Get All Access for $5/mo

კომფორტი - ზონა, რომელიც უნდა დატოვო მინდა გაგიზიაროთ 3 დიდი კომფორტის ზონა, რომლის დატოვების პირადი გამოცდილება მაქვს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

უკვე მესამე დღეა მეხიკოს ძველ უბან კოიოაკანში ვცხოვრობ, ფრიდა კალოს და დიეგო რივერას სახლთან ახლოს, იაფ ავოკადოს მივირთმევ და დღე და ღამე არეული მაქვს. რაზე უნდა დავწერო ეს სტატია, თუ არა სიახლის მიღების უნარზე და კომფორტის ზონის დატოვებაზე...

ბავშვობიდან რუტინებს ვართ მიჩვეული − ძილის წინ ზღაპრის მოყოლა იქნება ეს თუ გაღვიძებისთანავე კბილების გახეხვა, შემდეგ ბაღში თუ სკოლაში ერთი და იგივე გზით სიარული, შემდეგ სამსახურში ყავის ერთსა და იმავე ადამიანებთან ერთად დალევა და ა.შ. ეს რუტინები სიმშვიდეს და კომფორტს გვანიჭებს და მათ ისე ვეჩვევით, რომ პატარა ცვლილებაც კი შეიძლება მტკივნეული იყოს.

რამდენადაც კომფორტულია ასეთი "დალაგებული" ცხოვრებით ცხოვრება, იმდენად საშიშია, რადგან ჩემი ღრმა რწმენით, სწორედ ცვლილებას მოაქვს განვითარება. განსაკუთრებით თუ ანტრეპრენერობაზე ვსაუბრობთ, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ კომფორტის ზონის დატოვება უბრალოდ აუცილებელია, რადგან გზა, რომელსაც ჩვენ გავდივართ, არასდროს არ არის იგივე, რომელიც გუშინ გამოვიარეთ. ამიტომ ჩვენ სწორედ კომფორტის ზონის დატოვებას უნდა გავუშინაურდეთ და ამ პროცესთან ვიყოთ კომფორტულად.

მინდა გაგიზიაროთ 3 დიდი კომფორტის ზონა, რომლის დატოვების პირადი გამოცდილება მაქვს, თუმცა ეს ზონები რა თქმა უნდა ძალიან ბევრი და ინდივიდუალურია − ვიღაცისთვის შესაძლოა საჯაროდ გამოსვლა იყოს კომფორტის ზონის დატოვება, ვიღაცისთვის კი სრულიად უცხო ადამიანთან საუბრის წამოწყება და ა.შ.

კომფორტის ზონა #1 – "კარგი სამსახური"

სტაბილური სამსახურიდან წამოსვლა და გაურკვეველი მომავლის პროექტების წამოწყება კომფორტის ზონის დატოვებაა. ხშირად, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა არ მოგწონდეს სამსახური, არათუ წამოსვლაზე, არამედ სხვა სამსახურში გადასვლაზეც კი ყოყმანობ ადამიანი. ვაიდა იქ უარესი დახვდეს, სანამ ახალ თანამშრომლებს კარგად გავიცნობ, ლანჩი სად უნდა მივირთვა და ა.შ. შფოთვები არ მთავრდება, ხშირად ამ გაურკვეველი სიახლის მიღებაზე უარს ამბობ და ისევ შენს არაიდეალურ, მაგრამ მაინც კომფორტის ზონაში რჩები.

სამსახურიდან წამოსვლა ხომ საერთოდ სხვა განზომილებაა. აქ უკვე მეზობელსაც კი უნდა აუხსნა, რატომ აღარ მუშაობ.

ჩემთვის კონკრეტული ბიზნესიდეა გახდა ინსპირაცია, რომ სამსახურიდან წამოვსულიყავი. მაშინ ეს გადაწყვეტილებაც რთულად მეჩვენებოდა. ვფიქრობდი, ნახევარ განაკვეთზე მაინც ვიმუშავებ-მეთქი, მიჭირდა ამ "მარკეტინგის მენეჯერის კარიერის" დათმობა. თუმცა მალევე მივხვდი, რომ საკუთარი საქმის კეთება იმაზე გაცილებით მეტ რესურსს მოითხოვს, ვიდრე წარმომედგინა, და აუცილებელი გახდა ჩემი თავი სრულად მიმეძღვნა ამ პროცესისთვის.

კომფორტის ზონა #2 – "კარგი პოლიციელი"

ყოველთვის უთხრა ადამიანებს ის, რაც მათ უნდათ, რომ მოისმინონ, ანუ ითამაშო ყოველთვის "კარგი პოლიციელის" როლი, გადასარევი კომფორტის ზონაა, მაგრამ როცა შენი კომპანია გაქვს, წელიწადში რამდენჯერმე შეიძლება ადამიანისთვის არათუ მკაცრი შენიშვნის მიცემა, არამედ სამსახურიდან გათავისუფლება მოგიწიოს. ამიტომ აუცილებელია პირდაპირობის ჩვევა გამოვიმუშავოთ. მახსოვს, რამდენი ვინერვიულე, როცა პირველად ჩემივე აყვანილი თანამშრომელი გავათავისუფლე სამსახურიდან. რთულია ადამიანს პირდაპირ უთხრა, რომ არ მოგწონს, რაც უნდა ობიექტური იყოს შენი აზრი, მაგრამ საბოლოო ჯამში სიმართლის თქმა ყოველთვის უკეთესია და პროცესი რაც უნდა არაკომფორტული იყოს, შედეგი აუცილებლად უფრო ძლიერ ადამიანად გაქცევთ, ამიტომ არ უნდა აირიდოთ თავიდან პირდაპირობის პასუხისმგებლობა.

კომფორტის ზონა #3 – "კარგი ქვეყანა"

ძალიან მიყვარს თბილისი და საქართველო, არ მიცხოვრია აქამდე სხვაგან არსად, და დღესაც რომ მკითხო, საბოლოოდ საქართველოში მინდა ცხოვრება. მაგრამ მსოფლიო ძალიან დიდი და მრავალფეროვანია იმისათვის, რომ სხვა ქვეყანაში ცხოვრება არ გამოსცადო, თუნდაც ცოტა ხნით. აგერ, მესამე დღეა მეხიკოში გადმოვედი საცხოვრებლად ორი ბავშვით წლის ბოლომდე. ჯერჯერობით, საინტერესოსა და რთულს შორის პროცენტულად 10/90-ზე ნაწილდება. დავტოვე ჩემი ყველა რუტინა, ბავშვების დალაგებული რეჟიმი, ორი კომპანია, რომელთა მართვაში ყოველდღიურად ფიზიკურად ვიყავი ჩართული, და ახლა მხოლოდ ონლაინკომუნიკაცია გვაქვს და ა.შ. ალბათ ბევრისთვის რომანტიკულად ჟღერს მექსიკისნაირ საინტერესო და ეგზოტიკურ ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლა, მაგრამ სინამდვილეში, ეს არის კომფორტის ზონის დატოვების მწვერვალი.

მთავარი ალბათ ისაა, რომ ხედვა გქონდეს, საით მიდიხარ, მიზანი იყოს ნათელი. მე მაგალითად, მინდა ყოველთვის გამოვიყენო შანსი, რომელსაც ცხოვრება მაძლევს. ღია ვიყო ნებისმიერი სიახლისთვის. მაქსიმალურად შევიგრძნო განსხვავებული ხალხი, განსხვავებული კულტურა, ბიზნესის კეთების განსხვავებული სტილი და ცხოვრების ახალი რიტმი. ასე რომ, ვნახოთ, რას გვიმზადებს ფერადი მეხიკო, მანამდე კი გირჩევ დაარღვიო რუტინები. მარტივით დაიწყე: სხვა გზით წადი ხვალ დილით სამსახურში, სხვა კაფეში დალიე ყავა, და სცადე რაიმე სრულიად ახალი, თუნდაც მოამზადე უცხო კერძი. მაგალითად, მექსიკური ენჩილადა. რეცეპტი თუ დაგჭირდა, მომწერე!

მარიტა გენებაშვილი

"Inebe.ge"-ის, "მიკროგრინისა" და "მინდორის" თანადამფუძნებელი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ