Get All Access for $5/mo

მომხმარებელი თუ მწარმოებელი? In Entrepreneurship We Trust!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: ალექსეი სეროვი

გიფიქრიათ თუ არა იმაზე, რომ ნებისმიერი პროდუქტი ან მომსახურება, რომელსაც მოიხმართ, შეგიძლიათ თავად ბევრად უკეთ აწარმოოთ?

გიფიქრიათ თუ არა იმაზე, რომ ნებისმიერი პროდუქტი ან მომსახურება, რომელიც ან საერთოდ არ არსებობს, ან უბრალოდ არ მოიპოვება თქვენ გარშემო, საკუთარი ხელით შეგიძლიათ შექმნათ, ამით კი პირადი მოთხოვნილებაც დაიკმაყოფილოთ და რაც მთავარია, სხვა ადამიანებიც სასიამოვნო და სასარგებლო სიახლით გაახაროთ?

ბიზნესგეგმა თუ მარკეტინგული კვლევები რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის წარმატებისთვის, ამაზე ვფიქრობ საუბარიც ზედმეტია, მაგრამ ხანდახან ბევრად დიდი ბიძგის მიმცემად ერთი უბრალო ცხოვრებისეული სიტუაცია შეიძლება იქცეს, როცა რაღაც შეიძინეთ და არ მოგეწონათ, ან სულაც ვერც შეიძინეთ, რადგან აღმოაჩინეთ, რომ ის, რაც თქვენ გსურდათ, საერთოდ არ იყო ხელმისაწვდომი.

ჰოდა, ხომ არ სჯობს იფიქროთ იმაზე, რომ საკმარისია სხვის მიერ შექმნილის დაწუნება და ის, რაც ასე ძალიან გსურთ, თავადვე შეგიძლიათ შექმნათ?

გასაგებია, რომ ყველა სერ რიჩარდ ბრენსონი ვერ იქნება, რომელმაც ახალგაზრდობაში მისი მორიგი ფრენის გაუქმების გამო, არც მეტი არც ნაკლები, თავადვე შექმნა ავიაკომპანია Virgin Atlantic, რომელიც ატლანტიკიდან გალაქტიკამდე გაიზარდა და დღეს არა მხოლოდ კონტინენტებს, არამედ პლანეტებს აკავშირებს ერთმანეთს და ადამიანებს კოსმოსში ამოგზაურებს. ყველაფერი კი ერთი ადამიანური ისტორიით დაიწყო, რომელმაც ფრენის გაუქმებით შექმნილი დისკომფორტის გამო ბრენსონის გაბრაზება გამოიწვია.

არადა, გასაბრაზებელზე მეტი რა არის ჩვენ გარშემო?

თუმცა, საერთაშორისო ავიაკომპანიასა და კოსმოსში კომერციული ფრენების კომპანიამდე სანამ მივალთ, იქამდე შეგვიძლია პატარა გიორგი შეშაბერიძეს მივბაძოთ, რომელიც უკვე არც ისე პატარაა და სიმაღლესთან ერთად 11 წლის ასაკში დაწყებული ბიზნესიც საგრძნობლად გაზარდა.

ვისაც გიორგის "მამალო" გასინჯული არ გაქვთ, გირჩევთ გასინჯოთ, გაასინჯოთ თქვენს შვილებს და აუცილებლად აუხსნათ, რომ ეს პროდუქტი მათივე თანატოლის შექმნილია.

"ერთხელ, გვიან ღამით მომინდა ტკბილეული, შინ არაფერი გვქონდა, მამამ მოიფიქრა და "მამალო" გამიკეთა. ძალიან მომეწონა. მთელი ღამის განმავლობაში ვფიქრობდი ამაზე და გადავწყვიტე "მამალოები" ჩემს ბიზნესად მექცია. პირველი "მამალო" უბნის მარკეტში ჩავაბარე და წარმატებით გაიყიდა, რამაც მეტი სტიმული მომცა. პირველი აღებული თანხით ყალიბები ვიყიდე", – ასე იხსენებს გიორგი "დორას" დაარსების ისტორიას, რაც არა მხოლოდ მის თანატოლებს, არამედ ნებისმიერი ასაკისა და გამოცდილების ადამიანსაც ბევრ რამეზე დააფიქრებს.

მინდა, ყველა ბავშვმა და მოზარდმა მიბაძოს გიორგის სწავლაშიც, შრომაშიც, გაბედულებაშიც და ნებისყოფაშიც. იმავეს ვუსურვებ საკუთარ შვილებსაც, განსაკუთრებით გიორგის თანატოლ არჩილს და კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ მასსა და გიორგის შორის ერთი განსხვავებაა – მიუხედავად იმისა, რომ "მამალო" ორივეს უყვარს, არჩილი მომხმარებელია, გიორგი კი − მწარმოებელი. გიორგი არ დაელოდა სხვას და თავად დაიწყო იმ პროდუქტის წარმოება, რომელიც უყვარდა და ენატრებოდა, იმიტომ, რომ ბაზარზე ასეთი პროდუქტი არ არსებობდა.

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ქართველი მომხმარებლიდან ყოველი მეორე, თუნდაც ყოველი მეათე, მწარმოებლად ჩამოყალიბდეს... რაც გვენატრება, ყველაფერი გვექნება, თან − ჩვენი, საკუთარი ხელით შექმნილი! ესაა და ეს.

ამიტომაც, საჭიროა მეტი ფიქრი, მეტი მოძრაობა, გონების მეტი ვარჯიში, რომ სხვას კი არ ველოდოთ, არამედ თავად გავხდეთ ახლისა და ინოვაციურის შემოქმედი. ახლის შექმნა და ინოვაცია ხომ ანტრეპრენერთათვის დამახასიათებელი მთავარი თვისებაა.

ამიტომ უნდა იქცეს საქართველო ანტრეპრენერულ ქვეყნად!

სხვა გამოსავალი უბრალოდ არ გვაქვს და რაც დროულად გავიაზრებთ პრობლემების საკუთარი ხელით მოგვარების, ჩვენი ხელით გაკეთებული საქმეების მნიშვნელობას და არ დაველოდებით სხვას, მით მალე გვეშველება ჩვენც და ჩვენს ქვეყანასაც!

In Entrepreneurship We Trust!

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge