Get All Access for $5/mo

მიიღეთ მაქსიმუმი ყოველდღიურად დრო: ის საკმარისი არასოდესაა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ნინო ცქვიტაია

დრო: ის საკმარისი არასოდესაა. არც სამუშაოდ, არც გასართობად. არც ძილისთვის, რომელიც... კარგით რა, არ შეიძლება ერთხელ მაინც წავუძინოთ? ქვემოთ მოყვანილმა ანტრეპრენერებმა გამოსავალი იპოვეს. მათ მეტი დრო ვერასოდეს ექნებათ, თუმცა არსებულის ბრძნულად გამოყენება ისწავლეს – მათგან რაიმეს სწავლა კი დროის სასარგებლოდ ხარჯვაა.

მიიღეთ დღის მაქსიმუმი შინ

გჭირდებათ რჩევა სამსახურის თაობაზე? შვილებს ჰკითხეთ!

ტომ გიმბელი პერსონალის აყვანისა და დაკომპლექტების სერვისის მიმწოდებელი კომპანია LaSalle Network-ის უფროსი აღმასრულებელი ოფიცერია. ტომმა შვილებთან აქტიური საუბარი მაშინ დაიწყო, როდესაც ბავშვები 3, 5 და 7 წლისანი იყვნენ. "მარტოხელა მამა ვიყავი, მსურდა მათთან კომუნიკაცია და მათ ცხოვრებაში ჩართულობა გამეძლიერებინა", – გვიყვება გიმბელი. საუბარმა შელოცვასავით იმოქმედა. "ისინი იმ პრობლემებზე მეკითხებოდნენ, რომელთა შესახებაც თვეების წინ მქონდა მოყოლილი. ვპასუხობდი: "რაზე მეკითხები?" მათი მეხსიერება მაგიჟებდა. ახლა, როდესაც ბავშვები უკვე თინეიჯერები არიან, გიმბელს თავიანთ დასკვნებს უზიარებენ და მისგანაც ანგარიშის ჩაბარებას მოელიან. "თუკი რაიმე რთული გადაწყვეტილება უნდა მივიღო, მაგალითად, ვიღაც სამსახურიდან გავათავისუფლო, მეკითხებიან: "კომპანიას ასე სჭირდება? დაიმსახურა? თუკი დადებით პასუხს ვაძლევ, მპასუხობენ, "მიდი, მამა, ეგრე მოიქეცი!" ისინი პრობლემების მოგვარებისკენ მიბიძგებენ და მახსენებენ, რომ მათი გადაჭრის გზებიც ვიცი".

დილის რუტინა

"ჩემი რუტინა მაქვს, რომელსაც არასოდეს ვარღვევ: ვდგები, ყავახანაში მივდივარ, "ესპრესოს" მივირთმევ. ეს პროცესი ჩემს ტვინს გამოფხიზლებაში ეხმარება და დღის საქმეებისთვის ამზადებს. თუკი შინ ვარ, თან შვილი მიმყავს. როცა ვმოგზაურობ, ახალ ადგილებს ვიკვლევ" – პატრიკ ქვინლანი, თავსებადობის მართვის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Convercent-ის უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი.

"დილის 6 საათზე კვირაში 5 დღე სახლის ტრენაჟორზე ვვარჯიშობ. ვარჯიშის შემდეგ მედიტაციურ მდგომარეობაში გადავდივარ. ამ დროს ახალი იდეები მომდის. ამიტომ ვარჯიშის შემდეგ აზრების ჩასაწერად Siri-ს, ან ძველმოდურ ფანქარსა და ფურცელს ვიყენებ" – ნეილ გრიმერი, პერსონალური კვების ბრენდ Habit-ის დამფუძნებელი და უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი.

"ყავის აპარატი დილის 5:30-ზე მაქვს დაპროგრამებული. სანამ ბავშვებს სასკოლოდ გავაღვიძებ, ყავის დალევა და ელექტრონული ფოსტის შემოწმება მიყვარს. ამ ძვირფას დროს შეკვეთების ორგანიზებისთვის, საწყობის დღის პრიორიტეტების განსასაზღვრად და წარმოების გადასამოწმებლად ვიყენებ. ეს ჩვევა მეხმარება, დღე პროაქტიურად, შემზადებულმა დავიწყო" – სარა სტაინი, საჩუქრების ბრენდ Sister of Los Angeles-ის დამფუძნებელი.

ძილის წინ

"სანამ დავიძინებ, განვლილ დღეს ვაფასებ – ვარკვევ, ჩემი გადაწყვეტილებები შიშმა ხომ არ გამოიწვია, და რატომ. ფურცელსა და ფანქარს ვიღებ, ორ სვეტს ვხაზავ. ერთს "შიში" ჰქვია, მეორეს – "სიმამაცე". ეგოთი განპირობებული შიში საკუთარი თავის განსჯითაა გაჯერებული, გადაწყვეტილებების ალალბედზე მიღებისკენ გვიბიძგებს და ადამიანის სრულ პარალიზებას ახდენს. "სიმამაცეს" მაშინ ვავლენ, როდესაც კომფორტის ზონიდან გამოვდივარ და ისეთ გადაწყვეტილებებს ვიღებ, რომლებიც ჩემს მიზნებს შეესატყვისება. ძილის წინ სიმამაცის გამოვლინების გახსენება მეხმარება, მომდევნო დღეს უფრო ეფექტური და მიზანდასახული ვიყო" – დევიდ ანჯელო, კრეატიული სააგენტოს David & Goliath-ის დამფუძნებელი.

"დაწოლამდე ყოველთვის წიგნს ვკითხულობ, უმეტესწილად – ფანტასტიკას. თუნდაც მხოლოდ 15 წუთი მქონდეს, მაინც ვახერხებ. ეს მეხმარება ცხოვრებისეულ სირთულეებს მოვწყდე, ისეთ კონდიციას მივაღწიო, რომ გავითიშო და მთელი ღამე ვიძინო" – ერიკ კორმანი, სუნამოების კომპანია Phlur-ის უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი.

"ძილის წინ ტელეფონი ავტონომიურ რეჟიმზე გადამყავს. ეს ჩემთვის მენტალური პაუზაა. ფაქტი, რომ მიუწვდომელი ვარ, მეხმარება უკეთ ვიძინო და მომდევნო დღისთვის დავიმუხტო" – კატერინა შნაიდერი, საკვების ჯანმრთელი დანამატების ბრენდ Ritual-ის დამფუძნებელი და უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი.

დატვირთეთ კვირის დასაწყისი

როგორ მოახერხა სონი ქებერვოლმა, Bond-ის დამფუძნებელმა და Newel Brands-ის ტექნოლოგიურმა ხელმძღვანელმა, ორშაბათს ბევრად დიდხანს ემუშავა, ვიდრე პარასკევს, და ოჯახისთვის მეტი დრო დაეთმო.

რამდენიმე წლის წინ ჩემი კვირის – მთელი 168 საათის, განრიგის ჩამოწერა ფურცელზე დავიწყე. მსურდა დავკვირვებოდი, დროს როგორ ვანაწილებდი. ამ სავარჯიშომ თვალები ამიხილა. 30% ძილს ეთმობა, 30% – სამსახურს. ოჯახი და მეგობრები 25%-ს იღებენ, დანარჩენი დრო კი სწავლისა და განვითარებისთვისაა. ასევე გავაცნობიერე, რომ საათებს ყოველთვის მაქსიმალურად არ ვიყენებდი. დროს ვფლანგავდი და მას ახლა უკან ვერ დავაბრუნებ. მაგალითად, მე სამი პატარა შვილი მყავს, თუმცა შინ მოსვლა და საღამოს 8 საათზე მათი დაძინება დროის ხარისხიანად გატარებას ნამდვილად არ ნიშნავს. მერჩივნა მათთან 3-იდან 8 საათამდე ვყოფილიყავი. სამსახურებრივ პროექტებზე მუშაობის გამო ზოგჯერ ისეთი დაკავებული ვიყავი, დასვენებისთვის დროც კი არ მრჩებოდა.

ასე რომ, ექსპერიმენტს შევუდექი. ჩემი დროის დანაწევრება დავიწყე, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ თითოეულ მონაკვეთს ხარისხიანად ვატარებდი. მთავარი: ნაცვლად იმისა, რომ სტანდარტული სამუშაო კვირა მქონოდა, ასე გადავწყვიტე: კვირის პირველ ოთხ დღეს ნიუ-იორკში ვატარებდი, ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით კი ჩრდილო კაროლინაში, შინ ვიყავი. კვირის დასაწყისი სამუშაოთი მქონდა დატვირთული, შემდეგ კი ვამცირებდი, რათა მეტი დრო ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან გამეტარებინა. ორშაბათს 18 საათს ვმუშაობდი, სამშაბათს 14 საათს, ოთხშაბათს 10 საათს, ხუთშაბათს 6 საათს, და პარასკევს – 4 საათს. თუკი გადაითვლით, აღმოაჩენთ, რომ საბოლოოდ ოჯახისთვის იმაზე მეტი დრო მრჩებოდა, ვიდრე ყოველდღიურად სამსახურიდან სახლში მხოლოდ სავახშმოდ მოსვლისას მექნებოდა. გარდა ამისა, სამუშაოზე მეტად ფოკუსირებაც გახდა შესაძლებელი.

როდესაც გეგმა განვახორციელე, აღმოვაჩინე, რომ იმაზე მეტი რამის გაკეთება მსურს, ვიდრე ამას დღის განმავლობაში არსებული დრო შემაძლებინებდა. ასე რომ, ინტერესები გავაერთიანე. მაგალითად: თუკი გსურთ გიტარაზე დაკვრა ისწავლოთ, მეგობართან ერთად ისწავლეთ. ამ შემთხვევაში, პერსონალურ და სოციალურ მიზნებს ერთდროულად აღწევთ. ამ დროს აღმოვაჩინე, რომ რეალურად უნდა შევხედო, სად ვკარგავ დროს. უბრალოდ, ტელეფონის შემოწმებაც კი დროის მცირე მონაკვეთს გართმევთ.

ყოველი კვირის ბოლოს თითო საათს ამ დღეების აუდიტს ვუთმობდი. ჩემი დრო სწორად გამოვიყენე? ეს ექსპერიმენტი კვლავ ღირებულია? სქემა დღემდე საკმაოდ კარგად მუშაობს.

ბევრი ადამიანი მეუბნება, თითქოს ჩემი ექსპერიმენტით ცხოვრებას ხალისს ვუკარგავ, მოულოდნელობებისთვის დროს არ ვიტოვებ. უბრალოდ, უნდა იცოდეთ, რამდენი საათი გაქვთ ექსპერიმენტებისთვის. და ჩემი აღქმით, სწორედ ესაა ანტრეპრენერობა. ის გაძლევთ თავისუფლებას, თქვენი დრო ისე დახარჯოთ, როგორც უკეთესად მიგაჩნიათ. შესაძლოა ამ მიდგომამაც ყოველთვის არ გაამართლოს, რადგან მომხმარებლებთან, გუნდთან, ინვესტორებთან ვალდებულებები გაქვთ. თუმცა, შეგიძლიათ ყველაფერი აკონტროლოთ. სწორედ ამაშია საქმე.

იყავით უფრო პროდუქტიული გზაში

შინაური გარემოს დატოვების პერსპექტივა სამუშაოს შესრულებაში ხელს გიშლით. ალექსის ოჰანიანი, Reddit-ისა და Initialized Capital-ის თანადამფუძნებელი, გვიხსნის, როგორ "აცურებს" ტვინს და სხეულს, თითქოს სახლის კომფორტით იღებს სიამოვნებას, იმის მიუხედავად, მსოფლიოს რომელ წერტილშია.

წინასწარ გათვალეთ – "მე დროის სარტყელთა შორის ვმოგზაურობ. ჩემს სხეულს საკვების მიღების სხვა რეჟიმზე გადასვლას 24 საათით ადრე ვაიძულებ. ჯეტ ლეგის დრო ნამდვილად არ მაქვს".

იქონიეთ რუტინა – "კარგი Wi-Fi მშვენიერი გამოსავალია – Airbnb-ით შერჩეულ სახლებში ჩემი Eeros-ით დავდივარ. თუკი სასტუმროში ვჩერდები, დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ კარგი სპორტდარბაზი და ახლომახლო კარგი კაფე აქვთ. მცირედი გეხმარებათ, ნაკლებად უცხოდ იგრძნოთ თავი".

ჰიდრატაცია – "საერთაშორისო ფრენების დროს მღვიძავს და წყალს ვსვამ, რათა როდესაც თვითმფრინავი დაჯდება, ფხიზლად ვიყო. ეს ჩემთვის სრული გადატვირთვაა. ჩემს კოლეგებს კი სძულთ. შეწუხების გარეშე, ტონობით ელ. წერილს ვახარისხებ".

გამოიყენეთ მგზავრობის დრო განსატვირთად, თუმცა ნუ "გაითიშებით"

2015 წელს ვედური მედიტაციის სემინარზე დასწრების შემდეგ, მეგ ჰი, ნიუ-იორკული სამოსის კომპანია ADAY-ს თანადამფუძნებელი, სავარჯიშოების შესრულებას დღეში 2-ჯერ 20-20 წუთს უთმობს. გარიგებები უფრო გამარტივდა, თუმცა დღის დანარჩენი მონაკვეთი სამუშაოთია დატვირთული. მეგი საკითხს შემოქმედებითად მიუდგა. "ვფიქრობდი, რომ მეტროში გატარებული დრო ელ. წერილებზე და Slack-ის მესიჯებზე საპასუხოდ საუკეთესო იყო, თუმცა ამ პერიოდში საქმეს ხარისხიანად ვერ გააკეთებთ", – ამბობს მეგ ჰი. "სამაგიეროდ, ის შეიძლება მედიტაციისთვის გამოიყენოთ". როდესაც ძენის მდგომარეობაში ყოფნის გამო მეგს გაჩერება გამოეპარა, ისეთი მუსიკა იპოვა, რომელიც რელაქსაციაში ეხმარება და ახსენებს, რომ ტრანსპორტიდან ჩამოსვლის დროა. "ბახის Chaconne-ს ვუსმენ ჰილარი ჰანის შესრულებით, რომელიც 17 წუთი გრძელდება", – გვიყვება მეგი, – "ეს ნაწარმოები 5-წუთიან მონაკვეთებად მარტივად იყოფა. ასე რომ, ახლა ყოველთვის ვიცი, სად ვიმყოფები".

დარჩით მარტო

"ყალბი ყურსასმენები. უზარმაზარი, თეთრ-წითელი ყურსასმენები მაქვს, რომელიც მთელ ჩემს ყურს ფარავს და კილომეტრებიდანაა შესამჩნევი. ზოგჯერ მაშინაც კი ვიკეთებ, როცა მუსიკას საერთოდ არ ვუსმენ და სიგნალს ვუშვებ, რომ თავი გამანებონ. შელოცვასავით მუშაობს... იქამდე, სანამ ჩემი გუნდი ამას წაიკითხავს!" – სკოტ ტანენი, საწოლების კომპანია Boll & Branch-ის თანადამფუძნებელი და უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი.

"დაბლოკეთ "სამუშაო დრო". მე და კომპანიის თანადამფუძნებელ ალექსს კალენდარზე დრო 12-იდან 2 საათამდე გვაქვს მონიშნული და ამ ტრადიციას ისე ვიცავთ, როგორც ვახერხებთ. ამ პერიოდში შეგვიძლია რთული საკითხები გავიაროთ ისე, რომ თანამშრომელთა კითხვების წვიმას თავი ავარიდოთ", – ჯორდანა კაიერი, ნატურალური ტამპონების კომპანია Lola-ს თანადამფუძნებელი და ერთ-ერთი უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი.

იყავით ერთიანნი

"ოფისში ყველა დილის 9 საათზე მოდის და თითო კარგ ამბავს ყვება. ისტორია შეიძლება იყოს პირადი ან პროფესიული. მთავარია, სამუშაო გარემოს შეესაბამებოდეს. ტრადიცია გუნდის წევრებს საერთო სივრცეში კრებს და სანამ ერთმანეთს უკეთ ვიცნობთ და წარმატებებზე ვსაუბრობთ, საშუალებას გვაძლევს, დღე დადებით ნოტაზე დავიწყოთ", – მონიკა გუზმანი, Konneck Agency-ს COO და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

"თუკი აღმასრულებელთან შიდა შეხვედრაზე ვინმე აგვიანებს, მომდევნო შეკრებისთვის ლანჩის ყიდვა ევალება. ამგვარად ვახერხებთ, ყველა დროულად მოვიყვანოთ და შეხვედრებსაც სათამაშო ელფერს ვძენთ. ამ ტრადიციაზე ყოველ ჯერზე ბევრს ვიცინით" – ჯონ რუბი, Fathom Events-ის კონტენტმენეჯერი.

იყავით მუდმივ მოძრაობაში

"თუკი ჩემსავით, მეტროთი მგზავრობის დროს, შეზღუდული მობილური კავშირის მიუხედავად, დროს საქმეს უთმობთ, იმ მოზრდილ ელ. წერილზე იფიქრეთ, რომელზე პასუხსაც თავს არიდებდით. დეტალებში გაერკვიეთ. თქვენი მგზავრობაც მალე დასრულდება და დღის დასაწყისიც საქმის შესრულების განცდას გაგიჩენთ", – ჰეიმს ჰირშფილდი, სტაციონარულ ბრენდ Paperless Post-ის თანადამფუძნებელი და CEO.

"კოლეგებთან ერთად, ყოველდღიურ 20-წუთიან მოძრავ შეხვედრებს ვგეგმავთ. ეს მცირე "ფანჯარა" გვაფხიზლებს და ორივე მხარეს კომუნიკაციას აუმჯობესებს. გაგაოცებთ, რამდენი საკითხის გადაჭრა და მათთვის სინათლის მოფენა შეგიძლიათ ამ დროში", – ეველინ რასლი, საბავშვო კვების ბრენდ Yumi-ს თანადამფუძნებელი.

ჩართე ჯგუფში მრავალფეროვნების ნაწილი

როგორ შეცვალა ღია ოფისის გეგმის შემდეგ ოფისზე საერთოდ უარის თქმამ დეიმონდ ჯონის, FUBU-ს, The Shark Group-ისა და Blueprint + Co.-ს დამფუძნებლისა და CEO-ს მიდგომა საქმისადმი.

მთელი კარიერის განმავლობაში, ტრადიციულ სამუშაო სივრცეში ვმუშაობდი. ჩემს კომპანიას ოფისი ჰქონდა, მე კი პირადი სივრცე ოფისში. თუმცა, როდესაც ბიზნესინკუბატორები ვნახე (კომპანიის ყველა თანამშრომელი, ხელმძღვანელობიდან ბოლო რგოლამდე, რომელთაც გახსნილი კომუნიკაცია და თანამშრომლობა ჰქონდათ), ვთქვი: "Wow, ეს ბევრად უკეთესი იდეაა". როდესაც ყველა დახურულ კარსმიღმა ზის, ამბები "თარგმანში იკარგება". ასე რომ, დაახლოებით 2 წლის წინ, ჩემი თანამშრომლები ღია ოფისში გადავიყვანე, რომლის ცენტრშიც მე ვიჯექი. შემდეგ კი, ამ გაზაფხულზე, უფრო დიდი ცვლილება განვახორციელე. საერთო სამუშაო სივრცე გავხსენი აღმასრულებლებისთვის და ისეთი დიდი კორპორაციებისთვის, როგორიცაა, მაგალითად Blueprint + Co და ჩემი თანამშრომლებიც გადავიყვანე. მას მერე, მათსა და დანარჩენ მომუშავეებს შორის საზღვრები წაშლილია. მათ შორის არიან Leesa-ს, Ashley Stewart-ის, Тhe Hones Company-ს და Shopify-ს თანამშრომლები.

სწორედ ამიტომ აღარ ვეწევი ღია ოფისის ადვოკატირებას. დახურული, "მარტოსული" კომპანიების მხარდაჭერას საერთოდ შევეშვი (გამონაკლისია იურიდიული, ადამიანური რესურსების, ფინანსური დეპარტამენტები, რომელთაც კედლები მნიშვნელოვან თემებზე თათბირებისა და დოკუმენტაციისთვის სჭირდებათ). კომპანიები საკუთარ თავს ცუდ საქმეს უკეთებენ, როდესაც თანამშრომლებს კედლებში კეტავენ. ტრადიციული ოფისები იმისთვის შეიქმნა, რომ ვეებერთელა ფაქსის აპარატებს, სკანერებს, ტელეფონებს და სხვა აღჭურვილობას დაედო ბინა. ახლა ყველაფერი ციფრულია. ჯიბეში კომპიუტერით მოძრაობ და მეტი არც არაფერი გჭირდება. და სწორედ ეს ცვლის წარმოდგენას, თუ სად და როგორ ვმუშაობთ. ახლა მჯერა, რომ კომპანია ისეთივე ნოვატორია, როგორიც მისი ოფისი. ვხედავ კომპანიებს, რომლებიც ჩემნაირ ადამიანებს სთხოვენ, მათთან მივიდნენ და ინოვაციებზე ისაუბრონ. თუმცა, კომპანიებთან ინოვაციური ვერაფერი მოხდება, რადგან ოფისის კედლები მოძველებული შეხედულებებითაა გაჯერებული. თანამშრომლები ოფისის კედლებს მიღმა ვერ იყურებიან. შესაძლოა 15 წელი ისე გავიდეს, ახალი ვერაფერი ისწავლონ.

ზოგი მოზრდილი ბიზნესი, როგორც იქნა, ამ აზრამდეც მივიდა. ბევრად ადეკვატურია, კალიფორნიული კომპანიის ნიუ-იორკული გუნდი საერთო სამუშაო სივრცეში მუშაობდეს და არა რომელიღაც სატელიტ ოფისში. უპირველესად, პრივატული სივრცე ლოგისტიკისთვის და ინფრასტრუქტურისთვის გამკლავების საჭიროებას ბადებს, ეს კი დროისა და ფულის ხარჯვაა. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები, რომლებიც ამ კომპანიებში მუშაობენ, მათთან ერთად მყოფი სხვა პერსონებისგან და კომპანიებისგან ბევრს ისწავლიან. ისეთ თანამშრომლობას ჩამოაყალიბებენ, რაც სხვა შემთხვევებში საერთოდ არ გამოვიდოდა. ამას საკუთარ პერსონალზე დაკვირვების შედეგად ვამბობ. ისინი დანარჩენებთან ირევიან და ბრეინსტორმინგის საერთო პროცესში ერთვებიან. მოლაპარაკებებს სამზარეულოშიც კი აწარმოებენ. აღარ არსებობს მიდგომა – "შენმა თანამშრომლებმა ჩემებს დაურეკონ". სამაგიეროდ, უბრალოდ, 20 ნაბიჯის გადადგმა უწევთ – სწრაფი კომუნიკაცია და შეთანხმების შესასრულებლად მოქმედების დაუყოვნებლივი დაწყება თითოეულის დროს მაქსიმალურად ზოგავს.

დახვეწეთ საოფისე სავარჯიშოები

Green Bay Packers-ის მეასე გარემარბი თავდამსხმელი და Super Bowl-ის ჩემპიონი მარტელას ბენეტი ნახევარ განაკვეთზე Imagination Agency-ს დამფუძნებლის ამპლუაში მოგვევლინა. და უკეთესს ვის უნდა დავეკითხოთ სამუშაო სივრცეში, ანტრეპრენერული პასუხისმგებლობების აღსრულების დროს, ფორმის შენარჩუნების საკითხებზე. ბენეტი იმ სამ გზაზე გიამბობთ, რომელთა შესრულებასაც, რამდენი დროც უნდა გქონდეთ, მაინც შეძლებთ.

ადრე ადექით

ბენეტს თქვენი ბოდიშები არაფერში სჭირდება. სავარჯიშოდ დრო არ გაქვთ? "მაღვიძარა 1 საათით ადრე დააყენეთ!", – გვეუბნება. "შინიდან დილაობით, 5 საათიდან 7:30-მდე ვმუშაობ, შემდეგ კი 2-საათიან ვარჯიშს ვიწყებ, სანამ ჩემი ოჯახის წევრები ლოგინიდან ადგებიან". სირცხვილი, რომელსაც ახლა გრძნობთ, შეგიძლიათ მოტივაციად გამოიყენოთ.

გადით გარეთ!

"შეუძლებელია მთელი დღე სკამზე ისხდეთ", – ამბობს ბენეტი, – "ისეთ ადამიანებსაც ვიცნობ, რომლებიც საკუთარ მაგიდასთან "მოტოციკლებით სხედან" – თუმცა, ეს გზა არსად მიგიყვანთ!" პეიზაჟის შეცვლა თქვენს შემოქმედებითობასაც გაზრდის. თუკი სპორტდარბაზში ვერ მიდიხართ, ირბინეთ ან გაისეირნეთ.

გამოიხურეთ ოფისის კარი

ზოგჯერ, უბრალოდ, გარეთ გასვლას ვერ ახერხებთ. "არაფერია ცუდი იმაში, თუკი ზარებსა და შეხვედრებს შორის წაივარჯიშებთ. გააკეთეთ 20 ბუქნი – შეტყუპებული ფეხებით ახტით და გაშლილი ფეხებით დახტით, 20-ჯერ. ბონუსქულებსაც მიიღებთ, თუკი ცოტა ოფლსაც დაღვრით.

დაივიწყეთ Audio Memo-ები, Video Memo-ები სცადეთ

ანჯალი კატარაია თანამშრომლებისგან გაგზავნილმა გრძელმა ელ. წერილებმა და აუდიოშეტყობინებებმა დაღალა. შემდეგ კი იდეა გაუჩნდა. Mytonomy-ს უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი, რომელიც საავადმყოფოებში პაციენტების გამოცდილების გასაუმჯობესებლად ვიდეოშეტყობინებების ჩაწერის პროექტს ხელმძღვანელობს, მიხვდა, რომ მცირე ვიდეოები თავადაც წაადგებოდა. ასე რომ, ახალი სისტემა ააწყო. "ყოველკვირა პირადად ჩემი დაქვემდებარებულების ანგარიშებს 1-დან 2 წუთამდე ვიდეოებით ვიღებ. ისინი საკუთარი დავალების სტატუსს, ყოველკვირეული საქმეების მნიშვნელოვან დეტალებსა და თხოვნებს მიზიარებენ". იგი ვიდეოებს გზაში უყურებს, ხშირად მატარებელში, ანდა Uber-ში ზის და გრძნობს, რომ 10-ჯერ სწრაფად იღებს ინფორმაციას, ვიდრე ადრე. "ვიდეო კომუნიკაციის უმაღლესი ფორმაა, რომელიც უფრო მყარი ურთიერთობის საშუალებას გვაძლევს", – ამბობს კატარაია. "და ბიზნესის წარმატებაც უმაღლესი ხარისხის კომუნიკაციასა და ურთიერთობაზეა დამოკიდებული".

ელექტრონული საფოსტო ყუთის მართვის აკვიატებული იდეა

დავაგროვოთ თუ არა ელექტრონული წერილები, თუ ყუთის წაუკითხავი წერილებისგან გასათავისუფლებლად დავკარგოთ დრო და ენერგია? ორი ანტრეპრენერი ელ.ფოსტის მართვის ორ განსხვავებულ მეთოდს გვთავაზობს.

უსასრულო ინბოქსი

როდესაც მივხვდი, რომ ჩემი ელ. ფოსტა საკუთარი განრიგი კი არა, სხვების მიერ ჩემთან გამოგზავნილი საქმეების სია იყო, საოცარი რამ გავაცნობიერე: საფოსტო ყუთის მუდმივი მენეჯმენტი სხვისი საშინაო დავალების შესრულებას ჰგავს! ამ წუთს წერილების მიხედვით საკუთარი დღის დაგეგმვა შევწყვიტე და უფრო ეფექტურიც მაშინვე გავხდი. საქმე შეტყობინებების იგნორირებაში სულაც არ არის; პასუხის გაცემა ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენს სამუშაო ეთიკაზე მიანიშნებს. თუმცა არსებობს ხაზი ჩემი პრიორიტეტების ცოდნასა და პასუხის დაბრუნებას შორის. ყოველ დღეს უმნიშვნელოვანესი 3 ან 5 საქმის დაგეგმვით ვიწყებ და კალენდარში ვსვამ. როდესაც ვხვდები, რომ მათი განხორციელების გზას ვადგავარ, ფოსტას ვამოწმებ. მარკეტინგულ შეტყობინებებს ვშლი და პრიორიტეტულ შეტყობინებებს ვეძებ, რომლებიც დედლაინში გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვენ. სხვა დანარჩენი მოიცდის. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ დარჩენილი გზავნილები მნიშვნელოვანი არ არის, თუმცა მათ თავს მოგვიანებით გავართმევ. ასე რომ, არა უშავს, თუკი დაგროვდება. ფოსტის გასუფთავების აკვიატება არ მაქვს, სიმშვიდესაც ვინარჩუნებ, დროის პრიორიტეტულად განაწილების და მნიშვნელოვან საკითხებზე ფოკუსირების საშუალებაც მაქვს, იმის ნაცვლად, რომ მუდმივი დამალობანა ვითამაშო" – რეიჩელ ბლუმენტალი, ბავშვთა სამოსის გამოწერის სერვის Rockets of Awesome-ის თანადამფუძნებელი და უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი.

ნულოვანი ფოსტის ყუთი

"თუკი საფოსტო შეტყობინებების მცირე, წითელ ნიშანზე 5-ზე მეტი ციფრი წერია, დიდ სტრესს ვიღებ. ახლა კი ცხოვრებაში და ბიზნესში იმ ეტაპზე ვარ, როდესაც მაქსიმალურად ვცდილობ სტრესის მოშორებას. დიდი ხნის განმავლობაში ჩემს საფოსტო ყუთს მნიშვნელოვანი შეტყობინებების ვარსკვლავით მონიშვნით და მათთვის მოგვიანებით გადახედვის იმედით ვალაგებდი. საბოლოო ჯამში, ამ ქმედებამ "საფოსტო სატანჯველში" ჩამაგდო, როცა ვიცოდი, რომ ისინი არსებობდნენ და მუდმივად მაწუხებდნენ. დაახლოებით 6 თვის წინ, დაახლოებით საღამოს 10 საათისთვის ელ.ფოსტის გაწმენდას მივყავი ხელი. ახლა, როდესაც ტემპში ჩავჯექი, ეს საქმე სულ რაღაც 15 წუთს მართმევს (შიდა კომუნიკაციაში Slack-ი გვეხმარება, საკუთარი კომპანიისგან იმდენი გზავნილის მიღებაც არ მიწევს, რამდენისაც ადრე). ვშლი, რისი წაშლაც შემიძლია და რასაც მოკლე პასუხი სჭირდება, ვპასუხობ. ყველაფერი, რასაც იმაზე მეტი ყურადღება ესაჭიროება, ვიდრე დღის ბოლოს შემიძლია გამოვუყო, მეორე დღისთვის ვიტოვებ. თუმცა, რამდენიმე შეტყობინებაზე მეტი არასოდეს რჩება. სტრესის გარეშე უკეთ მძინავს. უკეთესი ძილი კი გაუმჯობესებულ, პროდუქტიულ მომდევნო დღეს ნიშნავს", – ადამ ტიშმანი, მატრასების კომპანია Helix-ის თანადამფუძნებელი და უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

მენეჯმენტი

5 ნაბიჯი გუნდთან ისეთი ურთიერთობის დასამყარებლად, როგორიც ხელმძღვანელს შეჰფერის

ქვემოთ ხუთი რჩევაა, რომელთა გამოყენება შეუძლიათ ლიდერებს კომუნიკაციის უნარების გასაუმჯობესებლად

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".