ვერასოდეს წარმომედგინა, ამას თუ ვიზამდი. მე ღია ვარ ნებისმიერ წინადადებაზე. მნიშვნელოვანია, რომ არასოდეს მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც გიზღუდავს არჩევანს. თვითშეგნება ძალზე შემზღუდველია.

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი