Get All Access for $5/mo

"მარტოკაცის" მარტო სტარტაპი გაიცანით დამიანე გორდელაძე!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

პანდემიის დადგომისა და საკუთარ სახლებში სავალდებულო თვითიზოლაციის პერიოდში, ინტერნეტსივრცეში "მარტოკაცის" გამოჩენამ ციფრულ სამყაროს ქართული ფოლკლორის ხმა და ახალი ჟღერადობა შემატა. ათიათასობით მიმდევარი და გვერდის ერთგული მომხმარებელი ყოველდღე "მარტოკაცის" ახალ შესრულებას ელის და საკუთარ ინტერნეტგამოცდილებას კიდევ უფრო საინტერესოს, შემეცნებითსა და სახალისოს ხდის.

ვინ არის მარტოკაცი?

ეს ახალგაზრდა დამიანე გორდელაძეა, რომელმაც პანდემიის დადგომის შემდეგ, მრავალი ადამიანის მსგავსად სამსახური დაკარგა და თავის შექცევა ინტერნეტსივრცეში გადაწყვიტა. მანამდე კი, სანამ მას სახელწოდებით "მარტოკაცი" გავიცნობდით, აქტიურობა საკუთარ ინსტაგრამგვერდზე დაიწყო. მიზანს უცხოელების ქართული კულტურითა და ფოლკლორით დაინტერესება წარმოადგენდა. გადაწყვიტა, რაც შეიძლება ბევრი მიმდევარი გაეჩინა და შემდეგ მათთვის საკუთარი ფოლკ-ტურები შეეთავაზებინა, რაც დღესაც მის ჩანაფიქრსა და ერთგვარ ბიზნესიდეას წარმოადგენს.

"დისტანციის პირობებში ვიდეოგაკვეთილებისა და ლექციების ჩატარებას ვაპირებდი, ისევ და ისევ საქართველოსა და მისი კულტურის შესახებ. გვერდს, გამომწერების კონტინგენტიდან გამომდინარე, ძირითადად რუსულ-ქართულად ვმართავ. ერთხელაც, ვიდეო ფეისბუქის პირად გვერდზე განვათავსე და ამას იმხელა გამოხმაურება მოჰყვა, რომ გადავწყვიტე გვერდი შემექმნა, რომელსაც "მარტოკაცი" დავარქვი. ახსნა მარტივია − ვიდეოებში ყველაფერს მე ვაკეთებ, ყველა ხმას მე ვმღერი და ყველა როლს მე ვთამაშობ", − გვიყვება დამიანე.

"მარტოკაცი" ქართული კულტურისა და მრავალხმიანი მუსიკის სფეროში მრავალწლიან გამოცდილებას ფლობს: მღერის და ასწავლის კიდეც. პანდემიის დაწყებამდე, თბილისში მცხოვრები უცხოელების გუნდ "ნადურს" ხელმძღვანელობდა. ქართული ხალხური სიმღერების გაკვეთილებს რუსულ, ქართულ და ინგლისურ ენებზე ატარებდა. პარალელურად, თითქმის 2 წლის განმავლობაში, საინგილოს, იგივე ჰერეთის მხარეში (დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორია) ადგილობრივ ქართველებს გალობის გაკვეთილებს უტარებდა და იქ მგალობელთა პირველი გუნდიც ჩამოაყალიბა.

დამიანეს მუსიკალური თავგადასავალი გაცილებით ადრე იწყება. მეცხრე კლასში უკვე ოფიციალურად ოზურგეთის კულტურის სახლში ხალხური ანსამბლის მომღერლად მუშაობდა. სწავლობდა მუსიკალურ სკოლაშიც, თუმცა უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი აირჩია და ისტორიის დაუფლება გადაწყვიტა. მეთორმეტე კლასიდან აქტიურად თანამშრომლობს უცხოელ ტურისტებთან და მუსიკის გაკვეთილებით მათ ქართულ კულტურას აზიარებს. ამჟამად საოჯახო ანსამბლ "გორდელაძეებისა" და ანსამბლ "გორდას" წევრის სტატუსსაც ფლობს. მისი დაგროვილი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის შემფასებელი კი ახლა უკვე დიდი ინტერნეტაუდიტორიაა.

"მარტოკაცის" მიმართ რომ ინტერესი მზარდია, ამაზე გამომწერთა რაოდენობაც მეტყველებს. გვერდის შექმნიდან ორი კვირის თავზე, ყოველგვარი გარეკლამების გარეშე, 12 000-ზე მეტი გამომწერი არ არის ცუდი შედეგი. ჩემი აზრით, ხალხს მოსწონს რასაც ვაკეთებ და ამის მთავარი მიზეზი პოზიტივია. მაქსიმალურად ვცდილობ, შევქმნა ყველა კატეგორიის მაყურებელზე გათვლილი პროდუქტი და გზავნილი ყოველთვის დადებითი ემოციის მატარებელი იყოს. ეს ისაა, რაც ყველა ჩვენგანს თანაბრად სჭირდება. Facebook-ისა და Instagram-ის გარდა, გვერდები მაქვს Youtube-ზე, Soundcloud-სა და Telegram-ზე. თუმცა, პატარა იონას (შვილი) გაჩენის შემდეგ, პარალელურად ძიძის პროფესიაც შევითავსე და ყველა გვერდზე თანაბრად აქტიურობისთვის საკმარისი დრო აღარ მრჩება", − ამბობს დამიანე.

"მარტოკაცის" გვერდებზე ინტერნეტმომხმარებლის აქტიურობას თუ დავაკვირდებით, ცხადი ხდება, რომ მას განვითარების გაცილებით მასშტაბური პოტენციალი აქვს. ახლა ჩამოყალიბების საინტერესო პროცესს გადის და ახლო მომავალში მნიშვნელოვან პროექტად შეიძლება იქცეს. როგორც თავად დამიანე ამბობს, მისი ძირითადი კონტურები უკვე გამოკვეთილია. არსებობის გასაგრძელებლად, ხარისხის უკეთეს ეტაპზე გადასასვლელად და მიზნების მისაღწევად კი მხარდაჭერა სჭირდება.

"კომერციული დატვირთვისა და შესაბამისი ფინანსური სახსრების მოძიების გარეშე, შეუძლებელია "მარტოკაცმა" არსებობა გააგრძელოს. უპირველესი მიზანი ტექნიკური უზრუნველყოფაა: კამერა, მიკროფონი და ყველაფერი ის, რაც პროდუქციის ხარისხს მნიშვნელოვნად გაზრდის. ფორმატის ჩამოყალიბების შემდეგ, შესაძლოა კონტენტის განთავსება რომელიმე სატელევიზიო არხს შევთავაზო ან პროდუქციამ ისევ დამოუკიდებლად, ინტერნეტსივრცეში გააგრძელოს არსებობა".

მათ კი, ვინც "მარტოკაცის" მიერ საინტერესო ფორმითა და ციფრული არხებით შემოთავაზებული ქართული კულტურის ქომაგია, შეუძლიათ დამიანეს მხარდაჭერა სხვადასხვა ფორმით გამოუცხადონ და მას ერთგვარი კულტურული წამოწყების (სტარტაპის) განვითარებაში ღირებული დახმარება გაუწიონ. მანამდე კი "მარტოკაცი" საკუთარი ძალებით მარტო განაგრძობს განვითარებას და ციფრულ ოკეანეში მყარი ადგილის დამკვიდრებას.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

რა უპირატესობებს სთავაზობს "სილიკონ ველი" სტარტაპებს

ეს ადგილი დღემდე იზიდავს სტარტაპებს მთელი მსოფლიოდან

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია