Get All Access for $5/mo

მიზანი გაქვს? დაწერე! გეგმა გაქვს? დაწერე! იდეა გაქვს? დაწერე! რაში გვეხმარება ყოველდღიური ბლოკნოტი და რატომ შეუძლია ამ პატარა ნივთს შეცვალოს თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, მაშინ, როდესაც დამოუკიდებელი ცხოვრების ასპარეზზე პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, უფროსმა მეგობარმა ყავისფერყდიანი ბლოკნოტი – 1997 წლის ყოველდღიური მაჩუქა, რომელსაც დღემდე ვინახავ და ვუფრთხილდები, სხვა ბლოკნოტებთან ერთად, 1997 წლიდან 2019 წლის ჩათვლით...

ყველა ნივთს შეველევი, მაგრამ ამ ბლოკნოტებს ვერანაირად, რადგან ჩემს გამარჯვებებსა და დამარცხებებს, სიხარულსა და მწუხარებას, აღმაფრენასა და იმედგაცრუებას – ყველაფერს ეს ბლოკნოტები ინახავენ!

1997 წლიდან დღემდე, ბლოკნოტი ჩემი პროფესიული და პირადი ცხოვრების ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია და რადგან არცთუ პატარა სტაჟი დამიგროვდა (ჩემი პირადი არქივი 23 ყოველდღიურს, შესაბამისად, 23 წლის გამოცდილებას ითვლის), გადავწყვიტე, თავს უფლება მივცე და ჩემი ბლოკნოტთან ურთიერთობის გამოცდილება გაგიზიაროთ, რაც მეტ ორგანიზებულობაში, წარსულის სწორ ანალიზში, მომავლის უკეთ დაგეგმვაში, დროის ეფექტურად მართვასა და ზოგადად, წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ!

ციფრულ ეპოქაში, როდესაც დროის მენეჯმენტისა და ჩანაწერების შენახვის უამრავი ელექტრონული პლატფორმა არსებობს, ტრადიციული ბლოკნოტი ბევრისათვის შესაძლოა, ძველმოდურად ჩანდეს, მაგრამ ჩემთვის კალმისტრისა და ფურცლის ენერგეტიკას ვერაფერი შეცვლის.

სულ რომ არაფერი გქონდეს დასაწერი, საკმარისია შეეხო ფურცელს, და უმალ შეიგრძნობ ქაღალდის ჯადოსნურ ენერგეტიკას, რომელიც ხელის მტევნიდან საჭირო სიგნალებს ტვინის უჯრედებს გადასცემს და აზრიც არ დააყოვნებს, პირველს მეორე მოჰყვება, მეორეს მესამე და შენი პატარა ბლოკნოტიც შენი დიდი ცხოვრების ერთგვარ გზამკვლევად, ფურცელზე გადატანილ მენტალურ რუკად გადაიქცევა.

და მაინც, რაში გვეხმარება ყოველდღიური ბლოკნოტი და რატომ შეუძლია ამ პატარა ნივთს შეცვალოს თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ?

  1. ფურცელზე გადატანილი აზრი თითქოს ჩაცემენტდება ჩვენს მეხსიერებაში, საიდანაც ვერაფერი ამოშლის. დღეს, როცა ინფორმაციული ნაკადი ყველა მხრიდან უწყვეტად მოედინება, თითქოს ყველაფერს ვიმახსოვრებთ, მაგრამ რამდენად ვახერხებთ მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამახსოვრებას, მთავარზე კონცენტრირებას? ამ მხრივ, ფურცელი და კალამი შეუცვლელია. მე, პირადად, ხშირად დამვიწყებია კომპიუტერის კლავიატურაზე აკრეფილი ტექსტი, მაგრამ ხელით დაწერილი ძალიან იშვიათად. წერის პროცესი თითქოს გვათავისუფლებს მენტალური ბარიერებისგან, შემოქმედებით აზროვნებასა და საკუთარი თავის, გარესამყაროს უკეთ შეცნობაში გვეხმარება;
  2. დღის გეგმის პუნქტებად ჩამოწერის რეგულარული პრაქტიკა და ამ პროცედურისთვის, რომლისთვისაც გნებავთ საღამოს საათები გამოყავით მეორე დღის დასაგეგმად, გნებავთ დილის, სანამ საქმეებს შეუდგებით, დროის ეფექტურად განაწილებასა და პროფესიული თუ პირადი ცხოვრების პრიორიტეტების სწორად განსაზღვრაში დაგეხმარებათ – მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში. ცხადია, თუ მხოლოდ წერით არ შემოიფარგლებით და იმოქმედებთ კიდეც დასახული (დაწერილი) მიზნების ხორცშესასხმელად;
  3. გეგმა ან გადაწყვეტილება, რომელიც საკუთარი ხელით დაწერეთ, უფრო მეტ პასუხისმგებლობას შეგმატებთ და მუდმივად შეგახსენებთ თავს. შესაძლოა, სირცხვილის გრძნობაც კი დაგეუფლოთ, თუ თქვენსავე ხელით დაწერილი გეგმის შესრულებისთვის ჯერ ვერ მოიცალეთ, რასაც ვერ ვიტყვით გონებაში წარმოშობილი სხვადასხვა აზრისა და იდეის შესახებ, რომლებიც, შესაძლოა ისე გაგვეფანტოს, თითქოს არც კი მოგვსვლია თავში. გსურს გააკონტროლო საკუთარი თავი? გახსოვდეს – რასაც დაწერ, გააკონტროლებ კიდეც;
  4. ბლოკნოტი არა მხოლოდ მომავლის სწორად დაგეგმვაში გვეხმარება, არამედ საუკეთესო საშუალებაა წარსულის გასაანალიზებლად. რა სჯობს კვირის ან თვის ბოლოს შევსებული გვერდების ხელახლა გადათვალიერებას და განვლილი დღეების ფხიზელი თვალითა და გონებით კრიტიკულად შეფასებას, როცა შეგიძლია გამონახო დრო და საკუთარ თავს გასცე პასუხი კითხვებზე – რა შემეშალა? სად შემეშალა? როგორ გამოვასწორო? მე განსაკუთრებით წლის შეფასება მიყვარს, რასაც, ტრადიციულად, ახალი წლის პირველ დღეებში ვაკეთებ – წყნარად ვაანალიზებ განვლილ წელს და ახალი წლის დასაგეგმად გასული წლის მიღწევებისა და შეცდომების გათვალისწინებით ვემზადები. ერთი სული მაქვს ხოლმე, როდის ჩავწერ ახალ გეგმებს ახალ ბლოკნოტში, რადგან ზუსტად ვიცი, რომ თუ დავწერ, შევასრულებ კიდეც! ასეა 1997 წლიდან და იმიტომ!

ამიტომაც გირჩევთ თქვენც – დაწერეთ ყველაფერი, რასაც გეგმავთ და ისიამოვნეთ შესრულებული პუნქტების გადახაზვით. ვისაც ეს სიამოვნება არ განგიცდიათ, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გაქვთ…

მადლობა, მეგობარო!

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge
ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია