მოგზაურობა საკუთარ თავში 2020 წლის უდავო ტენდენცია გახლავთ...
By ეკა ასათიანი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ესე სადღაც მე-20 საუკუნის მიწურულს, საქართველოში იყო დრო, როდესაც "კოკა-კოლას" პლასტმასის საწრუპით დალევა, რაღაც ამერიკულთან და მოდურთან ასოცირდებოდა. ზუსტად მაშინ, ერთმა ამერიკელმა ექიმმა, რომელიც ჰუმანიტარულ ტვირთს ჩამოყვა საქართველოში ამერიკიდან, მამაჩემთან თანამშრომლობის შედეგად, ჩვენთან ოჯახში სადილზე აღმოჩნდა და დედაჩემის მიერ ალჟირიდან 1970-იან წლებში ჩამოტანილი საწრუპით მურაბიანი წყალი მივართვით, ასევე მხიარულად, მეგობრულად და კეთილგანწყობით მოვაყოლეთ საწრუპის ჩვენს ოჯახში მოხვედრის ისტორიაც. ცოტა ხნის სიცილისა და ხუმრობის შემდეგ, მან მეგობრულად მითხრა: ეკა ცხოვრებაში ალბათ ბევრი კოქტეილისა და სასმელის დალევა მოგიხდება წვეულებებზე და ყოველთვის ეცადე უარი თქვა პლასტმასის საწრუპებზე, იმიტომ, რომ ის... და დეტალურად ამიხსნა, თუ რატომ არ ღირს წუთიანი მოდური გაელვებისთვის ამ უსარგებლო, დამაზიანებელი და ნიადაგში უხრწნადი ნივთის გამოყენება, რომელიც მიწასა და წყალში თუ მოხვდება, შესაბამისად მრავალი წლის განმავლობაში არ დეგრადირდება. შესაბამისად, ნიადაგისა და წყლის დეგრადაციას გამოიწვევს და ეს ყოველივე კი ჯაჭვური რეაქციით ისევ ჩვენ, ადამიანებს მოგვიბრუნდება, როდესაც ერთ დღეს ვეღარც ვერანაირ ბოსტნეულს და ხილს ვეღარ მოვიყვანთ და შესაბამისად, ჩვენი განძი, ჩვენი წყლის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუარესდება. არადა, ის, რითაც ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი ფასი ადევს მსოფლიოში, არის ფანტასტიკურად სუფთა წყალი, რომელიც ჩვენს ონკანებშიც მოედინება. ეს ფუფუნება განა ყველა ქვეყანას აქვს? განა ყველა ქვეყნის მოსახლეობას შეუძლია მოუშვას ონკანი და დალიოს სუფთა, კრიალა წყალი. ეს ჩვენი პრივილეგიაა საქართველოში და ამის გააზრება, დაფასება და გაფრთხილებაა საჭირო!
ჰოდა, როდესაც მოგზაურობაზე ვფიქრობ ხოლმე, დღეს, დღევანდელი გარემოებების კონტექსტში, ჩვენ შანსი გვაქვს ვიმოგზაუროთ საკუთარ თავებში, აღმოვაჩინოთ ის მანკიერი ჩვევები, რომლებიც უპასუხისმგებლოდ ცხოვრების სტილის განმსაზღვრელია ჩვენში და ვეცადოთ რამენაირად შევცვალოთ მავნე ჩვევები, თუნდაც რაც საწრუპის გამოყენებაში გამოიხატება. ანდა ამ ზაფხულს პლასტმასის ბოთლით წყლის ყიდვისას დავფიქრდეთ, განა უფრო მოდური და უპრიანი არ იქნებოდა რაიმე ლამაზი, თვალწარმტაცი მრავალჯერადი გამოყენების წყლის ჭიქით გამოვსულიყავით სასეირნოდ და ამ დროს სხვასაც თვალს მოსტაცებდა თქვენი ჭიქა, წყალსაც თქვენვე ავსებულს მიირთმევთ და ასევე გარემოშიც აღარ გექნებათ პლასტმასის ბოთლის გადაგდების საჭიროება. არადა, ვინ იცის, ვინ წაიღებს ამ პლასტმასის ბოთლს, სად წაიღებს, სად გადააგდებს... დიდი შანსია, ის ჩვენს მიწაში და წყალში მოხვდეს და იქ დარჩეს მრავალი ათეული წელი, ხოლო შემდეგ ჩვენმა შვილებმა ვეღარ შეძლონ იმ ატმის ხიდან, რომელიც თქვენი ბებოს ეზოში იდგა, ნაყოფის მოწყვეტა, რადგან ბევრი ათეული წლის წინ თქვენ რომ პლასტმასის ბოთლით წყალი პარკში დალიეთ და გადააგდეთ, ის ბოთლი რომ ნიადაგში არ დეგრადირდა და დარჩა ასე, როგორც ნიადაგის მკვლელი, ნიადაგმა ვეღარ შეძლო ატმის ხისთვის შესაბამისი სიცოცხლის მიცემა და ეგ ატმის ხეც გახმა, თქვენი შვილი ან შვილიშვილი კი ოცნებობდა იმ ხიდან ატმის მოწყვეტას და პირის გასველებას.
კარგი დროა მოგზაურობისთვის, კარგი დროა აღმოჩენებისთვის და ცვლილებისთვის...