Get All Access for $5/mo

მომავლის თეატრი მოძრაობის თეატრის ბიზნესმოდელი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ევროპისა და ამერიკისგან განსხვავებით, საქართველოში სახელოვნებო ინსტიტუციებს, მით უფრო კერძო, დამოუკიდებელ სუბიექტებს, უჭირთ დაფინანსების მოძიება, დონორის პოვნა, თავის დამკვიდრება. ამ ყველაფრის გარეშე არსებობა კი, დამეთანხმებით, რთულია, წარმოუდგენელია და დიდ ძალას, გამბედაობას და პროფესიონალიზმს მოითხოვს. მუშტაეთის ბაღში, თვითმფრინავის ანგარში მოწყობილი "მოძრაობის თეატრი" ამ მხრივ გამონაკლისია. რეჟისორმა კახა ბაკურაძემ ყველანაირი ინვესტიციისა და პარტნიორების გარეშე, ცარიელი ენთუზიაზმითა და თავისი საქმის სიყვარულით, 18 წლის წინ დააფუძნა თეატრი და დღეს მას უკვე შვილთან − იოსებ ბაკურაძესთან ერთად უძღვება. მამა-შვილი მუდმივად ახლის ძიებაში არიან და ექსპერიმენტებს არ ერიდებიან.

ცოტა ხნის წინ იოსებ ბაკურაძე ვაშინგტონში, "სინეტიკ თეატრში", რეჟისორ პაატა ციქურიშვილის ასისტენტად იყო მიწვეული სპექტაკლზე "ტიტუს ანდრონიკუსი". ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ "მოძრაობის თეატრში" ბევრი რამ შეიცვალა. იოსები ცდილობს ამერიკული გამოცდილება, ე.წ. თეატრის მართვის "ამერიკული მოდელი", თავის თეატრშიც დანერგოს. მისი თქმით მოძრაობის თეატრი "მომავლის თეატრია", რაც იმას ნიშნავს, რომ დროს უსწრებს და თანამედროვე მოთხოვნებს პასუხობს.

...ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო. კახა ბაკურაძე მსახიობების ოჯახში დაიბადა. დედა, მამა, და, ბებია, ბაბუა − ყველანი მსახიობები იყვნენ, მეტიც − კახა სცენაზე დაიბადა, თეატრალური ინსტიტუტის პირველი აუდიტორიის სცენაზე, როცა დედამისი, გალინა პატარიძე მეოთხე კურსის საკურსო სპექტაკლს თამაშობდა. მთელი ბავშვობა თეატრის კულისებში გაატარა და თავადაც თეატრალურის სტუდენტი გახდა.

კახა ბაკურაძემ ჯერ ქართულ დასთან ერთად მოიარა მსოფლიო, შემდეგ კი საფრანგეთში, გერმანიასა და საქართველოში დააარსა თეატრები. საკუთარ თავზე და წარმატებებზე საუბარი არ უყვარს. ამიტომ, ალბათ ბევრმა არ იცის, რომ პინა ბაუშთან, მორის ბეჟართან და მაიკლ ჯექსონის ქორეოგრაფთანაც კი უმუშავია. მსოფლიოს მრავალი თეატრის სცენაზე იდგა – სარდაფიდან დაწყებული სამეფო თეატრებამდე და ათი წლის თავზე, ტრავმის გამო საქართველოში დაბრუნდა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ამას არ ნანობს.

მისი თქმით, 18 წლის წინ დამოუკიდებელი თეატრის დაარსება რთული იყო, მაგრამ როცა რაღაც ძალიან გინდა, გამოგივა. შემთხვევით გადაგდებულ, გადაყრილ კონსტრუქციას გადააწყდა, რომელიც თვითმფრინავის ანგარი აღმოჩნდა და გადაწyვიტა ეს ანგარი თეატრის შენობად გამოეყენებინა. მერიამ თეატრისთვის მუშტაეთის ბაღი გამოუყო და ასე დაიბადა მოძრაობის თეატრი. იმ დროიდან მოყოლებული, შვილთან, იოსებთან ერთად აკეთებს საქმეს...

"ჩვენი მსახიობები უფრო ნავარჯიშევი არიან. ჩვენ რასაც ვაკეთებთ საკუთარ ქვეყანაში, არცერთი თეატრი ამას არ აკეთებს, თუ არ ჩავთვლით სუხიშვილებს და მარიამ ალექსიძის პატარა თეატრს, რომელიც მოძრაობის, თანამედროვე ცეკვის თეატრია. არის სხვა ანსამბლებიც, რომლებიც უფრო ფოლკზე დაფუძნებულები არიან. ჩვენთანაც არის ფოლკი. ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, ქართულია, მაგრამ ჩვენ უფრო წინ ვართ, ჩვენ უფრო მოქნილები ვართ გარემოსთან და კანონმდებლობასთან. სახელმწიფო არ გვაფინანსებს, არავის ვეკითხებით რა ვითამაშოთ და როგორ ვითამაშოთ. ცენზურა არ გვეხება, მაგრამ უცენზურო ბიჭები არ ვართ", − ამბობს კახა ბაკურაძე.

მისი თქმით, "მოძრაობის თეატრს" ერთი მოტივაცია ამოძრავებს − გახდეს ცნობილი თეატრი და იმოგზაუროს მსოფლიოს გარშემო.

"მანამდე არის რამდენიმე წერტილი, რომელიც აუცილებლად უნდა დავლაშქროთ: ამერიკა, ნიუ-იორკი, პარიზი, ლონდონი, ტოკიო. ხვდებით, როგორი ხმამაღალი ნათქვამია? რომ გითხრათ, რომელიღაც კონტრაქტი უკვე მაქვს, ტყუილი იქნება. მე თუ დრო არ მეყო, ჩემი თეატრი მაინც წავა, ჩემი შვილი წავა, ან მისი შვილიშვილი. ბევრი ვიხეტიალე, ბევრი თეატრი ვნახე, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ჩვენნაირი თეატრი არსად დგას. მონათესავე, "ბიძაშვილ-მამიდაშვილები" რამდენიც გინდა, მაგრამ ზუსტად ჩვენნაირი − არა!" −- ამბობს კახა ბაკურაძე.

თეატრში ყოველდღე რაღაც ხდება. გარდა იმისა, რომ ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით სპექტაკლებია, სამშაბათობით მუსიკალური საღამოები − "ჯემ სეიშენები" ეწყობა, რომელსაც მუსიკოსი სანდრო ნიკოლაძე უძღვება, ოთხშაბათობით კი კუბური საღამოები იმართება. თეატრის კუბელი მსახიობი გოგონა ინდირა რეი კიბელი ლათინო-ამერიკული ცეკვის მასტერკლასებს ატარებს.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და რეჟისორის, იოსებ ბაკურაძის თქმით, თეატრის რეპერტუარში კლასიკასთან ერთად ახალი თემებიც აქვთ, მაგრამ ამ ეტაპზე მაინც კლასიკა ჭარბობს. გასტროლების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, შექსპირის "ქარიშხალი" რეკორდსმენი სპექტაკლია, პროგრამაშია პატრიკ ზიუსკინდის "პარფიუმერი", დანტე ალიგიერის "ღვთაებრივი კომედია", ჯემალ ქარჩხაძის "იგი", ასევე "ინტრო", "ლაბირინთი", ჩუმად რეპეტიციაა" და ა.შ. კახა ბაკურაძე ამჟამად გოეთეს "ფაუსტზე" მუშაობს. სპექტაკლის პრემიერა გაზაფხულზე გაიმართება.

რაც შეეხება გასტროლებსა და კოლაბორაციებს, ნოემბერში მოძრაობის თეატრი მინსკში მიდის, "კუფარის ფესტივალზე"; "პარფიუმერს" მიუნხენში აქვს მიწვევა; თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ვაშინგტონური საცეკვაო დასი Company E ჩამოვა და "კომპანი ინტერტაინმენტი" და მოძრაობის თეატრი ფესტივალზე ერთობლივ პროექტს წარმოადგენენ.

ვაშინგტონში, "სინეტიკ თეატრში" "ტიტუს ანდრონიკუსზე" მუშაობა იოსებ ბაკურაძისთვის, როგორც რეჟისორისა და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისთვის, დიდი გამოცდილება იყო. იოსების თქმით, ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ მოძრაობის თეატრში ბევრი სიახლე დაინერგა.

"ამერიკის თეატრებში დაფინანსების დონორთა სისტემაა. თავიდან "სინეტიკში" ყველაფერი კარგად არ აეწყო. როცა თეატრი ვაშინგტონიდან ნიუ-იორკში აპირებდა გადასვლას, გამოჩნდა დონორი, რომელმაც "სინეტიკის" დასში პოტენციალი დაინახა და მისი დაფინანსება გადაწყვიტა. დღეს უკვე "სინეტიკ თეატრს" დონორთა მთელი საბჭო ჰყავს.

იქ (ამერიკაში) ვიღაც ბეისბოლის გუნდს აფინანსებს, ვიღაც საცურაო აუზს, ვიღაც საბილიარდოს, ვიღაც თეატრს. სხვაგვარად ესმით კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელობა. კარგი ანტერპრენერები არიან. თუ შეუძლიათ ქალაქისთვის რაიმე ღირებულების გაკეთება, თავს ვალდებულად მიიჩნევენ გააკეთონ, მაგრამ ბევრი უნდა იშრომო და მუდამ ამტკიცო, რომ იმსახურებ დონორის მხარდაჭერას. სპექტაკლის წინ მაყურებელსაც ქველმოქმედებისკენ მოუწოდებენ და პუბლიკაც აქტიურადაა ჩართული ამ კამპანიაში. იქ საზოგადოების დამოკიდებულება კულტურისა და ერთმანეთის მიმართ უფრო ჰუმანური და მზრუნველობითია", − ამბობს იოსებ ბაკურაძე.

მისივე თქმით, ამერიკაში თეატრის მართვის რადიკალურად განსხვავებული სისტემაა. იქ სარეპერტუარო თეატრი არ არსებობს. დადგამენ სპექტაკლს, ერთი თვე ყოველდღე ითამაშებენ და მოხსნიან. ქართველი რეჟისორისთვის ისიც სიახლე იყო, რომ სინეტიკში ხელფასებს არა თვიურად, არამედ ყოველ კვირას გასცემდნენ. დღეს მოძრაობის თეატრშიც ყოველკვირეულად გაიცემა ხელფასი და როგორც თეატრში ამბობენ, ამან მსახიობების მოტივაცია უფრო გაზარდა.

"იქ პროდიუსერები სპექტაკლებს ყიდიან. პირველი, რასაც გეკითხებიან, სათაურია. სახელით იყიდება სპექტაკლი − ესეც ერთგვარი ფორმულაა. ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ ორი სპექტაკლი დავდგი. კომედია "ასტიგმატისტების" სახელზე დიდხანს ვფიქრობდი. "ასტიგმატისტები" - მოგონილი სიტყვაა. ის ადამიანები, ვისაც ასტიგმატიზმი აქვს, უცბად მიხვდნენ, რომ მთელი ცხოვრება ასტიგმატისტები არიან. არადა, ასეთი ფენომენი არ არსებობს. კომიკურია ეს. მეორე სპექტაკლი დანტე ალიგიერის "ღვთაებრივი კომედიაა". ცნობილი ნაწარმოებია, ყურში ხვდება. ქართულ თეატრში "ღვთაებრივი კომედიის" შესადარებელი ვერსიაც არ არსებობს, მისი ერთადერთი შესადარებელი წიგნია. სპექტაკლზე, რომლის სახელიც არაფერს გეუბნებათ, რთულია მაყურებლის მოზიდვა", − ამბობს იოსები.

ამერიკაში, იმისათვის, რომ თეატრი ფინანსურად მომგებიანი გამხდარიყო, ბევრი იმუშავეს, ბევრი იფიქრეს, მათ შორის ფსიქოლოგებმაც, მარკეტოლოგებმაც, და შედეგიც სახეზეა. იოსების თქმით, ამერიკულ თეატრში მთავარი მაინც ისაა, რომ იქ ყველაფერი მაყურებლის კომფორტზეა მორგებული.

"როგორც კი კენედის ცენტრში შევდგი ფეხი − კარში კაპელდინერი დამეტაკა, მადლობა გადამიხადა მისვლისთვის, ბილეთი არ მქონდა, გამომყევიო, მითხრა და გაიქცა, მიირბინა სალაროსთან, იზრუნა ჩემზე. მე ძალიან ნასიამოვნები დავრჩი. სპექტაკლიდან რომ გამოვედი, კართან ტაქსების რიგი ვნახე, რომელიც მაყურებელს ელოდა. კარიც კი გაგვიღეს, რომ ჩავმსხდარიყავით. დღეს მოძრაობის თეატრსაც ჰყავს თავისი მასპინძელი, ადამიანი, რომელიც თეატრში გხვდებათ, გესალმებათ, ზრუნავს თქვენზე და თქვენს გაწყობაზე. ჩვენს ფოიეში იმდენად სასიამოვნო გარემოა, რომ სპექტაკლამდე 30-40 წუთით ადრე მოდის მაყურებელი. ამაში რომ დარწმუნდეთ, ჩვენთან უნდა მობრძანდეთ", − ამბობს იოსები.

თეატრის დამფუძნებელსა და რეჟისორს, კახა ბაკურაძე მიაჩნია, რომ მოძრაობის თეატრმა, როგორც ბიზნესპროექტმა, გაამართლა − თეატრი ხალხმა გაიცნო, მაყურებელმა მათი სპექტაკლები შეიყვარა და ქალაქისა და ტურისტების ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა გახდა.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი