Get All Access for $5/mo

I AM EVERY WOMAN უეცრად ბრწყინვალე შესაძლებლობა აღმოჩნდა "ქალად ყოფნა"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანაში სულ უფრო მეტი ქალი გვხვდება ბიზნესში მოწინავე პოზიციებზე ან სულაც ბიზნესის მფლობელის როლში. პროექტები, რომელიც ქალების გაძლიერების მიზნით აფინანსებს ქალ მეწარმეებს, მაფიქრებს, რომ გენდერული ნიშნით ჯერ ისევ დისბალანსია, მაგრამ იმის არშემჩნევა, რომ ეს ამავე დროს ბრწყინვალე შესაძლებლობაა, უგუნურება იქნებოდა.

ზოგიერთისთვის, ვისაც დაბადებიდან ჰქონდა განსაზღვრული როლი, მისია და სქესის მიუხედავად განსაკუთრებულად შეიყვარა ბიზნესი, მართვა, ვისაც მუდმივად უწევდა მოსაბეზრებელი დაბრკოლებების გადალახვა და სტერეოტიპების ლეწვა მის გზაზე, უეცრად ბრწყინვალე შესაძლებლობა აღმოჩნდა "ქალად ყოფნა". არა მარტო მათთვის, ბევრმა ქალმა გაიაზრა ცვლილებების კვალდაკვალ გაჩენილი შესაძლებლობები და დაინახა, რომ ადამიანები დამოუკიდებლად ქმნიან თავიანთ ცხოვრებას. ზუსტად ამ სიტყვებით დაიწყო ორი დღის წინ ჩემმა ჯგუფელმა საინვესტიციო კომიტეტის წინაშე პრეზენტაცია: "ადრე ხომ ნაცნობი უნდა გყოლოდა... დავინახე, რომ ადამიანები საქმეს აკეთებენ და გამოსდით. ეს გახდა ბიძგი, სასწრაფოდ მემოქმედა და არავის დავლოდებოდი..."

ანტრეპრენერის მკითხველო! მინდა შესაძლებლობისა და რწმენის მუხტით აღვსილი ჩემი ემოცია და ენერგია გადმოგედოს. მინდა იცოდე, რომ მე ვიყავი "ყველა ქალი". ის, ვისაც ეჭვები ჰქონდა, ის, ვისაც ეშინოდა, ის, ვინც გზიდან დიდი ხნით გადაუხვია, ის, ვინც გადალახა მისი აზრით წარმოუდგენელი დაბრკოლებები, ის, ვინც დაიკარგა, ის, ვინც მოითმინა, ის, ვინც გააგრძელა მისი გულის მოსმენა ყველა სიტუაციაში, ის, ვისაც ბევრჯერ ეგონა, რომ ეს დასასრულია, ისიც, ვინც გაიმარჯვა, ის, ვინც ზედიზედ რამდენიმეჯერაც გაიბრწყინა და მაინც არასრულყოფილ ცოდნასა და მომავლის არასრულფასოვან ხედვაზე დარდობდა, ის, ვინც ელოდებოდა მიზნების სიმკვეთრეს და სიცხადეს, ის, ვისაც უმუშავია ბიზნესისთვის რესურსების შესაგროვებლად, ის, ვინც ისწავლა წაგება და თავმდაბლობა, ის, ვინც ისწავლა საკუთარი ნიჭებისთვის თვალის გასწორება, ის, ვინც ისწავლა მოცემულის დაფასება, ის, ვინც უამრავი შეცდომა დაუშვა, და ისიც, ვინც მუდამ მუშაობს საკუთარ თავზე და ვითარდება.

ყველაფერი ნაცნობია, შენ კი ფიქრობ, გაუმხილო თუ არა ვინმეს ფარული ჩანაფიქრი? რატომაც არა?.. საკუთარი იდეების ღიად განხილვისას უფრო მეტს იგებთ, ვიდრე აგებთ − თქვენ იძენთ მხარდაჭერას, კავშირებსა და პერსპექტივებს. თუკი საჯარო განხილვა იდეას რაიმეს ვნებს, ესე იგი ეს იდეა არც ისე ფასეული ყოფილა. ასე რომ, ვმალავთ და განვიცდით, დრო არ იცდის. უნდა თქვათ თქვენი სათქმელი. წარუმატებლობაშიც კი ცუდი არაფერია, იმ პირობით, რომ ცდას თავს არ დაანებებთ.

გახსოვდეთ ორი ძირითადი პრინციპი. პირველი: ხარისხი და კომპლექსურობა, ყველაფერი კავშირშია. Tesla-ს მთავარი ტექნოლოგიური მიღწევა ხარისხიანი კომპონენტების შემუშავება და მათი იმგვარად ურთიერთშერწყმა იყო, რომ მიეღოთ შესანიშნავი პროდუქტი. და მეორე: შეუძლებელიც შესაძლებელია! − ოდესღაც ყველაფერი პირველად ხდება. 2000-იანი წლების დასაწყისში ნახევარმილიარდიანი სუბსიდიის მიღება "შეუძლებელი" იყო. მსგავსი რამ დღესაც წარმოუდგენელია, მაგრამ ასეთი შანსიც კი გაჩნდა ერთხელ და Tesla-მ მისი გამოყენება არ დააყოვნა.

შესაძლებლობებთან ერთად დაბრკოლებებზეც უნდა იცოდე. "მზად იყავი, რომ როდესაც "გულის საქმის" დაწყებას განიზრახავ, საზოგადოება სხვადასხვა მძაფრი სიტყვით შეეცდება შენს "მოტივირებასა და შთაგონებას". როგორც წესი, შენი არავის სჯერა, შენ მარტო მოგიწევს ცხელ და გაუკვალავ უდაბნოში სიარული. წარმოიდგინე, "რეალისტები" მამა-შვილური მზერით გარიგებენ ჭკუას, შენს პროექტს კი მარცხს უწინასწარმეტყველებენ. მაგრამ შენ უცხო აზრების იგნორირებას ახდენ და აგრძელებ გზას. გზა რთულია, ძალიან რთული, მაგრამ შენ გჯერა, გწამს იდეის, უკვე გწამს საკუთარი ძალების! საიდან და როგორ, არ იცი, მაგრამ შენ დარწმუნებული ხარ, რომ გამოგივა. ასეთ დროს, მთავარია არ გაჩერდე და იმოძრაო წინ.

გარკვეული პერიოდისა და დიდი წვალების შემდეგ, შენ რაღაც გამოგდის და გარშემო გამეფებული სარკაზმიც, ცნობისმოყვარეობით იცვლება. გარემოცვა გიწყებს დაკვირვებას, ისინი ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიან, თითქოს არ გაკვირდებიან, თითქოს არ კითხულობენ შენს პოსტებს და სტატუსებს, თითქოს არ ათვალიერებენ შენს ყველა ფოტოს, თითქოს არ უყურებენ შენს ყველა ვიდეოს... მაგრამ ისინი ყველაფერს ეცნობიან, აბსოლუტურად ყველაფერს. აკვირდებიან შენს თუნდაც პატარა, მაგრამ დამაჯერებელ ნაბიჯებსა და გამარჯვებებს, ნელ-ნელა იწყებენ შენი ხედვის გაზიარებას და შენ გიჩნდება კეთილმოსურნეები. ამ პერიოდში შენი გარემოცვა სულ უფრო ხშირად გამოხატავს ინტერესს შენი საქმეების მიმართ.

დროის გასვლასთან ერთად იზრდება შენი შედეგები და მიმდევრებიც ჩნდებიან. რეალისტები და სკეპტიკოსები ირჩევენ დაივიწყონ ძველი პოზიცია და ცვლიან რიტორიკას. გადახედავენ ერთმანეთს და იტყვიან: "მასში მართლაც არის რაღაც, არა? − კი, აბა რა, მე ეს თავიდანვე შევნიშნე..." საბოლოოდ, ერთ-დღესაც იღვიძებ და მიმდევართა არმია გყავს, სკეპტიკოსები კი ვეღარ მალავენ სურვილს მონაწილეობა მიიღონ შენს გულის საქმეში. ამიტომ, ჩემო ძვირფასო მეგობარო! უსმინე გულისხმას, ცნობიერად აირჩიე გზა, რომელიც შენს ძლიერ მხარეებზე გადის და მიჰყევი მას".

გაითვალისწინე, უეცრად დაგჭირდება პროცესების მართვა. რაც უნდა ბევრი ვისაუბროთ ნებისმიერ მეცნიერებაში, იქნება ეს მენეჯმენტი თუ ფსიქოლოგია, ემპირიული კვლევების მნიშვნელობაზე, ეს მაინც მხოლოდ აქამდე დაგროვილი გამოცდილების, ფაქტების, პროცესებში აღმოჩენილი საგულისხმო კანონზომიერებების გაცნობა, შესწავლაა. ამას ვაკეთებთ ყოველთვის, მაგრამ რეალურად ამის შემდგომ პრაქტიკაში დაწყებული საქმიანობა ტორტის ის ნაჭერია, რომლის შემადგენლობაც არ ვიცით. ვინაიდან სინათლის სიჩქარით იცვლება ადამიანის აღქმის ჩამოყალიბების განმაპირობებელი ფაქტორები (სუფთა აღქმა თითქმის არ არსებობს), ტექნოლოგიური ევოლუცია პიკს აღწევს და ყველაფერი მუდმივად იცვლება, ჩვენ, მენეჯერებს გვიწევს "იმპროვიზაციული შესრულება". სწორედ ამიტომ მენეჯმენტი ხელოვნებაა და მას ემპირიულ კვლევებზე უკეთ ემოციური ინტელექტის, პიროვნული ზრდის, შინაგანი სიმტკიცის, თავმდაბლობის ფაქტორი ეხმარება (რომ დაიჭირო ის, რაც შენთვის კარგად გასაგები არ არის და დასვა შეკითხვები, რომლის პასუხებიც საუკეთესო გადაწყვეტილებამდე მიგიყვანს).

ეს მნიშვნელოვანია − შეარჩიეთ მომგებიანი პოზიცია. იპოვეთ თქვენი ნიშა. ფრენკ ვულვორთმა თავისი პირველი დახლი დადგა ერთ-ერთ ქუჩაზე, სადაც მეორე კომერსანტიც საქმიანობდა. მათ კონკურენტთან შებრძოლება სცადეს და გამოკიდეს დაფა, დიდი წარწერით: "ორმოცდაათ წელზე მეტია, ამ ადგილას ვვაჭრობთ". პასუხად ვულვორთმაც გამოაკრა წარწერა: "ერთი კვირაა, რაც გავიხსენით, ჩვენთან ძველი არაფერია". მრავალი მეწარმე საბაზრო ნიშებს თავს არიდებს − არ სურთ გარისკვა და ყველაფრის ერთ ბანქოზე დადება. ეშინიათ ბაზრის მნიშვნელოვანი სექტორისკენ გზა არ მოიჭრან და მსხვილი გაყიდვების გარეშე არ დარჩნენ. ამიტომ დროულად მიიღე გადაწყვეტილება.

თუ ხარ ერთდროულად ბრწყინვალე ინჟინერი და გაყიდვების სპეციალისტი, კარგია, მაგრამ ყველა უნარის მაქსიმალურად სრულყოფა მოგეთხოვება. დანამდვილებით ვიცი, რომ ჩვენს პლანეტაზე ადამიანების ცნობიერებაში უპრეცედენტო ძვრა ხდება. შენ მოგიწევს შესანიშნავი გონების მქონე გუნდთან და კლიენტებთან ურთიერთობა. იმისათვის, რომ მათ მოთხოვნილ მაღალ თამასას შესწვდე, შენც მოგიწევს გაზრდა. აწმყოს მოღონიერება უნდა შევძლოთ, ჩვენს ანალიტიკურ გონებასა და მის მიერ შექმნილ ყალბ "მე"-ზე უარი უნდა ვთქვათ. შედეგად, ახალ სიმაღლეზე ავალთ და უფრო მსუბუქ და სუფთა ჰაერს ჩავისუნთქავთ. ეს მოგზაურობა ადვილი არ არის, მაგრამ პრობლემური მდგომარეობიდან გამოსვლისა და ეფექტურში გადასვლის გზა არსებობს.

ამასთანავე, მომხმარებელთა განწყობებისთვის თვალყურის დევნება ბრენდის განმტკიცებისა და გრძელვადიან პერსპექტივაში ფულის დაზოგვის საშუალებას იძლევა. თქვენი მიზანი, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ემოციების გამოწვევაა. ნუ გეწყინებათ, თუკი ხალხი თქვენი საქმიანობის გაკრიტიკებას დაიწყებს. ერთადერთი რეაქცია, რომელმაც მართლა უნდა დაგაღონოთ და შეგაშფოთოთ, გულგრილობაა.

თათია მამნიაშვილი

ფსიქოლოგი, ანტრეპრენერი პიროვნული ზრდის და ლიდერობის მენტორი

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია