მინის იმპორტიდან მრავალპროფილურ წარმოებამდე LG Group-ის 22-წლიანი წარმატების ისტორია
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
LG Group-ისთვის ლამის ყველა ახალი მშენებლობა ცოცხალ პორტფოლიოდაა ქცეული – ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი, ქუთაისისა და ოზურგეთის იუსტიციის სახლები, "თიბისი ბანკის" სათაო ოფისი, უამრავი რესტორანი, საცხოვრებელი კომპლექსი, თბილისის იუსტიციის სახლის ხიდი, ჯანდაცვის სამინისტრო და სხვა არაერთი მასშტაბური პროექტი, სწორედ ამ კომპანიის შემინულია. LG Group მალხაზ როსტიაშვილმა 1996 წელს დააარსა. კომპანია უკვე 22 წელია სამშენებლო კომპანიებისთვის თუ კერძო დამკვეთებისთვის შეუცვლელი პარტნიორია. მრავალწლიანი გამოცდილება, თანამედროვე დანადგარები და სანდო საერთაშორისო პარტნიორები დამკვეთისთვის მიწოდებულ მაღალ ხარისხს უზრუნველყოფენ.
გიორგი როსტიაშვილი ოჯახურ ბიზნესს 2 წელია მამასთან, მალხაზთან ერთად უძღვება. იქამდე ბიზნესადმინისტრირებას ისრაელში სწავლობდა. ოჯახის ბიზნესსაქმიანობაშიც დისტანციურად მონაწილეობდა და ადგილობრივ პარტნიორებთან ჰქონდა კომუნიკაცია. გიორგი საქართველოში დაბრუნების შემდეგ წარმოებაში ჩაერთო და სულ მალე, კომპანიამ ქვის საამქროც დააარსა.
2016 წელს LG Group-ის გუნდი სამ საწარმოში გადანაწილდა.
მინის გაყიდვებიდან საკუთარი პროდუქციის წარმოებამდე
"1996 წლიდან დიდი რაოდენობის მინის მასალა ჩამოგვქონდა და საბითუმო ფასად ვყიდდით. ამ სქემით, კომპანიის დაარსებიდან, დაახლოებით 2 წლის განმავლობაში ვმუშაობდით. შემდეგ მინის დამუშავებაზეც გადავედით – ვჭრიდით და მისგან ახალ პროდუქციას ვაწარმოებდით. კომპანია დროთა განმავლობაში განვითარდა: 5 წლის თავზე არსებულ დანადგარებს ახლები დავამატეთ და მინაპაკეტის დამზადება დავიწყეთ. მაშინ 2 პატარა დანადგარი გვქონდა, რომელთა საერთო ღირებულება 20 ათას დოლარს არ აღემატებოდა. ახლა ამ მიმართულებით ათზე მეტ დანადგარს ვფლობთ. მათი გამოყენებით, ყველანაირი კონსტრუქციის შექმნა შეგვიძლია – დაწყებული მინის დაჭრიდან, დამთავრებული მინაპაკეტის აწყობით. ამჟამად მინაზე, ალუმინსა და ქვაზე ვმუშაობთ", – გვიყვება გიორგი როსტიაშვილი.
კომპანიას არაერთი მსხვილი დამკვეთი ჰყავს. შეკვეთების უმეტესი ნაწილი სწორედ მათზე მოდის: "ჩვენი შემინულია იუსტიციის სახლები, თბილისის პროკურატურა, "გალერია თბილისი", სასტუმრო "რიქსოსი" თბილისში. ახლა ბათუმში, "მარიოტის" შემინვაზე ვმუშაობთ", – გვიყვება გიორგი.
LG Group-ი წელიწადში დაახლოებით ასი ათას კვადრატულ მეტრ მინაზე იღებს შეკვეთას. კომპანია შეკვეთის მიღების შემდეგ მასალას პარტნიორებისგან იწერს - მინის მომწოდებლები ისრაელში, რუსეთში, გერმანიასა და ესპანეთში ჰყავს. საქართველოში, გემით თუ ტრაილერით, ტონობით მასალა ახალ პროექტზე მუშაობის დაწყებისთანავე, დაახლოებით 2 კვირაში ჩამოდის, შემდეგი ეტაპი კი მისი დამუშავებაა: "მოთხოვნილ ზომაზე დანადგარით იჭრება, შემდეგ გვერდები უმუშავდება, იწრთობა და იწყება მინაპაკეტის აწყობა. ამ პროცესს რობოტი უზრუნველყოფს – მხოლოდ მინის დადებაა საჭირო დანადგარზე, შემდეგ კი, საბოლოო პროდუქტის გადმოღება".
მასალის კლასიფიკაცია 2 მახასიათებლის მიხედვით ხდება: პირველი მინის სისქეა, ხოლო მეორე და მთავარი – თბოგადაცემა. რაც უფრო დაბალია თბოგადაცემის კოეფიციენტი, მით ნაკლებია დანახარჯი შენობის გათბობა-გაგრილებაზე, რადგან მაღალფუნქციური მინა ზამთარში სითბოს ინარჩუნებს, ზაფხულში კი, სიგრილეს. "კორპუსებსა თუ დაბალბიუჯეტიან პროექტებში ჩვეულებრივ მინას იყენებენ, თუმცა ჩვენი შეკვეთების დაახლოებით 80% სწორედ ასეთ მაღალფუნქციურ მინებზე მოდის", – გვიხსნის გიორგი.
მაღალი ხარისხის გარდა, დამკვეთს კომპანია ფართო არჩევანსაც სთავაზობს. მაგალითად, Ultra Clear ტიპის მინა ინტერიერში ბუნებრივი შუქის შემოტანას უზრუნველყოფს, ხოლო ე.წ. გამოწრთობილი მინა, სტანდარტულზე დაახლოებით 5-ჯერ გამძლეა. ამ სახეობის პროდუქტის კიდევ ერთ ღირსებას ის წარმოადგენს, რომ დამსხვრევის შემთხვევაში, პატარა ნაწილებად იქცევა და სხეულის დაზიანების შანსს ამცირებს. LG Group-ი, უახლესი ტექნოლოგიის საშუალებით, მინაზე ბეჭდვის სერვისსაც უზრუნველყოფს. გამოყენებული საღებავი გამძლეა და ესკიზი 100%-იანი სიზუსტით გადააქვს.
საწარმოს წარმადობა დღეში 800 კვ.მ მინის დაჭრაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ LG Group-ს 7 საათის განმავლობაში 400 კვადრატული მინაპაკეტის აწყობა შეუძლია. ამჟამად, კომპანია ყოველწლიურად 50 ათას კვ.მ მინაპაკეტს აწყობს.
LG Group-ში 150-მდე ადამიანია დასაქმებული. მათგან 60 პირი წარმოებაში მუშაობს, 50 კონსტრუქციების მონტაჟზე, 40 კი –ადმინისტრაციულ საქმიანობას ეწევა.
LG Group პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარია. რამდენიმე წლის წინ კომპანიამ "პროკრედიტ ბანკისგან" სესხად მილიონი დოლარი აიღო. სწორედ ბანკის მეშვეობით დაუკავშირდა LG Group-ი პროექტს "აწარმოე საქართველოში". შედეგად, სესხის აღებიდან 1 წლის განმავლობაში, LG Group-ის მიერ მიღებული თანხის ყოველთვიურ საკრედიტო პროცენტს სახელმწიფო პროგრამა იხდიდა. აღებული სესხი მთლიანად საწარმოს გაფართოებას მოხმარდა და შედეგად კიდევ ერთი – ქვის საამქრო ამოქმედდა.
ქვის საამქრო
2 წლის წინ LG Group-მა საკუთარი წარმოება უფრო მრავალპროფილური გახადა და ავჭალაში ქვის საამქროც გახსნა. ამ მიმართულებით საწარმოს დატვირთვაზე მას შემდეგ დაფიქრდნენ, რაც კომპანიამ "რიქსოსსა" და "მხატვრის სახლზე" დაასრულა მუშაობა და დაებადა საკმაოდ ლეგიტიმური შეკითხვა – რატომ არ უნდა შეეთავაზებინა ინვესტორისთვის მთლიანი ფასადის უზრუნველყოფა, სრული პაკეტი? შეკითხვას პასუხად მალევე მოჰყვა რეალური ნაბიჯები.
შედეგად, 2016 წელს ქვის საამქრო გაიხსნა: "საქართველოში ამ მიმართულებით, ძირითადად, ხელით მუშაობენ – ქვას ფიზიკურად ჭრიან და ხერხავენ. ჩვენ კი, უპირველესად, დანადგარებით აღვიჭურვეთ – ისეთი ქარხანა შევქმენით, რომელშიც ადამიანის შრომა მინიმუმამდეა დაყვანილი. თითოეულ მანქანას მხოლოდ თითო ოპერატორი და დამხმარე ჰყავს, თუმცა, მიუხედავად მცდელობისა, პროცესის 100%-ით ავტომატიზება ჯერჯერობით არ გამოგვდის".
LG Group ქვის მასალას ძირითადად საზღვარგარეთ ყიდულობს. ზომაზე დაჭრილი მარმარილო და გრანიტი იტალიიდან, თურქეთიდან, ისრაელიდან და ირანიდან ზღვითა და სახმელეთო ტრანსპორტით შემოდის. დიდი ბლოკებისა და 2 სანტიმეტრი სისქის ფილების შესყიდვა კი საქართველოშიცაა შესაძლებელი. "არის სახეობები, რომელთა იმპორტირებაც გვიწევს, რადგან ქვეყანაში ფიზიკურად არ მოიპოვება. ქვიშაქვის კარიერის გახსნა ვცადეთ. ამ ქვით ირანიდან შემოტანილი ტრავერტინის ჩანაცვლება გვსურდა, მაგრამ ლიცენზია ვერ მივიღეთ".
საამქროს წარმადობა დღეში საშუალოდ 30 კვადრატულ მეტრამდე ქვის დახერხვა და 50 კვადრატულ მეტრამდე ქვის დაჭრაა, აქ მზადდება ქვის მოზაიკაც. ამასთანავე, საამქრო დამატებით აღჭურვილია 2 დანადგარით, რომლებიც დაჭრილი და დახერხილი ბლოკის რაოდენობას აორმაგებენ.
როდესაც ყველაზე კარგი რეკლამა, საჭირო კონტაქტები და კმაყოფილი დამკვეთია
LG Group ქართულ ბაზარზე უკვე 22 წელია საქმიანობს. შესაბამისად, სამშენებლო კომპანიებმა, მსხვილმა დამკვეთებმა თუ კერძო პირებმა, კომპანიის არსებობის შესახებ კარგად იციან. მიუხედავად ამისა, კონკურენცია საკმაოდ მაღალია: არსებობს ბევრი მცირე წარმოება, რომელთაც გაცილებით ნაკლები საწარმოო ხარჯი აქვთ, რადგან დანადგარებით მუშაობის ნაცვლად, ადამიანურ რესურსს იყენებენ. შესაბამისად, მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ფასიც დაბალია. სამაგიეროდ, LG Group უმაღლესი ხარისხით თამამად დაიკვეხნის – "ერთადერთი კომპანია ვართ, რომელსაც შეუძლია ქვის ფილები მილიმეტრის ცდომილების გარეშე დაჭრას". ამიტომ, არც არის გასაკვირი, რომ შეკვეთების სიმცირეს არ უჩივიან. LG Group-ის ქვის საამქრომ მოსაპირკეთებელი სამუშაოებით უზრუნველყო "თიბისი სტატუსის" 20-მდე ფილიალი.
ქვისა და მინის კონსტრუქციების გარდა, კომპანია ალუმინსაც ამუშავებს. ქმნის ვიტრაჟებს, კარებს, ფანჯრებს, მინაპაკეტზე დასამონტაჟებელ მექანიზმებს.
რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, კომპანიას, რომელიც სტაბილურად მზარდი და წარმატებულია, მარკეტინგის გუნდი დღემდე არ ჰყავს და როგორც გიორგი როსტიაშვილი ამტკიცებს, ამის საჭიროებასაც ვერ ხედავს. მისი თქმით, სამშენებლო კომპანიებსა და არქიტექტურულ ჯგუფებთან უკვე საკმაოდ ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებთ, მსგავსი კონტაქტები კი რეკლამაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს. დაინტერესებული პირები პირდაპირ მიდიან მათთან და წარმოებას ადგილზე ეცნობიან. გუნდი მხოლოდ სოციალურ მედიას ამუშავებს, ისიც – მინიმალური დოზით, პროდუქციისა და პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება კი ნებისმიერ მსურველს შეუძლია LG Group-ის ოფიციალური საიტის მეშვეობით.
ამ ეტაპზე LG Group-ის მთავარ მიზანს მინის წარმოების გაორმაგება და ქვის საამქროს დატვირთვის გაზრდა წარმოადგენს.
"მუშაობის დაწყება რთული იყო. ქვის მასალების ბაზარი უკვე გადანაწილებულია, ჩვენ კი ახლახან ჩავერთეთ. ჯერჯერობით დაგეგმვის პროცესში ვართ, ვაპირებთ მასშტაბური პროექტების განხორციელებას. მიგვაჩნია, რომ ამ ტემპით თუ გავაგრძელებთ, სრული დატვირთვით ამუშავებას მალე შევძლებთ".
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო უწყებაა ქვეყანაში, რომელიც ორიენტირებულია კერძო სექტორის, კონკრეტულად ‒ მიკრო, მცირე და საშუალო კომპანიების განვითარებაზე. დინამიკური ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, სააგენტო აერთიანებს სამ კომპონენტს, ეკონომიკური განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ შრეს: ბიზნესს (ადგილობრივ წარმოებას), ექსპორტს და ინვესტიციებს. სააგენტოს მიზანია სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაცია და ექსპორტის ხელშეწყობა.
"აწარმოე საქართველოში ‒ ბიზნესის" მიმართულების მიზანია ქვეყანაში მეწარმეობის განვითარება, მეწარმის მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა.
"აწარმოე საქართველოში ‒ ექსპორტის" მიმართულების მიზანია ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის მატება და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.
"აწარმოე საქართველოში ‒ ინვესტიციის" მიმართულების მიზანია ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ხელშეწყობა და განვითარება. აღნიშნული მიმართულება წარმოადგენს ერთგვარ მედიატორს უცხოელ ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის, მუშაობს "ერთი ფანჯრის პრინციპით" და ეხმარება დაინტერესებულ ინვესტორებს სხვადასხვა ინფორმაციის მიღებასა და ქართულ მხარესთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოებაში.