მარცხის ძალა 100 პროცენტით უფრო ძლიერი დავბრუნდები

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანთან საჩემპიონო ბრძოლაში მარცხის შემდეგ გულშემატკივრებს ამ სიტყვებით მიმართა:

"მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, მეგობრებს, გულშემატკივრებს, თანაგუნდელებს და ჩემს ქვეყანას იმ უდიდესი სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის, რაც ჩემ მიმართ გამოიჩინეთ. მოგებისა თუ წაგების მიუხედავად, თქვენ ყოველთვის ჩემ გვერდით დგახართ და ამის გამო უზომოდ მადლიერი ვარ!

ბოდიშს გიხდით, რომ დამარცხებით იმედები გაგიცრუეთ, მაგრამ იცოდეთ, 100 პროცენტით უფრო ძლიერი დავბრუნდები, რათა დავიბრუნო ის, რაც მე მეკუთვნის!

ყველას საყურადღებოდ, ვინც ჩემზე ნერვიულობდით, კარგად ვარ, მხოლოდ რამდენიმე იარა მაქვს. ვეცდები, ყველა შეტყობინებას ვუპასუხო, მაგრამ გთხოვთ, თუ ვერ გიპასუხებთ, პირადულად ნუ მიიღებთ. თქვენი შეტყობინებები ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან ბევრია და ყველას ვაფასებ.

შაბათი ჩემი დღე არ იყო. იანი უკეთესი გახლდათ, ვულოცავ მას და მის გუნდს გამარჯვებას. ზედმეტად ნუ მოდუნდებით. ყველაფერს უკან დავიბრუნებ. იმედი მაქვს, რევანში რაც შეიძლება მალე გაიმართება".

რა შეგვიძლია ვისწავლოთ ამ შთამბეჭდავი სიტყვებისგან?

მარცხის მიღება, მოწინააღმდეგისთვის საჯარო მილოცვა და მისი უპირატესობის აღიარება მერაბ დვალიშვილზე, არა როგორც მხოლოდ უძლიერეს სპორტსმენზე, არამედ მის ღირსეულ პიროვნულ თვისებებსა და ნამდვილი ჩემპიონის მენტალიტეტზე მეტყველებს.

ნამდვილი ჩემპიონისთვის მარცხი ხომ გამარჯვების ნაწილია და მთავარი ის კი არ არის, როდის და რამდენჯერ დამარცხდი, არამედ ის, ეგუები მარცხს თუ პირიქით, მისგან სწავლობ და ახალი გამარჯვებისთვის ემზადები?!

მერაბმა, რომლისგანაც მხოლოდ გამარჯვებებს ვართ მიჩვეული, ამ მარცხის შემდეგ გამოხატული რეაქციით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის გაუტეხელი და შეუპოვარი ბუნების ადამიანია, შეუძლია წაგებას ღირსეულად შეხვდეს და ახალი გამარჯვებისთვის მზადება დაუყოვნებლივ დაიწყოს.

მერაბ დვალიშვილმა არა მხოლოდ მოგებული ორთაბრძოლებით, არამედ წაგებითაც დაამტკიცა, რომ ის ღირსეული მებრძოლია.

გამოცდა – ვინ ვართ, როცა გვიგებენ, წარმატებითაა ჩაბარებული და წინ მხოლოდ ჩემპიონის ტიტულის დაბრუნება და ახალი მიზნებია!

შთამბეჭდავი იყო მარცხის შემდეგ მერაბის დედასთან საუბარი:

"ყველაფერი ხუთიანზეა, დედა, ბრძოლა გრძელდება. სპორტია. არც პირველად წამიგია და არც უკანასკნელად. ვაგრძელებ ბრძოლას. ვინც იბრძვის, ხან დამარცხდება, ხან ისწავლის".

ასეა! მთავარი მართლაც ისაა, რომ ბრძოლა გრძელდება. წაგება კი ბრძოლის ნაწილია, რომელსაც ნამდვილი მეომრები ახალ მწვერვალებზე ასასვლელი კიბის საფეხურად იყენებენ.

ადამიანის ტვინი მარცხს საფრთხედ აღიქვამს და ასეთ დროს ისეთი თავდაცვითი რეაქციები ჩნდება, როგორიცაა უარყოფა, გამართლება, გაქცევა. მერაბს არცერთი არ გამოუვლენია, პირიქით, აღიარა მარცხი, არც თავის მართლება და წუწუნი დაუწყია.

მერაბის კიდევ ერთ კომენტარში კარგად ჩანს, რამდენად პასუხისმგებლიანი ადამიანია, როცა მარცხის გამო თავს არ იმართლებს და წაგებას არცერთი სხვა მიზეზით არ ხსნის, გარდა იმისა, რომ მოწინააღმდეგე ამჯერად მასზე ძლიერი იყო და ამ ბრძოლის წაგება მხოლოდ მისი პასუხისმგებლობაა:

"მე ვეცადე ყველაფერი გამეკეთებინა. ვეცადე შოუ შემექმნა, თუმცა ბრძოლა წავაგე. ვულოცავ გამარჯვებას, მაგრამ მე რემატჩი მინდა. ის დღეს უკეთესი იყო. მე თავის გამართლებას არ ვაპირებ. ვცადე განსხვავებულად მებრძოლა".

ეს სიტყვები მხოლოდ სპორტის ამ სახეობით დაინტერესებული ადამიანებისთვის არაა მნიშვნელოვანი და მათზე დაფიქრება და გაანალიზება ყველას გამოადგება – ბიზნესშიც, ნებისმიერ სხვა სფეროშიც და ცხოვრებაშიც!

გაქვს წარუმატებლობა და რომელიმე პროექტი ან საქმე ისე ვერ წაგივიდა, როგორც გინდოდა? არ გაჩერდე! გაანალიზე, რა ფაქტორებმა გამოიწვია წარუმატებლობა, რა ვერ შეძელი და რატომ, რა შეგეძლო უკეთესად გაგეკეთებინა და მოემზადე ახალი გამოწვევებისთვის.

წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღე, სხვისკენ ხელს ნუ გაიშვერ და ნუ დაიწყებ დამნაშავის ძიებას, მხოლოდ იმაზე იფიქრე, რა შეგიძლია ისწავლო ამ მარცხიდან და როგორ შეიძლება დაბრუნდე უფრო ძლიერი და მომზადებული?

მზად იყავი, დაუბრუნდე ბრძოლის ველს ახალი ძალებით და ახალი შემართებით.

მიიღე მარცხი, როგორც მოტივაციის ფაქტორი, როგორც შენი პიროვნული განვითარების საზრდო და მოემზადე ახალი გამარჯვებებისთვის.

გახსოვდეს, შენც შენი "რემატჩი" გაქვს ჩასატარებელი და ჩემპიონის ქამარი დასაბრუნებელი!

გიორგი შარაშიძე
მთავარი რედაქტორი
editor@entrepreneur.ge

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge