მარსელი მევენახეები ქართული ვაზი "წითელ პლანეტაზე" მიემგზავრება
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
1961 წელს, მას შემდეგ, რაც ადამიანი კოსმოსში პირველად გაიჭრა და დედამიწის ორბიტას შემოუფრინა, ნახევარ საუკუნეზე მეტმა ხანმა განვლო. განვითარდა ტექნოლოგიები, შეიქმნა კოსმოსური სადგურები, მთვარეზე მისიები ლამის ჩვეულებრივ ყოველდღიურობად იქცა. რა გასაკვირია, რომ სიახლეების, ახალი ტერიტორიების აღმოჩენისა თუ დასახლების სურვილით შეპყრობილ კაცობრიობას, 21-ე საუკუნეში ახალი გამოწვევა გაუჩნდა. ნუ გაგიკვირდებათ თუ ილონ მასკის, რიჩარდ ბრენსონისა და სხვა "შეშლილ" ანტრეპრენერთა კვალდაკვალ, კოსმოსისკენ სწრაფვის ამბიცია ქართველებსაც გაუჩნდათ. ისინი, არც მეტი არც ნაკლები, "წითელ პლანეტაზე" ვაზის გაშენების სურვილმა შეიპყრო და ამ სურვილის განხორციელებისკენ პირველი გაბედული ნაბიჯებიც გადაადგმევინა. გაიცანით ისინი!
მარსი მზის სისტემაში რიგით მეოთხე პლანეტაა. დედამიწიდან მისი შეფერილობა წითლად მოჩანს. ამიტომ შეერქვა მეტსახელი "წითელი პლანეტა". პირველადი სახელწოდება კი, კვლავ ზედაპირის ფერის გამო, რომაული ომის ღმერთისა აქვს.
Mariner 4 მარსისკენ 1964 წელს გაემართა და 1965 წელს დედამიწას პლანეტის ზედაპირის ფოტომასალა გამოუგზავნა. ტემპერატურა ზამთარში პოლუსებზე 130 გრადუსამდე ეცემა. ეკვატორზე კი, ზაფხულში, ნულიდან 30 გრადუსამდე მერყეობს. დღე-ღამის ხანგრძლივობა თითქმის დედამიწის ანალოგიურია. მარსამდე 78 მილიონი კილომეტრი გვაშორებს.
ზედაპირის შემადგენლობა მარსის მკვლევრებსა და მის კოლონიზაციაზე მეოცნებეებს აიმედებს, რომ უახლოეს ასწლეულებში "წითელი პლანეტა" შესაძლოა კაცობრიობის ახალ სახლად იქცეს. ვიცით ისიც, რომ ამ ეტაპზე აღმოჩენილი წყლის მასა პლანეტის ჩრდილოეთ პოლუსზე ყინულის სახითაა წარმოდგენილი.
NASA, ROSCOSMOS და ევროპის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად სიღრმისეულად სწავლობენ წითელ პლანეტას, რომელზეც შესაძლოა ადამიანური სიცოცხლე განვითარდეს.
მარსის კოლონიზაციაზე საუბრობს ილონ მასკი, SpaceX-ის დამფუძნებელი. ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც ქართული Entrepreneur-ის პირველ ნომერში დაიბეჭდა, ილონ მასკი თავის შეხედულებას მარსის პოლიტიკურ მოწყობაზეც კი აჟღერებს და აცხადებს, რომ ყველაზე სწორი მარსზე პირდაპირი დემოკრატიის დამკვიდრება იქნება. იგი 2022 წელს "წითელი პლანეტის" ზედაპირზე ხომალდის გაგზავნას გეგმავს, 2024 წელს გაგზავნილ მისიაში კი ადამიანიც იქნება.
2032 წელს მარსის ზედაპირზე ადამიანის გაშვებას აანონსებს ასევე კერძო კომპანია – ბაზ ლანსდორპის Mars One.
რა როლი აქვს საქართველოს?
საქართველოს კოსმოსური სააგენტო არ გააჩნია. სამაგიეროდ, ჰყავს ნათელი გონების, შორსმხედველი და ინოვაციური იდეების მქონე ადამიანები. ყველაფერი კი, როგორც მოგეხსენებათ, იდეიდან იწყება. მისი ფორმულირება ასე შეგვიძლია – საქართველო "წითელ პლანეტაზე" ვაზის გაშენების სურვილითაა შეპყრობილი. საგანგებოდ, ამ ცოტა არ იყოს უტოპიური ჩანაფიქრის გასახორციელებლად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა, Microsoft Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა ნიკა დობორჯგინიძემ, ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, Space Farms-ის დამფუძნებელმა ტუსია ღარიბაშვილმა და გოგა ჩხეტიამ – Space Farms-ის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ხელმძღვანელმა, ერთობლივი პროექტი – "მეცხრე მილენიუმი" შეიმუშავეს. პროექტის სახელი – "მეცხრე მილენიუმი" კომპანია Windfor's ეკუთვნის, რომელიც თავისი ინტელექტუალური რესურსით დაეხმარა პროექტის ინიციატორებს.
"თუკი შეშლილებად მოგვნათლავენ, იცოდეთ, რომ მარტონი არ ვართ", –ამბობს მიხეილ ბატიაშვილი.
იდეა კი, ალბათ დამეთანხმებით, ნამდვილად გიჟურია. 8 ათასი წლის წინანდელ ტექნოლოგთა მხარდამხარ ქრონოლოგიურად მივყვეთ წინარე ისტორიას.
დავიწყოთ იმით, რომ მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება შეთანხმდა – 8 ათასი წლის წინათ საქართველოს ტერიტორია იყო ადგილი, სადაც მეღვინეობას ჩაეყარა საფუძველი. საქართველოს "ღვინის სამშობლო" პირველად ცნობილმა მწერალმა, ჰიუ ჯონსონმა უწოდა წიგნში "ღვინის ისტორია", ხოლო მოგვიანებით, ეს მოსაზრება ღვინის არაერთმა მკვლევარმა დაადასტურა. 2014 წელს "ქართული ვაზისა და ღვინის კვლევის" პროექტი დაიწყო. ქართველ მეცნიერებთან ერთად, კვლევაში მონაწილეობდნენ პენსილვანიის, მონპელიეს, მილანის, კოპენჰაგენის, ტორონტოს უნივერსიტეტების, ისრაელის "ვაისმანის" ინსტიტუტისა და მონპელიეს აგრარული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (INRA) თანამშრომლები. ბიომოლეკულური შესწავლის შედეგად, მარნეულის რაიონში აღმოჩენილ უძველეს ჭურჭელზე ღვინისთვის დამახასიათებელი ორგანული მჟავების კვალი აღმოაჩინეს. ნიმუშების ასაკი ძვ.წ.აღ-ის 6000-5800 წლებით განისაზღვრა.
შედეგად, საქართველო ღვინის მშობლიურ ქვეყნად ოფიციალურად აღიარეს.
"მე მგონია, საქართველო იმსახურებს, ასეთი პროექტი ჰქონდეს", – ამბობს დავით ლორთქიფანიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, – "მრავალი წლის განმავლობაში საუბრობდნენ, რომ საქართველო ღვინის ქვეყანა იყო. ეს იდეა არსებობდა. თუმცა სამეცნიერო საზოგადოებამ ეს ფაქტი მხოლოდ მას შემდეგ აღიარა, რაც "ღვინის სააგენტოს" მხარდაჭერით ეროვნული მუზეუმის კვლევა ჩატარდა. თვითგამოცხადებული ლოზუნგებით მეცნიერება არ მუშაობს".
და არის კი შესაძლებელი, უძველესი კულტურა ჯერ კიდევ ბინდით მოცულ მომავალში, შორს, მზის სისტემაში, კერძოდ კი – მარსზე ავაღორძინოთ?!
ამაზე პასუხს ნიკა დობორჯგინიძე და მიხეილ ბატიაშვილი ერთი წინადადებით გვცემენ: ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობა ქვეყნის მომავლისთვის უნდა გამოვიყენოთ.
მარსელები
2015 წელს "მარსელის" რიდლი სკოტისეული ეკრანიზაცია გამოვიდა. "წითელ პლანეტაზე" "ჩარჩენილი" მეტ დეიმონი საკუთარი თავის ფიზიკურ-მორალური გადარჩენის ერთადერთ გზად კარტოფილის მოყვანას მიიჩნევს. ბევრი მცდელობისა და ჩავარდნის შემდეგ, სათბურში პირველი მოსავალი მოჰყავს.
სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის ფილმი რეალობისგან ძალიან შორს ნამდვილად არ დგას. კაცობრიობა და ძლიერნი ამა ქვეყნისანი "წითელ პლანეტაზე" ადამიანური სიცოცხლის განვითარებით არიან დაინტერესებულნი. ამ საკითხზე ერთობლივი ძალებით არაერთი სახელმწიფო ზრუნავს.
"დღეს NASA, ევროპის კოსმოსური სააგენტო, იაპონია და მთელი მსოფლიო კოორდინირებულად მუშაობს. მაგალითად, იაპონიას ლინზების წარმოება აქვს განვითარებული. კოსმოსური სადგურების უმეტესობა, სწორედ იაპონურ ლინზებს იყენებს. რაღაც კანადიდან ჩამოდის, რაღაც ჩინეთში მზადდება. პოლონეთიც აქტიურადაა ჩართული კოსმოსურ პროექტებში. მობილურ აპლიკაციებს წერენ, კარგი პროგრამისტები ჰყავთ და სწორედ ევროპის კოსმოსურ სააგენტოსთან თანამშრომლობენ. ჰოლანდიის ოფისი ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე მუშაობს, გერმანია საკუთარ ბაზაზე კოსმონავტებს ამზადებს. ყველაფერი დივერსიფიცირებულია. კოსმოსური სააგენტოს შექმნა ხომ მხოლოდ რაკეტის გაშვებას არ ნიშნავს", – ამბობს მიხეილ ბატიაშვილი.
მარსის კვლევისა და კოლონიზაციის საკითხით დაინტერესდა შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. მან ბოლოდროინდელ ინტერვიუში განაცხადა, რომ სულ მალე ქვეყანა კოსმოსურ სამხედრო დივიზიონს შექმნის. "მოვუწოდებ თავდაცვის დეპარტამენტსა და "პენტაგონს", ახლავე დაიწყონ რიგით მეექვსე კოსმოსურ სამხედრო დივიზიონზე მუშაობა", – განაცხადა ბატონმა ტრამპმა.
კოსმოსური სალათი
ამასობაში, კოსმოსური ფერმერობა ვითარდება. კოსმოსში ნებისმიერი ფორმით საკვების წაღება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. შედეგად, გაჩნდა იდეა, რომ კოსმონავტებს ხომალდებზე საკუთარი ბოსტნეული მოეყვანათ. პროექტ VEGGIE-ის შედეგი 2015 წლის აგვისტოში თვალსაჩინო გახდა – კოსმოსურ სადგურზე სალათის ფურცლები მოიყვანეს. ტექნოლოგიის დახვეწაზე მუშაობა დღემდე მიმდინარეობს.
კოსმოსურ ფერმერებად მოგვევლინენ ჩილეს წარმომადგენლებიც. "მათი ეროვნული სიმბოლო კარტოფილია. NASA-მ ჩილეში უზარმაზარი ლაბორატორია დააფუძნა, ინვესტიცია დააბანდა, რომელიც მილიონებს ითვლის. კარტოფილის კოსმოსურ სათბურში მოყვანის საკითხში მათი მთავარი პარტნიორი სწორედ ჩილეა. ჯერ რაღაცას უნდა წარმოადგენდე, რომ ასეთი პარტნიორები შეიძინო. ამბიციური უნდა იყო, შენი და პარტნიორების რესურსიც გამოიყენო, რომ რაიმე შედეგამდე მიხვიდე. ეს გზა ყოველთვის ამართლებს", – ამბობს მიხეილ ბატიაშვილი.
HP-ის ინვესტიცია ქართულ უნივერსიტეტში
საქართველოს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს HP-ისთან თანამშრომლობის გამოცდილება აქვს. ცოტა ხნის წინ სასწავლებელი კოსმოსის ათვისების პროგრამაში ჩაერთო. შედეგად, HP-ისგან ასეულ ათას დოლარად შეფასებული კომპიუტერული ტექნიკა მიიღო NASA-ს პროექტისთვის და მარსის ათვისების წინასწარ საპროექტო სამუშაოებს შეუერთდა, რომელიც პლანეტაზე მილიონ ადამიანზე გათვლილი ერთიანი ინფრასტრუქტურის შექმნას გულისხმობს.
ვაზის მარსზე მოყვანის იდეაზე მუშაობის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ უნივერსიტეტში არსებული უნიკალური და გარანტირებული ტექნიკური ბაზა გახდა.
ვერტიკალური სათბური
მიხეილი, ნიკა და ტუსია ერთმანეთს რამდენიმე თვის წინ შეხვდნენ. მაშინ ტუსია ღარიბაშვილი Space Farms-ის პროექტზე გოგა ჩხეტიასთან ერთად მუშაობდა.
Space Farms მომავლის ლაბორატორიაა, რომელიც "სტამბაში" განთავსდება. "ეს არის კონტროლირებადი და ავტომატიზებული სათბური, რომელიც დახურულ სივრცეში ფუნქციონირებს და აგრო LED-განათებებით არის აღჭურვილი. ტენიანობის მონაცემებიდან დაწყებული, CO2-ის რაოდენობის განმსაზღვრელი საჭირო საკვები დანამატით დამთავრებული, ყველანაირ ინფორმაციას სპეციალური პროგრამის მეშვეობით შეგვატყობინებს", – გვიყვება ტუსია ღარიბაშვილი. მიკრომწვანილი, სალათის ფოთლები და კენკრა ვერტიკალურ სტელაჟებზე, წყლის ნიადაგზე იხარებს და მოსავალს საშუალოდ 2 კვირაში მოგვცემს. "არ ვიქნებით ამინდსა და ტემპერატურაზე დამოკიდებული. პროგრამა იმაზე ზრუნავს, რომ მცენარეს ზუსტად იმ რაოდენობის განათება და საკვები მიეწოდებოდეს, რამდენიც სჭირდება. ამ სისტემით მოვიყვანთ კენკროვან ხილს, მაგალითად, მარწყვს. ეს მომავლის სათბურია".
მსგავსი პროექტი შუა ბრუკლინში ილონ მასკის ძმამ, კიმბალმა 2016 წელს განახორციელა. ასეთივე სათბური ფუნქციონირებს ნიდერლანდებში. "2050 წლისთვის დედამიწის პოპულაციის გასამმაგებას წინასწარმეტყველებენ. ფაქტობრივად, აღარ დარჩება მიწა, სადაც მოსავლის მოყვანას შევძლებთ. ეს გამოსავალი კი შიმშილის დასამარცხებლად მოიფიქრეს – მცენარეებს ვერტიკალურად, სათბურებში მოიყვანენ და ადგილს დაზოგავენ.
ყველა კულტურა წყალზე ხარობს და რეალურად, ტრადიციულთან შედარებით, 70%-ით ნაკლებ წყალს საჭიროებს. ფაქტობრივად, შეუძლებელია მოსავლის გაფუჭება, არ არის საჭირო პესტიციდების, მავნებელი დანამატების გამოყენება, ბაქტერია მცენარემდე ვერც კი აღწევს, ამ მეთოდით მოყვანილი პროდუქტი ერთ-ერთი ყველაზე ჯანმრთელი და სასარგებლოა ადამიანისთვის".
ვერტიკალური ფერმერობის იდეის განვითარება NASA-ს სახელს უკავშირდება. სააგენტომ 2000-იანი წლების დასაწყისში პირველმა შექმნა მსგავსი ტიპის სათბური.
Space Farms-ის ანალოგი რეგიონში არ მოიძებნება. მას შემდეგ, რაც ტუსია მიხეილსა და ნიკას შეხვდა, გაჩნდა იდეა, რომ მომავლის სათბური კოსმოსში ვაზის გასახარებლადაც გამოეყენებინათ. "იდეის გასახორციელებლად დავით ლორთქიფანიძე – საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, მოვიწვიეთ. მას წამოწყება ძალიან მოეწონა. პროექტს "მეცხრე მილენიუმი" დავარქვით. სათბური ლაბორატორიის ფუნქციასაც შეითავსებს და ვაზის წყლის ნიადაგზე მოყვანაზე იმუშავებს. მცენარეთა და ვაზის მონაცემები BTU-ს ლაბორატორიაში გადაიგზავნება და ადგილზე დამუშავდება".
გლობალური დათბობის მოლოდინში
ათწლეულების შემდეგ, ვაზის მარსზე მოყვანის იდეის გარდა, ვაზის ჯიშების ლაბორატორიაში დამუშავებას მიწიერი მიზეზიც აქვს – გლობალური დათბობის გამო, შესაძლოა ვაზმა ტრადიციულ ვენახებში არსებობა შეწყვიტოს და კულტურის მთაში, შედარებით დაბალ ტემპერატურაში გადატანა გახდეს საჭირო. თუკი ვაზი წყლის ნიადაგზე იხარებს, სასათბურე პირობებში გამოყვანა მისი გადარჩენის საქმეს ბევრად გაამარტივებს.
Space Farms-ის სათბურში მოყვანილი პროდუქციის დაგემოვნებას მსურველები პირველი მოსავლის აღებისთანავე შეძლებენ.
რატომ ვაზი?
"არ მგონია ინდოელებს და ჩინელებს კოდირებაში ვაჯობოთ, დიდი რესურსი აქვთ. ამიტომ ისეთი რამ უნდა ვიპოვოთ, რომელიც ჩვენია და გრძელვადიანი პერსპექტივის მქონე. გვინდა ტექნოლოგიურ რუკაზე იმ პროდუქტით გამოვჩნდეთ, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის", – ამბობს მიხეილ ბატიაშვილი.
"რატომ ვაზი? უპირველესად, საქართველოს ტერიტორიაზე ზოგადად დიდი ბიომრავალფეროვნებაა. არსებობს უნიკალური ვაზის ჯიშები", – ამბობს დავით ლორთქიფანიძე, – "მეორე არგუმენტიც ძალიან მნიშვნელოვანია – წარსულში აქ ღვინის უწყვეტი წარმოება იყო, რომელიც 8 ათასი წლის წინ დაიწყო და დღესაც გრძელდება. თანამედროვეობა და ტრადიციები შერწყმულია".
ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი პროექტის ავტორებს კონსულტაციას უწევს, ხოლო მუზეუმი მკვლევრებს საჭირო ისტორიული მასალით ეხმარება.
საქართველო კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ და საყოველთაოდ ცნობილია, მეღვინეობის ქვეყანაა. 8 ათასწლიანი ისტორიის ეროვნულ სიამაყეს რამდენიმე წელიწადში შესაძლოა ახალი სიცოცხლე კვლავ ქართველებმა, ამჯერად უკვე კოსმოსში შესძინონ.
საორგანიზაციო გუნდი 2 ლაბორატორიას ქმნის. პირველი სწორედ "სტამბაში", Space Farms-ის სათბურში განთავსდება. აქ მეცნიერები ვაზის კულტურის წყლის ნიადაგზე მოსაყვანად იმუშავებენ. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სათბურიდან გაგზავნილი მონაცემები დამუშავდება.
წყლის ნიადაგზე ვაზის ჯიშის გამოყვანის საჭიროებას ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს: ღია კოსმოსში ნებისმიერი გრამის გატანას დიდი რაოდენობით საწვავი ესაჭიროება. შესაბამისად, რაც უფრო მცირეა ნიადაგი, რომლითაც კულტურა კოსმოსში გადის, მით ნაკლებია დანახარჯი.
მეორე ლაბორატორია უნივერსიტეტში განთავსდება, სადაც იგეგმება, რომ "წითელი პლანეტის" ზედაპირის ანალოგი შეიქმნას და მასზე ვაზის გახარების სამუშაოები ჩატარდეს. "ვაზი მარსის ნიადაგის ანალოგში, უნივერსიტეტის ლაბორატორიაში ჩაიყრება. თითოეული ფოთოლი კომპიუტერზე იქნება "დაერთებული". მივიღებთ მონაცემებს, რათა შუქისა და ჰაერის პარამეტრები განვსაზღვროთ. იმის დასამტკიცებლად, რომ პროექტის განხორციელება შესაძლებელია, ინფორმაცია უნდა გვქონდეს.
ყოველწამიერ მონაცემს, როგორც Space Farms-ის, ასევე უნივერსიტეტის ლაბორატორიიდან ავიღებთ, დავამუშავებთ, შევკრებთ და ანალიზს გავაკეთებთ. გავიგებთ, როგორ იმოქმედა, მაგალითად, განათებამ. უნდა დავამტკიცოთ, რომ კონკრეტული ჯიში კოსმოსური სათბურის გარემოსთან არის ადაპტირებული", – გვიხსნის მიხეილ ბატიაშვილი.
საინიციატივო გუნდი, ვაზის პარალელურად, სხვა კულტურებზე მუშაობასაც გეგმავს და არ გამორიცხავს, ხორბლის ლაბორატორიულ პირობებში მოყვანაზეც იზრუნოს.
Space Farms-ის სათბური შემოდგომაზე გაიხსნება. "მეცხრე მილენიუმი" მუშაობას საშემოდგომოდ დაიწყებს.
პოტენციური პარტნიორები
"მთავარია მეცნიერული მონაცემები. სპეციალისტებთან ერთად უნდა დავამტკიცოთ, რომ ამ პირობებში ვაზის მოყვანა შეგვიძლია. როცა ამას შევძლებთ, ჩვენით შესაძლოა NASA, ევროპული კოსმოსური სააგენტო ან სულაც ილონ მასკი დაინტერესდეს. პროექტის შედეგს დაახლოებით 5 წელიწადში ველოდებით. ჩვენი მისიაა დავამტკიცოთ, რომ წინაპრებთან ერთად თავადაც მიგვიძღვის წილი ქართული ღვინის ტექნოლოგიის განვითარებაში. გვსურს, პირველივე დღიდან სტუდენტები ჩავრთოთ და თაობა გამოვზარდოთ", – ამბობს მიხეილ ბატიაშვილი.
"უნდა დამტკიცდეს, რომ სპეციალური ვაზის ჯიში გამოვა, რომელიც გაუძლებს რადიაციას და მზის გარეშე, დაახლოებით 5-6 წლის თავზე, გაზრდას შეძლებს".
გარდა იმისა, რომ ნიკა დობორჯგინიძე მიხეილის პარტნიორია, მისი სახით პროექტს Microsoft Georgia-ს სრული მხარდაჭერაც აქვს. მიხეილ ბატიაშვილი და ნიკა დობორჯგინიძე პროექტის
საგანმანათლებლო მნიშვნელობაზე ამახვილებენ აქცენტს. "თუკი განათლების სისტემა და მეცნიერული კვლევა ერთად არ მუშაობს, ვერაფერს მივაღწევთ. პროექტში ჩართული ბავშვები დიდები რომ გახდებიან, სრულიად სხვა გარემოს შექმნიან. გაიზრდება უამრავი სხვადასხვა პროფილის სტუდენტი – მონაცემთა ბაზების ანალიტიკოსები, ბიოლოგები, ნიადაგის სპეციალისტები, ისტორიკოსები. უნივერსიტეტი ამ პროექტს, მომავლის კონცეფციას, განათლების ასპექტში ხედავს", – განგვიმარტავს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი.
ვაზის მარსზე მოყვანა რეალური პერსპექტივაა
პორტალი Gizmodo პროექტ VEGGIE-ს დირექტორ გიოია მასასთან ჩაწერილ ციტატას აქვეყნებს. ქალბატონი მასა ადასტურებს, რომ მარსზე ყურძნის მოყვანის შანსი არსებობს. "თუკი მცენარე საკმარისად მცირე ზომისაა და შეუძლია ხელოვნური განათების პირობებში ზრდა, სრულიად შესაძლებელია, ვაზი ღია კოსმოსშიც გაიზარდოს".
პროექტის იდეის ავტორთათვის ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ვაზის წყლის ნიადაგზე თუ მარსის ნიადაგის იმიტაციაზე მოყვანის ექსპერიმენტები სხვა ქვეყნებში არ დაწყებულა. ქართული საინიციატივო ჯგუფი საქმის პიონერია.
"კონკურენციას ველოდებით, მაგრამ ჩვენ თუ 2-3 ნაბიჯით წინ ვიქნებით და კვლევითი შესაძლებლობებიც გვექნება, ეს აღარ დაგვემუქრება. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ ისეთი თემა, რომელშიც ჯერ ვერავინ გაგვეჯიბრება. ჯერჯერობით არ გაგვიგია, რომ ამ სფეროში ვინმე გეგმავდეს ფულის ჩადებას", – გვიხსნის ნიკა დობორჯგინიძე.
ავტორები კოსმოსში დაწურული ღვინის სავარაუდო ფასსაც გვიმხელენ – მათი აზრით, თითო ბოთლის ღირებულება 15 ათას დოლარს მიაღწევს.
პირველი ქართული კოსმოსური სააგენტო
"ღვინო კაცობრიობას განვითარების განმავლობაში სოციალური კავშირების გაღვივებაში ეხმარება. თუკი მარსზე გავემგზავრებით, გადარჩენის გარდა, ადამიანობა უნდა შევინარჩუნოთ. სოციალიზაციის გარეშე კი არაფერი გამოვა", – ამბობს ნიკა დობორჯგინიძე.
პროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ თანამედროვე სამყაროში წარმატებისთვის აუცილებელი პირობა დროის გასწრებაა. დღეს ან ხვალ კოსმოსური ვაზის საჭიროება არ დგას. სამაგიეროდ, რამდენიმე ათწლეულში შესაძლოა იმ ქვეყანათა რიცხვში მოვხვდეთ, რომელთაც "წითელი პლანეტის" კოლონიზაციაში საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით.
მომავალი კოსმოსური ფერმერების გეგმები უფრო შორსაც მიდის. "მეცხრე მილენიუმის" ჩაშვებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში, საქართველოში კოსმოსური სააგენტოს შექმნას გეგმავენ. "ეს ჩვენს სტატუსს აამაღლებს. გაამარტივებს კომუნიკაციას და სხვა პროექტების განხორციელების საშუალებას მოგვცემს", – მიაჩნია მიხეილ ბატიაშვილს.
კოსმოსური სააგენტოს ერთადერთი ფუნქცია რაკეტის გაშვება და შეუსწავლელ პლანეტებზე მისიების დაგზავნა როდია. რეალურად, ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი კვლევითი საქმიანობაა, რომელიც კოსმოსის უკეთ შეცნობის საშუალებას იძლევა.
***
შორეულ "წითელ პლანეტას" დედამიწამდე 78 მილიონი კილომეტრი აშორებს. როდის მივირთმევთ ქართულ ღვინოს მარსზე? – ძნელი სათქმელია. თუმცა, შეგვიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ეს უზარმაზარი მანძილი ჩვენსა და მარსს შორის ყოველდღიურად მცირდება.