კაცი, რომელიც სამ დისტანციურ სამსახურში მუშაობს, იპოთეკის გადახდის შემდეგ შვილების განათლებისთვის ზოგავს ფულს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
48 წლის ჯოსეფს ტეხასიდან ვერასდროს წარმოედგინა, რომ სამ დისტანციურ სამსახურში სრული დატვირთვით იმუშავებდა.
თუმცა, Business Insider-ის ცნობით, მან შარშან $344 000 სწორედ ამგვარი მუშაობით იშოვა. მიუხედავად იმისა, რომ სტრესი დიდია, დამატებითი შემოსავალი მისი ოჯახისთვის იმდენად მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანი აღმოჩნდა, რომ ჯოსეფი გეგმავს, განაგრძოს ასე მუშაობა, ვიდრე შეძლებს. მაგალითად, დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენის შემდეგ მან მოახერხა და იპოთეკა დაფარა.
2020 წლის დასაწყისში ჯოსეფს ერთი სამსახური ჰქონდა და მისი შემოსავალი წლიურად $117 500 იყო. სწორედ ამ პერიოდში მიიღო შემოთავაზება კიდევ ერთი IT-კომპანიიდან წლიური $120 000-იანი ანაზღაურებით. ის პირველ საქმეზე უარის თქმას აპირებდა, თუმცა კოლეგამ დაარწმუნა, რომ ორივეს ერთდროულად კეთებაც გამოუვიდოდა.
იმ პერიოდში დატვირთვა დიდი არ იყო, 4-5-საათიანი სამუშაო კვირაში − სწორედ ამან აფიქრებინა, რომ ორ სამსახურში მუშაობას მოახერხებდა. გარდა ამისა, ნებისმიერ დროს შეეძლო ერთ-ერთიდან წამოსულიყო.
"მუშაობის ასეთ განრიგზე აქამდე არ მქონდა ინფორმაცია. კოლეგამ ახსენა და მეც უბრალოდ გადავწყვიტე, მეცადა", − იხსენებს ჯოსეფი Insider-თან ინტერვიუში.
ახალი სამუშაო ბევრად დატვირთული აღმოჩნდა − 30-იდან 40 საათამდე ხანგრძლივობით მუშაობა. დაახლოებით ექვს თვეში კი კომპანიაში ცვლილებები დაანონსდა, რამაც ჯოსეფს აფიქრებინა, რომ ახალი შესაძლებლობები უნდა ეძებნა.
მესამე სამსახურში მუშაობა 2022 წლის თებერვლიდან დაიწყო − აქაც მისი ანაზღაურება, როგორც IT-სპეციალისტისა, $120 000-ს აღწევდა წელიწადში. ამასობაში კი მის მეორე სამსახურში დატვირთვა 30-40 საათიდან კვირაში 5-8 საათამდე შემცირდა. ამიტომაც გადაწყვიტა, სამივეგან მუშაობა ეცადა.
N3 სამსახურიდან რამდენიმე თვეში წამოვიდა, რადგან ახალი შემოთავაზება მიიღო. დღეს ჯოსეფი დაახლოებით კვირაში 40 საათს მუშაობს სამივე სამსახურში ერთად, ამას ხანდახან დამატებითი საათებიც ახლავს, 2-3 საათი საღამოობით.
ყოველთვის, როცა ახალ შემოთავაზებას თანხმდებოდა, ჯოსეფს ეგონა, რომ მთელ თავის დროს ეს უკანასკნელი წაიღებდა და სხვებისთვის საკმარისად ვეღარ იმუშავებდა, თუმცა აღმოაჩინა, რომ სამივე საქმე ერთად გამოსდიოდა.
ჯოსეფის რეალური სახელი მხოლოდ Insider-ისთვის არის ცნობილი. ის იმ ბევრ ამერიკელს შორის ერთ-ერთია, ვინც ინფლაციის პირობებში რამდენიმე ადგილას ერთდროულად მუშაობს.
რამდენიმე ადგილას მუშაობას თავდაპირველად ჯოსეფის ცოლი ეწინააღმდეგებოდა და მორალურად გაუმართლებელ საქციელად მიიჩნევდა, თუმცა ქმრის მონდომებამ და სიჯიუტემ დაანახა, რომ ეს შესაძლებელი იყო.
ამაში დიდი დამსახურება იმასაც მიუძღვის, რომ დამატებითმა შემოსავალმა ოჯახს ამოსუნთქვის საშუალება და ფინანსური თავისუფლება მოუტანა.
"მოვახერხეთ სახლის, მანქანების საფასურის გადახდა, ჩვენს შვილს ავტომობილი ვუყიდეთ. უბრალოდ მინდა, მომავალში ფინანსურად კომფორტულად ვგრძნობდეთ თავს. ჯერ კიდევ ისე ვცხოვრობთ, თითქოს მხოლოდ ერთი შემოსავალი მაქვს, თუმცა შემიძლია ოჯახის წევრებს ვუთხრა − "მოდი, დისნეილენდში წავიდეთ", და არ ვიფიქრო, ფინანსურად გავწვდები თუ არა", − ამბობს ჯოსეფი.
მიუხედავად ბევრი დადებითისა, ჯოსეფი ამბობს, რომ "გადაიწვა" და არ იცის, რამდენ ხანს მოახერხებს ამ ტემპში მუშაობის გაგრძელებას, თუმცა ამბობს, რომ არსებობს გარემოებები, რომლებიც აძლევს ენერგიას, არ შეწყვიტოს არჩეული გზა.
უპირველესად, მას არ უნდა, შვილებს განათლება სტუდენტური სესხით მიაღებინოს. "უნივერსიტეტში მიღებულმა განათლებამ ძალიან ბევრი შესაძლებლობა მომცა. მინდა, ჩემს შვილებსაც ჰქონდეთ იმავეს საშუალება".
გარდა ამისა, ამბობს, რომ დამატებითი სამუშაო მას დაცულობის შეგრძნებას სძენს, განსაკუთრებით არსებულ ეკონომიკურ კლიმატში, როცა ნებისმიერ დროს შეიძლება რომელიღაც სამსახური დაკარგოს.
მიუხედავად იმისა, რომ ჯოსეფი ხშირად ღელავს, პრობლემები არ შეექმნას რამდენიმე ადგილზე მუშაობის გამო, მაინც ფიქრობს, რომ IT-სფეროში ყველაზე მარტივია ერთდროულად ერთზე მეტი სამსახური გქონდეს.
"ამ სფეროში სრულ 40 საათს კვირაში არავინ მუშაობს", − ამბობს ის.
თუკი პრობლემები მაინც შეექმნება, ფიქრობს, რომ ამის მიუხედავად მოახერხებს სამუშაოს პოვნას. თუმცა მაინც ცდილობს, ისე იმუშაოს, რომ სამსახური არ დაკარგოს. როგორ ახერხებს ამას? − მან ინტერვიუში რჩევები გაგვიზიარა.
მაგალითად, პირველი სამსახურის ციფრულ კალენდარში შეხვედრებსა და ვალდებულებებს ამატებს "კერძო" სექციაში, რათა დარწმუნდეს, რომ ვერავინ ნახავს. ეს ეხმარება, ერთსა და იმავე დროს არაფერი დანიშნოს.
"თუკი შენს კალენდარს მოაწესრიგებ, კონფლიქტური სიტუაცია არ შეგექმნება. თუმცა ხანდახან ყველაფერი ხდება. შესაძლოა ონლაინშეხვედრები დაემთხვეს, ამიტომ კამერა თითქმის მუდამ გათიშული მაქვს", − ამბობს ჯოსეფი.
დამატებით, ყველა სამსახურში ჰყავს ერთი ახლო მეგობარი მაინც, ვისაც საკუთარ პრობლემებს უზიარებს.
"ვენდობი, რომ არავისთან იტყვიან ჩემი მუშაობის სტილის შესახებ. უბრალოდ, ძალიან მჭირდება კომპანიაში ვინმე, ვინც გამიგებს, რატომ შეიძლება ვაცდენდე ამა თუ იმ შეხვედრას".
ჯოსეფი ამბობს, რომ იშვიათად აწუხებს ფაქტი, თუ როგორ უმალავს დამსაქმებლებს სხვაგან მუშაობის შესახებ. მაგრამ ფიქრობს, რომ თუკი მის რომელიღაც თანამშრომელს გაათავისუფლებენ ერთადერთი სამსახურიდან, ალბათ სინდისი შეაწუხებს.
"ჩემი ხელფასი ფიქსირებულია, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, რეალურად 15 საათს ვიმუშავებ თუ 40-ს − თუკი საქმეს ვაკეთებ, ეს ნიშნავს, რომ დავიმსახურე კიდეც ანაზღაურება", − აღნიშნავს ჯოსეფი.
მომავალზე ფიქრისას ჯოსეფი ამბობს, რომ პირველ და მეორე სამსახურებს დათმობდა მესამის შესანარჩუნებლად. რადგან ეს უკანასკნელი მისთვის უფრო საინტერესოა და კარიერული ზრდის მეტ შანსს აძლევს.
მაგრამ ამ ეტაპზე ცხოვრების სტილზე უარის თქმას არ აპირებს.
"არც კი ვიცი, რას ვიზამდი, მხოლოდ ერთი სამსახური რომ მქონდეს. რა უნდა მოუხერხო ამდენ თავისუფალ დროს?"