Get All Access for $5/mo

ივანე მუხრანბატონი ინოვატორი ანტრეპრენერი XIX საუკუნის საქართველოდან სწორი მენეჯმენტი, საკუთარი იდეის რწმენა და ინოვაციური აზროვნება ადამიანს მთებს გადაადგმევინებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

ივანე მუხრანბატონის* ოცნება, ევროპული ღვინის წარმოება დაეწყო და ევროპაში გაეტანა, თავდაპირველად ყველას მხოლოდ ოცნება ეგონა, მაგრამ მაინც მოახერხა დაემტკიცებინა, რომ შეუძლებელი არაფერია.

სახელგანთქმული მეღვინეობის ისტორია 1861 წელს დაიწყო. ქართველი ანტრეპრენერის მიერ საუკუნენახევრის წინ ჩაყრილი საფუძველი იმდენად მყარი აღმოჩნდა, რომ დღესაც წარმატებით გრძელდება – უკვე თანამედროვე ქართველი ანტრეპრენერების მიერ. სწორედ მათი დამსახურებით, შატო მუხრანი არა მხოლოდ ღირსეულად აგრძელებს დიდ ტრადიციას, არამედ ახალ სიმაღლეზე აჰყავს ძირძველი ქართული ბრენდი.

მე-19 საუკუნის ბოლო. სოფელი მუხრანი, თბილისიდან 40 კილომეტრში, სადაც გენერალ-ლეიტენანტი, სარდალი, ბაგრატიონთა სამეფო გვარის შთამომავალი, ივანე მუხრანბატონი 25 ათას დესეტინა** მიწას ფლობდა. საფრანგეთში მოგზაურობის შემდეგ, ინოვატორი მეწარმე მეღვინეობის იდეით იყო შეპყრობილი. 1861 წელს მან სასოფლო-სამეურნეო კომპანია "ელისაბედი" დააარსა და დიდი ბიზნესგეგმის განხორციელებას მიჰყო ხელი.

ივანე მუხრანბატონის იმდროინდელი იდეები, 21-ე საუკუნეში მარსის კოლონიზაციის სურვილისა არ იყოს, ბევრისთვის გაუგებარი, წარმოუდგენელი და შეუძლებელი ჩანდა.

თუმცა, წლების შრომამ შედეგი გამოიღო – რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, მეურნეობისა და ღვინის წარმოების ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარებამ, გენერალ-ლეიტენანტს საოცნებო ჯილდო – Exposition Universelle Internationale-ის ოქროს მედალი და ევროპაში აღიარება მოუტანა.

თუმცა, აქამდე ჯერ კიდევ დიდი გზა უნდა გაევლო.

განათლებულ და ინოვაციების მოყვარულ ივანეს ყოველთვის ისეთი საქმის კეთება უყვარდა, რომელიც სხვისგან გამოარჩევდა. 1860-იანი წლების დასაწყისში, მუხრანბატონმა მეურნეობას მიჰყო ხელი. მის მამულებში მოყვანილ კარტოფილს სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე დიდი მოწონება და ვერცხლის მედალი ხვდა წილად, მომდევნო წელს აღიარება მემამულის ღვინოსაც ერგო.

"წარმოდგენილი ღვინოები ივანე ბაგრატიონ-მუხრანსკისგან ძველი, დაწმენდილი მიგვაჩნია შესანიშნავ საქმედ და მოსურნე ვართ, რომ ამისთანა მაგალითები გამრავლდეს მომავალში", – წერდა ივანე ოქრომჭედლიშვილი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე.

მომდევნო წლებში აღიარება მუხრანბატონის მიწაზე მოყვანილმა ხორბალმაც ჰპოვა...

ივანე ამას არ სჯერდებოდა, მეტი და მეტი სურდა... მისი იდეაფიქსი ფრანგულ ბაზარზე ქართული ღვინის წარმატების მოპოვება იყო და ამ მიზნის მისაღწევად, ძალას არ იშურებდა.

იზრდებოდა მისი მამულები.

1874 წლისთვის მუხრანში არსებული 176,5 დესეტინა მიწიდან 50 დესეტინა მას ეკუთვნოდა. შთამბეჭდავი იყო დუშეთის მაზრაში არსებული მიწების რაოდენობაც. მიწა ჰქონდა გორში, თბილისსა და თელავში, დასავლეთ საქართველოში – მთლიანობაში 25 704 დესეტინა. აქედან ვენახები 110 ჰექტარზე იყო გადაჭიმული.

არაფერი გახლდათ უცნაური იმაში, რომ მევენახეობისთვის მუხრანბატონი შიდა ქართლში არსებულ მიწა-წყალს მოიაზრებდა – გეგმაში ევროპული ღვინის დამზადება იყო, ჰავა და მიწა კი გეგმისთვის სრულიად შესაფერისი. ამასობაში, საქართველოში კაპიტალიზმის ჩანასახები ვითარდებოდა – თბილისი-ბაქოსა და თბილისი-ბათუმის სარკინიგზო ხაზების გაყვანა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ივანეს წისქვილზე (გეგმაზე) ასხამდა წყალს.

ევროპიდან დაბრუნებული მემამულის მთავარი მიზანი საკუთარი მიწა-წყლის დასავლური წესით მოწყობა იყო. ივანემ ფრანგ აგრონომთან, ქუთაისის სამეურნეო სკოლის დირექტორ ოდენთან ერთად, ინოვაციური ტექნოლოგიების საქართველოში შემოტანა დაიწყო. ოდენმა ქუთაისში, მუხრანბატონის მამულებზე ჭარხლის სპირტის დამზადება დაიწყო, შექმნა ლუდის ქარხანა, გააჩაღა მეცხოველეობა. მეურნეობაში საფრანგეთიდან ჩამოტანილი მანქანა-იარაღები გამოიყენებოდა. ივანე ფრანგ მემამულეს აკვირდებოდა და გეგმის განხორციელებისკენ მიმავალ გზაზე წინ მიიწევდა.

საქმიანობის წარმართვისთვის ივანეს მუშახელი და ევროპიდან მოწვეული საქმის საუკეთესო ექსპერტები ესაჭიროებოდა, ეს კი დიდ ფულს მოითხოვდა. საკუთარი წარმოების შესაქმნელად, ფინანსები არ ჰყოფნიდა. ვალად აღებულ უზარმაზარ თანხებს კი, ჭკვიანური მენეჯმენტის დახმარებით, მარტივად ისტუმრებდა.

მუხრანბატონს ბევრი სიახლე სწყუროდა. მემამულის ინიციატივით, მიწებზე ამერიკული "შუმანისა" და ინგლისური "რანსონის" გუთნებს, "მასკ-კორპენის" სათიბებს, "ალენის" ცხენის ფორცხებსა და წისქვილს იყენებდნენ. მეწარმე ამ მეთოდით მიწის დასამუშავებლად ადამიანურ რესურსს ამცირებდა, შესაბამისად, მცირდებოდა მუშების ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხაც.

"თავადი მუხრანსკის მაშინების სარდაფში, ერთი ბორბალი ატრიალებს სამს მაშინას, სალეწსა, სანიავებელსა და წისქვილსა, რომელთაგან ერთი პირველი დგას ერთად და მესამე საკუთარ ოთახში, ღონე ბორბლისა ისეა გამოანგარიშებული, რომ სამთავ შეუძლიათ ერთად მუშაობა", – წერდნენ გაზეთებში.

ივანეს მეურნეობამ სახელი მთელ იმპერიაში გაითქვა.

მუხრანბატონი დიდ ყურადღებას უთმობდა მესაქონლეობის განვითარებას. შემოჰყავდა სხვადასხვა ჯიში. 1885 წლისთვის მის მამულში 147 ძროხა, 68 უღელი მუშა საქონელი, 62 ცხენი, 7 500 ცხვარი და 7 683 საპროდუქტო საქონელი იყო. რაოდენობა ყოველწლიურად მატულობდა, შესაბამისად, იზრდებოდა რძის, ხორცის, კარაქის, არაჟნისა და სხვა პროდუქტის გამომუშავება.

მუხრანბატონი მიწას დასამუშავებლად გლეხებს აძლევდა. მათთვის იჯარის წესები ბევრად მსუბუქი იყო, ვიდრე სხვა მემამულეებთან. თავად აქტიურად იყო ჩართული მოიჯარეებთან ურთიერთობაში. დაქირავებულთა შორის გლეხები და ხიზნები იყვნენ – მათი ანაზღაურება მაღალი იყო. პირველი ხუთი წლის განმავლობაში ისინი გადასახადებისგან თავისუფლდებოდნენ. შესაბამისად, მუხრანბატონთან მუშაობის მსურველთა რიცხვი იზრდებოდა – მათ შორის ქართველები, სომხები, ბერძნები იყვნენ.

1878 წელს თავადი მუხრანბატონის ცხოვრებაში დიდი ხნის ნაოცნებარი დღე დადგა – მამულში ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი, ტიპური კაპიტალისტური წარმოება ამოქმედდა. საფრანგეთიდან სპეციალისტები მოიწვია, დაიხმარა ცნობილი ქართველი მეღვინე, ზაქარია ჯორჯაძე, და დაახლოებით მილიონ 200 ათასი ლიტრი ტევადობის ქარხანა ააგო, რომელშიც ღვინოს ევროპული წესით აყენებდა.

ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, ივანემ მიზანს მიაღწია. მომდევნო 10 წლის განმავლობაში, მის მეღვინეობას მასშტაბითა და ხარისხით ამიერკავკასიაში ტოლს ვერავინ უდებდა. ღვინის კვლევის შედეგები ქიმიური ლაბორატორიებიდან ყოველ ჯერზე უმაღლესი შედეგებით ბრუნდებოდა. წარმოება იზრდებოდა. მუხრანბატონზე წერდა არაერთი ცნობილი მოღვაწე, მათ შორის – იონა მეუნარგია, ვერმეშევი.

1887 წელს კომპანიის მოგება 233 700 მანეთი იყო. ვენახები მუხრანში, საზედგინოში, დამპალოში, ძალისაში, ყურისუბანში, საფურცლეში, ოკამში, ნაქულბაქევში, ვეძისში, ნიჩბისსა და ხანდაკაში მდებარეობდა.

განსაკუთრებით დიდ დროს ვენახის მოვლა-პატრონობას უთმობდნენ. მუხრანბატონი მაღალი კლასის სპეციალისტებს ქირაობდა და მათ ანაზღაურებაში ფინანსებს არ ზოგავდა. მემამულე მოსავალს გვიან შემოდგომაზე იღებდა. ღვინის საოცარ არომატსაც სწორედ ამ ფაქტორს მიაწერდნენ. ივანეს თანამედროვე, გიგოლა ბედიანიშვილს წერდა: "ბატონები ვიდრე ვაზს ფოთოლი არ დასცვოდა, არ დაკრეფდნენ. ზოგჯერ ბატონის ვენახში ყურძენი ისეთი ცივი იყო, რომ ვენახებში ცეცხლი გვენთო და ზედ გაყინულ ხელებს ვითბობდით".

იმ პერიოდში საქართველოში მუხის ფიცრის ნაკლებობის გამო, კასრების დეფიციტი იყო. მეწარმემ კი გამონახა გზა და კასრების პრობლემა მოაგვარა – მუხრანბატონმა 50 000 კასრი ყირიმში შეუკვეთა.

ივანე დიდ ყურადღებას აქცევდა ყურძნის გადახარისხებას – ნაყოფის ხარისხი მოგვიანებით ღვინის ხარისხს განაპირობებდა. დაწურვის ტექნოლოგიაც სპეციფიკური იყო – სპეციალური მოწყობილობა ყურძნის ყუნწებს აცალკევებდა, შემდეგ კი ისე ჭყლეტდა, რომ წიპწა არ გასრესილიყო – "მუხრანულს", სწორედ ამ მეთოდების დახმარებით, მწკლარტე გემო არასოდეს გადაჰკრავდა.

ივანე მუხრანბატონი მუდმივად ზრუნავდა წარმოების გაფართოებაზე – აშენებდა და აფართოებდა სარდაფებს, აწყობდა ვენტილაციისა და განათების სისტემას. ელექტროენერგიას საკუთარი მცირე ჰესებისგან იღებდა. ქარხანასთანვე მდებარეობდა სახელოსნო და საზეინკლო, რომელიც ქართველი, რუსი და უკრაინელი სპეციალისტებით იყო დაკომპლექტებული. დიდ ყურადღებას აქცევდა ჰიგიენის ნორმების დაცვას – თითოეული კასრი საგანგებო საშუალებებით ირეცხებოდა.

ივანე მუხრანბატონის სახელს უკავშირდება მეღვინეობა-მევენახეობის ახალი თაობის გასაზრდელად დაარსებული სკოლა, რომელიც ყოველწლიურად 10 მოსწავლეს იღებდა. ისინი სამწლიან კურსს გადიოდნენ და მეურნეობის ხარჯზე ადგილზევე ცხოვრობდნენ. მეპატრონე თითოეული რგოლის მუშაობას თავად აკონტროლებდა და ხარჯების მიზანშეწონილობასაც თვითონვე წყვეტდა.

ივანე მუხრანბატონი ღვინის სახეობებს ახარისხებდა – არსებობდა პირველი, მეორე და მესამე ხარისხის ღვინო შესაბამისი ფასებით. ივანეს დიდი მცდელობის შემდეგ, პროდუქტის ტრანსპორტირების საკითხიც გადაიჭრა – ღვინო ქსნის სადგურიდან, საქართველოს გარდა, რუსეთში, პოლონეთსა და საფრანგეთშიც კი იყიდებოდა. მუხრანბატონმა რუსეთში საკუთარი სარდაფი გახსნა, რათა ღვინო, ბოთლების გარდა, კასრებითაც გაეგზავნა.

ქართული პროდუქცია პოპულარობას იხვეჭდა პოლონეთშიც.

ღვინის, არყისა და სპირტის პარალელურად, ივანე ცქრიალა ღვინის წარმოებასაც ეწეოდა. ყოველწლიურად, მეურნეობა 20-30 ათას ბოთლს ასხამდა. "შამპანურის" ტექნოლოგიებს, მუხრანის გარდა, საქართველოს სხვა კუთხეებში იყენებდნენ, თუმცა დასაძველებელი მარანი მხოლოდ მუხრანბატონს ჰქონდა.

მემამულის პრიორიტეტი ბრენდის განვითარება იყო – იგი პროდუქციის ხარისხის ამაღლებაზე ყოველდღიურად ზრუნავდა.

ივანე მუხრანბატონის ოცნება 1889 წელს ახდა! პარიზში, ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე Exposition Universelle Internationale "მუხრანულმა" ოქროს მედალი მოიპოვა. ამავე წელს, საფრანგეთის მთავრობამ ივანეს "სოფლის მეურნეობის დამსახურებული მოღვაწის" (Officier du mériteagricole) წოდება მიანიჭა.

თუმცა, ივანესთვის ეს საკმარისი არ იყო.

ბევრი ფიქრის შემდეგ, მუხრანბატონმა ადგილობრივი სტუდენტები დაიქირავა, რომლებიც პარიზულ რესტორნებში დადიოდნენ და "მუხრანულს" ითხოვდნენ. როდესაც პერსონალისგან უარს იღებდნენ, რესტორანს ტოვებდნენ. ასე მოახერხა მეწარმემ საფრანგეთიდან მოთხოვნის გაზრდა.

1889 წელს პარიზის ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე, "მუხრანულმა" უდიდეს წარმატებას მიაღწია – ბრენდი ოქროს მედლით დააჯილდოვეს.

ამ დღის შემდეგ "მუხრანული" პეტერბურგის საიმპერატორო კარის ექსკლუზიური მიმწოდებელი გახდა და ბოთლზე საიმპერატორო გერბის გამოსახვის უფლება მიიღო. საპატიო სტუმრებს კარზე სწორედ მუხრანბატონის სასმელებით უმასპინძლდებოდნენ.

საფრანგეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმე ივანემ ნიკო ნიკოლაძეს მიანდო. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობის კონგრესზე "მუხრანულით" არაერთი მემამულე და მეღვინე აღფრთოვანდა, მათ რუსეთის იმპერიაში დიდი კაპიტალის დაბანდება ომის დაწყების შიშით ვერ გაბედეს.

მუხრანბატონის საქმე წლების განმავლობაში წინ მიიწევდა, თუმცა 1890-იანებში წარმოებამ დიდი დარტყმა განიცადა – ევროპულ და ამერიკულ ჯიშებს მოყოლილი ვაზის დაავადება მასიურად აფუჭებდა და ანადგურებდა მოსავალს. შედეგად, 1894 წელს პეტერბურგში, ღვინისა და ვენახის საერთაშორისო გამოფენაზე, "მუხრანულმა" უჩვეულოდ დაბალი ხარისხის – ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მუხრანბატონი 1895 წელს საკუთარ მამულში გარდაიცვალა. ამასობაში ინოვატორი ქართველი მეწარმის მეურნეობა მუშაობას ინერციით აგრძელებდა, დროთა განმავლობაში კი უკან-უკან წავიდა. ძველი დიდება "მუხრანულს" მხარს აღარ უმაგრებდა.

"მუხრანულის" ახალი სიცოცხლე

1875 წელს წარმოების შექმნის პარალელურად, ივანემ სასახლის – მეურნეობის გულის, მშენებლობა დაიწყო. სამუშაოები 12 წელიწადში დასრულდა. უზარმაზარი მამული ქართული ელიტის თავშეყრის ადგილად იქცა.

პომპეზურ სასახლეს ხშირად სტუმრობდნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, არტურ ლაისტი, პლატონ იოსელიანი, გიგო გაბაშვილი და სხვები. სასახლის გვირაბები ქარხანას უკავშირდებოდა. წელიწადის ნებისმიერ დროს, გვირაბებში ტემპერატურა სტაბილურად +15 გრადუსია, სარდაფები კი 60 ათას კასრ ღვინოს იტევს.

იმპერიის ნგრევასთან ერთად, მიწასთან გასწორდა ისტორიული შენობა და მიმდებარე მამულები. წლების განმავლობაში, მუხრანბატონთა სამოსახლო ნადგურდებოდა.

პროცესს წერტილი 2002 წელს დაესვა, როდესაც ფრედერიკ პოულსენი, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე "შატო მუხრანის" აღდგენის გრძელ პროცესში ჩაერთნენ – ადგილმამულს გარდასული დიდება დაუბრუნეს და 2007 წლის შემდეგ, შატო მუხრანის ღვინის დაყენება მხოლოდ მუხრანის ვენახებში მოყვანილი ყურძნით დაიწყეს.

დღესდღეობით, "შატო მუხრანი" ქართული ღვინის სახეობებსა და ალკოჰოლურ სასმელებს აწარმოებს. ნაწარმის ექსპორტი არაერთ ქვეყანაში ხორციელდება. მამული ერთ-ერთი ისტორიული ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ტურისტული ჯგუფები ყოველდღიურად სტუმრობენ.

ივანე მუხრანბატონის საქმე გრძელდება – მამულები და მეღვინეობა აღდგენილია, "შატო მუხრანი" კი მე-19 საუკუნის სახელგანთქმული წარმოების გზის ღირსეული გამგრძელებელი გახლავთ.

ხატია გელოვანი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი

მენეჯმენტი

რესტორნის მფლობელის ხუთი გამოწვევა

რესტორნის ახალბედა მფლობელები სათანადოდ არ აფასებენ საწყის კაპიტალს, რომელიც ახალი რესტორნის გასახსნელადაა აუცილებელი