ლევან კობიაშვილი: თვითკრიტიკა აუცილებელია! "როდესაც ვუყურებ განვლილ საკლუბო კარიერას, ვხვდები, რომ უკეთესიც შეიძლებოდა"
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
როგორც თვითონ ამბობს, განსაკუთრებულად ნიჭიერი არ ყოფილა, თუმცა შრომა, თვითკრიტიკა და საქმისადმი სიყვარული ის მთავარი კომპონენტებია, რამაც ლევანს ფეხბურთი უმაღლეს დონეზე ათამაშა. "როცა კარგ შეხვედრას ჩავატარებდი, იმ მატჩს ჩანაწერში არასოდეს ვადევნებდი თვალ-ყურს – განსხვავებით ცუდად ჩატარებული თამაშებისგან, სადაც შეცდომებს ვაკვირდებოდი, შემდეგ კი მის გამოსწორებაზე ვმუშაობდი", – ამბობს ქართველი მარცხენა მცველი.
რუსთავის "გორდასა" და თბილისის "დინამოს" შემდეგ, იყო რუსული "ალანია", სადაც 1997 წელს გადავიდა და ერთი სეზონი გაატარა. 1998 წლიდან კი "ფრაიბურგში" აღმოჩნდა და ბუნდესლიგაში მთელი 12 სეზონი ჩაატარა – "ფრაის" შემდეგ, გელზერკინხენის "შალკესა" და ბერლინის "ჰერტაში" იასპარეზა. "კობიმ" ორჯერ გაუტანა ლეგენდარულ გოლკიპერ ოლივერ კანს – ჯერ "ფრაიბურგის", შემდეგ კი "შალკეს" შემადგენლობაში. 2005 წლის 25 ნოემბერს კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში ჰოლანდიურ "პსვ"-ს ჰედთრიკი შეუსრულა და ის მატჩი "შალკემ" 3:0 მოიგო, რითაც ლევანი გახდა ერთადერთი და ჯერჯერობით უკანასკნელი ქართველი მოთამაშე, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ერთბაშად სამი გოლი გაიტანა. თავად სპორტსმენისთვის კი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი 2011 წლის 26 მარტია – ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში, "დინამო არენა" ხორვატიასთან ბოლო წუთებზე გატანილი გადამწყვეტი გოლის შემდეგ ააგრუხუნა. მთლიანობაში, კობიაშვილმა ბუნდესლიგაში 351 მატჩი ჩაატარა და 32 გოლი გაიტანა. ბუნდესლიგის ისტორიაში ლეგიონერებს შორის მეორე ადგილზეა ჩატარებული მატჩების რაოდენობით – ლევანი მხოლოდ კლაუდიო პიზაროს ჩამორჩება.
"როდესაც ვუყურებ განვლილ საკლუბო კარიერას, ვხვდები, რომ უკეთესიც შეიძლებოდა, მაგრამ ჩემთვის მთავარი მაინც ნაკრებია. კლუბში იდეალურად ჩატარებული თამაშები იმ დღეს ახსოვთ, ნაკრების შემთხვევაში კი ეს გულშემატკივარს სამუდამოდ ემახსოვრება", – ამბობს ლევანი.
მოტივაცია
"საკუთარი პოზიციიდან გამომდინარე, ჩემი ფავორიტი ფეხბურთელი პაოლო მალდინი გახლდათ, რომლის ქმედებებსაც ყურადღებით ვაკვირდებოდი, მაგრამ როგორც ასეთი, მოტივატორი არ მყოლია. მე ვიყავი ის, ვისაც მსურდა წარმატების მიღწევა; მე ვიყავი ის მიზანდასახული ბავშვი, ვისაც წარმატების სჯეროდა. მთავარია, გჯეროდეს შენი თავის და წარმატების. უნდა იცოდე, რა და როგორ უნდა გააკეთო და დროთა განმავლობაში შრომა აუცილებლად დაგიფასდება. რა თქმა უნდა, გარკვეულ ეტაპზე გამართლებაც საჭიროა, მაგრამ ამას დამსახურება სჭირდება", – ამბობს კობიაშვილი.
ტალანტი თუ შრომა?
ლევანის აზრით: "სპორტსმენისთვის ორივე საჭიროა, მაგრამ ნაკლები ტალანტითა და ბევრი შრომით გაცილებით მეტის მიღწევა შეიძლება. შესაძლოა, განუზომლად დიდი ნიჭი გქონდეს, მაგრამ არ იყო შრომისმოყვარე, თუმცა შესაძლებელია, არ გქონდეს განსაკუთრებული ტალანტი, როგორც მაგალითად, მე, მაგრამ ოფლისღვრით მიხვიდე წარმატებამდე. გერმანიაში ჩასვლისთანავე, ყოველ ვარჯიშზე მიწევდა იმის დამტკიცება, რომ სხვაზე უკეთესი ვარ, რაც, დამერწმუნეთ, მით უმეტეს გერმანიაში, წარმოუდგენლად რთულია. ტალანტი კარგია, მაგრამ თუ ნიჭს შრომა არ შეუთავსე, წარმატება არ მოვა".
წარმატებისთვის მთავარი თვისება
"ჩემი აზრით, თუ შეგიძლია იყო თვითკრიტიკული, სწორად შეაფასო ვითარება და მუდამ სხვისკენ არ გაიშვირო ხელი, ეს ძალიან დაგეხმარება წარმატების მისაღწევად. ჯანსაღი კრიტიკა, რომელიც ზოგჯერ ძალიან რთული მოსასმენია, აუცილებელია – იგი ყველანაირად გზრდის. ბევრი ადამიანი კრიტიკის გამო აგრესიული ხდება და ფიქრობს, რომ ყველაფერი იცის, რაც ძალიან ცუდია. დღესაც შემიძლია მოვისმინო კრიტიკა, გავაანალიზო და შემდეგ მივიღო გადაწყვეტილება".
რჩევა დამწყებ სპორტსმენებს
"უპირველესად, ვიტყვი იმას, რომ არასოდეს იყვნენ თვითკმაყოფილნი. ეს ძალიან ცუდი თვისებაა. ყოველთვის უნდა ცდილობდნენ, რომ მათი სუსტი მხარეები გამოასწორონ, დახვეწონ და მთლიანობაში განვითარდნენ. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, უდიდესი შრომა, ჯანსაღი კრიტიკის მიღების უნარი; მენტალური, ფსიქოლოგიური სიძლიერე და მოტივაცია. ასევე უმნიშვნელოვანესია შინაგანი განათლება, სიძლიერე – უნდა იცოდე, რა და როგორ უნდა გააკეთო. მშობლის როლიც უდიდესია და ბუნებრივია, ხელი უნდა შეუწყონ".