Join our Waitlist for Expert Advice!

ჯანსაღი ცხოვრების ნატიფი ხელოვნება "ერთ დღესაც ყველამ მოულოდნელად გაიღვიძა და მიხვდა, რომ ფიზიკური ჯანმრთელობა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საზრუნავია"

By მელი ბაღდავაძე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მელი ბაღდავაძე

ჯანსაღ ცხოვრებაზე რჩევები იცით, რას ჰგავს უკვე?

თუ ბევრ წყალს სვამ, შეწყვიტე და თუ არ სვამ, დალიეო.

ამ პლანეტაზე ორი საუკუნის წინ რომ გვეცხოვრა, იმაზე უამრავჯერ მეტად ვიქნებოდით ფიზიკურად დატვირთული, ვიდრე ახლა ჩვენს ყველაზე რთულ დღეებში გვგონია. ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილებისათვის, წარმოგიდგენიათ, რამდენი უნდა გვევლო? რა რაოდენობის ხელსაქმე გვექნებოდა, ან როგორ მოვიპოვებდით საკვებს?

ახლა კი იგივე სხეულსა და იგივე ძალას რისთვის ვიყენებთ? − ტაქსიში ჩაჯდომაში. საჭმლის გამოძახებაში. ლიფტზე თითის მიჭერაში, ოღონდ ცერას − ასქროლვაში.

"უდარდელად" მოვთავსებულვართ რბილ სკამებზე და ზოგჯერ საათები ისე გადის, საჩვენებელი თითის მაუსზე დაკლიკების გარდა, არცერთი მოძრაობა აღარ გვიწევს.

მაგრამ ბოლო დროს, ასე მგონია, ერთ დღესაც ყველამ მოულოდნელად გაიღვიძა და მიხვდა, რომ ფიზიკური ჯანმრთელობა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საზრუნავია. გასაკვირი არცაა − ჩვენი ვიზუალი ხომ საკუთარი თავის ნომერ პირველი პრეზენტაციაა.

როგორც კი უცხო გარემოში შეაბიჯებ, სრულიად უცნობ ადამიანებს ერთი შეხედვით შეუძლიათ შენზე წარმოდგენა შეექმნათ: რამდენი გეძინა, როგორი მანერები გაქვს, როგორ უვლი და რას ფიქრობ საკუთარ თავზე, რას სვამ და როგორ იკვებები.

ბოლო დროს მომრავლებულმა არასწორმა ინფორმაციამ, არასანდო საკომუნიკაციო არხებმა და საკუთარ თავზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა უამრავი ადამიანის ჯანმრთელობა დააზიანა. ხშირად გვგონია, რომ ფიტნესზე სიარული და კონკრეტული დიეტები გვიშველის, დროებით მაინც. ერთია, რომ ჩვენ არ ვფიქრობთ ამ აქტივობების მუდმივობაზე და მეორე − ჩვენი ქცევის, ჩვენი ცხოვრების სტილის მთლიანად შეცვლაზე.

არ დაიჯეროთ, თუ ოდესმე ვინმე ზედმიწევნით გეტყვით, ჯანმრთელი ცხოვრების წესი ასეთი და ასეთიაო. არ შეიძლება, არსებობდეს ერთი კონკრეტული ფორმულა, რომელიც ყველას გვერგება. თუმცა დამეთანხმებით, ბევრი საერთოც გვაქვს და იქნებ ეს ჩემი რჩევები თქვენც გამოგადგეთ.

მე არ ვაპირებ გირჩიოთ, კვების რომელ რაციონს მოერგოთ ან რა სახის ვარჯიშები გააკეთოთ ფეხების გასამკვრივებლად, მაგრამ მერწმუნეთ, მათზე არანაკლებ მნიშვნელოვანი რჩევებით ვარ დღეს აქ წარმოდგენილი.

დილა

იცოდით, რომ ჯანმრთელი ადამიანის გული დიდხანს სიცოცხლისთვის კვირაში მინიმუმ 150 წუთი უნდა იყოს აჩქარებული, ანუ დღეში სულ რაღაც 20 წუთი. რომ გაიღვიძებთ, გადატრიალდით მარჯვენა გვერდზე 2 წუთით, რათა გულს არ დააწვეთ ადგომისას, მაშინვე ამოიცვით სპორტულები და გავარდით გარეთ. იარეთ სწრაფი ნაბიჯებით ან ირბინეთ. გაღვიძებისას, პირველივე ასეთი აქტივობა თითქოს ბუნებასთან სინქრონიზაციაში გეხმარებათ და მთელი დღე საოცრად ენერგიულად და სუფთა გონებით მიდის. შედეგად, ვიღებთ ჯანსაღ გულს, ფილტვებს და შესანიშნავ ფიგურას.

ნუ დაიწყებთ დილას ტელეფონით. რომ გაიღვიძებთ, იფიქრეთ მხოლოდ იმაზე, თუ როგორი არაჩვეულებრივი დღე გელოდებათ. ასე თქვენ შეგიძლიათ დააპროგრამოთ თავი − წარმოიდგინოთ, თითქოს მთელმა დღემ უკვე ჩაიარა და ყველაფერი ისე მოხდა, როგორც გსურდათ. წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი და ადექით გაღიმებული, თითქოს უკვე იცით, რაც მთელ დღეს მოხდება და ახლა ისღა დაგრჩენიათ, ამით ისიამოვნოთ.

დღე

ილონ მასკის 5-minute rule-ის შესახებ თუ გსმენიათ?.. მას მთელი დღე დაყოფილი აქვს 5-წუთიან შუალედებად. წარმოდგინეთ, მსოფლიოში ყველაზე (ლეგიტიმურად) დაკავებული ადამიანი "ლანჩის" ჩაღეჭვიდან მარსზე ტრანსპორტირებამდე ყველაფერს ზომავს, რომ პროდუქტიული იყოს და დრო არ გაექცეს. საშუალო მოკვდავთა ტვინი ასე იდეალურად, საათივით ალბათ ვერ აეწყობა და ყოველ 5 წუთში რაღაცის ჟღარუნიც ალბათ გაგვაგიჟებს, მაგრამ ნახევარ ან ერთსაათიანი შუალედებით იმდენი რამის სწავლა არის შესაძლებელი... სცადეთ, იქნებ დღის განმავლობაში მეტი დრო არის, უბრალოდ, ჩვენ მისი კონტროლის მექანიზმი არ გვქონდა აქამდე.

თუ დაკვირვებიხართ, როგორია მუშაობისას თქვენი ჯდომის მანერა, სად დევს ლეპტოპი, როგორ სიმაღლეზეა მაგიდა და სკამი? ამას წინათ ლეპტოპის მაგიდაზე დასადგამი კონსტრუქცია

გამოვიწერე, რომელიც ლეპტოპს ისე ამაღლებს, რომ თვალები ეკრანის ცენტრს ოდნავ მაღლა უყურებს. მას შემდეგ თვალები გაცილებით ნაკლებად მეღლება და კისერიც აღარ მაწუხებს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მე სულ რაღაც 18 დოლარი დამჭირდა.

გაგეცინებათ, და ზოგჯერ ყველაზე მთავარი გვავიწყდება: ამოსუნთქვა.

ეს ულიმიტო ფუნქცია ჯერჯერობით ჩართული გვაქვს ადამიანებს და იქნებ ის 1-საათიანი ილონმასკური წესი ამ რჩევასთან კოლაბორაციაში მოვიყვანოთ: ადექით ყოველ 1 საათში, გამოაღეთ ფანჯარა და რამდენიმეჯერ ღრმად შეისუნთქეთ და ამოისუნთქეთ.

კვების ხსენების გარეშე, რა ჯანმრთელობის რჩევების ნუსხა იქნებოდა ეს?! ოფისში დავდივართ თუ შინიდან ვმუშაობთ, "ლანჩის" დრო ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი მომენტია ხოლმე დღის განმავლობაში, მაგრამ მის მოსაფიქრებლად და შემდეგ, მოსამზადებლად, დრო არასდროსაა. ჰოდა, ასე დავიწყე მთელი კვირის საკვების მოფიქრება და მათი ნახევარფაბრიკატებად მომზადება კვირა საღამოს. პროდუქტების შეძენით, მათი გასუფთავებით, ზოგის მომზადებითა და გაყინვით, იმხელა სადარდებელი მომეხსნა, რომ მინდა ყველამ გაიგოთ ამ lifehack-ის შესახებ!

ღამე

იდეალურია, თუ დატვირთული დღის ბოლოს გათიშავთ კომპიუტერს და მხოლოდ პირად ზარებს უპასუხებთ. წარმომიდგენია, რა რთულია ამის გაკეთება, მაგრამ დროა ისწავლოთ "არა"-ს თქმაც. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ბევრს გვიჭირს ეს და შედეგად ვიღებთ უამრავ საქმეს, არასასურველ პასუხისმგებლობებს და სხვისი ცხოვრებით ცხოვრებას.

რაღა თქმა უნდა, სცენაზეა ძილი. თუ დაკვირვებიხართ, ძილში თავისით წყდება პრობლემები. კარგად გამოძინებულზე თითქოს დაუმარცხებლები და უფრო თავდაჯერებულები ვართ. ინგლისურად ცალკე გამოთქმაც კია: sleep on it − დაიძინე რომელიღაც იდეით და დილით პასუხი დაგხვდება. თუ დაძინებამდე მცირედ გაწელვებს გააკეთებთ, რომ მთელი დღის ნამუშევარ სხეულს ამით მადლობა უთხრათ, შემდეგ კი თბილ შხაპს გადაივლებთ, რომ მთელი დღე წყალს გაატანოთ, ეს ეფექტი რამდენადმე უკეთესი გახდება. ჯადოქრობასავით ჟღერს, მაგრამ მენდეთ − მე ვცადე და ასეა.

ზოგჯერ საოცრად რთული გვეჩვენება იგივეს კეთება დატვირთულ სამუშაო პირობებში. თითქოს საკუთარი თავისთვის მთელი დღის განმავლობაში 5 წუთსაც ვერ ვპოულობთ, დაღლილი ვიძინებთ და დაღლილი ვიღვიძებთ, ხან ჭამა გვავიწყდება, ხან − სიმაძღრის შეგრძნება.

ჯანმრთელობა ჩვენი იდეა არაა. ის არც ჩვენი შექმნილია, მაგრამ სამაგიეროდ, ავად ყოფნაა უმეტესწილად ჩვენი ბრალი. დაუშვებელია, საკუთარ სხეულს არ მისცე სრულყოფილად ფუნქციონირების საშუალება. თუ შენი გონება და სხეული ჯერ კიდევ კარგად მუშაობს, მაგრამ შენ ამას ისე იღებ, თითქოს ასეც უნდა იყოს, მგონი დროა, ეს ქცევა შეცვალო.

ჯანმრთელობა ცხოვრებისეულ სიამოვნებებზე უარის თქმა არ არის, პირიქით − როგორც კი ამ ლიანდაგს დააჯდებით, მიხვდებით, სინამდვილეში რა არის სიმსუბუქე, რაშია ბედნიერება და ცუდი ჩვევებისკენ მხოლოდ ზოგჯერ გადახვევა, რომ გაცილებით დიდი ბედნიერებაა; ვიდრე ამით ყოველდღიური ცხოვრება. სხვა რა არის ჯანმრთელი ცხოვრება, თუ არა უკეთესი გონებისკენ, სხეულისკენ და ანალიზების პასუხებისკენ სწრაფვა, არა?..

თუ შენ მაინც ვერ მოიცალე საკუთარი თავისთვის, გაიხსენე − იმისთვის მუშაობ, რომ იცხოვრო, და არა პირიქით.

და მაინც: ბევრ წყალს თუ სვამთ, შეწყვიტეთ, და თუ არ სვამთ − დალიეთ.

მელი ბაღდავაძე

ჯანსაღი ცხოვრების მაძიებელი კრეატიული სააგენტო „ლივინგსტონის“ აღმასრულებელი პროდიუსერი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ანტრეპრენერობა - აზროვნების ტიპია

"რაღაც უნდა ისწავლოთ და ამავე დროს, რაღაც უნდა დაივიწყოთ"