Get All Access for $5/mo

კვამლში გახვეული მორზე წაიკითხეთ მაკო ქავთარაძის საავტორო სვეტი!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

მე, პავლე ინგოროყვა და გოგლა ლეონიძე თურქულ ყავას სვამდით რამონასთან. თეთრი ჭიქები ლურჯი ქაღალდის ხელსახოცზე ავატრიალეთ და მუქად დაკლაკნილ მომავალზე მკითხაობა დავიწყეთ. პავლეს, რატომღაც ლენინი ამოუვიდა ჭიქაში და ვიცინეთ.

გამეღვიძა.

შეხვედრამდე ორი საათი იყო კიდევ. კაფე "ნეიბარჰუდში" გადავედი და ქაღალდის ჭიქიდან ამერიკანო დავლიე. თიბისი სტარტაპერის ბარათზე ოთხი ლარი არ აღმომაჩნდა, ამიტომ ქაღალდის ფულით გადავიხადე. თერთმეტის ნახევრამდე მზე იატაკის ფერს ათბობდა კაფეში. იქიდან კიროვის 16 ნომერში ჩავედი და თმა დავივარცხნე ათ ლარად. ჭორიკნებმა სალონში სამ წუთში ამოხსნეს, საიდან მოვედი და სად მივდიოდი, თან ისე, რომ ფენის ხრიალს ხელი არ შეუშლია.

ქურთმა მძღოლმა შვიდ ლარად მიმიყვანა ალექსიძის ქუჩაზე. ინდუსი სტუდენტები ყანწზე იცინოდნენ "გაუ"-ს ეზოში.

შეხვედრა ორმოცდახუთი წუთი გაგრძელდა, შედეგიანად. საბურთალოს ბეტონის ჯუნგლებიდან შუქნიშნამდე სანამ გამოვაღწიე, პირველი საათი გამხდარიყო და იქვე, "საქართველოს ბანკის" თანამშრომლად რომ მუშაობს, იმ მეგობარს დავურეკე შესვენებაზე, ხომ არ გამოხვალ-მეთქი, და კიო. ოცდაათი თეთრი ღირდა ზარი. "ვენდისში" ექვსი ლარი ღირდა ათი გრამი ქათმის ჩხირი და ოცდახუთი გრამი კარტოფილის ფრი, ქაღალდში ამოტანიებულ საწრუპთან ერთად, "კოკა კოლასთვის". ჩემს მეგობარს ახალ უფროსთან ურთიერთობის სტრატეგია დავუსახე და მასვე ვთხოვე ხუთი ათასი ლარი საქმისთვის. სამსახურში მეც მაგვიანდებოდა და ტაქსიში ჩავჯექი, რომლის მომსახურების ღირებულება თორმეტ ლარს შეადგენდა. მძღოლს ჩემსაზე სამჯერ უფრო ძვირფასი ტელეფონი ეჭირა ხელში. საცობში 2019 წლის ანგარიში წავიკითხე ქართული კვებისა და ღვინის მოგება-ზარალის შესახებ, რომელიც იმით მთავრდებოდა, რომ ბანკებს სამიათასჯერ მეტი მოგება ჰქონიათ.

ორმოცდაათიათასევროიანი გრანტისთვის საერთაშორისო აპლიკაციის შევსება გამიჭირდა. გვერდით ოთახში ამ საქმის უბადლო პროფესიონალს გავუგზავნე წერილი, რითაც შევპირდი, თუ ამ ფულს მომაგებინებ, ჩემი კომპანიის წილს გაჩუქებ-მეთქი. მერე ოთახში შევედი და ვუთხარი, წერილში რაც წერია, მაგაზე არ მიხუმრია და როცა გეცლება, დავილაპარაკოთ-მეთქი. ოთახში რომ დავბრუნდი, უიმედო, ცალი ხელით შევავსე ებრაელ ინვესტორთან მოსახვედრად შედგენილი აპლიკაციაც. ექვსლარიანი სიგარეტი გამითავდა, ამიტომ მარიამს ვთხოვე ორი ღერი და ეზოში ვუდქიდის run boy run ჩავირთე ყურსასმენებში და ხარბად მოვწიე ორივე. სამი ქართულ და ერთი ინგლისურ ენაზე, გაყინულ ტბაში ანკესის მოქნევის ტოლფასი შინაარსის წერილი გავაგზავნე, იმ იმედით, რომ გაზაფხულზე რამე ამოყვეს. შვიდი ზარიდან ხუთმა გამითიშა Can't talk right now უკუკავშირით. ორი ინვოისი მივიღე ვალის შემცველი ციფრებით.

ჭამას საერთოდ არ ვაპირებდი, რომ არა სტუმარი. ჩემი მაცივარი არ მუშაობს, ამიტომ ორი ადამიანის სამყოფი მზა საჭმელი ვიყიდე ჩვიდმეტ ლარად. სადარბაზოსთან მეგობარი შემხვდა და შემახსენა, რომ მის რესტორანში, რომელიც ჩემი სახლის გადაღმაა, ჩემთვის ინტერნეტი და ჩაი უფასოა.

სტუმარმა სამი თვის წინ ერთ საათში დამეგობრებული ადამიანისგან გამოგზავნილი საჩუქარი გადმომცა – ახალი კომპიუტერი, მისიით რომ ვწერო ყველგან, სადაც მუზა მომივა!

სტუმარი რომ წავიდა, გამახსენდა – დაბადების დღეზე ვიყავი დაპატიჟებული დაისში.

მხიარულების არც გადმოსაფრქვევად და არც მისაღებად ენერგია აღარ დამრჩა, ამიტომ დავიძინე.

მე, გერონტი ქიქოძე, ლადო ასათიანი და დავით კაკაბაძე პოკერს ვთამაშობდით გური ქოიავასთან, შინ, გახდაზე. ჩვეულებრივი ჯინსები გვეცვა, ერთი ასაკის ვიყავით და საცვლების ამარა დარჩენილ ლესია უკრაინკას ბუხართან ახლოს გადმოჯდომაზე ვიყოლიებდით.

ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ღირებული ვალუტა მეგობრობაა – ძილშიც კი!

მაკო ქავთარაძე

Spy Recipe-ის და რეცეპტების მუზუმის დამფუძნებელი

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია