Get All Access for $5/mo

ლევან საგინაშვილი: დამარცხების შიში ყველაზე დიდი მოტივაციაა! "თუ არ ხარ თავდაჯერებული, მაშინ მწვერვალის დაპყრობა შეუძლებელია"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ლევან საგინაშვილი – იგივე "ჰალკი", ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი სპორტსმენი და მსოფლიოში უძლიერესი მკლავჭიდელია. შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონობა სახუმარო ამბავი ნამდვილად არ გახლავთ. ბოლოს მან პრესტიჟული Top 8-ის ეგიდით იასპარეზა და ყველა მეტოქე ანგარიშით 6:0 დაამარცხა, მათ შორის რუსი ვიტალი ლალეტინი, რომელსაც ფინალში სძლია.

"დღეს უძლიერესი ვარ და ყველას ჩემთან სურს შეხვედრა", – ასეთი იყო მისი კომენტარი ტურნირის შემდეგ. ლევანი საოცარი მონაცემების ათლეტია, რაც შეუიარაღებელი თვალითაც იდეალურად ჩანს.

საგინაშვილი, რა თქმა უნდა, კარგად აცნობიერებს, რომ უდიდესი შრომის გარეშე წარმატება არ მოვა, მისი მოტივაციის მთავარი წყარო კი დამარცხების შიშია.

სტარტი მკლავჭიდში

"2009 წელს ვვარჯიშობდი ფიტნესდარბაზში და აღმოჩნდა, რომ მისი მფლობელი იყო ვეტერანი მკლავჭიდელი ლადო ხუციშვილი, მომავალში უკვე ჩემი მწვრთნელი. შემამჩნია, რომ იდეალური მონაცემები მქონდა – დიდი მტევნები, დიდი ძვალი... მირჩია, რომ მკლავჭიდით დავკავებულიყავი. თავიდან მოყვარულის დონეზე ვასპარეზობდი და შემდეგ უკვე პროფესიონალებშიც გადავედი, სადაც არასდროს დავმარცხებულვარ".

მოტივატორი

"ჩემთვის საკუთარი თავი ყველაზე კარგი მოტივატორია, რადგან ყოველთვის მსურდა, ცხოვრებაში წარმატებისთვის მიმეღწია. თავიდანვე მქონდა რწმენა, რომ ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად გავხდებოდი მსოფლიო ჩემპიონი. ერთი წარმატებით არ დავკმაყოფილდი და ჩემს თავს უფრო და უფრო მეტს ვთხოვდი. სხვათა შორის, როგორც ბიზნესშია – რასაც ვშოულობდი, იმ თანხას ისევ ჩემსავე საქმეში ვაბანდებდი. გათვლა მქონდა არა მხოლოდ აწმყოზე, არამედ მომავალზეც".

სირთულე, დაბრკოლება, გულის აცრუება...

"2012 წელს საქართველოს ჩემპიონატზე მივიღე ტრავმა, რომელმაც დაახლოებით 5 წლის განმავლობაში დამტანჯა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოტივაცია ოდნავადაც არ შემნელებია. უამრავი სირთულე, დაბრკოლება, გაჭირვება გამოვიარე, თუმცა ყოველთვის ვინარჩუნებ საბრძოლო მუხტსა და ხასიათს".

მკლავჭიდი – მთავარი თვისებები წარმატებისათვის...

"ეს არ არის სპორტის სახეობა, რომლის წყალობითაც, შენ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი გახდები ან რაიმე ფინანსურ სარგებელს ნახავ. ეს უფრო არის ჰობი – საქმე, რომელიც უზომოდ გიყვარს. ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისთვისაც მკლავჭიდი მთავარი პრიორიტეტია. როცა მე ავირჩიე მკლავჭიდი, ბევრი რამ მოვიკელი, რადგან ჩემი მიზანი მქონდა. ვფიქრობ, ამ ჟინმა და მოტივაციამ განაპირობა ჩემი წარმატება".

რთულია სპორტსმენობა?

"რა თქმა უნდა. ეს ფიზიკური რუტინაა და საკმაოდ დამღლელია. უპირველეს ყოვლისა, ფსიქოლოგიურადაა ძალზე რთული, მაგრამ როდესაც წარმატების მიღწევა გსურს, საკუთარ თავში ეს მონაკვეთი უნდა დაძლიო. მე, პირადად, მოტივაციას ჩემი მეტოქეც მაძლევს – რაც უფრო ძლიერია მოწინააღმდეგე, მით მეტი მონდომებით ვვარჯიშობ".

დამარცხების შიში...

"წაგების შიში ყველაზე დიდი მოტივაციაა ჩემთვის. გამარჯვებაზე მეტად მსურს, არ დავმარცხდე. როდესაც წარუმატებლობას წარმოვიდგენ, უმალვე მზარავს. არის კატეგორია სპორტსმენებისა, ვისთვისაც წაგება არაფერია, ვისთვისაც წაგება დამატებითი მოტივაციაა, მაგრამ ჩემთვის მარცხი პირადი ტრაგედიაა – ასე მაქვს გათავისებული".

შეუძლია წარმატებულ სპორტსმენს იყოს წარმატებული ბიზნესშიც?

"თუ გონება გიწყობს ხელს და წარმატებული ხარ სპორტში, რატომაც არა?! ვისაც ჰგონია, რომ სპორტი მხოლოდ ფიზიკური ძალაა, ცდება. იქ წარმატების მისაღწევად ძალიან დიდი გონებრივი შესაძლებლობა და ფსიქოლოგიური მდგრადობა გჭირდება. ვფიქრობ, სპორტსმენი, რომელიც მიჩვეულია გამარჯვებებს, ბიზნესშიც მხოლოდ მოსაგებად იბრძოლებს".

სპორტსმენებისა და ბიზნესმენების საერთო თვისებები...

"მიზნისკენ სწრაფვა და ყოველდღიური შრომა, განვითარება. სპორტშიც ასეა – ყოველდღიური ვარჯიშის შემდეგ წინსვლას გრძნობ. მუდმივი შრომა არის გარანტია იმისა, რომ შენს დასახულ მიზანს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდე".

სპორტი და ბიზნესი – გუნდურობა

"მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალურ სპორტში ვარ, გუნდურობა აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როგორც სპორტში, ასევე ბიზნესში ცალკე აღებული ერთი პიროვნება წარმატებას ვერ მიაღწევს. რასაკვირველია, დიდი როლი მიუძღვის ოჯახს, რომელიც ჩემს რეჟიმზეა მორგებული, ასევე მწვრთნელებს, მეგობრებს, სპარინგ-პარტნიორებს – ისინი ვარჯიშის პროცესშიც და მის გარეთაც მუდამ ჩემ გვერდით არიან, რჩევებს მაძლევენ და მაძლიერებენ".

რჩევა დამწყებ სპორტსმენებსა და ბიზნესმენებს...

"უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის რწმენა – თუ არ ხარ თავდაჯერებული, მაშინ მწვერვალის დაპყრობა შეუძლებელია. არ უნდა შეუშინდნენ დაბრკოლებებს. დიდი გამარჯვება და წარმატება ერთ და ორ თვეში არ მოდის. აქ ძალიან დიდი შრომაა ჩადებული, უამრავ რაღაცაზე გიწევს უარის თქმა, რეჟიმის დაცვა და ა.შ. წარმატება მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად მოდის. ბიზნესშიც ბევრჯერ გამიგია, რომ მცირე წარმატების შემდეგ მთელ ფულს ხარჯავენ და მერე უკვე ისევ წარუმატებლობის საფეხურზე გადადიან. იმისათვის, რომ საკუთარი საქმე განავითარო, მუდამ მასში უნდა იყო ჩართული და ეცადო, რომ სარგებელი, რომელსაც მიიღებ, ისევ შენს საქმეში ჩააბრუნო, რათა კაპიტალი გაზარდო და საკუთარი ბიზნესი უფრო და უფრო წინ წავიდეს. ძალიან ცოტაა ისეთი პიროვნება, ვინც ბიზნესში წარმატებას პირველსავე ცდაზე მიაღწია. უნდა იშრომო, იწვალო, გარისკო კიდეც, მაგრამ თავდაჯერებისა და დაუღალავი შრომის შედეგად, წარმატებამდე აუცილებლად მიხვალ".

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

გირჩევთ წაიკითხოთ: რა იქნა ჩემი ყველი?

ეს არის მარტივი იგავი ღრმა ჭეშმარიტების შესახებ