ირმა ხეცურიანი: არასოდეს თქვათ უარი მიზანზე! "ნიჭი კარგია, მაგრამ შრომის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია"
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ დიდი გული გვაქვს", – ეს სიტყვები საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და ლიდერმა, მამუკა გორგოძემ 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ახალ ზელანდიასთან გამართული დაპირისპირების შემდეგ თქვა. მართლაც ასეა და ამ პატარა ქვეყანას უამრავი წარმატებული სპორტსმენი ჰყავს, მათ შორის ქალებშიც.
ზოგადად, რაოდენ უცნაური და სამწუხაროც უნდა იყოს, საქართველოში ქალი სპორტსმენების წარმატება იშვიათობა იყო, რასაც ბოლოდროინდელი შედეგების მიხედვით ვერ ვიტყვით.
ერთ-ერთი ასეთი საამაყო ქართველი, პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანია. მებრძოლი არა მხოლოდ ასპარეზზე, არამედ ცხოვრებაშიც. იგი ამარცხებს როგორც დიაგნოზს (18 წლის ასაკში ირმას ხერხემალში კეთილთვისებიანი სიმსივნე აღმოუჩინეს), ასევე მეტოქეებსაც.
ფარიკაობა ურთულესი სახეობაა, რომელიც თავის თავში კომპლექსურად მოიცავს სხარტ აზროვნებას, ტაქტიკურ განსწავლულობას, ხელებისა და თვალის სისწრაფეს. ირმაც, რა თქმა უნდა, წარმატების მისაღწევად ყოველ ვარჯიშზე მაქსიმალურად იხარჯება და შესაბამისად, შედეგებიც არ აყოვნებს.
როგორ იქცა სპორტსმენად?
საოცარია, რომ ირმამ ამ სახეობაში ვარჯიში სულ რაღაც 5 წლის წინ, 27 წლის ასაკში დაიწყო და ამ დროის განმავლობაში ჯამში 16 ოქროს მედალი მოიპოვა, რაც, რასაკვირველია, გამარჯვებისადმი დაუოკებელი წყურვილისა და უდიდესი შრომის გარეშე არ გამოვიდოდა.
"ვმუშაობდი პარაოლიმპიურ ცენტრში ოფისმენეჯერის თანამდებობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი რუტინული იყო, ჩემი სამუშაო მაინც ძალიან მიყვარდა. ჩემმა კოლეგებმა მითხრეს, რომ არსებობს ხალხი, ვისაც პარაფარიკაობის განვითარება სურთ. ჩემი სამუშაოდან გამომდინარე, თეორიულად ვიცოდი, რა სახეობაც იყო, მაგრამ ირმა ხეცურიანი იქ, პრაქტიკაში – ვერ წარმომედგინა. შემდეგ გავიცანი ჩემი მაესტრო მალხაზ მესხი, რომელსაც ჩემს წარმატებაში უდიდესი როლი აქვს".
პირველი მისვლა დარბაზში
"პირველადი ეფექტი შესანიშნავი იყო. ბრწყინვალე გარემო, დიდი ოჯახი და ჩინებული თანაგუნდელები. ნელ-ნელა რომ მივეჩვიე ვარჯიშებს, ისე მომეწონა, რომ ვთქვი, თავს ვეღარ გავანებებ-მეთქი! 4 თვის განმავლობაში საერთოდ ჩვეულებრივ სკამებზე გვიწევდა ვარჯიში, ფარიკაობას კი მოგეხსენებათ, სპეციალური, ფიქსირებული ეტლი სჭირდება. გარკვეული პერიოდის შემდეგ გერმანიიდან აღჭურვილობა ჩამოგვივიდა და მუშაობაც მეტი ენთუზიაზმით განვაგრძეთ".
პირველი შეჯიბრი
"ჩემს პირველ ტურნირს ბევრი ხალხი არ ესწრებოდა. საბოლოოდ, საუკეთესო 8 სპორტსმენს შორის მოვხვდი. მეორე შეჯიბრი კი იყო კანადაში, სადაც მესამე ადგილი ავიღე და ამის შემდეგ ამ სახეობით კიდევ უფრო "მოვიწამლე" და მომეცა მოტივაცია, რომ გაცილებით მეტისთვის მიმეღწია. მალხაზ მესხმა ჩემს გასავითარებლად მთელი თავისი ენერგია ხმლით ვარჯიშში ჩააქსოვა და დაიწყო მოლაპარაკება, რომ B კატეგორიაშიც ყოფილიყო ხმლით ფარიკაობა, როგორც ოლიმპიური სახეობა და რიოს თამაშების შემდეგ ასეც მოხდა, რამაც უფრო მეტი სტიმული შემძინა. პირველი ოქრო ავიღე საფრანგეთში და ამან მომცა საშუალება, გაცილებით სწორად განმევითარებინა ჩემი თავი".
შესაძლოა, ნებისმიერ სპორტსმენს სხვადასხვა მიზეზით თავის სახეობაზე გული აუცრუვდეს. ამაზე ირმას შეფასება ასეთია: "როცა ტაქტიკურად ან ტექნიკურად რაიმე არ გამომდიოდა, მალხაზს ვეუბნებოდი, რომ უნდა გამენებებინა თავი, მაგრამ მან დამარწმუნა, რომ ერთ დღეში არცერთი დიდი სპორტსმენი არ გაზრდილა. შენში პოტენციალს რომ ვხედავ, იმიტომ ვშრომობ ასე შენთვისო და რეალურად მისგან ვისწავლე, თუ როგორია, იყო სპორტსმენი".
ნიჭი თუ შრომა?
"ორივე თავსებადია, მაგრამ ნიჭიერი სპორტსმენი, რომელიც შრომისმოყვარეობით არ გამოირჩევა, დაკარგულია. ნიჭი კარგია, მაგრამ შრომის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია. ასევე უმნიშვნელოვანესია თავდაჯერება, რომელიც ბოლო ორი წელია, რაც მოვიპოვე, თორემ მანამდე, შეჯიბრამდე ძალიან ვნერვიულობდი ხოლმე. ეს იმიტომ, რომ სპორტსმენი არასოდეს ვყოფილვარ და ეს მხოლოდ 27 წლის ასაკში დავიწყე, როცა იდეაში, ამ სახეობაში 6-7 წლიდან იწყებენ ვარჯიშს".
რჩევა დამწყებ სპორტსმენებს
"უპირველეს ყოვლისა, არასოდეს თქვან უარი თავის არჩეულ მიზანზე. მაქსიმალურად ბევრი უნდა იშრომონ და უნდა უყვარდეთ საქმე, რომელსაც ხელს მოჰკიდებენ. სპორტული ინტელექტი გასაგებია, მაგრამ წარმატებამდე შრომამ მიმიყვანა. ასევე აუცილებელია დისციპლინა – მეც ჩემს მწვრთნელს შენიშვნების დროს არასოდეს ვეკამათები, რადგან ვიცი, რომ ეს შენიშვნები მხოლოდ ჩემი პროგრესისთვისაა. რაც შესაძლოა წარმოუდგენლად მიგაჩნდეს, შეიძლება სწორედ ის იყოს წარმოსადგენი. არც მე მეგონა, რომ მოვლენები ასე განვითარდებოდა, მაგრამ შრომამ და მოტივაციამ ეს ყველაფერი გამაკეთებინა".
მსოფლიო ჩემპიონს წინ 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადა ელის. წარმატებებს ვუსურვებთ!