კომფორტის ზონა: დაჭერობანას თამაში კომფორტის ზონასთან მიმართებით გთავაზობთ ნეიროფსიქოლოგიის, ქოუჩინგისა და ეზოტერიკის ნაზავს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ერთხელ სოციალური ქსელის ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი ჯგუფის კომენტარებში საინტერესო შეკითხვა შემხვდა. ახალგაზრდა ქალბატონი სრული გულწრფელობით კითხულობდა, ყველანი რომ კომფორტის ზონიდან გამოსვლას ცდილობთ, მე ჯერ მაგ ზონისთვის არ მიმიღწევია, მასწავლეთ, როგორ მოვიპოვო და თავად გადავწყვეტ, ოდესმე გამოვალ თუ არაო. ამ ერთი შეხედვით ირონიანარევ კომენტარში ფუნდამენტური სინამდვილე იმალება. უმეტესად კომფორტის ზონას ადამიანები ჩვენი სოციალური მდგომარეობისა და ყოფის მიხედვით ვსაზღვრავთ და სრულიად ბუნებრივია, რომ მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქიის სხვადასხვა საფეხურზე მყოფ ადამიანებს კომფორტის ზონის განსხვავებული აღქმა ჰქონდეთ. თუმცა კომფორტის ის ზონა, რომელზეც დღეს დავწერ, ემოციურ მდგომარეობას უფრო შეეხება, ვიდრე სოციალურ სტატუსს ან სოციალური რეალიზაციის რომელიმე ფორმას ინდივიდისთვის.
მე ძალიან მხიბლავს საბაზისო თემების ინტერდისციპლინურ რაკურსში განხილვა და მკითხველსაც სწორედ ამ რაკურსიდან ვეხმიანები. კომფორტის ზონასთან მიმართებით გთავაზობთ ნეიროფსიქოლოგიის, ქოუჩინგისა და ეზოტერიკის ნაზავს. თუ კარგად დავაკვირდებით, საკუთარი მიზნების განხორციელებისას გამოცდილი ადამიანები ურთიერთწინააღმდეგობრივი შინაარსის რჩევებს გვაწვდიან. ერთი მხრივ, ჩვენი სურვილების რეალიზებისთვის მათ მიმართ ჩვენს განსაკუთრებულ ლტოლვასა და მღელვარე დამოკიდებულებაზე მიუთითებენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნებისმიერი მიზნის დასახვისას მისი რეალიზაცია ჩვენს გულწრფელ სურვილზეა დამოკიდებული. ამით განსხვავდება ოცნებები გეგმებისგან. როდესაც ჩემი მიზნისკენ მიმავალ გზას თვით ქვეცნობიერი დამილოცავს და ჩემს მხარდასაჭერად ყველა საჭირო რესურსის მობილიზებას მოახდენს, მიზნის შესრულებას წინ ვერაფერი აღუდგება. გაცნობიერებული მიზანდასახულობის დროს თითქოს მთელი სამყარო ერთიანდება ჩემს მხარდასაჭერად. ე.ი. რაც უფრო ძლიერი და ნამდვილია სურვილი, მით უფრო გარდაუვალია მისი შესრულება.
მეორე მხრივ, არავინ კამათობს იმაზე, რომ ჩვენს სურვილებთან ზედმეტი ემოციური კავშირი მიჯაჭვულობას აყალიბებს და, საბოლოოდ, შთაგონების ნაცვლად მათზე ფიქრი შეიძლება შფოთვის საფუძვლადაც იქცეს. ერთ კონკრეტულ მიზანზე ჩაციკლული ადამიანი თითქოს მის გარშემო სხვას ვეღარაფერს ამჩნევს და დისორიენტირდება სამყაროში. მას მხოლოდ ერთი ხედი აქვს ცხადსა და სიზმარშიც - მისი ოცნების რეალიზაცია. ეზოტერიკები გვარწმუნებენ, რომ რაც უფრო ვებღაუჭებით ჩვენს სურვილებს (და მათ შორის ადამიანებსაც) მით უფრო განვიზიდავთ მათი რეალიზაციის შესაძლებლობებს, რადგან მიზანზე გადამეტებული ფოკუსირებით თავად ვეწინააღმდეგებით სამყაროში ბალანსის პრინციპს.
სავსებით ლოგიკურია, თუ ვიტყვით, რომ პირველ და მეორე პერსპექტივას შორის ურთიერთგანმაპირობებელი კავშირი არსებობს. თუ მე გულწრფელად მწადია რაღაც, ცხადია, მასზე ვიქნები ფოკუსირებული და მოლოდინიც მექნება ამ სურვილის რეალიზების. ჩემს ინტერდისციპლინურ რაკურსში იურისპრუდენციასაც მოვიპატიჟებ. ამერიკის სასამართლო პრაქტიკაში ერთ-ერთი ცნობილი კონცეფცია "გონივრული მოლოდინის" სახელს ატარებს. ვფიქრობ, ეს კონოტაცია ბევრ სხვა სფეროშიც რელევანტურია. სწორედ რომ გონივრულია ჩემი მოლოდინი, შესრულდეს მიზანი, რომელიც ჩემს გულში აღმოცენდა. ასეთი მოსაზრებით, რაც უფრო ავთენტურია მიზანი, მით მაღალია მოლოდინი მისი შესრულების მიმართ. როგორ უნდა მივაღწიოთ სურვილებზე მიჯაჭვულობისგან გათავისუფლებას თავად ამ სურვილებისგან გათავისუფლების გარეშე? გონიერი ადამიანი ხშირად გონივრულ მოლოდინს თავად სურვილსაც მიაყოლებს და შედეგად აღარც სურვილი აწუხებს და არც მიჯაჭვულობა. მაგრამ ჩვენ აქ სხვაგვარი გამოსავალი გვაინტერესებს, მესამე პერსპექტივა, ჯაზი, არასტანდარტული პასუხი სტანდარტულ კითხვაზე. აბა ასეთ გადაწყვეტაზე რას იტყვით: ერთადერთი გზა, რომ ადამიანმა სურვილის მიმართ დაუოკებელი სწრაფვის შენარჩუნება და, იმავდროულად, მასზე მიჯაჭვულობისგან გათავისუფლება შეძლოს იმის დაშვებაა, რომ სურვილი უკვე შესრულდა. თუ ჯეიმს კარსის "უსასრულო თამაშის თეორიიდან" ამოვალთ, ეს ძნელი არ უნდა იყოს. ასეთი თამაშის პირობებში მე შეიძლება დღეს არ მეჭიროს ხელში ის წარმატება, რომლისკენაც მივილტვი, მაგრამ თუ დავუშვებ, რომ ჩემი მასთან მიახლოება მხოლოდ დროისა და გარემოებების საკითხია; თუ დავიჯერებ, რომ მე ვიმსახურებ ამ მიზნის რეალიზაციას და რომ ჩემი სურვილი ჭეშმარიტად ასრულდება, მთელი ჩემი ფიქრის ენერგია სწორედ ჩემი სურვილის შესრულების სასარგებლოდ იმუშავებს: მე სიმშვიდეს მოვიპოვებ და აწმყოში უფრო მყარად დავმაგრდები, რომ მიმდინარე საკითხები მოვაგვარო, მიზანი კი თავისით დაიწყებს ჩემკენ, როგორც რწმენის ცენტრისკენ, მოძრაობას. ცხადია, მარტო რწმენა არ იმუშავებს, თუ შრომის კომპონენტსაც არ გავითვალისწინებთ, მაგრამ კომფორტის ზონა იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობითაც მას დღეს განვიხილავ, სწორედ რწმენას უკავშირდება.
იმის დაშვება, რომ ჩემი სურვილი უკვე რეალიზდა და ის წარმატება, რომელზეც ასე ვოცნებობ, უკვე ჩემი ცხოვრების ნაწილია, შესაძლებელია სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით. ინსტრუმენტების თვალსაზრისით ამ დროს ძალიან ეფექტურია წარმოსახვა და ვიზუალიზაციის სავარჯიშოები. თუმცა, თუ სიღრმისეულ დონეზე არ გვჯერა, რომ ის, რასაც ვითხოვთ, დამსახურებულია, ვერცერთი ინტრუმენტი ვერ დაგვეხმარება. საკუთარ თავში რწმენისა და მიმღებლობის ნაკლებობაა სიცხადეს რომ უკარგავს ადამიანს ყველა წარმოსახვაში. ერთხელ სესიაზე ახალგაზრდა გოგონას ვესაუბრებოდი. მუშაობის კულმინაციურ ეტაპზე ვთხოვე, ვირტუალურ მომავალში გაეხედა და თავისი თავი იმ საერთაშორისო თეატრალური სცენის მსახიობების გვერდით წარმოედგინა, სადაც მისი გული მიიჩქაროდა. ჩემი მითითების მიუხედავად, არ დაეხუჭა თვალები, მან ინსტინქტურად დახუჭა თვალები, რათა მის სურვილს ბუნებრივად შერწყმოდა, თუმცა მალევე სახეზე უსიამოვნო გამომეტყველება გამოესახა, თვალები სწრაფად გაახილა და მითხრა, რომ გული ერეოდა. ასეთი ან მსგავსი დისკომფორტი საკუთარი სასურველი მომავლის წარმოდგენისას ხშირია. უნდა ვაღიაროთ, რომ წარმოსახვაში ჩაძირვისას ყოველთვის ლამაზი სურათხატებით არ იწყება ვიზუალიზაცია. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს? როგორ მოვექცეთ ჩვენს სურვილებს: დაჭერობანა ვეთამაშოთ? როდის დავიჭიროთ და მოვეჭიდოთ მაგრად და როდის გავუშვათ? არის კი კომფორტის ზონა ამ სახიფათო თამაშში? ყველაზე საამური მდგომარეობა საკუთარ თავთან ჰარმონიაა: როდესაც თვალების დახუჭვის და ოცნების არ გეშინია. ასეთ დროს შეიძლება შენს წარმატებაზე ჯერ ხელითაც არ იყო მიწვდენილი, მაგრამ თუ გული სავსე გაქვს რწმენით, რომ სრულად იმსახურებ იმას, რაზეც ოცნებობ, მაშინ გამარჯვება გარდაუვალია, აღარც ეზოტერიკებს აქვთ შენიშვნები და ის ქალბატონიც კმაყოფილია, საუბრის დასაწყისში რომ ვახსენე. ესაა დაჭერობანას თამაშის პრინციპი და ყველაზე უტყუარი კომფოტის ზონა.